როგორი ამინდი იქნება ხვალ?.. - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება ხვალ?..

როგორი იქნება მიმდინარე ზამთარი? - ამ კითხვით მიმართა "კვირის პალიტრამ" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს ხათუნა ქოქოსაძეს.

- დასაწყისშივე ვამბობდით, რომ წლევანდელი ზამთარი თბილი იქნებოდა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ასეც მოხდა. ველოდით ნალექიან ზამთარსაც და მართლაც უხვნალექიანი ზამთარი გვაქვს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ვფიქრობთ, ზამთარი შემდგომშიც თბილი იქნება. თუ მთლიანად იანვარს შევაფასებთ­, 1-2 გრადუსით მაღალი იქნება ტემპერატურა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. იანვარში საშუალო კლიმატური ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 5-7 გრადუსი იყო, ახლა 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას ველოდებით.

- როგორც ამბობენ, ეს კვირა (8-დან 15 იანვრამდე) განვლილ ზამთრის დღეებთან შედარებით ყველაზე ცივი იქნება. მართლა ასეა?

- კვირა საკმაოდ მაღალი ტემპერატურით იწყება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ზოგან +17 გრადუსიც დაფიქსირდება. თუმცა 9 რიცხვიდან კვლავ ველოდებით ამინდის გაუარესებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. კვირის ბოლოსთვის საკმაოდ დაბალი ტემპერატურა იქნება. დღისით +5+-6 გრადუსი დაბლობში, მთასა და მაღალ მთაში კიდევ უფრო დაბალი, მოსალოდნელია თოვლი. მაღალმთიან რაიონებშიც -6-7 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა.

კვირა აღმოსავლეთ საქართველოშიც საკმაოდ მაღალი ტემპერატურით დაიწყება, დაახლოებით +14+-15 გრადუსი დაფიქსირდება, მათ შორის თბილისშიც, მაგრამ 10 რიცხვიდან ამინდის გაუარესებასა და ტემპერატურის მკვეთრ კლებას ველოდებით. ზამთრის მეორე ნახევარი ისეთი თბილი არ იქნება, როგორიც პირველი იყო.

- ისეთი დიდთოვლიანი ზამთრები აღარ არის, როგორიც ბავშვობიდან გვახსოვს.

- თუ თბილისის მაგალითს ავიღებთ, რასაკვირველია, ძალიან შესამჩნევია, რომ ზამთარში კი არ თოვს, წვიმს, თოვლჭყაპიც გაიშვიათდა. თუმცა მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც შემცირებულია თოვლი. ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა - საქართველოში 0,6 გრადუსით არის ტემპერატურა მომატებული. ხშირია მაქსიმალური ტემპერატურა, ზაფხულში ხშირად რეკორდი იხსნება ხოლმე - ისეთი მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რომელიც მანამდე არ ყოფილა. წელს რეკორდი არ მოხსნილა, მაგრამ ხანგრძლივი ცხელი პერიოდი გვქონდა, მთელი კვირა გაგრძელდა­ მაღალი ტემპერატურა. ზამთრის საშუალო ტემპერატურამაც მოიმატა, თბილი ზამთრები დაიწყო. გამოკვეთილად ცივი ზამთრები იშვიათობად იქცა, 30 წლის წინ უფრო ხშირი იყო. არა მარტო ჩვენთან, დედამიწაზე არის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილებები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან მოიმატებს ტემპერატურა. ცვლილება იქნება, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში პირიქით შესაძლოა ეს ტემპერატურის კლებით გამოიხატოს.

წლევანდელი ზამთარი და გასული ზაფხულის სითბო დაკავშირებულია წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესთან, ელ-ნინიოსთან (ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება გავლენას ახდენს დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე და იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს). ეს მოვლენა განვითარდა მაისის ბოლოდან და კულმინაციას ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. ახლა ნელ-ნელა დაიწყებს შესუსტებას. ასე რომ, ზამთარი, დიდი ალბათობით, თბილი იქნება, მაგრამ მომდევნო პერიოდი ისეთი თბილი აღარ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ელ-ნინიოს ინდექსი შესუსტებას იწყებს.

- როდის მთავრდება ელ-ნინიოს პერიოდი?

- ნავარაუდევია, რომ მაისში უნდა ჩაცხრეს. მერე, დიდი ალბათობით, ლა-ნინიო დაიწყება, წყლის ზედაპირის ტემპერატურა კლებულობს.

- როგორ აისახება ჩვენს ყოფაზე გლობალური დათბობა, გარდა ცალკეული დღეებისა, როცა ნორმაზე მეტად ცხელა და ცივა?

- ნალექების რაოდენობა მცირდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, გაზაფხულზე ხშირად რეკავენ ფერმერები და წუხან, რომ ნალექის ნაკლებობის გამო მღრღნელები მრავლდებიან, ვეგეტაციის პერიოდი შეფერხებულია. მოკლედ, სოფლის მეურნეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ზაფხულობით მაღალი ტემპერატურა ტყეებში ხშირად ხანძრებს იწვევს. გარდა ამისა, გაზაფხულზე ყოველთვის იყო სეტყვა, მაგრამ ბოლო ხანებში უფრო გახშირდა.

ერთი სიტყვით, კლიმატის ცვლილება­ უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქედან იწყება მთავარი პრობლემა. ამიტომ ბუნებას მოფრთხილება სჭირდება.