"ყველას დაგიმახსოვრებთ!" - ქართული კამიკაძე-დრონის საიდუმლოება და რითი სჯობს ის "შაჰიდებს"
თბილისში, ქართულ-პოლონურ ერთობლივ საწარმო Delta-WBში დაწყებულია FlyEye-ს ტიპის სადაზვერვო და WARMATE-ს ტიპის კამიკაძე-დრონების მცირესერიული აწყობის პროცესი და მათ საბრძოლო გამოყენებას თანდათანობით ქართველი სამხედროებიც ეუფლებიან, რომელთათვისაც იმედია, საინტერესო იქნება ის, რასაც ამ სტატიაში დავწერს.
კამიკაძე-დრონებმა რომ ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინეს თანამედროვე ომებში, ამაზე ბევრი ლაპარაკი აღარც კი ღირს - ის რაც ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, როდესაც ყოველდღიურ ბრძოლებში დაპირისპირებული მხარეები ათასობით(!) კამიკაძე-დრონს იყენებენ, ამის ნათელი დადასტურებაა...
„ღირებულება/ეფექტიანობის“ კრიტერიუმით, როდესაც ნახევრადკუსტარულად აწყობილი 2 ათასს დოლარიანი კამიკაძე-დრონი 2 მილიონიან ტანკს ზემოდან აფეთქებს, წამოუდგენლად დიდი უპირატესობაა, რასაც ეფექტურობის თვალსაზრისით აძლიერებს ამ კამიკაძე-დრონის ვიდეოკამერიდან გადაღებული ბოლო წამებიც ტანკზე მოხვედრამდე...
მაგრამ, მკითხველმა ისიც უნდა იცოდეს, რომ კამიკაძე-დრონების საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობა შეიძლება არა უმეტეს 30-40 % გახლდეს ანუ ყოველი 100 კამიკაძე დრონიდან 30-40 თუ აღწევს მიზნამდე - მათ უმეტესობას მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები გააუვნებელყოფენ, როდესაც ახშობენ დრონის ოპერატორთან ორმხრივ რადიო-ვიდეო კავშირს და შესაბამისად, ეს კამიკაძე-დრონებიც მიზნამდე რამდენმე ათეულ მეტრში უმართავები ხდებიან და მიწაზე ვარდებიან.

მაგრამ ეს ეხება ძირითადად იაფასიანი დეტალებით კუსტარულად აწყობილ კამიკაძე-დრონებს, ქართულ-პოლონურ WARMATE-ს ტიპის კამიკაძე -დრონს კი წესით ფრენის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რეჟიმით უნდა ჰქონდეს, რაც ყველაფერს კარდინალურად ცვლის...
რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა საინტერესო ვიდეოკადრები, თუ ორი კამიკაძე-დრონით როგორ აფეთქებენ ორ რუსულ თვითმავალ საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო Панцирь-С1-ს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.
კამიკაძე-დრონების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან ისინი ღია მინდორში მდგარ რუსულ „პანცირებს“, რომელთა რადიოლოკატორების ანტენები ბრუნავენ ანუ „პანცირები“ საბრძოლო მორიგეობაზე დგანან და ამ დროს...წყდება ვიდეოკავშირი კამიკაძე-დრონებსა და მათ ოპერატორებს შორის...
რუს სამხედროებს ამ „პანცირების“ სიახლოვეს უთუოდ ჰქონდათ განთავსებული რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც ჩაახშეს უკრაინულ კამიკაძე-დრონებსა და ოპერატორებს შორის ორმხრივი რადიო-ვიდეო კავშირი, მაგრამ...
ოპერატორებისგან მართვის გარეშე დარჩენილი ორივე უკრაინული კამიკაძე-დრონი მაინც ზუსტად ხვდება და აფეთქებს ორ რუსულ „პანცირს“...
როგორ შესძლეს დისტანციური მართვის გარეშე დარჩენილმა ამ საფრენმა აპარატებმა კიდევ რამდენიმე ათეული მეტრის ისე ზუსტად გაფრენა, რომ ზუსტად „დააჯდნენ“ „კამაზის“ ბაზაზე კონსტრუირებულ „პანცირებს“?
(იხილეთ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ორი რუსული „პანცირის“ პოლონური WARMATE-ებით აფეთქების ვიდეოკადრები...)
„მანქანური ხედვა“- დაახლოებით ასე შეიძლება შევაფასოთ ეს „ფენომენი“ ანუ კამიკაძე-დრონების ფრენის რეჟიმში დატანებული იყო მიზნის მონიშვნისა და დამახსოვრების ფუნქციაც და მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორთან კავშირი გაწყდა, ამ კამიკაძე-დრონების „ტვინმა“ ვიდოკამერით დანახულ და მანამდე ოპერატორის მიერ მონიშნულ სამიზნემდე ფრენა დიდი სიზუსტით უკვე ავტომატურ რეჟიმში განაგრძეს...
