მაჩვების ვალენტინობა - კვირის პალიტრა

მაჩვების ვალენტინობა

დღეს ვალენტინობაა - კათოლიკურ სამყაროში საყოველთაოდ მიღებული და ჩვენში კი ახალი, ნამდვილი ისტორიის დაწყების შემდეგ (ე.ი. 2003 წლიდან) ფეხმოკიდებული დღესასწაული.

ზოგიერთი ამბობს, წმინდა ვალენტინს მართლმადიდებლური ეკლესია არ აღიარებს და ამიტომ ამ დღის აღნიშვნა ცოდვააო, მაგრამ მე თუ მკითხვათ, არაფერი დაშავდება, თუკი წელიწადში ერთი დღე მაინც ყველას ერთმანეთი ეყვარება და, ვალენტინი კარგად იყოს და, ჩვენ ჩვენებურად ვესიყვარულ-ვეჭუკჭუკოთ ერთმანეთს...

აბა, ის არის კარგი, ამ ვალენტინობა-სიყვარულობის დღეს რომ ჯონდი ბაღათურიამ და აკაკი ბობოხიძემ ერთმანეთს პარლამენტში სულ "არასასიყვარულო" სიტყვები უძახეს?

სხვათა შორის, ჯონდი ბაღათურიას რამდენიმე წუთში ეთერში ველოდები რადიო "პალიტრის" "პროვოკატორში" და ამ ჩხუბმა (არა, ხელის გარტყმამდე არ მისულა საქმე, ვალენტინობაა მაინც) სულზე მომისწრო - მიყვარს, როდესაც ასეთ ამბებს უშუალო მონაწილისგან ვისმენ ხოლმე.

 

მოკლედ, რადგან ეს დღე, ასე თუ ისე, "ვცანით", მოდი, გავიხსენოთ, ვის ვინ უყვარს:

რიგით ქართველ პენსიონერს უყვარს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მას აღარ ახსოვს, რომ ადამიანური ცხოვრებაც არსებობს და შევარდნაძის რვალარიან პენსიას სააკაშვილის 100-ლარიანი ურჩევნია;

სკოლის მანდატურს უყვარს დიმა შაშკინი, რადგან ბავშვობის დროინდელი ჯავრი ამოაყრევინა და "ორებს" რომ უწერდა და "უნიჭოს" ეძახდა (ცხადია, არაპედაგოგიური და არასწორია, მაგრამ მართალი იყო), ახლა იმ მასწავლებლის კოლეგების გამწარების საშუალება აქვს და მათზე სამჯერ მეტი ხელფასიც;

თბილისელ უსახლკაროს უყვარს გიგი უგულავა, რადგან საკმარისი იყო, ორი მათგანი ყინვისაგან დაღუპულიყო, რომ მაშინვე უბრძანა გამგებლებს და - თბილისის ყველა უბანში თავშესაფარი მოაწყვეს, ტელევიზორშიც აჩვენეს (მაგრამ "პალიტრის" კორესპონდენტის კითხვაზე, სულ სამი კაცი რატომ არის აქ და ქუჩაში ისევ უამრავს სძინავსო, მერიის სოციალური დაცვისა და კულტურის(!) სამსახურის უფროსმა უპასუხა, - მაგათ "ბომჟის" ფსიქოლოგია(?!) აქვთ, ქუჩაში ურჩევნიათო);

ქართველ ხალხსა და მთელ პროგრესულ კაცობრიობას უყვარს ვანო მერაბიშვილი, რადგან ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე დაგეგმილი ტერაქტის ავტორი მეორე დღესვე "გასკვანჩა" (ცხადია, ისიც "კოჭოიას ბანდიდან" აღმოჩნდა);

ქართველ მაჩვებს უყვართ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, რადგან ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული სატყეო რეფორმის შედეგად ყველა ცხოველი ამოწყდება და მხოლოდ მაჩვები დარჩებიან, რადგან სხვებთან შედარებით რთულ პირობებსაც ეგუებიან;

