XX-XXI საუკუნეების მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოსა და საქართველოში დრაკონის წლებში - კვირის პალიტრა

XX-XXI საუკუნეების მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოსა და საქართველოში დრაკონის წლებში

2024 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, დრაკონის წელია, დრაკონის ნიშანი კი 5 ტიპად არის დაშლილი: მიწის, მეტალის, წყლის, ხისა და ცეცხლის. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის წელი მხოლოდ 60 წელში ერთხელ დგება. საუკუნეების განმავლობაში, დრაკონის წლების მიხედვით თუ გადავხედავთ, ცხადია, ძალიან ბევრი რამ მოხდა და ძნელია, ერთ საგაზეთო სტატიაში ყოველივეს მოქცევა. სხვა თუ არაფერი, აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები და ოლიმპიადების ჩატარების წლებიც კი დრაკონის წლებს ემთხვევა. გადავხედოთ, რა მოხდა დრაკონის წლებში მნიშვნელოვანი XX-XXI საუკუნეებში.

მწვანე ხის დრაკონი

1904 წელი - მსოფლიო

♦ რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905) - დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიული დავების გამო, განსაკუთრებით მანჯურიასა და კორეაში.

♦ ანტანტის კორდიალე - ეს იყო დიპლომატიური შეთანხმება, რომელიც გაფორმდა 1904 წელს საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, ევროპის ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შედეგად. შეეხებოდა კოლონიურ დავებს და დიდი როლი ითამაშა ალიანსების ჩამოყალიბებაში პირველი მსოფლიო ომის დროს.

♦ დიდი ბრიტანეთის ინტერვენცია ტიბეტში - XX საუკუნის დამდეგიდან გამწვავდა გეოპოლიტიკური დაძაბულობა ბრიტანეთსა და რუსეთს შორის, რადგან მათი ინტერესები ცენტრალურ აზიაში გადაიკვეთა. ბრიტანელები ცდილობდნენ, შეეშალათ ხელი რუსული გავლენის გავრცელებისთვის სამხრეთისკენ, განსაკუთრებით, ბრიტანული ინდოეთის მიმართულებით. 1903 წელს დაიწყო ბრიტანული მისია ტიბეტში, რომელიც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ბრიტანეთის ინდოეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 1904 წელს ბრიტანელებმა ტიბეტის ისტორიულ დედაქალაქ ლჰასას მიაღწიეს. ბრიტანეთმა და ტიბეტმა ხელი მოაწერეს "ლჰასას კონვენციას". ხელშეკრულების პირობები მოიცავდა დებულებებს სავაჭრო ურთიერთობებისა და ბრიტანეთის ჯარების ტიბეტიდან გასვლის შესახებ. ბრიტანეთის ინტერვენციამ ტიბეტში ხანგრძლივი გავლენა იქონია რეგიონის გეოპოლიტიკაზე. ტიბეტი დარჩა ბუფერულ ზონად ბრიტანულ ინდოეთსა და ჩინეთს შორის.

♦ პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში - 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში თეოდორ რუზველტმა გაიმარჯვა. როდესაც ეს გაიგო, მას ერთი ფრაზა წამოსცდა, რაც შემდეგ ძალიან ინანა. მან თქვა, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებდა. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტობის 2 ვადა აშშ-ში წერილობით მხოლოდ 1952 წლის შესწორებით შევიდა, მანამდე კი ეს მხოლოდ დაუწერელი წესი იყო და ნებისმიერს შეეძლო მესამე და მეოთხე ვადითაც ეყარა კენჭი. რუზველტის პრეზიდენტობა იმდენად წარმატებული იყო, რომ მას შემდეგ არჩევნებზე გამარჯვების 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მას არ სურდა თავისი სიტყვის უკან წაღება.

♦ პანამის არხის მშენებლობა - ოფიციალურად დაიწყო 1904 წელს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. არხმა,­ რომელიც 1914 წელს გაიხსნა, ტრანსფორმაციული გავლენა იქონია გლობალურ საზღვაო ვაჭრობასა და შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

♦ ჰერეროსა და ნამას გენოციდი (1904-1908) - გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში (დღევანდელი ნამიბია) ჰერეროს და ნამას ტომები აჯანყდნენ გერმანიის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა XX საუკუნეში პირველი გენოციდი.

