როგორ "უჩხვლიტა" შევარდნაძემ პუტინს - ნაჩუქარ ნახატში "დედის ოცნება" დაშიფრული მესიჯი და სააკაშვილი, მეტსახელად "არმაგედონი" - კვირის პალიტრა

როგორ "უჩხვლიტა" შევარდნაძემ პუტინს - ნაჩუქარ ნახატში "დედის ოცნება" დაშიფრული მესიჯი და სააკაშვილი, მეტსახელად "არმაგედონი"

2005 წელს საქართველოში ოფიციალურად უნდა დასრულებულიყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ოცდაათწლიანი ეპოქა. საქართველოს შემდეგ პრეზიდენტს მოუწევდა გლობალურ გამოწვევებთან ერთად საშინაო და საგარეო პრობლემებით „დახუნძლული“ ქვეყნის მართვა. პრეზიდენტობის კანდიდატები სასურველზე გაცილებით მეტი იყო, მათ უკან კი სამი დაინტერესებული ძალა იდგა: თავად შევარდნაძე ( რომელიც ისეთ კანდიდატს ეძებდა, ვინც მის „ოჯახურ კლანს“ მშვიდ ცხოვრებაში საფრთხეს არ შეუქმნიდა. ამასთან ერთად „ბაბუ“ ქვეყნის კულისებიდან მართვაზეც არ იტყოდა უარს); ამერიკელები ( მათ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ახალგაზრდა რეფორმატორების“ კანდიდატის გამარჯვება სურდათ, რათა საქართველოს პროდასავლური კურსი უფრო გაძლიერებულიყო) და რუსეთი, რომელსაც სურდა პროდასავლური კურსის დისკრედიტირება, ჩრდილო–ატლანტიკურ ბლოკთან საქართველოს სამხედრო–პოლიტიკური კავშირების გაწყვეტა და საქართველოს „რუსულ ორბიტაზე“ დაბრუნება. ასე, რომ ყველა თავის „დიმიტრი გელოვანს“ ეძებდა.

შევარდნაძე ფიქრობდა, რომ საკუთარი „პოლიტიკური მემკვიდრის“ შერჩევაში, სხვა ძალებთან შედარებით, დიდი უპირატესობა ჰქონდა: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით მიღწეულმა გამარჯვებამ „ბაბუს“ რეალობის შეგრძნება დაუკარგა. მას ეგონა, რომ პროცესებს თავად მართავდა, თუმცა ფაქტიურად ის უკვე ვეღარ აკონტროლებდა ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ და სოციალ–ეკონომიკურ ვითარებას. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი 2022 წლის 25 თებერვალს უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ გახდა. „შევარდნაძის გუნდი“ კი იმ ჩასაძირად განწირულ გემს დაემსგავსა, საიდანაც უკვე ვირთხები გარბიან.

picture1-1704782514.jpg

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებიდან შევარდნაძე ვისაც თავიდანვე გამორიცხავდა ეს ზურაბ ჟვანია იყო. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ბაბუმ“ ჟვანიას პოლიტიკური ძალა დაინახა და მას უკვე მთავარ კონკურენტად თვლიდა. შევარდნაძე იმაშიც დარწმუნდა, რომ ჟვანიას კულისებიდან ვერ მართავდა. პარლამენტის თავმჯდომარე „ბაბუს კლანისთვისაც“ საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომაც ზ. ჟვანიას დისკრედიტების სპეცოპერაციაში ჩაერთნენ, როგორც სპეცსამსახურები, ასევე „ჯიბის პოლიტიკოსები“ და „მოთვინიერებული“ მასმედია. ამ ბინძურ პროცესში თავად შევარდნაძეც მონაწილეობდა.

სოციალურ ქსელებში ნახავთ 2000 წელს გამართულ ედუარდ შევარდნაძის ჟურნალისტებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოკადრებს (https://www.youtube.com/watch?v=BsajX24levk). ერთ–ერთ შეკითხვაზე (რომელიც ჩემი აზრით გამიზნულად იყო დასმული) შევარდნაძე შეწუხებული სახით ასე პასუხობს: „ რაც შეეხება პირად შეურაცხყოფას – მე აღშფოთებული ვარ“...

