არის თუ არა განსხვავება ქალისა და კაცის დაყენებულ ღვინოებს შორის
"ყველაფერი ღვინოზე ანა გოდაბრელიძესთან ერთად" - ალბათ, ამ გადაცემისთვის ტელეეკრანზე თვალი ერთხელ მაინც მოგიკრავთ. შარშან ის "პალიტრანიუსის" საეთერო ბადეშიც მოხვდა. გადაცემის ავტორი და წამყვანია მესამე თაობის მეღვინე ქალი, ღვინის ექსპერტი და დეგუსტატორი ანა გოდაბრელიძე, რომელიც ახალ წელს ჩვენი ნომრის სტუმარია. ვსაუბრობთ მის პროფესიაზე, ღვინოზე, საახალწლო ტრადიციებზე...
- ბოლო დროს ღვინის დაყენებას სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც ცდილობენ...
- კი, ბევრს აქვს სურვილი აწარმოოს საკუთარი ღვინო, განაგრძოს წინაპრების დაწყებული ღვინის დაყენების ტრადიცია თუნდაც ოჯახში მოსახმარად. ისინი კი, ვისაც სურვილი უჩნდება თუნდაც შიდა ბაზარზე გაყიდოს ან ექსპორტით გაიტანოს ბოთლში ჩამოსხმული ეტიკეტიანი ღვინო, ხვდებიან, რომ ამ სფეროში მეტის ცოდნაა საჭირო.
ჩვენი გადაცემა, ცხადია, მათ პროფესიულად ვერ გაზრდის, მაგრამ ვცდილობთ ავუხსნათ საჭიროებები, რათა შეცდომები არ დაუშვან, გაამახვილონ ყურადღება ამა თუ იმ საკითხზე. ვსაუბრობთ ასევე ღვინის დეგუსტაციის მნიშვნელოვან ასპექტებზე, ფერზე, ტიპურობაზე, რთვლის მოსამზადებელ პერიოდზე, არსებულ სირთულეებზე, მარნის ჰიგიენაზე, დამხმარე მასალებზე, ვესწრებით სხვადასხვა რეგიონში რთველს, ყურძნის გადამუშავებას... გადაცემის მიზანია, იყოს ინფორმაციული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სახალისოც და დარგში არსებულ სიახლეებსაც ვაცნობთ.
- როგორ შეაჯამებთ გადაცემის საქმიანობას გასულ წელს?
- ვფიქრობ, საინტერესო იყო... რამდენიმე თვეში მნიშვნელოვანი ინტერვიუები გავიდა "პალიტრანიუსზე" ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მოქმედ და ახალარჩეულ გენერალურ დირექტორებთან ესპანეთში, ხერესში, სადაც მიმდინარეობდა საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც 49 ქვეყანა და 12 დამკვირვებელი ორგანიზაცია მონაწილეობდნენ. ეს იყო ახალი გენერალური დირექტორის პირველი ინტერვიუ. ასევე ბატონებთან - პატრიკ მაკგოვერნსა და რობერტო ბაჩილიერისთან, რომლებიც ქართველ მეცნიერებთან ერთად საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობენ - ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტში.
სეზონი დავხურეთ ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურს IWSC-ის ხელმძღვანელთან კრისტელ გიბერტსა და ლონდონში ყველაზე ცნობილ კერძო კლუბ "ანაბელის" ღვინის მენეჯერთან გეორგიოს იორდანილისთან. ამ მნიშვნელოვანი უცხოელი რესპონდენტების გარდა, გვყავდა საინტერესო ქართველი ექსპერტები, პროფესიონალები.
- შარშან პროფესიული სიახლეც გქონდათ, მიწვეული იყავით OIV-ს დელეგატად ღვინის ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე.
- კორეაში ვიყავი წარგზავნილი კომისრის სტატუსით. ეს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაა, სადაც 49 ქვეყანა და 12 დამკვირვებელი ორგანიზაციაა გაერთიანებული. OIV-ს პატრონაჟით ბევრი კონკურსი იმართება ამ ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით. ის კონკურსზე თავის არჩეულ კომისარს, დელეგატს გზავნის, რომელიც აკვირდება მიმდინარე პროცესებს, აღწერს და შემდეგ მისი ანგარიშის საფუძველზე ხდება კონკურსის აღიარება. წლების წინ საქართველოში მოლდოველების ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზეც გახლდით OIV-ს მიერ დელეგატად წარდგენილი, თუმცა ამჯერად დიდი პატივი მერგო და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიების, გერმანიის სახელმწიფო მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ კორეაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე (Asia Wine Trophy) გახლდათ.
აქ წარმოდგენილი იყო 38 ქვეყნის 4 000-მდე ღვინის ნიმუში და 102 დეგუსტატორი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ვიყავი როგორც დეგუსტატორი, ასევე OIV-ის კომისარი. რამდენიმე წელია საერთაშორისო კონკურსებში ვმონაწილეობ, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველი იყო ამ ორგანიზაციის დელეგატად წარგზავნილი.
- დღეს საქართველოში მეღვინე-მევენახეობაში ბევრი ქალია ჩართული... თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა, ამ დარგში ოჯახის გავლენით აღმოჩნდით?
- ოჯახში მეღვინე ქალების მესამე თაობა ვარ. ბებიაჩემი პედაგოგი იყო, მაგრამ ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენებაში აქტიურად იყო ჩაბმული. დედაჩემი კი პროფესიით მეღვინეა, წლების განმავლობაში სხვადასხვა ღვინის კომპანიაში ლაბორატორიის გამგედ მუშაობდა. ამდენად, ინტერესი ოჯახიდან გამიჩნდა.