♦ 1904 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა თეოდორ ჰერცლი, ავსტრიელი ჟურნალისტი, პოლიტაქტივისტი, თანამედროვე პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებელი. მისმა იდეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

1904 წელი - საქართველო

♦ 1904 წელს გამოიცა "პედაგოგიური­ ფურცელი". ამავე წელს დაარსდა სურათე­ბიანი ჟურნალი მოზრდილებისთვის "ნაკადული", რომელიც 1920 წლამდე არსებობდა.

♦ 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა ნატო ვაჩნაძე, რომელიც საქართველოს კინოსა და სილამაზის სიმბოლოდ იქცა.

1964 წელი - მსოფლიო

♦ აშშ-ის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა 2 ივლისს ხელი მოაწერა "სამოქალაქო უფლებების აქტს", რომელიც მიზნად ისახავდა, შეეწყვიტა რასობრივი სეგრეგაცია საჯარო ადგილებში და აეკრძალა დასაქმების დისკრიმინაცია რასის, ფერის, რელიგიის, სქესის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე.

♦ თავისუფლების ზაფხული (ივნისი-აგვისტო) - მისისიპიში გააქტიურდა სამოქალაქო უფლებებისა და სოციალური დაცვის მოძრაობები. ისინი აფროამერიკელი ამომრჩევლების საარჩევნო რეგისტრაციას ითხოვდნენ.

♦ ტონკინის ყურის რეზოლუცია (7 აგვისტო) - აგვისტოს დამდეგს ჩრდილოეთ ვიეტნამის გემები თავს დაესხნენ აშშ-ის საზღვაო ძალების ორ გამანადგურებელს. ამ დროს აშშ ჟენევის კონვენციით გაყოფილ სამხრეთ ვიეტნამს ეხმარებოდა, ჩრდილოეთი კი სამხრეთს ეომებოდა. ამ თავდასხმის გამო, 7 აგვისტოს აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც პრეზიდენტ ჯონსონს მიანიჭა უფლებამოსილება, გამოეყენებინა სამხედრო ძალა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ომის ოფიციალური გამოცხადების გარეშე. რეზოლუცია აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღეს წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც. მოგვიანებით რეზოლუციამ ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან ეს რეალურად იყო შეკავების პოლიტიკიდან აქტიურ სამხედრო ინტერვენციის სტრატეგიაზე გადასვლა. კითხვები გაამწვავა აშშ-ში პაციფისტური მოძრაობის გააქტიურებამაც, რამაც დიდი გავლენა იქონია აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

♦ ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე­ 1953 წლიდან იყო, პარტიულმა ელიტამ ცკ-ის მეორე მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევისა და თავდაცვის მინისტრ მალინკოვის მონაწილეობით ოქტომბერში გადააყენა "ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", მისი ადგილი ლეონიდ ბრეჟნევმა დაიკავა.

♦ კვიპროსის კონფლიქტი - 1963 წელს კვიპროსში ერთმანეთს ბერძნული და თურქული თემები დაუპირისპირდნენ. ორივე მხარეს ეთნიკური წმენდის გამო, 1964 წელს, ვითარების დარეგულირების მოტივით კუნძულზე განათავსეს გაეროს სამშვიდობო ძალები, რომლებმაც სიტუაციის დარეგულირება შეძლეს, მაგრამ კუნძულზე 10 წლის განმავლობაში მოუწიათ დარჩენამ.

♦ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (10-24 ოქტომბერი) - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიადას აზიურმა ქვეყანამ უმასპინძლა.

♦ პირველი წარმატებული მარსის ზონდი (28 ნოემბერი) - ნასას "მარინერ 4"-მა წარმატებით ჩაატარა მარსზე პირველი­ ფრენა და გამოგზავნა მარსის ზედაპირის პირველი ახლო ხედის სურათები. ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი კოსმოსის შესწავლაში.