ზურაბ ჟვანიას, როგორც პოლიტიკოსის შეფასებაში შევარდნაძე, ერთი შეხედვით, კომპლიმენტებს არ იშურებდა. საქვეყნოდ აქებდა და აცხადებდა, რომ ჟვანიას გარდაცვალება მისთვისაც დიდი ტრაგედია იყო. თუმცა ისიც კარგად ჩანდა, რომ “ვარდების რევოლუციის” გამო ზურაბ ჟვანიასადმი წყენა კვლავ გულში ჰქონდა ჩაბუდებული.

ამას ადასტურებს კახა თარგამაძეც, რომელმაც 2014 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა: „შევარდნაძემ სიკვდილის წინ რომ დაიწყო ჟვანიას ქება, იცოდეთ, ჟვანიას შესახებ ორჯერ უფრო უარესი აქვს ჩემთან ნათქვამი!. . . . .“.

ხუთას გვერდიან მოგონებებში შევარდნაძემ “მოახერხა” და თითქმის არაფერი თქვა ყველასთვის საინტერესო ფაქტებზე. უფრო მეტიც, საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიც ზურაბ ჟვანიაა, სულ ერთ გვერდზე ჰყავს ნახსენები.

შევარდნაძის პოლიტიკურ გათვლებს განსაკუთრებით ამერიკელები უყურებდნენ ეჭვით: ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა, შევარდნაძე კი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სასამართლო სისტემის რეფორმებს აგვიანებდა.

2003 წლის 5 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დავალებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი თბილისში ჩამოვიდა. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, ვიზიტის მიზანი: „პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზების განხილვა“ იყო.

picture2-1704782514.jpg

ამ საუბრის შემდეგ შევარდნაძე ბეიკერზე დიდად ნაწყენი დარჩა

თუმცა 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და სახელმწიფო კანცელარიის მეათე სართული სოფლის დუქანს დაემსგავსა: საპარლამენტო ადგილებით ვაჭრობის პროცესი მართალაც სასაცილო იქნებოდა სატირელი რომ არ ყოფილიყო.

არჩევნების გაყალბება ის ბოლო წვეთი იყო, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა აავსო: ქვეყნის შიგნით და გარეთ ცვლილებებს ითხოვდნენ. სამწუხაროდ, მოხუცი პრეზიდენტი ადეკვატურად ვეღარ აღიქვამდა მოვლენებს. მან ოც დღეში ბევრი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რაც მას თანამდებობის დაკარგვად, ხოლო ქვეყანას არასტაბილურობის წლებად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად დაუჯდა. 2003 წლის 17 ნოემბერს შევარდნაძემ განაცხადა, რომ არ გადადგება და მისი მთავარი მიზანი 2005 წლის აპრილში ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადაბარებაა. 21 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და თან დაამატა, 2005 წლის აპრილამდე პრეზიდენტის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური გზით შეცვლა საქართველოს "ბანანის რესპუბლიკას" დაამსგავსებსო. ჩემი აზრით, ეს ამერიკელების ოფიციალური პოზიცია იყო, ისინი ორივე მხარეს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ: შევარდნაძე პრეზიდენტად დარჩებოდა, ოპოზიციას კი პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის (კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრის) პოსტები ექნებოდათ.

სულ სხვა გეგმები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს: მისთვის თავად შევარდნაძის პიროვნება იყო მიუღებელი. მოსკოვი ამერიკელების აქტიურობას დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს. სამწუხაროდ, რუსეთის სპეცსამსახურებს ამომწურავი აგენტურული ინფორმაცია ჰქონდათ აშშ-საქართველოს სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის - უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების გეგმებზე და ცდილობდნენ, მაქსიმალურად შეეშალათ ხელი საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს კავშირების გაღრმავებისთვის.

რუსეთს, რომელსაც შევარდნაძის "გამოსწორების" იმედი უკვე აღარ ჰქონდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ფარული მიზნების (უპირველესად - "თეთრი მელას" მოცილება) განხორციელება სურდა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში აქტიურად ჩართო, როგორც - სპეცსამსახურები, ასევე დიპლომატიური ალეგორიებიც. „დიპლომატიურ ენაზე“ ორაზროვანი მინიშნებები ოდითგან გავრცელებულია. 2003 წლის 28 იანვარს კიევში დსთ–ს სხდომა გაიმართა. სამი დღით ადრე შევარდნაძეს 75 წელი შეუსრულდა და რუსეთის პრეზიდენტმაც საჩუქარი არ დაინანა. იუბილარს ნატურმორტის ჟანრში შერულებული ნახატი აჩუქა, რომელზეც სოფლის სახლისთვის დამახასიათებელი ნივთებია გამოსახული.

picture3-1704782515.jpg

გზა მამათისკენ?

