"ჭაბუა ამირეჯიბმა ბიძინა ივანიშვილს მისწერა და..." - როგორ გადაურჩა ზაზა კოლელიშვილი სახლის დაკარგვას
"60 წელს რომ გადავცილდი, მერე მივხვდი ბევრ რამეს. ახლა გესაუბრებათ 60 წლის შემდეგ შექმნილი ზაზა, რომელიც ცხოვრებას სხვანაირად დაუკვირდა - ჩემი სამყარო რადიკალურად შეცვლილია. ყველაფერი გავარკვიე საკუთარ თავში", - ამბობს ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარი, რომელიც თავის მრავალფეროვან შემოქმედებით საქმიანობაზე გვიყვება, დიდ ოჯახზე, თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ერთად; მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იხსენებს, თუ როგორ იხსნა ვალისგან ბიძინა ივანიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის წერილის წყალობით და კუთვნილი სახლის გამოსახსნელად სოლიდური თანხა აჩუქა...
11 იანვარს ზაზა კოლელიშვილს 67 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ მას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.
გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა" (8 იანვარი, N2)
- მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ საახალწლოდ თქვენი გაზეთის ფურცლებზე ჩემს აზრებს იზიარებთ. ახალ წელს ჩვენი ოჯახი, ტრადიციულად, ერთად ვიკრიბებით, შვილები, თავიანთი მეუღლეებით, შვილიშვილები და მხიარულად აღვნიშნავთ. ახლა პატარა გვყავს, ჩემს უმცროს გოგონას მესამე შვილი შეეძინა. უკვე 8 შვილიშვილი მყავს. ვიტო საფრანგეთშია და ისინი იქიდან გვერთვებიან ხოლმე ინტერნეტით. ეს დღესასწაული მთელ ოჯახს აერთიანებს და ყველას ვუსურვებ ოჯახების ერთიანობას, უფლის რწმენას, ერთმანეთის სიყვარული არ მოგვშლოდეს. დილით პირჯვარს რომ გადაიწერ, მზეს შეხედავ და ანათებს, სიმშვიდეა და ხალხი ფუსფუსებს, შრომობს - ამაზე დიდი სიხარული ხომ არაფერია, ცოცხალი ხარ და შანსი გაქვს, კიდევ რაღაც გააკეთო. მეც ჩემს ასაკში ძალიან იმედიანად ვარ, რომ რამე ისეთს გავაკეთებ, რაც ქვეყანასა და ჩემს სახელს რაღაცას წამატებს.
- რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში?
- რაც პენსიაზე გავედი, ალბათ, უფრო აქტიურად ვაზროვნებ შემოქმედებითად, სულ რაღაც მინდა გავაკეთო, ახალგაზრდული წლებისგან განსხვავებით, რადგან მაშინ ვიცოდი, რომ კინოში უნდა გადავეღე და მექეიფა, მეტი არაფერი იყო ჩემი საქმე. ქეიფის ხასიათზე დადგომას ყველას ვუსურვებ, მაგრამ დალევა დიდ დროს ართმევს ადამიანს. მაშინ ისეთი გარემო იყო, ბოჰემური... თუმცა, იმავდროულად, შემოქმედებითი. ამჟამად რაღაცას ვაკეთებთ ისეთს, რისი გახმაურებაც ჯერ არ მინდა. ჩემი მეუღლე თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია და მასაც ვეხმარები.
- ამ გადასახედიდან როგორ უყურებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას?
- ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, კიდევ უფრო მეტის და არ გავაკეთე... ახალგაზრდობამ ერთი რამ იცის - გგონია, სულ ახალგაზრდა იქნები. ახლა როგორც ვარ, ამას ვერ წარმოვიდგენდი, მეგონა, სულ ახალგაზრდა ვიქნებოდი, მაგრამ როგორც კი 60-მა დამიკაკუნა, მივხვდი, ალბათ, 25% გამოვიყენე იმ შემოქმედებითი შესაძლებლობებისა, რასაც ვგრძნობ, რომ მაქვს. თეატრი დამაკლდა, მაყურებელთან უშუალო კონტაქტი. თუმცა ამის კომპენსაციაც მოვახდინე - როცა ხალხში გადიხარ და მათგან უდიდეს სიყვარულს გრძნობ, სასიამოვნოა. მე ცოტა ჩაკეტილი პიროვნება ვარ, გამოჩენა დიდად არ მიყვარს, ჩემს წრეში კი პოპულარულიც ვარ. რასაც მაყურებელთან თესავ, იმას იმკი. შენს წარმატებას უფალი მფარველობს, იქ ერთი ბილიკი, მაგრამ ორი გზაა, რასაც ხანდახან დანის პირზე სიარულს ვეძახით - სიყვარული და უცებ ჩამოვარდნა, მიწაზე დავარდნა. ამაზეც უნდა იფიქროს მსახიობმა...
ბოლო დროს ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, უფრო ფილოსოფიური აზრების კითხვა მიყვარს - ესეც ამ ასაკმა მოიტანა. მთავარია ფიქრი, გონება, ჭკუა და შენც აღმოაჩენ ახალ ხედვას, ახალ კანონებს, ცხოვრებისეულს, მსოფლიო ხედვას. მაგალითად, ბიბლია დღევანდელი ცხოვრებაა და რამდენი სიუჟეტიც იქაა, ცხოვრებაშიც იმ სიუჟეტებს ვათამაშებთ, გვინდა თუ არა.
- რამდენად რელიგიური ხართ?
- უღმერთო არა ვარ, თუმცა არც თავგადაკლული მორწმუნე, უფლის მწამს და მოძღვარი მყავს, ტაძარშიც შევდივარ და სანთელს ვანთებ. მთელი ცხოვრება მმფარველობდა უფალი, მაგრამ 60 წელს რომ გადავცილდი, მერე მივხვდი ბევრ რამეს. ახლა გესაუბრებათ 60 წლის შემდეგ შექმნილი ზაზა, რომელიც ცხოვრებას სხვანაირად დაუკვირდა, ჩემი სამყარო რადიკალურად შეცვლილია, საკუთარ თავში გავარკვიე ყველაფერი.
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ სრულად - "ადამიანად ყოფნა მანატრე, ღმერთო - ეს ყველაზე დიდი საჩუქარია უფლისაგან"