მართალია, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსული „პანცირების“ აფეთქების ვიდეოკადრები ნაწილობრივ დაშტრიხა, რომ გაძნელებულიყო გამოყენებული კამიკაძე-დრონების ტიპის დადგენა, პოლონელმა სამხედრო ექსპერტებმა მათში სწორედ... მშობლიური WARMATE-ები ამოიცნეს. სწორედ ის კამიკაძე-დრონები, რომელთა აწყობა პოლონური მხარის დახმარებით თბილისშიც დავიწყეთ და რომლებიც ადრე თუ გვიან მეტ-ნაკლები რაოდენობით ქართული არმიის არსენალშიც დაგვიგროვდება...
ვიდეოკადრში მოჩანს, თუ როგორ მონიშნავს ოპერატორი დისპლეის ეკრანზე რუსულ „პანცირს“ სპეციალური ელექტრონული კალმით, რის შემდეგაც მიზანი-„პანცირი“ ყვითელ კვადრატში „ჯდება“ და მიუხედავად იმისა, რომ GPS-ის სიგნალიც ჩახშობილია, „ვარმატეები“ ზუსტად „აჯდებიან“ რუსულ „პანცირებს“...
პოლონური WARMATE-ები(ეს სიტყვა ქართულად უფრო „თანამებრძოლს“ შეესაბამება) თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით, რა თქმა უნდა, კონკურენციას ვერ გაუწევენ 2 ათას კმ-ზე 50 კგ-იანი საბრძოლო ქობინის გადამტან ირანულ/რუსულ კამიკაძე-დრონებს „შაჰიდ/გერანებს“, მაგრამ ახლო მოქმედების ზონაში ბევრად მეტი საბრძოლო უპირატესობა გააჩნიათ თავიდანვე დაპროგრამებულად მფრენ „შაჰიდებთან“ მიმართებაში.

ერთი მეტრი სიგრძის WARMATE 5,7 კგ-ს იწონის და ორიგინალური კატაპულტიდან შეკუმშული ჰაერით უხმაუროდ იღებს სტარტს. თითქმის ასევე გრძელდება ფრენის დროსაც, რადგან მასაც ბევრად ნაკლებხმაურიანი ელექტროძრავა აქვს. გაიხსენეთ, ყარაბაღის ბოლო ომში სომეხი სამხედროები როგორ ასწრებდნენ რეაგირებას, როდესაც მათ თავზე აზერბაიჯანელების შიგაწვისძრავიანი ისრაელური "ჰაროპის" ტიპის დრონი-კამიკაძეები გამყინავი ხმით პიკირებდნენ.
კამიკაძე WARMATE-ს აკუმულატორების ენერგია საკბილოს ერთსაათიანი ძებნისთვის ჰყოფნის და მისი აღმოჩენისთანავე 150 კმ/სთ სიჩქარით პიკირებს მასზე. საბრძოლო დავალებიდან გამომდინარე, მას ეცვლება საბრძოლო ქობინი და უყენდება მსხვრევად-ფუგასური ან კუმულაციური, ან თერმობარული მოქმედების. დრონი-კამიკაძის მსხვრევად-ფუგასური ქობინი 1 კგ-ს იწონის და მასში 300 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაა განთავსებული. აფეთქებისას ნამსხვრევები ათი მეტრის რადიუსში ინარჩუნებს დამაზიანებელ ენერგიას, კუმულაციური მოქმედების ქობინი კი 120-დან 220 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას გარანტირებულად აფეთქებს. თუმცა ტანკის კოშკურაზე ზემოდან მოხვედრისას (თუკი კოშკურის ზემოთ არ არის დაყენებული დინამიკური დაცვის ელემენტები) არსებობს ზედა, შედარებით მცირე სისქის ჯავშნის გარღვევისა და ტანკის საბრძოლო კომპლექტის, ჭურვების (განსაკუთრებით 125 მმ-იანი სატანკო ჭურვების ჰილზების) დეტონაციის ალბათობა.
მაგრამ, მთავარი, რაც ძალზე განასხვავებს „ვარმატეს“ ნახევრადკუსტარულად აწყობილი კამიკაძე დრონებისგან, არის მისი ფრენის 5 რეჟიმი, რომელთაგან მინდა გამოვყო ATTACK რეჟიმი-დრონზე დაყენებული ავტომატიზირებული ვიდეოტრეკერი იმახსოვრებს სამიზნეს გამოსახულებას და კავშირის გაწყვეტის შემთხვევაშიც, ოპერატორის დახმარების გარეშე მიმართავს კამიკაძე-დრონს ზუსტად სამიზნეზე!
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალია, რაც, რა თქმა უნდა, ათჯერ მეტად აძვირებს „ვარმატეს“ ღირებულებას ნახევრადკუსტურლ კამიკაძე-დრონებთან შედარებით, მაგრამ დიდად ზრდის მიზანში მოხვედრის ალბათობას მოწინააღმდეგის მიერ რადიოელექტრონული ჩახშობის ძლიერი იმპულსების გამოყენების შემთხვევაშიც...