"არ დავთმობ ამ ტერიტორიას, ბოლომდე ვიბრძოლებ“ - მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი იმ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, სადაც მისი ქანდაკებები დგას
მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილი სახელმწიფო უწყებას უჩივის. ტერიტორია, სადაც მოქანდაკის ქვისგან გაკეთებული ნაკეთობები დგას და რომელზეც მას საინტერესო იდეის განხორციელება სურდა, სახელმწიფოს გადასცეს (როგორც თავად ამბობს, მოტყუებით). მოქანდაკე სასამართლოსგან დღე დღეზე პასუხს ელის და დანებებას არ აპირებს. მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.
ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, ღია ცის ქვეშ ქვის ქანდაკებების მუდმივი გამოფენა 1990-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ ნიშას წარმოადგენს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ეს ადგილი განსაკუთრებით უცხოელებს მოსწონთ:
- ვინ არ მოდის აქ – არაბები, ინდოელები, ჩინელები, კორეელები, ევროპელები, ამერიკელები – ნაირ-ნაირი ხალხი და საინტერესო ის არის, რომ ყველას ერთნაირი რეაქცია აქვს – ამბობენ, რომ ეს ქანდაკებები საოცრად არის ბუნებასთან შერწყმული და რომ ძალიან ორიგინალური ნამუშევრებია.
ქანდაკებას რომ აკეთებ, ისიც უნდა იცოდე, რა მასალისგან გააკეთო და სად დადგა. ქვაც ბუნებრივია, ადგილთანაც ძალიან ორგანულადაა შერწყმული და, ალბათ, ეს მოსწონთ. ქანდაკებები ჩვენი ქვეყნის ისტორიას აცოცხლებენ. ვინც საქართველო გადაარჩინა, ვინც ქვეყანა ასახელა – მეფე იყო, გმირი, წამებული თუ მწერალი, მე მათ ქანდაკებებს ვაკეთებ. ეს ქანდაკებები უკვდავები არიან, რადგან გრანიტში შესრულებული ქანდაკება უკვდავია. ერთია, წიგნში რომ კითხულობ და მეორეა, გაცოცხლებულ ისტორიას რომ ხედავ ღია ცის ქვეშ და შეგიძლია, მას ხელით შეეხო. უცხოელები რომ მოდიან და ამ ადამიანების ქანდაკებებს ხედავენ, მათი ვინაობით, მოღვაწეობით ინტერესდებიან და მათგან გამომდინარე ექმნებათ წარმოდგენა საქართველოსა და ქართულ კულტურაზე.
- ყოველთვის ქვაში კვეთდით და ყოველთვის ამ ზომის ნამუშევრებს აკეთებდით?
- ეს ჩემი ხელობაა, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. სალოცავშიც დგას წმიდა გიორგის დიდი ქანდაკება, მეზობელ სოფელში, მცხეთაში, სხვადასხვა ადგილზე შეხვდებით ჩემს ნამუშევრებს. ადრე პატარებსაც ვაკეთებდი, ახლაც ვაკეთებ ცოტ-ცოტას...
- ახლა იმ ფოტოს ვუყურებ, ქრისტეს ქანდაკება კვარცისგან, რომ გააკეთეთ, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება ქანდაკებისთვის. არ გაგიჭირდათ?
- კვარცი იშლება, ამიტომაც არ აკეთებენ მისგან ქანდაკებას. ქვა, რომლისგანაც მაცხოვრის ქანდაკება გავაკეთე, შემთხვევით ვნახე დარიალის ხეობაში. ამ ზომის ერთადერთი კვარცია. ვიფიქრე, ვნახოთ, რა გამოვა-თქო. უცებ გავაკეთე მისგან მაცხოვრის ქანდაკება. კვარცში რკინის ნაწილაკებია, ძალიან პატარა ზომის. მუშაობის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წვიმა წამოვიდა, გავედი მეორე დღეს და სახეზე სისხლივით არ იყო წამოსული? წვიმამ რკინა დაჟანგა და მაცხოვარს სახეზე სისხლი ჩამოეღვენთა. გამოვიდა ნაწამები სახე. ეს გააკეთა ბუნებამ...
- საზოგადოებამ, ვფიქრობ, თქვენ შესახებ საკმარისად კარგად იცის. თქვენს შემოქმედებას კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოხვდა სახელმწიფო საკუთრებაში ეს ტერიტორია, სადაც თქვენი ქანდაკებები უკვე იყო? ან, რატომ ჩივით და არ თმობთ? სხვა ადგილებიც ხომ არის, იქნებ სხვაგან გააკეთოთ მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც დასრულებული არ არის და რომლის სურვილი ასე ძალიან გაქვთ?