♦"ბითლზმა" დაიწყო პირველი ტურნე აშშ-ში. ამ ტურნემ შექმნა ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც "ბრიტანული შემოჭრა" და გააძლიერა მათი პოპულარობა შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში. ეს კი აღიარეს ბრიტანული მუსიკის მიერ "მსოფლიოს დაპყრობად".

1964 წელი - საქართველო

♦ ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება - 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და საქართველოს პირველი დიდი გამარჯვება მოუტანა. ეს განსაკუთრებით იმის გამო იყო მნიშვნელოვანი, რომ "დინამოს" ამის შანსი 1953 წელსაც ჰქონდა და მაშინ საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩის გამო ეს შანსი წაართვეს.

♦ მჟავანაძის ხრიკი თუშეთის შესანარჩუნებლად - ეს ამბავი ოფიციალურად ისტორიაში არ შესულა, მაგრამ არსებობს მოგონებები, თუ როგორ მოახერხა მჟავანაძემ, რომ საქართველოს თუშეთი არ დაეკარგა. მაშინ თუშეთი ნაკლებად დასახლებული იყო და მოსაზღვრე დაღესტანში დაიბადა აზრი, რომ ეს ტერიტორია საძოვრებისთვის გამოეყენებინათ. ამ დროს სსრკ-ის სათავეში ჯერ ისევ ხრუშჩოვი იყო, რომელსაც საქართველო სტალინის გამო დიდად არ უყვარდა. რადგან იმ ადგილებში ცუდი გზა იყო, ხრუშჩოვმა ტერიტორიის სანახავად მოსკოვიდან თვითმფრინავი გამოგზავნა. მჟავანაძის გადაწყვეტილებით მანამდე ბენზინის გენერატორები აიტანეს და სოფლები რუსების "მზვერავ" თვითმფრინავებს განათებული დაახვედრეს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ აქ მოსახლეობა ცხოვრობდა. თუშეთი გადარჩა, რამდენიმე თვეში კი ხრუშჩოვის გადააყენეს პოსტიდან.

ცეცხლოვანი დრაკონი

1916 წელი - მსოფლიო

♦ ვერდენ-სომის ბრძოლა - ვერდენის ბრძოლაში, რომელიც 1916 წლის 21 თებერვალს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდა, ფრანგები გერმანელებისგან იცავდნენ ციხე-ქალაქ ვერდენს. ეს ბრძოლა ყველაზე ხანგრძლივი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ვერდენის ბრძოლის ნაწილია სომის ბრძოლა (1 ივლისი-18 ნოემბერი), რა დროსაც ბრიტანეთ-საფრანგეთის ძალებმა სცადეს გერმანელების ხაზის გარღვევა მდინარე სომაზე. ბრძოლის მიზანი იყო გერმანული ძალების ვერდენის ბრძოლიდან განდევნა, მისი დასრულებისას დანაკარგმა სომთან მნიშვნელოვნად გადააჭარბა ვერდენისას და შესაბამისად, ისტორიაში სომის ბრძოლის სახელით შევიდა. ამ ბრძოლამ 1.2 მილიონამდე ჯარისკაცი შეიწირა. ამიტომაც დღემდე ითვლება,­ რომ ეს ბრძოლა ყველაზე სისხლიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში. სომის ბრძოლამ გააძლიერა ომის საწინააღმდეგო განწყობები. შედეგად, ვერდენ-სომის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მოკავშირე ძალებს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

♦ იუტლანდიის ბრძოლა (31 მაისი - 1 ივნისი) - ეს იყო პირველი მსოფლიო ომის უდიდესი საზღვაო ბრძოლა, რომელიც გაიმართა ჩრდილოეთ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო-საზღვაო ფლოტსა და საიმპერატორო გერმანიის ფლოტს შორის. იუტლანდიის ბრძოლა იყო გარდამტეხი მომენტი საზღვაო ომებში - გავლენა მოახდინა­ სტრატეგიებზე, ტექნოლოგიებსა და საზღვაო ოპერაციების უფრო ფართო წარმართვაზე პირველ მსოფლიო ომში. ასევე იქონია ზეგავლენა საზღვაო დოქტრინებზე და წვლილი შეიტანა XX საუკუნეში საზღვაო ტაქტიკების ევოლუციაში.