ამ ნახატს ქვემოთ დავუბრუნდები, ახლა კი ის ფაქტი გავიხსენოთ, როდესაც შევარნაძემ განახორციელა „პირველი ჩხვლეტა“ და პუტინს დედა მოაგონა.

2002 წლის 7 ოქტომბერს კიშინიოვში დსთ-ს სამიტი გაიმართა, იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 50 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია შეხვედრის მონაწილენი ამ თარიღისთვის მომზადებულნი აღმოჩნდნენ. იყო მრავალი საჩუქარი და მილოცვა. მაგრამ ამ სიჭრელეში მაინც გამოირჩეოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის საჩუქარი. შევარდნაძემ იუბილარს სურათი აჩუქა: ”დედის ოცნება”, რომელიც სიძვირფასით და ზომებით (სულ 80X60 სმ იყო) იმდენად არ გამოირჩეოდა, რამდენადაც გურული ეშმაკური მინიშნებით. სურათზე დახატული იყო მდინარის პირას მდგარი ქალი, პატარა ბიჭუნასთან ერთად. ახალგაზრდა ქალს ოცნებებში ჩაძირულ სახეზე შვილის დიდი მომავლის იმედი ესახება.

ჩემი აზრით მეტად საინტერესო და საკმაოდ თამამი მინიშნება იმალებოდა ამ ერთი შეხედვით უბრალო საჩუქრის მიღმა. პირველი და მოულოდნელი „საჩუქარი“ ქართველებმა პუტინს 1999 წლის შემოდგომაზე „მიართვეს“: ბევრს გემახსოვრებათ პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩვენთან ატეხილი აჟიოტაჟი: ვითომ ის საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იყო დაბადებული და, რომ მისი დედა, საკუთარი შვილისგან მივიწყებული, დღესაც იქ ცხოვრობს. ქართულ პრესაში დაიბეჭდა კიდეც სლავური გარეგნობის მოხუცი ქალის ფოტოსურათი: ჭაღარა ქალბატონის თვალებში წლების მანძილ ზე უნახავი შვილის დიდი სევდა თითქოს მართლაც იხატებოდა. მაშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მასმედიამ ირონიულად მიიღო ქართველების “პროვინციული ახირება” და ოფიცილურ წყაროებზე დაყრდნობით საკმაოდ მკვახედ უარყო ეს ვერსია.

ჩემი აზრით, 2003 წლის 28 იანვარს შევარდნაძისთვის ნაჩუქარი ნახატი პუტინის პირდაპირი მნიშნება იყო „ბაბუსთვის“: უკვე დაბერდი, პოლიტიკას თავი დაანებე და მშობლიურ მამათს დაუბრუნდიო. თუმცა შევარდნაძეს საკუთარი გეგმები ჰქონდა.

პოლიტიკურ ინტრიგებში გამოწრთობილი შევარდნაძის ნაცვლად საქართველოში ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი მოსკოვისთვის ნამდვილად დიდი საჩუქარი იქნებოდა. მათ სჭირდებოდათ "მართვადი თოჯინა", თანაც ისეთი ფსიქოტიპის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული იქნებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს, სინამდვილეში კი მასზე ზემოქმედების ბერკეტები კრემლს ექნებოდა. ამიტომ 2003 წლის ნოემბერში სწორედ რუსეთის ინტერესებში იყო სრულმასშტაბიანი სახელწიფო გადატრიალების ორგანიზება და შევარდნაძის სრული განდევნა პოლიტიკური ველიდან. ამერიკელებს შევარდნაძის და სტაბილურობის გადარჩენა სურდათ, თუმცა მოსკოვმა დაასწრო: მათ შეარჩიეს პოლიტიკოსი, ყველაზე რადიკალური მოთხოვნებით, ერთი შეხედვით, არაპროგნოზირებადი და გაუწონასწორებელი, თუმცა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ძაფებით (მისი სუსტი თვისებები უკვე შესწავლილი ჰქონდათ) მართვადი ფიგურა. ამის შემდეგ საქართველოს განვითარების გზა, სამწუხაროდ, კვლავ რევოლუციური და, უმეტესად, ბოლომდე გაუაზრებელ-არასტაბილური გზით შეიცვალა.

