"დღესასწაულებს დიდი ღრეობით და ზეიმით ვერ ვხვდები, რადგან ყოველი წლის მომატებას მწუხარებაც ახლავს... მინდა, ჩემი აღშფოთება საზოგადოებას გავუზიარო"
ნანი ბრეგვაძე: „ახალ წელს ჩვეულებრივად შევხვდი... მინდა, ჩემი აღშფოთება საზოგადოებას გავუზიარო...“
"დღესასწაულებს დიდი ღრეობით და ზეიმით ვერ ვხვდებით, რადგან ყოველი წლის მომატებას მწუხარებაც ახლავს. ყოველ წელს ირგვლივ ხალხი გვაკლდება და ეს არის ძალიან შემაწუხებელი", - ამბობს ქართული სცენის ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე და გვიზიარებს, თუ როგორ აღნიშნა 2024 წლის შემობრძანება...
- ქალბატონო ნანი როგორ შეხვდით ახალ, 2024 წელს?
- ჩვეულებრივად, შენი ჭირიმე, განსაკუთრებული არაფერი. ისე შევხვდი, როგორც შარშან, შარშანწინ... სულ ერთნაირად, არაფერი ხდება, მაგრამ ის, რაც უნდა გაკეთდეს, რისთვისაც ემზადები, ისევ ისეა. კარგად ხარ თუ ცუდად, ახალ წელს მაინც მომავლის იმედით უნდა შეხვდე...
- ლამაზი ნაძვის ხე გქონდათ...
- თავად ნაძვის ხე ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზია... რაც შეეხება მოსართავებს, ამ საქმეს დიდი ფანტაზიით ვეკიდები, რა უხდება, რა - არა. წელს ახალი სათამაშოები არ გვქონდა. ყვითელი, პრიალა ბურთები დავამაგრეთ, ნაძვის ხეზე არაფერია ბურთების, ბრჭყვიალების გარდა, თვითონ ნაძვის ხეა ლამაზად განათებული...
- შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეთ?
- არა, სხვათა შორის, შობასაც ჩვეულებრივად შევხვდით. ახლობლები ტელეფონის მეშვეობით ერთმანეთს ვულოცავდით. მთელი საქართველოსთვის შობის დღესასწაული ძალიან სასიხარულოა და შეძლებისდაგვარად ვზეიმობთ... წელს, ახალი წლის დღეებში, არაჩვეულებრივი სტუმრები მყავდა, ერთმანეთზე უფრო ნიჭიერი, ხელოვანი ხალხი. ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ როგორც ჩემი დეიდაშვილები, მეგობრები მღეროდნენ, ის აღარ არის. ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის აღარავინ იცის, არ არის სწორი და კარგი სიმღერა. ჩვენ ბედნიერი, მუსიკისა და კულტურის ქვეყანა ვართ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მომაკლდა. აღარ მყავს ისინი, ვინც ადრე ჩემ გვერდით იყვნენ და ვმღეროდით.
- ძველით ახალ წელს როგორ ხვდებით?
- ძველით ახალი წელი - 14 იანვარი და 27 იანვარი განსაკუთრებული იყო ჩემთვის... ეკლესიურად ნინა ვარ და ახალგაზრდობაში ორივე დღეს დედაჩემი ზეიმს მიწყობდა. 14 იანვარს დედა სუფრას ამზადებდა და მეგობრებს არც ვეპატიჟებოდი, ისე მოდიოდნენ. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ნელ-ნელა ეს დღე ამოვარდა... მე არც ვიცოდი, თურმე, დედაჩემი ურეკავდა და ეპატიჟებოდა მათ. არაჩვეულებრივი ხალხი იკრიბებოდა და რომ მოდიოდნენ, ძალიან მიხაროდა, ამ ხალხს რომ გავახსენდი-მეთქი... ვინც მოდიოდნენ, დღეს უკვე ისინი აღარ არიან...
დიდი ღრეობით და ზეიმით ვერ ვხვდებით, რადგან ყოველი წლის მომატებას მწუხარებაც ახლავს. ყოველ წელს ირგვლივ ხალხი გვაკლდება და ეს არის ძალიან სამწუხარო. ექვსი დეიდა მყავდა, მაგრამ როცა გავთხოვდი და ეკა შემეძინა, მერე მხოლოდ ორი დეიდა იყო დარჩენილი... ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების დაკარგვა რთულია, ძალიან დამაკლდა ყველა.
ირგვლივ თუ მშვიდობა სუფევს და შენი ქვეყანა დაწყნარებულია, მაშინ აქვს ყველაფერს ფასი! ახლა ირგვლივ არეულობაა და ეს ყველაზე მოქმედებს... ეს კოვიდიც სხვა ფორმით რომ მოვიდა, ძალიან შეშინებული ვარ. სახლში მთელი არმია მყავს და რა ვქნა, აღარ ვიცი... ძალიან აღშფოთებული ვარ და გაბრაზებულიც, რომ ხალხი აცრას არ იტარებს. ვერ ვხვდები, რისი ეშინიათ?! ფულს არავინ ითხოვს, იხვეწებიან კლინიკებში მივიდნენ და აიცრან. ეს აუცილებელია, რადგან თავადაც კარგად იყო და - შენ გვერდით მყოფი ადამიანიც... მეც შემხვდა ვირუსი, კარგად არ ვიყავი, მაგრამ ინიექციამ დამიცვა და შედარებით იოლ ფორმებში გადავიტანე.
(სპეციალურად საიტისთვის)