რეჯებ ტ(აიბ)რამპი ერდოღანი: ამერიკას დიქტატურის საფრთხე ემუქრება?! - „დემოკრატია ტრამვაის ჰგავს: როცა სასურველ ადგილამდე მიხვალ, უნდა ჩამოხვიდე“
ბრიტანული გაზეთის - “ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „თურქეთის გამოცდილება: რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობა - გაკვეთილი აშშ-ისათვის, დონალდ ტრამპთან მიმართებით“ (ავტორი - გენიულ ტოლი, მწერალი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი, რომელიც მილიონობით ამერიკელისათვის 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტს წარმოადგენს, არ ხუმრობდა, როცა ამბობდა - თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სურს, რომ პირველივე დღიდან დიქტატორი იყოს. ბოლოსდაბოლოს, ყველას ახსოვს მისი დიქტატორული გამოვლინებები, როცა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმება სურდა, ხოლო მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში (კონგრესში) შეიჭრნენ, რათა არჩევნებში გამარჯვებულის ხელისუფლებაში მოსვლისათვის ხელი შეეშალათ. შესაბამისად, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები მიესალმნენ კოლორადოს და მენის შტატების უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებებს - ამოიღონ იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა პრაიმერიზის სიიდან, კონგრესზე თავდასხმაში შესრულებული სავარაუდო როლის გამო.
რასაკვირველია, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა შტატების სასამართლოების ვერდიქტი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც თებერვალში ამ საკითხს განიხილავს და არ არის გამორიცხული, რომ დაადასტურებს შტატების სასამართლოების გადაწყვეტილებებს ანუ დონალდ ტრამპი პრაიმერიზში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბევრი ფიქრობს, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს და რომ „სამართალმა უნდა იზეიმოს“.
ამრიგად, არსებობს დასაბუთებული, ლეგიტიმური შიში იმისა, რომ დონალდ ტრამპს მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში შეუძლია, დიდი ზიანი მიაყენოს ამერიკულ დემოკრატიას. ამ მხრივ შეიძლება პრეცედენტად გამოდგეს თურქეთის პრეზიდენტის - რეჯეფ ერდოღანის მმართველობა, რომელიც ერთგვარ გაკვეთილს და შესასწავლ ისტორიას წარმოადგენს მათთვის, ვინც მომავალი ავტოკრატის შეჩერებას ცდილობს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში.
მე თურქეთში ვარ დაბადებული და გაზრდილი - ქვეყანაში, სადაც მმართველობა ავტოკრატულ ფორმაში გადაიზარდა, დონალდ ტრამპის მსგავსი პოპულისტის პრეზიდენტობის დროს. დარწმუნებული ვარ, რომ როცა პოპულისტი დემოკრატიის დემონტაჟით იმუქრება, მას უნდა დავუჯეროთ.
სანამ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში მოიქცევდა, რეჯეფ ერდოღანი, როგორც ცნობილია, ამბობდა, რომ „დემოკრატია ტრამვაის ჰგავს: როცა სასურველ ადგილამდე მიხვალ, უნდა ჩამოხვიდე“. იგი ნამდვილად ჩამოვიდა დემოკრატიის ტრამვაიდან, როგორც კი ხელისუფლება გაიძლიერა და ძალები მოიკრიბა. ჩემდა სამწუხაროდ, ადრეული, უკვე შემაშფოთებელი სიგნალების მიუხედავად, მე ვაგრძელებდი რეჯეფ ერდოღანისთვის ხმის მიცემას, რითაც ხელი შევუწყე ქვეყნის გადახვევას ავტორიტარული მმართველობისაკენ. ცხადია, მას ამ საქმეში ოპონენტებიც კარგად დაეხმარნენ.
პოპულისტები ცარიელ ადგილზე არ ჩნდებიან. როცა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენა მცირდება, გარკვეულ დრომდე მიყუჩებული პოპულისტები არენაზე გამოდიან და მხარდამჭერებს იკრებენ. პოპულისტები აზვიადებენ მოსახლეობის იმედგაცრუებას, გულგატეხილობას, სახელს უტეხენ ლიბერალური დემოკრატიის ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა სასამართლოები - მათ კორუმპირებულებს უწოდებენ, საკუთარ თავს კი - „უსამართლო სასამართლოთა მსხვერპლს“.
