"ბავშვები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ, როცა მოულოდნელად მათ ავტომობილი დაეჯახა" - რა დეტალები ხდება ცნობილი ბოლნისში მომხდარ საზარელ ავარიაზე?
დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის რაიონში, სოფელ ბალახაურში. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ, როცა მოულოდნელად მათ ავტომობილი დაეჯახა და სამწუხაროდ ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, მათგან ერთი მოვაჭრე ქალბატონია, რომელიც მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ორი დაშავებული მანქანაში მყოფები არიან.
ჩვენ დავუკავშირდით ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნესტან ონიანს, სადაც დაღუპული ერთ- ერთი ბიჭუნა სწავლობდა. მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დაღუპულები ძმები არიან. მისი თქმით, დაღუპულებიდან ერთია ადგილობრივი, ხოლო მეორე მოზარდი მარნეულიდან არის და ის სოფელში სტუმრად იყო ჩამოსული.
ნესტან ონიანი:
"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. ერთ- ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ასევე გარდაცვლილია მეორე მოზარდი, მისი თანატოლი, რომელიც მარნეულიდან არის და სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში. ითქვა, რომ თითქოს ძმები არიან დაღუპულები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, გადავამოწმე ინფორმაცია და დავაზუსტე, მეორე დაღუპული მარნეულიდანაა. არც ის არის სიმართლე, რომ ისინი იქ ვაჭრობდნენ, არა, იმ ადგილას ძირითადად მოხუცები დგანან და ვაჭრობენ. პატარა ბაზარივით აქვთ და სოფლის პროდუქტებს, ბოსტნეულს ყიდიან. ბავშვები იქ პროდუქტის საყიდლად იყვნენ მისულები და ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ჩემი ინფორმაციით, ავტოავარია ცენტრალურ გზაზე მოხდა, ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს და ამ შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილი გზის პირას მყოფ ბავშვებს დაეჯახა. ჩემი მოსწავლე მეშვიდე კლასშია, აზერბაიჯელი ბიჭუნაა, ვინაობას ჯერჯერობით ვერ დავსახელებ, რადგან პერსონალური ინფორმაციაა და ჯერ განათლების სამინისტროს უნდა მივაწოდო ინფორმაცია. ბიჭის დამრიგებელმა შემატყობინა ეს სამწუხარო ამბავი, აზერბაიჯანული სოფელია, ბიჭს ჰყავს მშობლები და და ძმაც. ჩვენს სკოლაში სწავლობს ასევე მისი პატარა და, ახლა არდადეგებზე არიან ბავშვები და ეტყობა გააგზავნეს რაღაცის საყიდლად ბაზარზე. რამ გამოიწვია ეს ავარია და იყო თუ არა გადაჭარბებული სიჩქარე ამაზე ვერაფერს გეტყვით. იქ უფრო მეტად ხანდაზმული ხალხი დგას და როგორც ვიცი, გამყიდველი ქალიც დაშავდა ამ შეჯახების შედეგად. ჩემი ინფორმაციით, ის ქალი იქ მჯდარა და მას ფეხები აქვს დამტვრეული. როგორც ჩანს, ძლიერი დარტყმა ბავშვებმა მიიღეს და ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ის ქალბატონი გადარჩა. მეორე დაღუპული ბავშვი ქალაქ მარნეულიდან იყო, თითქმის ტოლები არიან გარდაცვლილები. ავტოავარია ცენტრალურ გზაზეა მომხდარი. ორმხრივი მოძრაობაა, ბოლნისიდან მარნეულისკენ გამავალი გზაა და სწრაფი მოძრაობაა. სულ მაწუხებდა ეს საკითხი, რომ იქ ბაზრობა იყო. რამდენჯერმე ვთქვი კიდეც, სამწუხაროდ ეს ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ორი მანქანის შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ –ერთი მანქანა ავარიის შემდეგ გზის პირას მყოფ ბავშვებს დაეჯახა. რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, იყო თუ არა ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე, ან რომელიმე მძღოლი ხომ არ მართავდა საჭეს ნასვამი, ამ და სხვა დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ".
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები და ექსპერტიზა ჩატარდა. დაშავებული სამი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე ექსპერტიზა ჩაუტარდებათ გარდაცვლილ მოზარდებსაც. გამოძიება გრძელდება.
(სპეციალურად საიტისთვის)