დიდი ომი, რომელსაც საქართველო 20 წლის წინ გადაურჩა - ბორდელების შტურმი, ადეიშვილ-მერაბიშვილის "სოციალისტური შეჯიბრება" და "მეწველი" ბიზნესი
სამი ათწლეული გავიდა და უკვე კარგად ჩანს, თუ ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების რამდენი შანსი გავუშვით ხელიდან. საოცარი „დამთხვევაა“: როდესაც ერი და ბერი ერთიანდებოდა, სწორედ მაშინ „გამოხტებოდა“ რაღაც წვრილმანი საკითხი და კვლავ იწყებოდა ჯერ უმწვავესი კამათი, შემდეგ დაპირისპირება და ბოლოს შეურიგებელი მტრობა. განა 1991 წლიდან მოყოლებული, დღემდე ასე არაა? მხოლოდ ჩვენი ბედოვლათობით ამ ფენომენს ვერ ავხსნით: გარეშე მტრის გამიზნული მოქმედებებიც სახეზეა!
ოცდამეერთე საუკუნის დასაწისს საქართველო ყოველმხრივ დასუსტებული ხვდებოდა. შევარდნაძე უკვე იმდენად იყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაბერებულ–გადაღლილი, რომ რეფორმებისა და რადიკალური ცვლილებების ჩატარებას ის უკვე ვერ შეძლებდა. აუცილებელი იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების „საგზაო რუკის“ შედგენა, რათა ძველი, „ჟანგმოკიდებული“ პოლიტიკური და ჩინოვნიკური ელიტა, ახალგაზრდა პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი (სწორედ რომ ამ თანმიმდევრობით!) კადრებით ჩანაცვლებულიყო. ამერიკელები მოზომილი და თანმიმდევრული ცვლილებების მომხრენი იყვნენ. მათი რჩევა ამგვარი იყო: 2004 წელს ახალი პარლამენტი და 2005 წელს ახალი პრეზიდენტი. თუმცა კრემლის ხელშეწყობით მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდა.
2003 წლის ბოლოს, „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ბევრ აუცილებელ და კარგ საქმესთან ერთად, უფრო მეტი უკანონობა მოხდა. 2004 წელი დაიწყო და გარეშე თვალისთვის ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა: ხანდახან ადამიანი თავს იტყუებს და სასურველს რეალობად თვლის. თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს: რაც არ უნდა დავუკარგოთ სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს პიარტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებაა საკუთარი გაკეთებული (თუ გაფუჭებული) საქმეების გაპიარება–გადაფარვისთვის. თუმცა თანდათანობით ხელისუფლების შეცდომა–დანაშაულები, რომლებიც მიჩუმათება–გაყალბების მიუხედავად უკვე სააშკაროზე გამოდიოდა, რაც „რევოლუციონერების“ საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო. 2004 წლის იანვარში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სააკაშვილის გუნდის ნორჩი წევრები, რომელთაგან უმრავლესობას საჯარო სამსახურის მინიმალური გამოცდილებაც არ ჰქონდა, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. არ გაინტერესებთ პრეზიდენტ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკა?
მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ვინმემ არაობიექტურობა, რომ არ დამწამოს ყოფილ უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას მოვუსმინოთ: „ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორია და მთხოვა, მიშამ მითხრა, თუ თავს გამოიჩენ, გენპროკურორად დაგნიშნავო და ჯგუფი მომეცი, უნდა დავტრიალდეო. ირაკლისთან ვმეგობრობდი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც" ერთად ვიყავით... აფხაზეთის (იგულისხმება აფხაზეთის უშიშროების სამინისტრო– ბ.ა.) 6-7-კაციანი სპეცრაზმი მივეცი, რომლითაც ბორდელები დაარბია...“, –ამბობს ვ. ხაბურძანია ერთ–ერთ ინტერვიუში.
მართლაც დაუფასდა ოქრუაშვილს შიდა ქართლის ტრასაზე ამ „სტრატეგიული ობიქტების“ შტურმით აღება (რაც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა) და ერთ თვეში, 2004 წლის 14 იანვარს, სააკაშვილმა ის საქართველოს გენერალურ პროკურორად დანიშნა. ისე ოქრუაშვილი „გინესის რეკორდების წიგნშია“ შესატანი“: არასრულ ერთ წელში ქვეყნისთვის სამი უმნიშვნელოვანესი პოსტი გამოიცვალა: გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის (2004 წლის 7 ივნისს ამ პოსტზე გია ბარამიძე შეცვალა) და თავდაცვის მინისტრის (16 დეკემბერს ამ თანამდებობაზე კვლავ გია ბარამიძე ჩაანაცვლა). მის მიერ „გაკეთებულ“ საქმეებს კი ტომები არ ეყოფა. თავად ბარამიძე კი, რომელიც მანამდე ზურაბ ჟვანიას „გუნდის ერთადერთ წევრი იყო, რომელსაც „ძალოვანი სამინისტროები“ (შსს და თავდაცვა) ანდო სააკაშვილმა, 2004 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში „დააწინაურა“ სააკაშვილმა.