♦ საიქს-პიკოს შეთანხმება - ოფიციალურად ცნობილია როგორც მცირე აზიის შეთანხმება. სახელი მისი მთავარი მომლაპარაკებლების სახელების მიხედვით ეწოდა.­ ეს იყო ფარული შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, 1916 წლის 16 მაისს, რუსეთის იმპერიის თანხმობით. რუსეთი თავდაპირველად შეთანხმების მხარე იყო, მაგრამ 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა უარი თქვეს "იმპერიალისტურ შეთანხმებაზე".

საიკს-პიკოს შეთანხმების უპირველესი მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიული კონტროლის სფეროების განსაზღვრა ბრიტანელებსა და ფრანგებს შორის. შეთანხმება ითვალისწინებდა ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთის ტერიტორიების დაყოფას ბრიტანელებისა და ფრანგების გავლენის სხვადასხვა ზონად. რეგიონები მოიცავდა დღევანდელი სირიის, ერაყის, ლიბანის, იორდანიის და ისრაელის/პალესტინის ნაწილებს. გარკვეული ტერიტორიები, მათ შორის პალესტინა, დასახელდა საერთაშორისო ადმინისტრაციად. ერთა ლიგამ დაადასტურა მანდატების ეს სისტემა. შეთანხმების შედეგმა ხანგრძლივი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე და ხელი შეუწყო რეგიონში დაძაბულობასა და კონფლიქტებს.

♦ ვუდრო ვილსონის მეორე პრეზიდენტობა - 1916 წლის 7 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად მეორე ვადით. მისი მეორე ვადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო აშშ-ის ჩართვა პირველ მსოფლიო ომში. თავდაპირველად ვილსონი ატარებდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ გერმანიის შეუზღუდავი წყალქვეშა ომი და ციმერმანის დეპეშის (სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მექსიკა ომში უნდა ჩაბმულიყო გერმანიის მხარეს და სანაცვლოდ გერმანია დაუბრუნებდა აშშ-ის მიერ 1846-1848 წლებში წართმეულ ტერიტორიებს) ბრიტანელების ხელში ჩავარდნა ომში ჩაბმის მიზეზი გახდა.

♦ აღდგომა ირლანდიაში - დუბლინში ირლანდიელმა რესპუბლიკელებმა მოაწყვეს აღდგომის აჯანყება ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. აჯანყება ბრიტანულმა ძალებმა ჩაახშვეს, მაგრამ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

♦ ჟანეტ რანკინი გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს აშშ-ის კონგრესში. ის წარმომადგენელთა პალატაში მანამდე აირჩიეს, ვიდრე ქალებს ნაციონალურ დონეზე მიეცემოდათ ხმის მიცემის უფლება.

♦ ლუი ბრანდეისი გახდა პირველი ებრაელი მოსამართლე, რომელიც დაინიშნა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში.

♦ ალბერტ აინშტაინმა (25 ნოემბერს) პრუსიის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა ფარდობითობის ზოგადი ველის განტოლებები, რამაც რევოლუცია მოახდინა გრავიტაციისა და სივრცე-დროის გაგებაში და "ფარდობითობის თეორია" ეწოდა.

1916 წელი - საქართველო

♦ 1916 წლის ივლისში მიხაკო წერეთელმა შვეიცარიაში გამართულ მცირერიცხოვან ერთა მესამე კონგრესზე წარადგინა მოხსენება "ქართველი ერის უფლებანი". ამით მან კაცობრიობას მოუწოდა, დახმარებოდა ქართველ ერს რუსეთის მიერ დარღვეული 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენაში.

1976 წელი - მსოფლიო

♦ მაო ძედუნის სიკვდილი - 9 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა, მაო ძედუნი გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ჩინეთის პოლიტიკაში ეპოქის დასასრული აღნიშნა.

