"განკითხვის დღე" ამერიკულად: "ჰორნეტების" დარტყმა "ჰუსიტებზე" - გაჩნდება თუ არა ახალი დიდი ფრონტი მსოფლიო რუკაზე?!
ახალი დიდი ომის დაწყების ნიშნები დღეს, 2024 წლის 12 იანვრის გამთენიისას, მთელმა მსოფლიომ თვალნათლივ იხილა - იემენში ჰუსიტებზე ამერიკულმა და ბრიტანულმა საზღვაო-საჰაერო დაჯგუფებამ პირველი მასობრივი სარაკეტო დარტყმები განახორციელა!
ამერიკულმა საავიამზიდო დამრტყმელმა ჯგუფმა 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ჰუსიტების 60-ზე მეტი სამიზნის გასანადგურებლად, მათ შორის - 4 რაკეტა იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზისა და 8 რაკეტა ქალაქ ჰოდეიდის აეროპორტის მიმართულებით...
ვინმემ შეიძლება თქვას - სად ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო დაჯგუფება და სად „ჩუსტებიანი“ ჰუსიტებიო... მაგრამ მწარედ შეცდება - ჰუსიტების დაჯგუფებაში ძალიან ბევრი რამის „გაფუჭება“ შეუძლია“, მსოფლიო მასშტაბით...
"ავიამზიდი "ჩუსტების" წინააღმდეგ - კიდევ ერთი ცხელი წერტილი: ამერიკული ფლოტი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებს?!" - ასეთი სათაურით სტატია ჯერ კიდევ 2023 წლის 19 დეკემბერს გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგში და როგორც აღმოჩნდა, ვაშინგტონმა და ლონდონმა ახალი წლის დღეებში „დაინდეს“ ჰუსიტები, მაგრამ მათაც მოთმინების ფიალა ბოლომდე აევსოთ მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ ჰუსიტებმა იემენის სანაპიროდან, სავაჭრო გემების გარდა, უკვე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების მიმართულებითაც გაუშვეს კამიკაძე-დრონები... სად არის ძაღლის თავი დამარხული?
ჰუსიტებმა ღაზის სექტორის პალესტინელების მხარდაჭერისა და ისრაელთან ბრძოლის ახალი ტაქტიკა აირჩიეს და მთელ მსოფლიოს დაემუქრნენ - ისრაელისკენ მიმავალ ყველა გემს ჩავძირავთო!
ჰუსიტებმა თითქმის მთლიანად გადაკეტეს უმოკლესი საზღვაო გზა ევროპიდან აზიის მიმართულებით, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის არხით წითელ ზღვაში გადის, შემდეგ ბაბ-ელ მანდების სრუტით ადენის ყურეში უერთდება და არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში გრძელდება...
ბაბ-ელ მანდების სრუტე სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ყველაზე ვიწრო გასასვლელის სიგანე მხოლოდ 26 კმ-ს შეადგენს, ჰუსიტებს იემენის სანაპიროდან მისი სრულად „გამოთოფვა“ შეუძლიათ, როგორც კამიკაძე-დრონებით, ისე - ფრთოსანი და, თქვენ წარმოიდგინეთ... ბალისტიკური რაკეტებითაც კი, რომლებსაც „ჩუსტებიანი“ ამბოხებული შიიტებისთვის არ ინანებს ირანის ისლამური რესპუბლიკა...
შესაბამისად, ახალი თავდასხმების საშიშროება ელით სხვა სავაჭრო გემებსაც, თუკი ჰუსიტები ჩათვლიან, რომ ეს გემები რამენაირად არიან დაკავშირებულნი ისრაელთან, ხოლო დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ხომალდები ისედაც წარმოადგენენ პროირანული ჰუსიტების მუდმივ სამიზნეებს...
