სტალინი, მატრონა მოსკოვსკაია და ომი: რა ურჩია ბელადს მატრონამ 1941 წელს, როდესაც მოსკოვი შესაძლოა, გერმანელებს აეღოთ
შეხვდა თუ არ შეხვდა იოსებ სტალინი წმინდა მატრონა მოსკოვსკაიას (მატრონა ნიკონოვას) 1941 წელს, როცა მოსკოვი გერმანიის ვერმახტის მიერ დაპყრობის საშიშროების წინაშე იდგა? დავა შეხვედრის თაობაზე რუსულ რელიგიურ თუ პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით კი მასმედიაში 1990-იანი წლებიდან იწყება. ასობით მასალაა გამოქვეყნებული, თანაც ურთიერთსაწინააღმდეგო... თვითონ რუსი მეცნიერები და ეკლესიის მსახურები ამბობენ, რომ შეხვედრის თაობაზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობსო... ზოგიერთები კი აცხადებენ, რომ ბელადმა სპეციალურად აკრძალა ამ ფაქტის მოხსენიება და დოკუმენტირება, ამიტომაც ვერავინ ვერაფერს ვერ პოულობსო...
მოკლედ, ფაქტი, თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, უკვე ლეგენდარულად იქცა.
სასწაულმოქმედი ხატის თაობაზე, რომლის შესახებაც თითქოსდა შეხვედრის დროს მატრონამ იოსებ სტალინს ურჩია, თვითმფრინავით მოსკოვის ცაზე შემოატარეთ და ქალაქის გადარჩენაში დაგეხმარებათო, 2021 წელს მხატვრული ფილმიც არის გადაღებული, სახელწოდებით „მარია. მოსკოვის გადასარჩენად“, თუმცა, რასაკვირველია, მხატვრული კინოსურათი დოკუმენტად ვერ გამოდგება.
და მაინც გთავაზობთ სტატიას, რომელიც ორი წლის წინ კრემლთან დაახლოებულ გაზეთში - „კომსომოლსკაია პრავდაში“ (Комсомольская правда) გამოქვეყნდა სათაურით „შეხვდა თუ არა მატრონა მოსკოვსკაიას იოსებ სტალინი და შემოატარეს თუ არა თვითმფრინავით მოსკოვს 1941 წლის დეკემბერში სასწაულმოქმედი ხატი?“ (ავტორი - დენის კორსაკოვი). პუბლიკაციაში ჟურნალისტი ფილმის რეჟისორს ვერა სტოროჟევას ესაუბრება, თუ რამდენად შეესაბამება ლეგენდად ქცეული ამბავი (გადმოცემა) სინამდვილეს.
ფილმის მთავარი გმირია სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოსკოველი თანამშრომელი, ახალგაზრდა უმცროსი ლეიტენანტი მარია პეტროვა, რომელიც თავის მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდება, იგი მტკიცე ათეისტი და მატერიალისტია, ანუ ღმერთი და სასწაულმოქმედი ხატები არ სწამს. მაგრამ სწორედ მარიას გაგზავნის სახელმწიფო უშიშროების კომისარი გერმანიის არმიის მიერ ოკუპირებულ იმ ქალაქში, სადაც იგი გაიზარდა და რომლის ეკლესიაში ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც მან მოსკოვში უნდა ჩაიტანოს.
რატომ? იმიტომ, რომ იოსებ სტალინი მოსკოვში შეხვდა ხალხში პოპულარულ წინასწარმეტყველს (მატრონა მოსკოვსკაიას პირველსახეს), რომელმაც ბელადს ხატის თვითმფრინავით შემოტარება დედაქალაქის ცაზე ურჩია.
როგორც კი ფილმის ტრეილერი გამოვიდა, ვიდეოკადრებმა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში ინტენსიური აჟიოტაჟი გამოიწვია. რედაქციაში მოვიწვიეთ რეჟისორი ვერა სტოროჟევა და ვესაუბრეთ (გთავაზობთ ამონარიდებს):
- ვერა, თქვენ ფილმის რეჟისორი ბრძანდებით. გჯერათ იმ გავრცელებული ლეგენდისა, რომ 1941 წელს ღვთისმშობლის ხატი მატრონა მოსკოვსკაიას რჩევით, მოსკოვს შემოატარეს?
- კი, ფილმში არის ეპიზოდი, რომელშიც იოსებ სტალინი მატრონას ხვდება და ეს კადრი ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა. არადა, ასეთი ლეგენდა რეალურად, ნამდვილად არსებობს. „თქმულება კურთხეული მატრონას ცხოვრების შესახებ“ დაწერა ზინაიდა ჟდანოვამ, რომელიც მატრონასთან ერთად რამდენიმე წელი მოსკოვში ერთ ოთახში ცხოვრობდა. მასში ნათქვამია, რომ სტალინი მართლაც შეხვდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა მატრონას კანონიზაცია მზადდებოდა, „თქმულებიდან“ ეს ფაქტი გაქრა...