♦ სამხედრო გადატრიალება არგენტინაში - 24 მარტს სამხედრო გადატრიალებამ ხორხე რაფაელ ვიდელას ხელმძღვანელობით დაამხო არგენტინაში ისაბელ პერონის მთავრობა. ამით დაიწყო სამხედრო მმართველობის პერიოდი.

♦ OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა დააწესეს ნავთობის ემბარგო ისრაელისთვის დასავლეთის მხარდაჭერის საპასუხოდ. ამან გამოიწვია ნავთობის ფასების ზრდა და გლობალური ეკონომიკური პრობლემები.

♦ ებოლას ვირუსის აფეთქება - ივლისში­ დაფიქსირდა ებოლას ვირუსის პირველი აფეთქება სუდანსა და ზაირში (ახლანდელი კონგო). ვირუსმა, რომელსაც მდინარე ებოლას სახელი დაერქვა, გამოიწვია მძიმე დაავადება, რომელიც ხშირად ფატალურად მთავრდებოდა.

♦ Apple Inc - 1-ლ აპრილს სტივ ჯობსმა,­ სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააარსეს კომპანია Apple Computer-ი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა Apple Inc.-ის სახელით. კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პერსონალური კომპიუტერების განვითარებაში.

♦ Concorde-ის პირველი კომერციული ფრენა - ზებგერითმა სამგზავრო თვითმფრინავმა "კონკორდმა" შეასრულა თავისი პირველი კომერციული ფრენა ლონდონიდან ბაჰრეინში. "კონკორდი" იყო ტექნოლოგიური მიღწევების სიმბოლო, მაგრამ ჰქონდა შეზღუდული მომსახურების ვადა.

1976 წელი - საქართველო

♦ 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა "საქართველოს ჰელსინკის კავშირი", რომელიც აქტიურად იცავდა ადამიანის, უპირველესად კი ქართველების უფლებებს, ქართული კულტურის ძეგლებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ ორგანიზაციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა 1980-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

მიწის დრაკონი

1928 წელი - მსოფლიო

♦ კელოგ-ბრიანის პაქტი - 1928 წლის 27 აგვისტოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არისტიდ ბრიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფრენკ კელოგმა გააფორმეს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც "პარიზის პაქტსაც" უწოდებენ.

პირველმა მსოფლიო ომმა ევროპაში­ პაციფიზმის იდეა გააჩინა, რადგან მოსახლეობა ომით იყო გადაღლილი. 1927 წლის 6 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს შესთავაზა, საფრანგეთსა და აშშ-ს დაედოთ ხელშეკრულება, რითაც ომებს უკანონოდ გამოაცხადებდნენ. საფრანგეთი ამით ცდილობდა, გაემაგრებინა­ საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები­ ევროპაში, აშშ-ის მიზანი კი იყო საერთაშორისო არბიტრის სტატუსის მოპოვება. საბოლოოდ, 1928 წლის 27 აგვისტოს, ხელი მოეწერა ბრიან-კელოგის პაქტს. ხელმომწერთა შორის იყვნენ საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბელგია, პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია. პაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებს უარი უნდა ეთქვათ ომზე, როგორც ეროვნული პოლიტიკის გატარების მეთოდზე, და რომ მის წევრ სახელმწიფოებს ყველა სახის უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტათ. პაქტის მესამე მუხლით ცხადდებოდა, რომ მასთან შეერთება შეეძლო ყველა სახელმწიფოს.

♦ საბჭოთა კავშირმა 1928 წელს დაიწყო სტალინის ხუთწლიანი გეგმის შესრულება, მიზანი სწრაფი ინდუსტრიალიზაცია იყო. დაიწყო რეპრესიები, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციის აღმოფხვრასა და კომუნისტური პარტიის პოლიტიკის მკაცრ დაცვას.

♦ პენიცილინის აღმოჩენა - 1928 წლის 3 სექტემბერს ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი.

♦ ოლიმპიური თამაშები ამსტერდამში - პირველად დაინთო ოლიმპიური ცეცხლი და აშენდა ოლიმპიური სოფელი.

