შოთა არველაძის პოლიტიკურ-საფეხბურთო ინტერვიუ - მოდის თუ არა ფეხბურთელი პოლიტიკაში, სტატუსი და უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები
გთავაზობთ ეპიზოდს შოთა არველაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 8 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.
- ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე თქვენი სამოქალაქო პოზიცია გქონდათ. გენიალური იყო "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე თქვენი გამოხმაურებაც, რაც საზოგადოებამ გულთან მიიტანა და რამაც თქვენი პოპულარობა ასმაგად გაზარდა. ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან დროს სირაქლემის პოზაში ჩადგომა დანაშაულის ტოლფასი იყო თუ "მართლები რომ უნდა ვიყოთ საკუთარ თავებსა და ჩვენი შვილების მომავალთან", ამიტომ თქვით სათქმელი?
- არ ვიცი, ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვინ როდის უნდა თქვას თავისი სათქმელი, მე ვერასოდეს ვასწავლი ადამიანებს, არც არასდროს გავბედავ ამას. მე არც ბევრი მილაპარაკია ამ თემებზე და არც ბევრი პოსტი დამიწერია, მხოლოდ ორიოდე პოსტია ჩემს არქივში - ერთი ეხებოდა უკრაინაში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების სამძიმარს. სამძიმარი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ურთულესი და განუყოფელი ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მიმაჩნია უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერა. ჩემი მეორე პოსტი შეეხებოდა კანონს, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უადგილო და არაფრისმომცემი იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია ბოლოს ყველამ გაიზიარა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
- "დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ", - ეს თქვენი სიტყვებია... დადგა ისტორიული მომენტი - საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო. რამ მოიტანა ეს შედეგი, რას გვავალდებულებს სტატუსი და ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ პერსექტივას თუ ხედავთ?
- დიახ, ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, თუმცა სტატუსიც არაფერს მოგვცემს, თუ ისე არ ვიცხოვრეთ, როგორც ყველას მოგვეთხოვება. რად გვინდა სადმე და ვინმესთან ცხოვრება ან შეერთება, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა თუ გავაგრძელეთ თუნდაც სიტყვიერად და საშინელი, დაუნდობელი ზიზღით. ევროპა და ცივილიზაცია ნიშნავს პატივისცემას, ყველას აზრის გათვალისწინებას და ჰარმონიულად ცხოვრებას, სადაც წესი და რიგი არის დაცული, და არა ისე ცხოვრებას, ვისაც როგორ მოუნდება და გაუხარდება. იმედია, სტატუსი ბევრს გამოაფხიზლებს და ჩვენს შვილებს კიდევ მეტ პერსპექტივას მოუტანს, რაც ჩვენი ოცნება და მიზანია.
- ერთხანს იყო მითქმა-მოთქმა, შოთი არველაძე პოლიტიკაში მიდისო. თქვენი გულშემატკივრების არმია მოგიწოდებდათ კიდეც, აუცილებლად წასულიყავით პოლიტიკაში და წარმატებაც გარანტირებული გექნებოდათ. ოდესმე გიფიქრიათ პოლიტიკაზე?
- არასდროს მიფიქრია. უპირველესად იმიტომ, რომ არა მგონია, რამე შევცვალო და სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას. მე ჩემი საქმე მიყვარს და აქამდეც და ახლაც ჩემი აქტიურობით, ჩემი საქმით, ვფიქრობ, უფრო მეტი სარგებელი მომაქვს, ვიდრე იმით მოვიტან, რომ ვიჯდე სადმე და ვინმე ვლანძღო, ან პირიქით, მე მლანძღონ.