პუტინის "ქართული თამაში" - უგებს თუ არა კრემლი მორიგ ხაფანგს ქართველებს სოხუმში და ცხინვალში?!
რა შეიძლება შეიცვალოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, რუსეთის სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ვესაუბრეთ:
- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურების ყველაზე რეალური მიზეზი 2024 წლის არჩევნებია. ვფიქრობ, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ პოზიციონირებას ივანიშვილის პერსონის გამოყენებით გეგმავს. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ დამფუძნებლის ფაქტორი კარგი იქნება ელექტორატის მობილიზაციისათვის. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, მნიშვნელოვანია არა პერსონალიები, არამედ ამ ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მე არა მგონია, რუსეთის ეროვნული ინტერესები გადაიხედოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური ფიგურა გააქტიურდა. შესაბამისად, ცვლილებებს არ ველი.
- გასაგებია, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას არ გადახედავს, მაგრამ ხომ არ არის შესაძლებელი, თავად საქართველოს ხელისუფლებამ შეიტანოს კორექტივები საკუთარ სტრატეგიაში თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია და საბოლოოდ მნიშვნელოვან გარდატეხას მაინც არ უნდა ველოდოთ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას განსაზღვრავს რუსეთის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ იცვლება - ჩვენ კრემლი ისევ ტერიტორიულ დანაკარგად მიგვიჩნევს და არა სუვერენულ მეზობელ ქვეყნად. ხომ ხედავთ, რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ არსებული ვითარება უკვე გასცდა ოკუპაციის საზღვრებს და ანექსიის სახე მიიღო...
ბიჭვინთის აგარაკები, ოჩამჩირეში საზღვაო და საჰაერო ბაზების მშენებლობა, სოხუმის აეროპორტის საკითხი მიუთითებს, რომ რუსეთს არ გადაუხედავს თავისი ინტერესებისთვის წამითაც კი და მიუხედავად უკრაინასთან ომისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინც განაგრძობს საფორტიფიკაციო მშენებლობებს. ამ ტიპის სამხედრო ნაგებობების აშენება პირდაპირ რისკებს უქმნის საქართველოს.
- მაშინ რას უნდა მივაწეროთ იმედიანი განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ?
- ძალიან მარტივად არის საქმე - 30 წელია საქართველოს ყველა ხელისუფლება იმედიანად ლაპარაკობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, მაგრამ ჯერ არავის არაფერი გაუკეთებია. ამიტომ კარგი იქნება, როდესაც პოლიტიკოსი ლიდერები ამ საკითხზე ისაუბრებენ, განცხადებაში უფრო მეტი კონკრეტიკა შეიტანონ და გვითხრან, როგორ წარმოუდგენიათ დეოკუპაციისთვის მუშაობა, ან როგორ წარმოუდგენიათ და როგორ აფასებენ რუსეთთან კომუნიკაციას. ოპოზიციასთანაც მაქვს კითხვა - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგასო. ნეტავ კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ქმედით ნაბიჯებში? განცხადების გაკეთება ნამდვილად არის ნაბიჯი, მაგრამ არა ქმედითი. ქმედითია ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა კონკრეტულ ვითარებაზე. ასევე საინტერესოა, რას გულისხმობენ ოპოზიციონერები, როდესაც სახელმწიფო ძალის პოზიციონირებაზე საუბრობენ. სახელმწიფოს ძალა იზომება იმისდა მიხედვით, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია რეგიონში, სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს სამეზობლოში კი არა, აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე პროცესებზე არ შეუძლია გავლენის მოხდენა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პოპულისტურ განცხადებებს თავს დაანებებენ და კონკრეტულ გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრებენ.
- ერთი თვის წინ გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბასა და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი წევრის ვახტანგ ყოლბაიას ონლაინშეხვედრა. მართალია, საუბრის დეტალები ბოლომდე გასაჯაროებული არ არის და როგორც ვიცით, ეს ძირითადად ეკონომიკურ ნაწილს მოიცავდა, მაგრამ შესაძლებელია თუ არა დიალოგის დაწყება წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ?
- ეს დიალოგის შინაარსზეა დამოკიდებული. თუ კონცეპტუალიზებული, დიპლომატიური ხედვა არ არსებობს, მაშინ მე ვერ ვხედავ დიალოგის აზრს. თუ ჩვენი დიალოგის მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაშინ მეორე მხარე უნდა დავარწმუნოთ, რომ უარი თქვან თვითგამოცხადებულ სუვერენიტეტზე, რუსეთის საოკუპაციო მფარველობაზე და აღიარონ ოფიციალური თბილისის იურისდიქცია. თუ ამ თემაზე არ ვისაუბრებთ, სხვა საკითხი შეიძლება იყოს აფხაზეთის ტერიტორიის საშუალებით საქართველოდან ტვირთების გადატანა, ან როკის გვირაბის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება რუსეთისკენ. აბა, სხვა რა უნდა იყოს?! და ეს რაში დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?!