ჩემი აზრით 2003 წლის 14 ნოემბრისთვის მოსკოვში გადაწყვეტილება მიღებული იყო: შევარდნაძე უნდა წასულიყო, მის შემცვლელად კი "სამეულიდან" ერთ-ერთი უკვე შერჩეული ჰყავდათ. შევარდნაძის იძულებით გადადგომაში რუსეთის გადამწყვეტი როლი შემდეგი კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება.

მანამდე დამატებით 5–10 საპარლამენტო ადგილისთვის მებრძოლმა სააკაშვილმა 17 ნოემბერს უცბად საქართველოში ხავერდოვანი, მშვიდობიანი და უსისხლო რევოლუციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 21 ნოემბერს გავრცელდა რუსეთის ხელისუფლების ორაზროვანი მოწოდება შევარდნაძისადმი: არ დაუშვათ ძალადობა, გამოიჩინეთ მოთმინება და დათმობები აუცილებელიაო. 22 ნოემბერს საღამოს, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ჩამოფრინდა. 23 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერების იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, თავად სააკაშვილმა განაცხადა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს, დაარწმუნოს ედუარდ შევარდნაძე, გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდანო, თან ისიც დაამატა, თუ რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა შეძლო შევარდნაძის დარწმუნება ამაში, "ეს იქნება რუსეთის ისტორიული მისია ამ ეტაპზეო". რუსეთმა მიზანს მიაღწია: შევარდნაძემ დატოვა თანამდებობა და მიიღო გარანტიები, რომ მისი სამართლებრივი დევნა არ განხორციელდებოდა.

ახლა მთავარი იყო, თუ ვინ იქნებოდა საქართველოს ახალი პრეზიდენტი. თუ აშშ-ის ადმინისტრაცია ჟვანია-ბურჯანაძეს შორის ცდილობდა არჩევნის გაკეთებას, მოსკოვმა სააკაშვილზე დადო ფსონი. პროცესები უკვე ქუჩაში იყო გადასული, სადაც "არმაგედონის" (სააკაშვილის მაშინდელი მეტსახელი) რადიკალური და პოპულისტური გამოსვლები დიდ მხარდაჭერას პოულობდა. ამ ვითარებაში, ფაქტის წინაშე მყოფი „თეთრი სახლი“ საქართველოში ახალი შიდა დაპირისპირების გაჩაღებას მოერიდა და პრეზიდენტის პოსტზე პოპულარობის ზენიტში მყოფ სააკაშვილს დაუჭირა მხარი. „არმაგედონი“ –სააკაშვილი იმპულსური და ემოციური პიროვნება რომ იყო, ეს ყველამ იცოდა, თუმცა ამას ახალგაზრდული ასაკით ხსნიდნენ. რამდენად შეძლებდა ის ქვეყნის პრეზიდენტის ურთულესი ფუნქციების შესრულებას? აშშ-ის ადმინისტრაციაში მიაჩნდათ, რომ სააკაშვილის დამაბალანსებელი ძალა მომავალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უნდა ყოფილიყო.

რუსეთში კი ნამდვილი ისტერიკა სუფევდა, რუსი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების შეფასებები ამგვარი იყო: "საქართველოში ღიად ანტირუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაშიო"; "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - იგორ ივანოვის შუამავლობის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. თბილისში ძალაუფლება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის - მიხეილ სააკაშვილის ხელში გადავიდა. ეს ორმაგად პარადოქსულია, ვინაიდან ხელისუფლებაში მოვიდა გამოხატული ანტირუსული განწყობების ძალა, რომელიც წარმოადგენს ნაციონალისტებისა და დემოკრატების ჰიბრიდსო"; "ხავერდოვანი რევოლუციის" ავტორების ანტირუსული პათოსი კიდევ უფრო ნათელია, ვიდრე "თეთრი მელას" რიტორიკაო"; რუსეთში უკვე მაშინ პროგნოზირებდნენ: "აშკარაა რომ მოდის ხელისუფლება, რომელიც უფრო დაძაბავს ურთიერთობას აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთან და აჭარასთან, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდებაო". ამიტომაც ხომ არ დაუჭირა რუსეთმა მხარი სააკაშვილს?

(მეცხრე ნაწილის დასასრული)