სცენარში მოხუც წინასწარმეტყველ ქალს მატრონა ერქვა. ამ სცენარით წინა წლებში სხვა რეჟისორებიც აპირებდნენ ფილმის გადაღებას. მათ მიმართეს რუსეთის საპატრიარქოს თანხმობისათვის, მაგრამ მათ ფილმში მატრონას სახელის მოხსენიებისაგან თავი შეიკავეს. ჩვენს ფილმში კი მისი ზოგადი, კრებითი სახე იქნა შექმნილი.
- მე მოსკოვში ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასტან ახლოს ვცხოვრობ, სადაც, როგორც ამბობენ, სწორედ ის ხატი იყო დასვენებული, რომელიც მოსკოვს შემოატარეს...
- ალბათ, ის ხატი ორიგინალი არ იყო. ჩვენს სცენარში ხატი სპეციალურად არ ყოფილა დაწერილი, რაც არსებობდა, იმით ვისარგებლეთ. საერთად, ხატის თაობაზე ერთი მტკიცე აზრი არ არსებობს: ზოგი ამბობს, ტიხვინის ხატი შემოატარესო მოსკოვს, ზოგი კი - ყაზანის ხატიო. რეალურად კი ტიხვინის ხატის ორიგინალი გერმანელებმა 1941 წლის ნოემბერში მუზეუმიდან გაიტანეს და ჯერ ოკუპირებულ ფსკოვში წაიღეს, შემდეგ რიგაში, სულ ბოლოს კი როგორღაც ჩიკაგოში მოხვდა. რუსეთში ხატი მხოლოდ 21-ე საუკუნეში დაბრუნდა. ასე რომ, ტიხვინის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატი 1941 წლის დეკემბერში მოსკოვის ცას ვერ შემოუფრენდა“ (წყარო).
რაც შეეხება უშუალოდ მატრონა მოსკოვსკაიას (ნიკონოვას), რუსული წყაროების თანახმად, იგი რეალურ პიროვნებას წარმოადგენს: დაიბადა დაახლოებით 1881 წელს, ტულის გუბერნიაში, დაბადებიდანვე უსინათლო იყო, ვერ ხედავდა. ჰყავდა სამი და-ძმა. ბავშვობიდანვე მატრონას უკვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხვა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა.
14 წლის იყო მატრონა, როდესაც ადგილობრივი მემამულის ქალიშვილმა ლიდიამ ქ. კრონშტანდტში წაიყვანა. ნათელმხილველი გოგონა გრძნობდა რევოლუციის მოახლოებას და უამრავი ხალხის დაღუპვას წინასწარ განიცდიდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასოდეს უვლია. 1925 წელს მატრონა მოსკოვში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ავადმყოფობათაგან განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებოდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს.
რასაკვირველია, საბჭოთა მილიცია მატრონას დაპატიმრებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მისი ახლობელი დააპატიმრეს და გაასამართლეს (მათ შორის ზინაიდა ჟდანოვა). მილიციის მოსვლას მატრონა წინასწარ გრძნობდა და ყოველთვის დროულად გადადიოდა სხვა ბინაში. ნეტარმა მატრონამ დევნის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ნეტარი მატრონას დევნა გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. გადმოცემის თანახმად, როცა მასთან ომის დროს რჩევის მისაღებად იოსებ სტალინი მივიდა, დევნა შეწყდა. მატრონა მოსკოვსკაია (ნიკონოვა) გარდაიცვალა 1952 წლის მაისში.
ნეტარი მატრონა დაასაფლავეს დანილოვის სასაფლაოზე, მოსკოვში. 1998 წ. წმინდა ნაწილები გადაასვენეს პოკროვის მონასტერში. კანონიზირებულია 1999 წ. სახელწოდებით: ნეტარი მატრონა მოსკოველი.
ხატი „ნეტარი მატრონა იოსებ სტალინს კურთხევას აძლევს“ დაწერილია 2008 წელს სანქტ-პეტერბურგში მხატვარ ილია პივნიკის მიერ, იღუმენ ევსტაფის ინიციატივით, პირველად მრევლის წინაშე გამოიტანეს წმინდა ოლღას ტაძარში. ამ ფაქტმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია: როგორც პეტერბურგის ეპარქიის წარმომადგენელმა განაცხადა, ხატზე გამოსახულება სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან წმინდა მატრონასა და იოსებ სტალინის საუბარი რეალურად არ მომხდარა და ის მხოლოდ ლეგენდას წარმოადგენს“. თავის დროზე ნეგატიური თვალსაზრისი გამოხატა მოსკოვის საპატრიარქომაც როგორც თვითონ ხატზე ასახული შეხვედრის, ასევე მისი ტაძარში გამოფენის გამო.