1988 წელი - მსოფლიო

♦ 15 თებერვალს საბჭოთა კავშირმა დაიწყო ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, რაც აღნიშნავს ქვეყანაში ათწლეულის სამხედრო ინტერვენციის დასასრულს. ეს ომი განიხილებოდა როგორც სსრკ-ს საბოლოო დაშლის ფაქტორი 1991 წელს. ჯამში კი ავღანეთის კონფლიქტმა დიდი როლი ითამაშა გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობის აღზევებაში, რამაც შვა "თალიბანი".

♦ ირან-ერაყის ომი დასრულდა - 20 აგვისტოს ირან-ერაყის რვაწლიანი ომი ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა. ეს ომი იყო XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც ირან-ერაყს შორის საზღვრის და შატ-ელ-არაბის წყალგაყვანილობის შესახებ დავებით დაიწყო. ერაყის სახელმწიფო მეთაურმა სადამ ჰუსეინმა "ალჟირის ხელშეკრულების" გაუქმება და შატ-ელ-არაბზე კონტროლის დამყარება სცადა, ვინაიდან ეს მდინარე ერაყის ნავთობის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების მთავარ ძარღვს წარმოადგენდა. სუნიტური ერაყი ასევე პრობლემად მიიჩნევდა ირანში შიიტური ისლამის გამარჯვებას. ერაყს თავდაპირველად არაბული და დასავლეთის ქვეყნები უჭერდნენ მხარს, ირანს კი სირია, მოგვიანებით, ომის დროს, საბჭოთა კავშირიც. საბოლოოდ ომი ჩიხში შევიდა და 1988 წლის ცეცხლის შეწყვეტამ ორივე ქვეყანას ომის წინა საზღვრები დაუტოვა. უფრო გაამძაფრა სექტანტური დაძაბულობა რეგიონში, განსაკუთრებით სუნიტ-შიიტური განხეთქილება.

♦ საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის (INF) ხელშეკრულება - 8 დეკემბერს რეიგანმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს INF ხელშეკრულებას, რაც ითვალისწინებდა ევროპაში საშუალო მოქმედების ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციას.

♦ შავი ორშაბათი - 19 ოქტომბერს გლობალური საფონდო ბირჟის კრახმა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი გამოიწვია. ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა ფინანსურ ბაზრებზე მთელ მსოფლიოში.

1988 წელი - საქართველო

♦ 1988 წელი საქართველოში ეროვნული მოძრაობის უპრეცედენტო გაძლიერების წელია. ეროვნული მოძრაობის მთავარ ძალას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ. გახშირდა ანტისაბჭოთა მიტინგები. აქციები დავითგარეჯის კომპლექსის გადარჩენის მოთხოვნით დაიწყო, რადგან იქ საბჭოთა სამხედრო ბაზები იყო განთავსებული და წვრთნები ძეგლს საფრთხეს უქმნიდა. ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით დაწყებული აქციები ანტისაბჭოთა აქციებში გადაიზარდა.

მეტალის დრაკონი

1940 წელი - მსოფლიო

♦ გერმანიამ ბლიცკრიგის სტრატეგიით დაიპყრო დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი და საფრანგეთი.

♦ საფრანგეთის არაოკუპირებულ ზონაში შეიქმნა ვიშის რეჟიმი, კოლაბორაციონისტული მთავრობა, მარშალ ფილიპ პეტენის მეთაურობით. ვიშის მთავრობა ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა.

♦ აგვისტოში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი იძულებით შევიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რუმინეთს კი საბჭოეთმა წაართვა ბესარაბია და ბუკოვინა.

♦ ლენდ-ლიზის აქტი - აშშ-ის სახელმწიფო პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც ამერიკა ამარაგებდა მოკავშირეებს (გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვ.) შეიარაღებით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით, გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში. სანაცვლოდ ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.

♦ დიუნკერკის ოპერაცია - პირობითი სახელწოდებაა "დინამო". მოკავშირეთა ძალებმა მოახერხეს დუნკერკის ევაკუაცია - გადაარჩინეს 300 000-ზე მეტი ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი საფრანგეთის დუნკერკის პლაჟებიდან.