ჰუსიტი ამბოხებულები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალაჰის“ მოძრაობის წარმომადგენლები არიან, იემენის ჩრდილოეთში ებრძვიან ქვეყნის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ საუდის არაბეთის არმიას და - არცთუ წარუმატებლად...
ამას კი შიიტი ჰუსიტები ასევე შიიტური ირანის ისლამური რესპუბლიკის სერიოზული სამხედრო მხარდაჭერის საშუალებით აღწევენ.
ირანის სამხრეთი ნაწილიდან, ომანის ყურესა და არაბეთის ზღვის გავლით, არანაკლებ 1 800 კმ-ის გაცურვა უწევთ იმ სავაჭრო მცირე ზომის გემებს ან, სულაც, სათევზაო კატარღებს, რომლებსაც ირანის წარმოების შეიარაღება და საბრძოლო მასალები კონტრაბანდულად ჩააქვთ იემენის სანაპიროზე, ადენის ყურეში, „ანსარ ალაჰის“ საბრძოლო რაზმებისთვის გადასაცემად.
6 იანვარს ირანის ერთ-ერთ საზღვაო პორტში აფეთქება მოხდა, რომელმაც სწორედ ასეთ 16 სათევზაო კატარღაზე იმ საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია, რომლებსაც, სავარაუდოდ, ირანიდან იემენში, ჰუსიტებისთვის გასაგზავნად ამზადებდნენ. ამან, ეტყობა, ირანელებისა და ჰუსიტების განსაკუთრებული „გაღიზიანება“ გამოიწვია, რადგან ჩათვალეს, რომ ეს დივერსია ისრაელის „მოსადის“ აგენტებმა განახორციელეს.
მრავალეროვნული საზღვაო ოპერაციის - Prosperity Guardian-ის ფარგლებში, რომელმაც წითელ ზღვაში, ადენის ყურესა და მათ დამაკავშირებელ ბაბ-ელ მანდების სრუტეში საზღვაო ნაოსნობის სრული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, აშშ-ის გარდა მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი.
ირანის სერიოზული სამხედრო დახმარების გარეშე, ჰუსიტები, ბუნებრივია, ვერ მოიგერიებენ ამერიკული და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების წერტილოვან დარტყმებს, თუმცა ეცდებიან რამენაირად მცირე ზიანი მაინც მიაყენონ.
ჰუსიტებმა, თავის მხრივ, ირანის მიერ გადაცემული ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები უკვე გაუშვეს იემენის სანაპიროსთან მოქმედი ამერიკული ატომური ავიამზიდის - „ეიზენჰაუერის“ საზღვაო დაჯგუფების მიმართულებით, თუმცა - უშედეგოდ...
საბრძოლო მოქმედებების დაწყება ბაბ-ელ მანდების სრუტის რაიონში მთლიანად ჩაკეტავს სავაჭრო გემების მიმოსვლას ევროპა-აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს საზღვაო მარშრუტზე - გემებს აფრიკის სამხრეთი ნაწილიდან მოვლა დასჭირდებათ, რაც ლოგიკურად საკმაოდ გააძვირებს გადატანილი ტვირთების ფასს.
ამასთან, ავიაკომპანიებმა დილიდანვე შეწყვიტეს იემენის თავზე საერთაშორისო რეისების განხორციელება, რაც, ასევე, დიდ პრობლემებს შექმნის მგზავრების გადაყვანაში.
ევროპელებისა და აზიელების, მათ შორის - ჩინეთის ინტერესებშიცაა, რომ ჰუსიტები „ჩაწყნარდნენ“ და რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტზე გემების მიმოსვლა.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინასთან ორწლიან ომში მყოფი რუსეთის ინტერესებშია (ისევე, როგორც ირანის), რაც შეიძლება მეტად დაიძაბოს სიტუაცია იემენის სანაპიროსთან, რომ დასავლეთის და, პირველ რიგში კი, აშშ-ის მეტი ყურადღება სწორედ აქეთ მიემართოს და არა - უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ...