იმედის წელი - კვირის პალიტრა

იმედის წელი

2024 წლის იმ დიდ ტურნირებსა თუ მატჩებზე მინდა მოგითხროთ, განსაკუთრებული მოლოდინით რომ ველით, მით უმეტეს, პირველი (და ჩვენთვის სადებიუტო) ტურნირი უკვე მოგვადგა კარს - 10 იანვარს გერმანიაში ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. თებერვალში ქართველი პირველად იბრძოლებს UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის, მარტის ბოლოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მიიტანს მორიგ იერიშს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, 2-7 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ეცდება გახდეს პირველი ქართული გუნდი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს, ივლისის ბოლოს კი "პარიზი-2024" დაიწყება და თუ გუნდურ ჩათვლაში ვერ, ინდივიდუალურ სახეობებში წელსაც არაერთი ოქროსთვის ვიბრძოლებთ! თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით:

ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში

(10-28 იანვარი, გერმანია)

ბერლინი, მიუნხენი, მანჰაიმი, დიუსელდორფი, ჰამბურგი და კიოლნი - გერმანიის ეს ქალაქები 10 იანვრიდან ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ. თუმცა ჩვენი ყურადღება უპირველესად მანჰაიმისკენ იქნება მიმართული, რომლის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის (SAP Arena-ს ტრიბუნები 13 000 მაყურებელს იტევს) მოედანზე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი - საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა - საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა დრამატული მატჩი (31:30) მოუგეს უნგრეთის უძლიერეს ნაკრებს და პირველად ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თამაშობს და მეორე ეტაპის ორი საგზურისთვის ბრძოლაში შვედეთს, ნიდერლანდებსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეეცილება. ჩვენი გუნდის მატჩების განრიგი ასეთია: 11 იანვარს ნიდერლანდების ნაკრებს ვეთამაშებით, 13-ში - ქვეჯგუფის მთავარ ფავორიტ შვედებს, 15 იანვარს კი - ბოსნია-ჰერცეგოვინას. მუხლის ტრავმის გამო ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი - ნიკოლოზ კალანდაძე მოისაკლისა, თუმცა დანარჩენები (მათ შორის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე) მწყობრში არიან.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. პირველ-მეორე ადგილზე გასულები ასპარეზობას ძირითადი რაუნდის ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გააგრძელებენ, მათგან ოთხი საუკეთესო კი ნახევარფინალებში დაწყვილდება. ფინალური შეხვედრა გაიმართება 28 იანვარს, კიოლნის მულტიფუნქციურ დარბაზში Lanxess Arena, რომელიც 19 750 მაყურებელს იტევს.

პირველი ქართველი UFC-ის ქამრისთვის

414721482-1032544131173761-1095097342796003657-n-1704654532.jpg

(17 თებერვალი, აშშ)

შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლების პროგრესი ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალსაჩინოა: დვალიშვილი, თოფურია, ჭიკაძე, დოლიძე, ქუთათელაძე - UFC-ში ამ გვარებს ყველა პატივისცემით მოიხსენიებს. თუმცა ერთია სახელი და რეიტინგი, მეორე - სატიტულო ბრძოლა. ჰოდა, 2024 წელს ამის დროც დგება: 17 თებერვალს კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში გასამართ UFC 298-ზე ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. თოფურია პირველი ქართველია, ვინც UFC-ის ტიტულისთვის იბრძოლებს!

17 თებერვალს იმავე ღონისძიებაზე იჩხუბებს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერი მერაბ დვალიშვილიც (16-4). 32 წლის ქართველი კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით ქვევით მყოფ ჰენრი სეხუდოს (16-3) დაუპირისპირდება. მერაბს ჩინებული სტატისტიკა აქვს - ზედიზედ 9 მოგებით იწონებს თავს, თუმცა ბოლო ორთაბრძოლის შემდეგ (2023 წლის მარტში დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა რუს პიოტრ იანს), მაჯაზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ვარჯიში არცთუ დიდი ხნის წინ განაახლა.

სეხუდოს დამარცხების შემთხვევაში (რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია!), სავარაუდოა, რომ მერაბ დვალიშვილს, ბოლოს და ბოლოს, მისცემენ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის უფლებას, ილია თოფურიამ კი ამის შანსი უკვე მიიღო და "ალექსანდრე დიდის" (ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეტსახელია) დასამარცხებლად გამალებით ემზადება. ქვემსუბუქი წონის ავსტრალიელი ჩემპიონი იმუქრება, რომ ესპანელ-ქართველს (წლებია, ილია თოფურია ესპანეთში ცხოვრობს) ჭკუას ასწავლის: "მე გავხდები პირველი, ვინც გცემს, მომავალი თვეების განმავლობაში შენი მასწავლებელი ვიქნები!" - შეუთვალა ჩემპიონმა მისი ქამრის პრეტენდენტს. თავის მხრივ, გამარჯვებაში დარწმუნებულია თოფურიაც. მეტიც, დაუმარცხებელი (14-0) "ელ მატადორი" ირწმუნება, რომ ვოლკანოვსკი ერთ რაუნდსაც ვერ გაუძლებს.

