"არამზადების ღერძი", დამანგრეველი სტიქიები და "ამბოხებული" ხელოვნური ინტელექტი - ტოპ10 მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური კატასტროფის რისკი
ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ (Time) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „2024 წლის გლობალური რისკების ათეული“ (ავტორი - იან ბრემერი, პოლიტიკიკური მიმომხილველი), რომელშიც პროგნოზირებულია უკვე დაწყებული ახალი, 2024 წლის ძირითადი ათი მოვლენა - რა ელოდება წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს?
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
2023 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე მთავარი მოვლენები ძირითადად ორი საომარი მოქმედებით გამოიხატებოდა: ევროპაში - რუსეთ-უკრაინის, ხოლო ახლო აღმოსავლეთში - ისრაელ-„ჰამასის“ ომით. ეს ორი კონფლიქტი 2024 წელს გაფართოვდება, მაგრამ ყველაზე დიდ და გლობალურ რისკს წარმოადგენს მესამე „ომი“ - აშშ... აშშ-ის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, თავს იჩენს ბევრი ახალი საყურადღებო ისტორია და პრობლემა.
პირველი - აშშ... აშშ-ის წინააღმდეგ
იმ დროს როცა აშშ-ის შეიარაღებული ძალები და ეკონომიკა ძლიერი რჩება, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შედარებით უფრო მეტად დისფუნქციურია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნის დემოკრატია. 2024 წელს ეს პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდება. საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს უკვე გაჩენილ განხეთქილებას საზოგადოებაში და ამერიკულ დემოკრატიას ისეთი გამოცდის წინაშე დააყენებს, რომელიც ერს 150 წლის განმავლობაში არ გამოუცდია, შესაბამისად, აშშ-ის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე დაიჩრდილება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შედეგი ფაქტიურად მონეტის აგდებით („ორიოლ-რეშკა“) გამოიხატება, ერთადერთი შედეგი ნეგატიურად იხატება - დაზარალდებიან აშშ-ის სოციალური სტრუქტურები, პოლიტიკური ინსტიტუტები და მისი საერთაშორისო რეპუტაცია. იმ დროს, როცა მსოფლიო კრიზისებით არის გარემოცული, აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიო არენაზე ქვეყნის პოზიციას დაასუსტებს იმდენად, რამდენადაც რესპუბლიკელი კონგრესმენები პრეზიდენტის [იზოლაციონისტურ] პოზიციას მხარს დაუჭერენ.
მეორე - ახლო აღმოსავლეთი ბეწვის ხიდზე
ღაზას სექტორში საომარი მოქმედებები გაფართოვდება და სიტუაცია რეგიონული ომის ზღურბლზე მივა - მასში აშშ-ისა და ირანის, აგრეთვე ლიბანის („ჰეზბოლას“) პოტენციური ჩაბმის რისკით. რასაკვირველია, არცერთ ქვეყანას რეგიონული კონფლიქტის გაჩენა არ სურს, მაგრამ დენთის კასრის ირგვლივ თუ ცეცხლი ბობოქრობს, დაგება დრო და კასრი აფეთქდება.
მესამე - გაყოფილი უკრაინა
რუსეთის უკრაინაში შეჭრა კრემლისთვის მცდარ ნაბიჯად დარჩება, რადგან ნატო ორი ახალი წევრით ფართოვდება. რუსეთს წინ კიდევ სანქციების მე-12 და მე-13 რაუნდები ელოდება... კრემლის საერთაშორისო აქტივები გაყინული დარჩება, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება. ევროპა რუსულ ენერგოშემცველებს (ნავთობსა და გაზს) მეტად აღარ იყიდის. პარალელურად გაგრძელდება უკრაინის ნეგატიური მდგომარეობაც: ქვეყანა დე ფაქტოდ ორად იქნება გაყოფილი, რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივასა და მატერიალურ უპირატესობას შეინარჩუნებს. 2024 წელი ომში გარდატეხის შეტანის წელი იქნება: თუ უკრაინა ვერ გადაწყვეტს საკადრო პრობლემას, ვერ მოაგვარებს იარაღის წარმოების ზრდის საკითხს და ვერ შეიმუშავებს რეალისტურ სამხედრო სტრატეგიას, ქვეყნის ტერიტორიული დანაკარგების პროცესი გაფართოვდება და შეიძლება შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. კიევმა 2023 წელს დიდი დარტყმა მიიღო აშშ-ისა და ევროკავშირისაგან სამხედრო დახმარების შესუსტების სახით, ამიტომაც შეიძლება ხელისუფლება უკიდურეს ნაბიჯზე წავიდეს - გააფართოვოს დარტყმები რუსეთის შიგნით, რაც კრემლის საპასუხოს რეაქციას გამოიწვევს. შესაბამისად, გაჩნდება ომში ნატოში ჩათრევის რისკი.
მეოთხე - უმართავი ხელოვნური ინტელექტი
ტექნოლოგიები სწრაფი წინსვლის გამო ხელოვნური ინტელექტის მართვა გართულდება, შესუსტდება მისი კონტროლის საერთაშორისო ორგანოები. ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელი კომპანიების შესაძლებლობები ფაქტიურად განუსაზღვრელი იქნება. ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი მოდელის მოქმედება მთავრობის კონტროლის მიღმა დარჩება.
მეხუთე - „არამზადების ღერძი“ და „აშშ-ის სახიფათო მეგობრები“
2024 წელს „არამზადების ღერძის“ წევრების (რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა) ერთმანეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება, ისინი ერთად იმოქმედებენ საერთაშორისო არენაზე - სულ უფრო მზარდი კოორდინაციით და დამანგრეველი მეთოდებით. სხვათა შორის, არც აშშ-ის მეგობრები არ იქნებიან ამ მხრივ შეუმცდარნი: უკრაინის, ისრაელის (პოტენციურად) და ტაივანის ლიდერები იმდენს იზამენ, რომ შეიძლება ვაშინგტონი მისთვის არასასურველ კონფრონტაციაში ჩაითრიონ.
მეექვსე - ჩინეთი? ეკონომიკური წინსვლა არ იქნება
იმის გათვალისწინებით, რომ სი ძინპინის რეჟიმი ეკონომიკისადმი კონტროლს გააგრძელებს და რეფორმების განხორციელების ტემპებს შეასუსტებს, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები დაიკლებს, მოიმატებს კომპარტიისადმი უნდობლობის დონე, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ-სოციალური სტაბილურობისათვის ერთობ სახიფათო ფაქტორად გადაიქცევა.
მეშვიდე - ბრძოლა სასარგებლო წიაღისეულის დაუფლებისათვის
2024 წელს მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის - [იშვიათი ლითონების] საბადოების დაუფლებისათვის ბრძოლა გამწვავდება. იშვიათი ლითონები მთავარ როლს ასრულებენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განხორციელებაში - ბიოტექნოლოგიის სფეროში, ტრანსპორტში, კომუნიკაციებში, თავდაცვაში. შესაბამისად, მიღებული იქნება გარკვეული შემზღუდავი ზომები ლითონებით ვაჭრობაში და გადაზიდვაში. აღნიშნული სასარგებლო წიაღისეულის მარშრუტები დაკონკრეტდება და გამსხვილდება.
მერვე - შეცდომის უფლება არავის არ აქვს
გლობალური ინფლაციური შოკის შედეგები, რომელიც 2021 წელს მოხდა, კვლავ მოახდენს თავის გავლენას 2024 წელსაც საბანკო-საფინანსო სფეროში. მთავრობებს გაუჭირდებათ ინფლაციის შეჩერება. ისინი იძულებულნი გახდებიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები შემოიღონ, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას შეანელებენ. შესაბამისად, მოიმატებს სოციალური მღელვარებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი.
მეცხრე - „ელ-ნინიოს“ დაბრუნება
ოთხწლიანი არყოფნის შემდეგ მსოფლიოს „ელ-ნინიო“ - გლობალური საოკეანო კლიმატური დინება - დაუბრუნდება, მაგრამ ახლა უკვე გაორმაგებული დამანგრეველი ძალით, რომელიც თავის პიკს წლის პირველ ნახევარში მიაღწევს. გახშირდება ექსტრემალური ამინდები, რომელიც დაემუქრება სასურსათო უსაფრთხოებას, გააძლიერებს სასმელი და სარწყავი წყლის უკმარისობას, დაარღვევს ლოჯისტიკას, გაავრცელებს სხვადასხვა ინფექციურ სნეულებებს, ეპიდემია-პანდემიებს, გააფართოვებს მიგრაციას მოუსავლიანი ქვეყნებიდან, გაჩნდება შიმშილობის სიმპტომები, გაძლიერდება პოლიტიკური არასტაბილურობა იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიითა და ენერგეტიკული კრიზისით იქნებიან მოცულნი.
მეათე - სარისკო ბიზნესი
იყო დრო, როცა (უპირატესად პროგრესულმა) კლიენტებმა, თანამშრომლებმა და ინვესტორებმა „კულტურული ომი“ გამოუცხადეს აშშ-ის მმართველ ორგანოებს, ახლა კი ამერიკული სასამართლოები, შტატების საკანონმდებლო ორგანოები, გუბერნატორები და აქტივისტთა ჯგუფები (უპირატესად - კონსერვატორული) მათ საპასუხო დარტყმას მიაყენებენ. კომპანიები, რომლებიც პოლიტიკური და იურისიული ფაქტორების „ჯვარედინ ცეცხლში“ მოხვდებიან, ძალიან დაზარალდებიან.
და ბოლოს, ყურადღების გადამტანი მოვლენები:
ა) აშშ-ჩინეთის კრიზისი: 2024 წელი იქნება კიდევ ერთი მღელვარე წელიწადი ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთდამოკიდებულებაში, განსაკუთრებით ტაივანის გამო და ტექნოლოგიის სფეროში კონკურენციასთან დაკავშირებით. ამასთან, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს შიდა პრობლემები აიძულებენ, რომ [„წითელი ხაზები“ არ დაარღვიონ და] ერთმანეთთან მართვადი ურთიერთობა ჰქონდეთ.
ბ) ევროპა პოპულისტების ხელში: ევროპელი პოპულისტები და ულტრამემარჯვენეები გააგრძელებენ შიშის ჩანერგვის პოლიტიკას ევროპულ ისტებლიშმენტში, მაგრამ ისინი მაინც ვერ შეძლებენ ევროპული ერთიანობის იდეის დარღვევას.
გ) „ბრიკსი“ „ჯი7“-ის წინააღმდეგ (BRICS vs. G7): 2024 წლის პირველი იანვრიდან „ბრიკსის“ ქვეყნების ჯგუფს (ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკას) საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეთიოპია შეუერთდნენ, თუმცა ისინი, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, „დიდი შვიდეულის“ მეტოქეები ვერ გახდებიან.
მოამზადა სიმონ კილაძემ