უკრაინელების ღამის კოშმარი?! - რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე რეაქტიული "შაჰიდები" გამოჩნდნენ
უკრაინაში მორიგი ირანული „შაჰიდი“ ჩამოაგდეს...უკრაინელი მეზენიტეები, განსაკუთრებით კი მობილური საზენიტო ჯგუფები(რომლებიც პიკაპებზე დამონტაჟებულ მძლავრ პროჟექტორებსა და მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს იყენებენ), ბოლო პერიოდში ისე დაოსტატდნენ ირანული „შაჰიდებისა“ და მათი რუსული კლონების „გერანების“ ჩამოგდებაში, რომ თითქმის ასპროცენტიანი შედეგი აქვთ, რასაც ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვა ინატრებდა...
მაგრამ, უკრაინის ციდან გუშინ „ჩამოხსნილი“,მორიგი „შაჰიდის“ ფრაგმენტების დათვალიერებისას, უკრაინელი სამხედროების სიხარული ნაადრევი გამოდგა - ჩამოგდებული „შაჰიდი“...რეაქტიულძრავიანი Shahed-238-ი აღმოჩნდა!
ირანული „შაჰიდები“, იგივე უპილოტო კამიკაძე-დრონები უკრაინის ცაში პირველად 2022 წლის სექტემბრისთვის გამოჩნდნენ ორი ძირითადი მოდიფიკაციის-Shahed-131 და Shahed-136-ის სახით.

თუკი პირველი „შაჰიდ-131“ მხოლოდ 135 კგ-ს იწონიდა და 15 კგ-იანი საბრძოლო ქობინი 900 კმ-მდე გადაჰქონდა, მისი მოზრდილი „ძმის“, „შაჰიდ-136“-ის მასა უკვე 200 კგ-ს აღწევდა და 50კგ-იანი საბრძოლო მუხტის მიტანა 2 ათას კმ-ზე შორსაც შეეძლო.
მაგრამ, ამ ორივე ირანულ „შაჰიდს“ ერთი საერთო პრობლემა გააჩნდათ - მათი ფრენის სიჩქარე მხოლოდ 150-180 კმ/სთ-ს თუ აღწევდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ შიდაწვის ძრავები და საჰაერო ხრახნები ეყენათ.
შესაბამისად, დაბალ სიმაღლეზე, მცირე სიჩქარით მფრენი ამ ირანული „შაჰიდების“(რომლებსაც რუსმა ოკუპანტებმა მათი წარმომავლობის შენიღბვის მიზნით შესაბამისად Герань-1 და Герань-2 დააწერეს) ჩამოგდება ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების ტყვიების გადამღობი ჯერითაც იყო შესაძლებელი.
„შაჰიდების“ მოახლოების მაჩვენებელი გახლდათ მათი ძრავების მიერ გამოცემული სპეციფიკური ხმა, რომელიც მოტოციკლეტის ხმას წააგავდა და უკვე რამდენიმე კმ-იდან ესმოდათ უკრაინელ მეზენიტეებს, რაც აადვილებდა ამ „შაჰიდების“ ფრენის კურსის გამოცნობას და საზენიტო ცეცხლის გასახსნელად მომზადებას.
მაგრამ, უკრაინის ცაში უკვე რეაქტიულძრავიანი „შაჰიდების“ გამოჩენა, ბევრ რამეს მნიშვნელოვნად ცვლის, რადგან ამ კამიკაძ-დრონის სიჩქარე 500 კმ/სთ-ზე მეტი ხდება, რაც ძალზე გაააძნელებს მათ დროულად აღმოაჩენას და რეაგირებას, რაც ნაკლებადეფექტიანს ხდის ცეცხლსასროლი იარაღის საზენიტო დანიშნულებით გამოყენებას.

თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს - სამაგიეროდ რეატიულძრავიანი „შაჰიდებთან“ საბრძოლველად კვლავ „დაბრუნდებიან“ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „იგლები“, „სტინგერები“, გრომები“, რომლებიც თითქმის აღარ გამოიყენებოდნენ მოტოციკლეტისძრავიანი „შაჰიდების“ წინააღმდეგ, რადგან მათი შიდაწვის ძრავები ნაკლებ სიმხურვალეს გამოყოფდნენ, რათა ამ საზენიტო რაკეტების სითბური დამიზნების სისტემას „ჩაეჭირა“ - რეაქტიული ძრავის დაყენების შემდეგ კი, „შაჰიდი“ იმავე „სტინგერიდან“ ბევრად ადვილად ჩამოსაგდები გახდება...
ოღონდ აქაც არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ასე ხდება დღისით, მაგრამ ღამით კი ყველაფერი კარდინალურად იცვლება, რადგან რეაქტიული „შაჰიდის“ ვიზუალური აღმოჩენა ღამისეულ ცაში გაძნელებულია, აუცილებელია უკრაინული მობილური საზენიტო ჯგუფების აღჭურვა თბოვიზორებითა და ღამის ხედვის მოწყობილობებით, რომლებიც მეზენიტეებს დაეხმარებიან ღამისეულ ცაში რეაქტიულძრავიანი „შაჰიდის“ მაღალი სითბური სიგნატურის ადრეულად დასაფიქსირებლად და „სტინგერისა“ თუ „გრომის“ საზენიტო რაკეტის სითბური დამიზნების თავაკის სწორედ იმ სექტორისკენ მისამართად, რათა მან „ჩაიჭიროს“ „შაჰიდის“ რეაქტიული ძრავიდან გამოტყორცნილი მაღალტემპერატურიანი აირების სიმხურვალე...
ასევე გასათვალისწინებელია, რომ „შაჰიდების“ პირველი ორი მოდიფიკაციით ძირითადად, უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო ზარალდება, ვიდრე - ფრონტის ხაზზე სანგრებში მსხდომი უკრაინის დამცველები, რადგან „შაჰიდის“ დამიზნება ინერციულ-თანამგზავრული კომბინირებული მეთოდით ხდება სტაციონარულ ობიექტზე, მაგალითად, კონკრეტულ შენობაზე ქალაქში, რის შემდეგაც „შაჰიდის“ ამ მოდიფიკაციის გადამიზნება სხვა სამიზნეზე შეუძლებელია.
ახალი, რეატიულძრავიანი Shahed-238-ი კი დამზადებულია სამი ვერსიის სახით - თუკი პირველი მოდიფიკაცია აღჭურვილია ისეთივე ინერციულ-თანამგზავრული კომბინირებული დამიზნების სისტემით, როგორც წინამორბედი „შაჰიდები“, მეორე მოდიფიკაციას ინფრაწითელ/ოპტიკური დამიზნების მოწყობილობა უყენია(შეუძლია სითბოკონტრასტული სამიზნეებზე,მაგალითად ძრავჩართულ ტანკებზე მოხვედრა), მესამე მოდიფიკაცია კი საბორტე რადარითაა აღჭურვილი და განკუთვნილია მოწინააღმდეგის რადიოლოკატორების ასაფეთქებლად.

ეს რაც შეეხებოდა ახალი, რეაქტიულძრავიანი „შაჰიდების“ ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს, მათგან მომდინარე,გაზრდილ საფრთხეებს უკრაინული ქალაქებისთვის და მათთან ბრძოლის ტაქტიკას, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც...
პირველი რეაქტიულძრავიანი Shahed-238-ის საყოველთაო დემონსტრირება 2023 წლის 19 ნოემბერს შედგა, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ავიაკოსმოსური წარმოების მიღწევები წარუდგინეს ირანის ლიდერს ალი ჰამენეის ანუ ამის შემდეგ, სულ რაღაც ორიდე თვეში ეს რეაქტიულძრავიანი ირანული „შაჰიდები“ უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალების განკარგულებაში მოხვდა და ისევ უკრაინულ ქალაქებს დაემუქრა...
და ეს იმ ყველაფერი იმის ფონზე, თუ როგორ აჯანჯლებს თვეობით დასავლეთი უკრაინისთვის ასე სასიცოცხლოდ საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას...
P.S. რეაქტიულძრავიანი Shahed-238-ებით მოტოციკლეტისძრავიანი Shahed-136-ების სრული „ჩანაცვლება“ უკრაინის ცაში,ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ერთი შიდაწვისძრავიანი „შაჰიდი“ 30-40 ათასი დოლარიც შეიძლება არ უჯდებოდეს რუს ოკუპანტებს, მაშინ როდესაც რეატიულძრავიანი კამიკაძე-დრონის ფასი ბევრად მეტია და „ღირებულა/ეფექტიანობის“ კრიტერიუმის თანახმად არამომგებიანია...