მოკლედ, 17 თებერვალს ანაჰაიმში გასამართ UFC 298-ზე დიდი ბრძოლები გველის. იმედია, ისტორიულიც: ილია თოფურია ხომ პირველი ქართველია, ვინც UFC-ს ტიტულისთვის იბრძოლებს!

კანდიდატის სტატუსი... ფეხბურთშიც

("ევრო-2024"-ის საკვალიფიკაციო მატჩები. 21-26 მარტი)

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს. მარტის ბოლომდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის "კანდიდატებიც" ვართ - სანუკვარ მიზნამდე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი მატჩი აშორებს: თუ 21 მარტს "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის ნაკრებს ვაჯობებთ, ხუთი დღის შემდეგ ისევ მასპინძლის სტატუსით დავხვდებით საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს. ლუქსემბურგთან მატჩს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პრეტენზია გვაქვს, ლუქსემბურგელებს კვარას გარეშეც უნდა ვაჯობოთ, მერე კი...

27 მარტამდე დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, გერმანიაში გასამართი ევროპირველობის F ჯგუფში ითამაშებს თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად. უკვე ცნობილია მატჩების განრიგიც: პლეი-ოფის გამარჯვებული (იმედია, ეს საქართველო იქნება!) პირველ ტურში დორტმუნდში ითამაშებს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჩეხეთთან შეხვედრას ჰამბურგი უმასპინძლებს, პორტუგალიასთან მესამე ტურის მატჩი კი გელზენკირხენში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ევრო-2024" გერმანიის ქალაქებში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.

პარიზში კალათბურთსაც ვნახავთ?

414913064-384092920959538-5680173482390059789-n-1704654533.jpg

(ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, 2-7 ივლისი)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე თამაში ტრადიციად აქცია (2011 წლიდან, ევროპის ზედიზედ 5 ჩემპიონატში ვითამაშეთ), გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპსაც "გაუსინჯა გემო", წელს კი აქვს შანსი, გახდეს პირველი ქართული გუნდი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 ნაკრები, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. დარჩენილი ოთხი საგზურიდან ერთ-ერთის დაბევება საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია, თუმცა ამისთვის ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს: 2-7 ივლისს ჩვენი გუნდი (რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სერბი ალექსანდარ ძიკიჩი) რიგაში დაგეგმილ მინი-ტურნირში ითამაშებს მასპინძელ ლატვიასა და ფილიპინებთან ერთად. 2 ივლისს ლატვიას ვეთამაშებით, 4-ში - ფილიპინებს. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, მეორე ჯგუფის (რომელშიც ითამაშებენ ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი) რომელიმე წარმომადგენელს ჯვარედინი პრინციპით შევხვდებით ნახევარფინალში, საბოლოოდ კი ოლიმპიადის საგზური ამ ექვსი ნაკრებიდან საუკეთესოს დარჩება.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა, საქართველოს ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს: 23-26 თებერვლის და 21-24 ნოემბრის "ფანჯრების" დროს G ჯგუფში (საქართველო, ფინეთი, სერბეთი, დანია) ვიასპარეზებთ.

სარეკორდო მედლების მოლოდინში

(ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 26 ივლისი-11 აგვისტო)

2024 წელს ქართული სპორტის ისტორიაში რამდენიმე ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. თუმცა წლის (ოთხწლეულის) მთავარ სპორტულ მოვლენად მაინც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რჩება: "პარიზი-2024" მერვე ოლიმპიადაა, სადაც საქართველოს დელეგაცია დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ჩავა.

აქამდე (1996 წლიდან) ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სულ 40 მედალი (10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო) გვაქვს. ერთ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი (3) ოქრო 2008 წელს, პეკინში მოვიპოვეთ, უმაღლესი სინჯის ერთით ნაკლები მედალი გვქონდა ბოლო - 2020 წლის ოლიმპიადაზე, რასაც ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 1 მედალიც დავამატეთ. წლევანდელი ოლიმპიადის ქართველ მონაწილეთა საბოლოო რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ტრადიციულად გაიზრდება როგორც მონაწილეთა, ისე მედლების რაოდენობაც.