რამდენიმე პროფესიას შორის მქონდა არჩევანი გასაკეთებელი. ექიმობა ან იურისტობაც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მეღვინეობა გადავწყვიტე. მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან პირადად ჩემთვის პიროვნული ინტერესები თანხვდენილია ჩემს დღევანდელ პროფესიასთან. მერე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ სტაჟირებაზე მიგვიწვია ბურგუნდიასა და ბორდოში. მოგვიანებით საფრანგეთის საელჩოს შემოთავაზებით მაგისტრატურის კურსის გასავლელად ბორდოში წავედი. ამ დარგში მეტი ცოდნა შევიძინე და ჩემი პროფესია უფრო შემიყვარდა.
- 2023 წელი როგორი იყო მეღვინეებისთვის?
- ერთ-ერთი ყველაზე რთული... ჭრაქი მასობრივად გაჩნდა, ვენახები არა მარტო გაზაფხულზე დაისეტყვა, რთვლის პერიოდშიც. ყურძენში შაქარი სათანადოდ არ დაგროვდა... მოკლედ, ბევრი მევენახე და მეღვინე დაზარალდა.
რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, 2023 წლის თერთმეტ თვეში ღვინო ექსპორტზე 240-მა ღვინის კომპანიამ 65 ქვეყანაში გაიტანა. ექსპორტირებულია 91 მლნ ლიტრი ღვინო. საკმაოდ კარგი შედეგებია.
- თქვენი დაკვირვებით, ქალი ღვინოს სხვანაირად ხომ არ აყენებს?
- ვერ გეტყვით, რომ რამე განსაკუთრებული სხვაობაა ქალისა და მამაკაცის დაყენებულ ღვინოს შორის, განათლებას ერთნაირს ვიღებთ და პრაქტიკასაც ერთნაირად გავდივართ, თუმცა ფიზიკურ მონაცემებში სხვაობაც ფაქტია. ის კი არის, რომ ქალები უფრო ემოციურად ვსაუბრობთ ღვინოზე, თუმცა ბევრი მამაკაცი ბუნებით არანაკლებ ემოციურია.
- ამ საქმეში ბებიისა და დედისგან რა ისწავლეთ?
- ბებიისგან - შრომისმოყვარეობა! მკაცრი და ძალიან მშრომელი ქალი იყო. იმ დროს კერძო საკუთრებაში ვენახი და მარანი არავის ჰქონდა, ყველას სახლის წინ გაშენებულ პატარა ვენახს თუ არ ჩავთვლით. ყოველთვის საოცრად მოვლილი იყო ყველაფერი. ღვინოს ყოველ წელს აყენებდა. ბაბუა ეხმარებოდა, მაგრამ ბებია იყო ინიციატორი და ღვინის დამყენებელი. არდადეგებზე დილას ვენახისა და ბაღჩის საქმე მოლეული და ჩვენთვის ხინკალიც ჩაყრილი ჰქონდა. დედაჩემისგანაც შრომისმოყვარეობა ვისწავლე! ჩემი კარიერის დასაწყისში წლები ერთად გვიმუშავია და მისი საოცარი ენერგია მაოცებდა. ლაბორატორიის გამგე იყო და მიკვირდა, მუდმივად მარანში მუშებთან ერთად რატომ ტრიალებდა. ერთხელაც ჩემს კითხვაზე მიპასუხა, ღვინო კაბინეტში არ ყენდებაო! ჩემ მიმართ ისეთივე მომთხოვნი იყო, როგორიც სხვის მიმართ, საკმაოდ მკაცრიც.
- როგორი უნდა იყოს ღვინო, რომელსაც როგორც დეგუსტატორი უმაღლეს ქულას დაუწერთ?
- ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, უმაღლესი ქულის მისაღებად ღვინოს უნდა ჰქონდეს დახვეწილი გემო, საინტერესო სუნი და უზადო ვიზუალი. რაც მთავარია, "ხასიათი"...
- როგორია ახალი წელი მეღვინეების ოჯახში, პირადად თქვენ როგორ ხვდებით?
- ჩვენი ახალი წლის სუფრა ტიპური საახალწლოა, დიდად გამორჩეული არ ეთქმის. საცივსა და გოზინაყს ყოველთვის მე ვაკეთებ. ცქრიალა, თეთრი მშრალი და წითელი მშრალი ღვინო სულ გვაქვს სუფრაზე. გვიყვარს კერძისა და ღვინის შეხამება. აუცილებლად ვამზადებთ და ვფუთავთ საჩუქრებს, ნაძვის ხე და საშობაო სოფელი აწყობილია. ახალ წელს შინ ვხვდებით და არსად არ მივდივართ, მით უმეტეს ახლა, როცა ბავშვებიც გვყავს. ეს საერთო დღესასწაულია, ერთმანეთისთვის ემოციის გაზიარება.
- რომელი საახალწლო კერძი უხდება თქვენს მოწონებულ ღვინოს?
- ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ერთი ტიპის ღვინო მომწონს, ქარვისფერიც მომწონს, თეთრიც, ვარდისფერიც და წითელიც. კარგ, საკმაოდ სხეულიან ქარვისფერ ღვინოს მოვუხდენდი საცივს, ოღონდ კარგი სოფლის დედლისგან დამზადებულს.
- პირველი სადღეგრძელო, რომელსაც ახალ წელს სვამთ?
- სამადლობელი წინა წელს და შემდეგ - სურვილები. რთულ პერიოდში ვართ, ყოველთვის ასე ვიყავით, მაგრამ ახლა, XXI საუკუნეში, უკვე მეორე წელია, ომი მიმდინარეობს და ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ცხელი წერტილი დაემატა ამ სამყაროს. მშვიდობა მინდა "შინ და გარეთ", უკეთეს საქართველოში ცხოვრება და ბედნიერი წლები ყველას!