♦ ზამთრის ომის დასრულება - ომი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის დასრულდა მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით. ფინეთმა დაუთმო ტერიტორია საბჭოთა კავშირს.

♦ კატინის ტრაგედია - 1940 წლის აპრილ-მაისში სტალინის ბრძანებით შინსახკომმა დახვრიტა 21 857 პოლონელი სამხედრო და ინტელექტუალი და მათი ოჯახები გადაასახლა ციმბირსა და ყაზახეთში. პოლონელი სამხედროები სიკვდილით დასაჯეს ასევე დასავლეთ უკრაინასა და აღმოსავლეთ ბელორუსში.

♦ პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში - ეს არჩევნები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ფრანკლინ დელანო რუზველტმა დაარღვია მანამდე არსებული დაუწერელი ტრადიცია და მესამე ვადით გახდა აშშ-ის პრეზიდენტი.

♦ 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში დაიბადა ჯონ ლენონი.

♦ 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე.

2000 წელი - მსოფლიო

♦ საარჩევნო დაპირისპირება შეერთებულ შტატებში - 2000 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ძალზე საკამათო გახდა, განსაკუთრებით ფლორიდის შტატში. არჩევნების შედეგები სადავო იყო. საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამარჯვებული გამოვლინდა - პრეზიდენტი გახდა ჯორჯ ბუში-უმცროსი.

♦ Uშშ ჩოლე-ის დაბომბვა - 2000 წლის 12 ოქტომბერს იემენის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელს თავს დაესხნენ თვითმკვლელი ბომბდამშენები. დაიღუპა 17 ამერიკელი მეზღვაური და გამოიწვია მსოფლიოს შეშფოთება საზღვაო უსაფრთხოების შესახებ.

♦ Dოტ-ჩომ Bუბბლე-ის კოლაფსი - 2000 წლის საფონდო ბირჟის კრახი ე.წ. დოტკომების ბუშტის გასკდომის პირდაპირი შედეგი იყო. ეს გამოიწვია ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა, რადგან ინტერნეტზე დაფუძნებული ბევრი კომპანია ფინანსური პრობლემებისა და დახურვის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა 2000 წელი მაინც იყო ეკონომიკური ბუმის წელი გლობალური მასშტაბით, რადგან იმ დროისთვის უპრეცედენტო გლობალური ზრდა არსებობდა.

♦ ადამიანის გენომის პროექტის შექმნა - საერთაშორისო კვლევითი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მთლიანი ადამიანის გენომის რუკასა და გაგებას, დასრულდა 2000 წელს.

2000 წელი - საქართველო

♦ 2000 წლის 9 აპრილს პრეზიდენტის არჩევნებში შევარდნაძე ხმათა 82%-ით მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

საქართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზა და სიდნეის თამაშებზე ბრინჯაოს 6 მედალი მოიპოვა, რაც იმ დროისთვის ქართველი სპორტსმენებისთვის დიდი წარმატება იყო.

წყლის დრაკონი

1952 წელი - მსოფლიო

♦ კორეის ომის დასასრული - კორეის ომი, რომელიც 1950 წელს დაიწყო, პანმუნჯომში ხელმოწერილი ზავის შეთანხმებით დასრულდა. კორეის ნახევარკუნძული გაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად. ჩრდილოეთს მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირი და ჩინეთი, სამხრეთს კი - აშშ და მისი მოკავშირეები. ჩრდილოეთ კორეის ძალები კიმ ილ-სუნგის მეთაურობით სამხრეთ კორეაში შეიჭრნენ. მათი მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება კომუნისტური დროშის ქვეშ. გაერომ დაგმო ეს აქტი და დაუშვა სამხედრო ინტერვენცია სამხრეთ კორეის მხარდასაჭერად. გაეროს კოალიციაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა ქვეყნის ჯარებიც შედიოდნენ. მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ ჩინეთიც ჩაერია, ომი გაჭიანურდა და ომი ჩიხში შევიდა. 1951 წელს დაიწყო ზავის შესახებ მოლაპარაკება, მაგრამ ვერ ხერხდებოდა შეთანხმება. საბოლოოდ ზავი 1953 წლის 27 ივლისს დაიდო და კორეა ორად გაიყო. თუმცა, ზავს მშვიდობა არ მოჰყოლია და ტექნიკურად ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა კვლავ საომარ მდგომარეობაში არიან.