2004 წლის გაზაფხულიდან, კრიმინალებთან ბრძოლისა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ ლოზუნგით დაიწყო არაპროფესიონალურად დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციების ჩატარება. უმძიმესმა შედეგებმაც არ დააყოვნა: 2004 წლის 24 მარტს დილას სვანეთის სოფელ ეცერში შსს –მ (მინისტრი გ ბარამიძე) ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობითა და ვერტმფრენების გამოყენებით ჩაატარა ფაქტიურად სამხედრო ოპერაცია აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ, რა დროსაც ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და შემდეგ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს–ს (მინისტრი ი. ოქრუაშვილი) თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც ექვსი ახალგაზრდა იჯდა. ისინი გადმოვიდნენ ავტომობილიდან, შემდეგ კი პატრულის მიერ გასროლილ ტყვიას 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლების მიერ ამ ორი „ოპერაციის“ ტრაგიკული შედეგების დამალვისა და მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტებმა უკვე ეჭვები გაფანტა: საქართველოში იწყებოდა ტერორი „ვარდების სახელით“! შემდეგ იყო სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის და კიდევ სხვა პირთა მკვლელობები, გაყალებებული ექსპერტიზა–გამოძიებები და სასამართლოს უსამართლობა.
„ვარდების სახელით“ ტერორის მსხვერპლნი ბიზნესმენებიც გახდნენ. 2004 წლის გაზაფხულიდან დაიწყო სააკაშვილის „საარჩევნო ქადაგების“ (უკანონოდ მოპოვებული ქონება ხალხს უნდა დაუბრუნდესო) აღსრულება, რასაც უხელფასო–უპენსიო თანამოქალაქეების გულის მოსაგებად სატელევიზიო დაჭერების, ბრაზილიური ტელესერიელებივით დაუსრულებელი ტელეშოუები მოჰყვა. სამართლებრივი დარღვევებით ჩატარებული ეს „ბოლშევიკური ექსპროპრიაცია“ მალევე პირადი ანგარიშსწორების შენიღბვის ფორმად გადაიქცა (თუნდაც ცხონებული სულხან მოლაშვილის „საქმე“ და შემდეგ მისი წამების ფაქტი გავიხსენოთ). 2004–2007 წლების „ეკონომიკური სასწაული“ და სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება, არა ეკონომიკური აქტივობით, არამედ სასამართლოსთან (ანუ პირადად ზ. ადეიშვილთან და ვ. მერაბიშვილთან) გაფორმებული გარიგებით და „კეთილი ბიზნესმენების“ მიერ სახელმწიფოსთვის „ნებაყოფლობით ნაჩუქარი“ ფულითა და უძრავ–მოძრავი ქონებით ხდებოდა. იმ წლებში „სოციალისტური შეჯიბრიც“ იყო ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის: ვინ უფრო მეტი „ექსპროპრიაცია–დაყაჩაღების“ შესახებ უპატაკებდა მ. სააკაშვილს.
ამისთვის შსს და პროკურატურა სპეციალურ „ პროვოცირების ოპერაციების“ მახეებს უგებდნენ ბიზნესმენებს. მაგალითისთვის ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ჩემს მეგობარს 2005–2006 წლებში გადახდა თავს. ბიზნესის ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდა კაცმა იმ პერიოდში ახალი საქმე დაიწყო და მალე წარმატებებსაც მიაღწია. ეს შეუმჩნეველი არ დარჩათ „შესაბამის ორგანოებს“ და მისი პროვოცირება მოახდინეს: თავიანთი კაცი მიუგზავნეს და სახელმწიფო ბიუჯეტთან გადასახადების ჩათვლა–ჩარიცხვის ბუნდოვან ოპერაციებში ჩაითრიეს. მალევე დააპატიმრეს და რამდენიმე თვე „გლდანის ციხეზე“ ჰყავდათ, თან პროკურატურიდან უთვლიდნენ: ერთ მილიონ ლარს თუ გადაიხდი გაგიშვებთო. ახალგაზრდა ბიზნესმენი ჯერ ცდილობდა თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას, თუმცა სად? ვისთან? იმ წლებში ხომ პროკურატურაც და სასამართლოც, სააკაშვილის ლოცვა–კურთხევით, ადეიშვილის ხელში იყო! ასე, რომ უძრავ–მოძრავი ქონების „სახელმწიფოსთვის ჩუქება“ მოუწია. ციხიდან კი გამოუშვეს, თუმცა „კონტროლიდან“ არ მოუხსნიათ ამიტომ ეს ისტორია ამით არ მთავრდება.
