"წარმოუდგენელია, რატომ უნდა გაათავისუფლო ადამიანი, რომელმაც არაერთი საშვილიშვილო საქმე გააკეთა" - რას წერს გოგა ჩანადირი გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობიდან გათავისუფლებაზე? - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელია, რატომ უნდა გაათავისუფლო ადამიანი, რომელმაც არაერთი საშვილიშვილო საქმე გააკეთა" - რას წერს გოგა ჩანადირი გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობიდან გათავისუფლებაზე?

გიორგი კეკეკლიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა დაატოვებინეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ გიორგი კეკელიძემ თავად აუწყა საზოგადოებას:

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და შემდეგ გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს“, - წერს კეკელიძე "ფეისბუქზე".

როგორც ცნობილი გახდა, გიორგი კეკელიძეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

კეკელიძის გათავისუფლებას უსამართლობად მიიჩნეევს საზოგადოების ნაწილი და სოცილურ ქსელში არაერთი მხარდამჭერი პოსტიც დაიწერა:

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი თვლის, რომ უსამართლობის შეგრძნება დაეუფლა:

"პასუხი არ მაქვს გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობიდან გადაყენებაზე. წარმოუდგენელია, რატომ უნდა გაათავისუფლო ადამიანი, რომელმაც არაერთი საშვილიშვილო საქმე გააკეთა წიგნიერებისთვის, თავად ბიბლიოთეკებისთვის?უამრავი მეწარმე და დაწესებულება დააინტერესა საბიბლიოთეკო საქმით, იმ დარგით, რომელსაც არც ერთმა ხელისუფლებამ ღირებული არაფერი შესძინა. გიორგის გათავისუფლება არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.თუ გულწრფელად ვიტყვი, კიდევ ბევრი ადამიანი უხელმძღვანელებს ამ ბიბლიოთეკას, მაგრამ გიორგის მსგავსად მრავალხრივად, ორგანიზებულად, წიგნიერების გასავრცელებლად კარდაკარ სიარულით და ასე შემდეგ,უმრავლესობა თავს ვერ გაართმევს. დიდ პატივს ვცემ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას, ვინც მის შემცვლელად დასახელდა, მაგრამ მასაც გაუჭირდება ეროვნული ბიბლიოთეკის კარგი ხელმძღვანელობა. აი, რა საჭირო იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიიღო. თუმცა, ვეჭვობ, რომ ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო. არ ვიცი, რა ვთქვა. უსამართლობის შეგრძნება დამეუფლა", - წერს გოგა ჩანადირი.