ვლადიმირ პუტინსაც (პენსიონერებისა არ იყოს) უყვარს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ჰგონია, რომ რომელიმე პრეზიდენტს მაინც სჯობს მსოფლიოში;

ბიძინა ივანიშვილს უყვარს ქართველი ხალხი და პინგვინები, რადგან ორივე გაუგებრობაშია მოყოლილი: ერთნი "შეუფერებელ ადგილზე" მოხვდნენ, მეორენი კი, - "შეუფერებელ დროში". ამიტომ ორივეს ეხმარება (მთავარია, ერთმანეთში არ აერიოს);

კობა დავითაშვილს უყვარს "ასატრინა ნა ვერტელე", რადგან გემრიელია და რატომაც არ უნდა უყვარდეს?!

გუბაზ სანიკიძეს უყვარს ხინკალი, რადგან უფრო ეროვნული კაცია და "ასატრინა ნა ვერტელეს" დედა არ ვატირე?!

ნინო ბურჯანაძეს უყვარს თავისი ცხოვრების ის ორი 40-დღიანი მონაკვეთი, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, რადგან... კარგი რა, რა რადგან?

კოკოითის უყვარს ალა ჯიოევა, რადგან ამ ალიაქოთში ჩუმად გაიძურწა ცხინვალიდან და არის ტკბილად მოსკოვში;

მე მიყვარს ესპანელი მორაგბეები, რადგან ჩვენს ნაკრებს მოუგეს და ვიღაც იქნებ მიხვდეს, რომ დროა, საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი დაუნიშნონ და არა ვიღაც გადამთიელი, რომელსაც ჯერ არც ერთ ნაკრებში არ უმუშავია;

რადგან სპორტამდე მივედით - ქართველ ხალხს უყვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან ძალიან საყვარლები არიან;

...

მორჩა! ადგილი აღარ გვაქვს, თორემ უამრავ ვინმეს უყვარს ერთმანეთი და საერთოდ, დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, ერთმა ძალიან კარგმა ქართველმა მწერალმა არ თქვა?!

ისე, ბევრს კატეგორიულად არ უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ვალენტინობაა და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ...

P.S. არა, ერთ "არსიყვარულზე" რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: დასაწყისში რომ

ბაღათურიასა და ბობოხიძის შეხლა-შემოხლა ვახსენე, იმ ამბავს მიხეილ მაჭავარიანი "ხელმძღვანელობდა" პრეზიდიუმიდან და ჯონდისა და კაკოს რომ ერთმანეთი არ უყვართ, ეგ არაფერი, მაჭავარიანმა ასე მიმართა მანდატურებს: "რას დასეირნობთ მანდ გაეროს დამკვირვებლებივით, მოჰკიდეთ ხელი და გაიყვანეთ გარეთ!"

ჰოოოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მ. მაჭავარიანს და აქედან გამომდინარე, "ნაცმოძრაობას" არ "ნაყვარება" გაერო! რადგან ფიქრობდნენ, რომ თურმე გაეროს, როგორც ამ მანდატურებს, "უნდა მოეკიდათ ხელი და გაეყვანათ" რუსები სამაჩაბლოდან, თანაც ერთი უცნაურად ჩაცმული უცნაურგვარსახელიანი კაცი ჩამოვიდა გაეროდან (მაინა კიაი) და იმანაც ხელისუფლებას უთხრა:

- თუთ! - და ესენი გაბრაზდნენ და ახლა მარტო ნატო უნდა გვიყვარდეს, გაერო - აღარა; თანაც დღესვე ბარამიძემ განაცხადა, ჩვენი ნატოში გაწევრება გადაწყვეტილი ამბავიაო; ვერ ისწავლა მაგ კაცმა, რომ ვალენტინობა სხვაა და პირველი აპრილი - სხვა...

პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"