არ გასულა ექვსი თვე, რომ ახალი მოგონილი ბრალდებით კვლავ დააპატიმრეს და რაც ქონება ჰქონდა დარჩენილი, კვლავ „სახელმწიფომ იჩუქა“. რამდენი ანალოგიური ისტორიაა ცნობილი? სამწუხაროდ ათასობით! 2013 წლიდან ჩვენი ბიზნესმენი ამაოდ ცდილობს გაარკვიოს, თუ სად წავიდა მისი ქონება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში მისი „საჩუქრები“ დოკუმენტურად არ ფიქსირდება. დასკვნა თავად გამოიტანეთ.
თუ სააკაშვილი პოლიტიკაში იყო „არმაგედონი“, 2004 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის „მონსტრად“ მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებული
რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის და რუსული ტანკების წარმოების ერთ–ერთი „მამა“, მულტიმილიონერი კახა ბენდუქიძე მოგვევლინა. ამ მართლაც ნიჭიერ და არაორდინალურ პიროვნებას სააკაშვილმა საქართველო „საცდელ პოლიგონად“ გადასცა. ბენდუქიძისთვის სახელმწიფო ინტერესები და სტრატეგიული დარგები სასაცილო თემა იყო. სახელმწიფო ქონების გაყიდვა (კიდევ ჰქონდა სხვა ძალზე ახირებული აზრები ცხონებულს), ქვეყნის არსებული და მომავალი ინტერესებისდა მიუხედავად, ბენდუქიძის მთავარი მიზანი იყო. „რაღაც მანქანებით“ , განსაკუთრებით 2005 წლიდან, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოები რუსეთის „კერძო“ კომპანიების ხელში აღმოჩნდა. ეს ის შემთხვევაა, როცა „ფულს სუნი აქვს“! შეგნებულად, თუ „შემთხვევით“, ბენდუქიძე ცნობილი რუსი „დემოკრატის“ ანატოლი ჩუბაისის „მშვიდობიანი ეკონომიკური ექსპანსიის“ თეორიის შემსრულებელი აღმოჩნდა. ამერიკელები რომ არ ჩარეულიყვნენ, სააკაშვილი–ბენდუქიძის დუეტი საქართველოს რკინიგზისა და გაზსადენის გაყიდვასაც აპირებდა. დიდი მკითხაობა არ უნდა, თუ ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს ორი სტრატეგიული ობიექტი.
ჟვანია, მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ–მინისტრი იყო, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა და ის თანდათანობით ჩამოაცილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებს. ზ. ჟვანია ხედავდა პოლიციური და ეკონომიკური ტერორის ნეგატიურ შედეგებს თავად ხელისუფლებისათვის, თუმცა მოვლენებზე ზემოქმედების მოხდენა არ შეეძლო. პარალელურად მიდიოდა მიზანმიმართული მუშაობა მისი დისკრედიტირებისთვის. ამ დროს კი სულ უფრო და უფრო იძაბებოდა მდგომარეობა სამაჩაბლოში.
„ვარდები დახმარებით“ ხელისუფლებაში მოსული "ცხელთავიანი" დილეტანტების (ხშირად აგენტების და "სასარგებლო იდიოტების") ანტირუსული ისტერია, ვითომდა, "საახალწლოდ ცხინვალში შესვლა", "ჟანგიანი რუსული ტანკების მარტივად განადგურება" და სხვა ამგვარი, საშიში და პოპულისტური განცხადებები, კრემლის გეგმებში ჯდებოდა. მოსკოვი სხვადასხვა გზით ახერხებდა ქართული ჯარის "მოჩვენებითი ძლიერების" ილუზიის ჩანერგვას საქართველოს ხელისუფალთა გონებაში, რათა ისინი სეპარატისტებთან სამხედრო პროვოკაციაში ჩაეთრია.
პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური ავტორიტეტი განსაკუთრებით 2004 წლის მაისში აჭარაში და აგვისტოში ცხინვალში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაიზარდა: ორივე შემთხვევაში, ის ზედმეტი პოპულიზმის გარეშე მოქმედებდა და იმ მომენტისთვის სასურველ შედეგს აღწევდა. 2004 წლის დეკემბერში ჩატარებულმა ერთ–ერთმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჟვანიას, როგორც პრემიერის რეიტინგი სწრაფად იზრდებოდა. განსაკუთრებით პერსპექტიული ჩანდა მისი უშუალო მონაწილეობა სამაჩაბლოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში. 2004 წლის აგვისტოში ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას (რაც ძალზე სურდა რუსეთს) ბეწვზე გადავურჩით. მაშინ სამხედრო ოპერაციებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა (???) და პირდაპირ მითითებებს აძლევდა გენერალური შტაბის უფროსს (???), ხოლო თავდაცვის მინისტრი ბარამიძე ქორწილში დაუპატიჟებლად მისული სტუმარივით იყო. 2004 წლის 19 აგვისტოს, ზ. ჟვანიას ენერგიული მოქმედებების შედეგად, მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.
(მეათე ნაწილის დასასრული)