♦ ეგვიპტის რევოლუცია - 23 ივლისს ეგვიპტეში რადიკალურად განწყობილმა "თავისუფალი ოფიცრების" ჯგუფმა მუჰამედ ნაგიბისა და გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით მოაწყო სამხედრო გადატრიალება, რომელმაც დაამხო მონარქია და ქვეყანაში რესპუბლიკური წყობა დაამყარა.

♦ დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლა - მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდგომ გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ავიდა ელისაბედ II.

♦ წყალბადის ბომბის პირველი ტესტი - აშშ-მა 1-ლ ნოემბერს გამოცადა წყალბადის ბომბი, კოდური სახელწოდებით Iვყ Mიკე. ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა ბირთვული იარაღის ტექნოლოგიაში.

♦ თებერვალში ოსლოში ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ივლისში კი ჰელსინკიში დაიწყო მე-15 ოლიმპიური თამაშები.

2012 წელი - მსოფლიო

♦ სირიის სამოქალაქო ომი - 2012 წელს სირიის კონფლიქტი სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტი გადაიქცა გაჭიანურებულ კონფლიქტად.

♦ TSCG - 2012 წლის მარტში ევროკავშირის 25-მა წევრმა ქვეყანამ ევროზონაში ეკონომიკური მმართველობის გაძლიერების მიზნით ხელი მოაწერა ფისკალურ აქტს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც სტაბილურობის, კოორდინაციისა და მმართველობის ხელშეკრულება­ (TSCG). ამის მიზანი იყო უფრო მკაცრი ფისკალური დისციპლინის აღსრულება და კოორდინაცია მონაწილე ქვეყნებს შორის.

♦ 2012 წელს ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას 2014-2020 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, რომელიც ასახავს ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტს, მათ შორის ასიგნებებს სხვადასხვა პოლიტიკის სფეროებისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ერთიანობა და კვლევა.

♦ ევროპის სტაბილურობის მექანიზმის (ESM) შექმნა - 2012 წლის ოქტომბერში ამოქმედდა ევროპის სტაბილურობის მექანიზმი - მუდმივი სამაშველო დაფინანსების პროგრამა, რომელიც შეიქმნა ევროზონის მძიმე ფინანსური სირთულეების წინაშე მყოფი ევროზონის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად.

♦ ნობელის პრემია EU-ს - ევროკავშირს 2012 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროპაში მშვიდობის, შერიგებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში შესრულებული როლისთვის.

♦ Facebook IPO - 2012 წლის მაისში "ფეისბუკმა" გამოაქვეყნა თავისი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რაც გახდა უდიდესი ტექნიკური ინიციატივა. თუმცა მომდევნო თვეებში პრობლემები შეექმნა.

♦ მაიას კალენდარი და მსოფლიოს დასასრულის პროგნოზები - 2012 წელთან ასოცირდებოდა მაიას კალენდრის ინტერპრეტაციებზე დაფუძნებული სპეკულაციები სამყაროს აღსასრულის შესახებ. თუმცა ეს პროგნოზები უსაფუძვლო აღმოჩნდა.

♦ ქარიშხალი "სენდი" - თავს დაატყდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს 2012 წლის ოქტომბერში, რამაც დიდი ზარალი მოიტანა და გაააქტიურა დისკუსიები კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის შესახებ.

2012 წელი - საქართველო

♦ 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლება პირველად შეიცვალა არჩევნებით და ხელისუფლებაში მოვიდა "ქართული ოცნება", რაც საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში მიღწევად ჩაითვალა. "ქართული ოცნება", რომელიც მაშინ კოალიციური ძალა იყო, დღემდე რჩება ხელისუფლებაში, მაგრამ უკვე ერთპარტიული სტატუსით.

რუსა მაჩაიძე