სხვათა შორის, რეჯეფ ერდოღანიც საკუთარ თავს სასამართლოს მსხვერპლად თვლიდა, რაც პოლიტიკური კარიერის მისაღწევად გამოიყენა. საკვანძო მომენტად იქცა 1998 წელი, როცა იგი, ისლამისტი, სტამბოლის მერი გახდა. რეჯეფ ერდოღანი 10 თვით დააპატიმრეს და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოაშორეს ერთ-ერთი ლექსის საჯაროდ წაკითხვისათვის, რომელიც საერო ისტებლიშმენტმა კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. მხარდამჭერებმა იგი უსამართლობის მსხვერპლად შერაცხეს, რაც, საბოლოო ჯამში, რეჯეფ ერდოღანს 2002 წლის არჩევნების დროს ხმების მიღებაში დაეხმარა არა მარტო ისლამისტური, არამედ - საერო მოსახლეობისგანაც.
კიდევ ერთ გარდამტეხ მომენტად უნდა ჩაითვალოს 2007 წელი, როცა რეჯეფ ერდოღანის პარტიამ პრეზიდენტის პოსტზე აბდულა გიული - ისლამური ფესვების მქონე პოლიტიკოსი შეარჩია. ამ ნაბიჯმა რეჯეფ ერდოღანი, იმ დროს ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი, თურქ სამხედროებს - საერო ძალებს შეაჯახა, რომლებიც დაიმუქრნენ, რომ არჩევნებში ჩაერეოდნენ და აბდულა გიულის კანდიდატურას დაბლოკავდნენ. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურს პარლამენტში ბოიკოტი გამოუცხადა, რათა კვორუმი არ შემდგარიყო და კონსტიტუციურ სასამართლოს მიმართა მისი გაუქმებისათვის. სასამართლომ თხოვნა დააკმაყოფილა. ეს ფაქტი რეჯეფ ერდოღანმა თავისი მხარდამჭერების უფლებების დარღვევად შეაფასა, მიაღწია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და შთამბეჭდავად გაიმარჯვა.
ანუ ის, რაც რეჯეფ ერდოღანის მოწინააღმდეგეების მიერ იყო ჩაფიქრებული, მისი ავტორიტეტის შელახვის მიზნით, საბოლოო ჯამში, მის სასარგებლოდ შებრუნდა. პრეზიდენტმა თავისი ძალისხმევით შეცვალა კანონები და ფიქტიური, გაყალბებული სასამართლო პროცესებით საპყრობილეები პოლიტიკური ოპონენტებით გაავსო. მან ქვეყნის მმართველ ინსტიტუტებში ლოიალურად განწყობილი ადამიანები დანიშნა, პრესას „პირი დაუხურა“ და მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით, ზოგს დიდი ჯარიმების გადახდა დააკისრა, ზოგიც - საერთოდ გააუქმა.
რა თქმა უნდა, თურქეთი და აშშ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ მსგავსმა პირობებმა - საზოგადოების პოლარიზებამ და დემოკრატიული ინსტიტუტების უნდობლობამ პოპულისტები სამოქმედოდ წააქეზა. რეჯეფ ერდოღანმა ამით ისარგებლა, რათა თურქული არასრულყოფილი დემოკრატია ავტოკრატიად გადაექცია. მსგავსი სცენარის წარმოდგენა აშშ-ის სინამდვილეში დღეს არცთუ ისე ძნელია, როგორიც ადრე იყო. უზენაეს სასამართლოს, რასაკვირველია, შეუძლია დონალდ ტრამპთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა - დაადგენს, რომ მისი სახელი საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღებული უნდა იყოს. მაგრამ ასეთი ვერდიქტით, როგორი დასაბუთებულიც უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, გარკვეული ძალები მაინც ისარგებლებენ და [დემოკრატების მიერ „დევნილ და დაჩაგრულ“] რესპუბლიკელ მთავარ კანდიდატს ხელისუფლების დასაუფლებლად გზას გაუკვალავენ... და საერთოდ, ვინ იქნება იმის გარანტორი, რომ სხვა დონალდ ტრამპი არ გამოჩნდება?
2024 წლის ნოემბრისათვის ასეთი სცენარი რომ არ განხორციელდეს, ამერიკას სჭირდება ის, რასაც თურქულმა პოლიტიკამ 2023 წლის მაისში ვერ მიაღწია: ავტოკრატული პოპულიზმის საერთო-სახალხო დამარცხება. როცა ხალხის ფართო მასები ეჭვქვეშ აყენებენ სისტემის ლეგიტიმურობას, ავტოკრატიას პასუხი უნდა გაეცეს და დაიგმოს არა სასამართლოს დარბაზში, არამედ - საარჩევნო ურნასთან, ხმის მიცემის დროს.
მოამზადა სიმონ კილაძემ