გაიცანით კიმ ჩენი ინის მემკვიდრე: 10 წლის კიმ ჩჟუ ე - როგორ ცდილობს დიქტატორი მამა თავისი ქალიშვილის გაპიარებას
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის კიმ ჩენ ინის ქალიშვილი, რომელიც მამას ყველგან თან დაჰყვება, სავარაუდოდ, „ტახტის მემკვიდრეა“. ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.
კიმ ჩჟუ ე მამასთან ერთად საჯაროდ პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა - ბალისტიკური რაკეტის „ხვასონ 17“-ის გამოცდაზე. მას შემდეგ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას ესწრება. ის დაახლოებით 10 წლისაა(კიმ ჩენ ინის, მისი მეუღლის და შვილების დაბადების ოფიციალურ თარიღებზე ინფორმაცია არ არსებობს).
„ კიმ ჩჟუ ეს საჯარო საქმიანობისა და მის მიმართ გამოჩენილი პატივისცემის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, ის მემკვიდრეობის კანდიდატია. თუმცა ჩვენ სხვა ვარიანტებსაც ვიხილავთ, რადგან კიმ ჩენ ინი ახალგაზრდაა და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები აქვს“, - აცხადებს სამხრეთ კორეის დაზვერვა.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებები ჩჟუ ეს ჯერ „კიმის საყვარელ ქალიშვილს“ უწოდებდნენ, შემდეგ კი „პატივცემულს“. ეს ყველაზე საპატიო მიმართვაა: თავად კიმ ჩენ ინს „პატივცემული ამხანაგი“ მხოლოდ მას შემდეგ უწოდეს, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ქვეყნის მმართველი ის იქნებოდა.
ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებ დაბადებიდანვე „თავში უდებენ“, რომ კიმების ძარღვებში ლამის ღვთიური სისხლი ჩქეფს და ქვეყნის მართვა მათ „ზემოდან“ აქვთ განსაზღვრული. შესაბამისად, კიმ ჩენ ინიც მოინდომებს ტრადიციის გაგრძელებას და დიდი ალბათობით, ქვეყნის მართვას კიმების მეოთხე თაობა გადაიბარებს.
ანალიტიკოსების აზრით, კიმ ჩენ ინის გათვლებით, საჯარო ღონისძიებებზე კიმ ჩჟუ ეს ადრეულ ასაკში გამოჩენა იქნება იმის გარანტი, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ძალაუფლება მის ხელში გადავა, მას მიეჩვევიან და ლიდერად აღიარებენ.
გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯით კიმ ჩენ ინი ცდილობს დაძლიოს პატრიარქალურ საზოგადოებაში გამჯდარი აზრი, რომ მაღალ თანამდებობებზე ქალებს არაფერი ესაქმებათ.