- არა, არ დავთმობ ამ ტერიტორიას! ბოლომდე ვიბრძოლებ!
მაშინდელმა გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შეცდომაში შეიყვანა გუბერნატორი და მან, ისე რომ არ იცოდა რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე, ხელი მოაწერა ამ ადგილის სახელმწიფოსთვის გადაცემას. არ გაუანალიზებია, რომ აქ ჩემი ქანდაკებები უკვე იდგა. თან იმ დროისთვის აზომვით სამუშაოებს ვაწარმოებდი.
ისედაც, სადაც ახლა ჩემი ქანდაკებებია, გზისპირია, მიტოვებული ადგილი იყო, ზვავისგან ჩამოტანილი ქვები ეყარა, ერთ მეტრამდე ზომის, თუმცა არა იმხელა, რამხელაც ახლა ქანდაკებებია. ერთხელაც საქმე არ მქონდა, მივედი ამ ქვებთან ჩემი ნაჯახით, შევეხე და სასიამოვნო განცდა დამეუფლა. ქვამ ნელ-ნელა ადამიანის ფორმა მიიღო. გამიტაცა ამ პროცესმა. მერე ეს ქვა მეპატარავა. დარიალის ხეობაში მიყვარდა სიარული, იქ ერთი ქვა ალექსანდრე ყაზბეგს მივამსგავსე. მყინვარწვერის ფორმა ჰქონდა. წამოვიღე. წონით ათ ტონაზე მეტი იყო. ბუნებრივი ფორმის მიხედვით მისგან უცებ გავაკეთე ქანდაკება. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ქვა თვითონ მკარნახობდა...
- ამ ადგილას ქვები თქვენი ხარჯით მოგაქვთ?
- სულ ჩემი ხარჯით, არავინ მეხმარება. ვითომ უნდა დამხმარებოდნენ და სინამდვილეში პირიქით მოხდა. მიუვალი ადგილი გავწმინდე, გავალამაზე, მინიმუმ 10 ქანდაკება მაინც დგას დღეს, და უცებ სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა. არ ვაპირებ გავჩერდე. როგორც გითხარით კიდევ ერთ ქანდაკებაზე ვმუშაობ და ასე გავაგრძელებ.
- რას გულისხმობს თქვენი „მუზეუმი ღია ცის ქვეშ?“ ხომ არ აპირებთ, მომავალში ეს ტერიტორია ფასიანი გახადოთ, თუკი თქვენს საკუთრებაში დაბრუნდა?
- არა, არავითარ შემთხვევაში. პირიქით, მე რაც ჩაფიქრებული მაქვს, საბოლოო ვერსიაში, უფასო მუზეუმი იქნება. აქ ვაგრძელებ არა მარტო ქანდაკებების დადგმას ისევ, არამედ - მინდა, ეს ტერიტორია შემოვღობო, დავდგა შესაწირი ყუთი და სურვილისამებრ, ვისაც რამდენი უნდა, იმდენს შესწირავს. ფიქსირებული გადასახადი არ იქნება.
შემოწირულება მომცემს საშუალებას, ღია ცის ქვეშ, მაგალითად, ცხელი სასმელების ადგილი მივამატო ან სკამები დავდგა, საბავშვო გასართობი და რა ვიცი. მოკლედ, მინდა, რომ დამანებონ თავი, ან დამეხმაროს სახელმწიფო ამ იდეის სრულყოფაში. ხელს მაინც ნუ შემიშლიან. სასამართლოშია ეს საქმე და ყოველდღე ველოდები გამოხმაურებას. მყავს ჩემი ადვოკატიც.
- აუცილებლად, მივადევნებ თვალს ამ პროცესს, იმედია, დადებითად გადაწყდება ყველაფერი. თქვენი ნამუშევრები კი ნამდვილად ორიგინალურია, გამორჩეული. რატომ მაინცდამაინც ცნობილი და დიდი ადამიანები?
- სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩავედი და საბურთალოზე, მხატვრების უბანში მოვხვდი. უდიდესი მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი ცხოვრობდა. გავიცანი ეს გენიალური ადამიანი და ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე. მან ბუნებრივი ნიჭი დაინახა ჩემს ნახატებში. ლეონარდო და ვინჩის ილუსტრაციებიანი წიგნი მომცა და ერთ-ერთის ასლის გაკეთება დამავალა. მე ეს საქმე ძალიან კარგად გამომდიოდა და ზუსტი ასლი გავაკეთე. არ ელოდა, ძალიან მოეწონა. მითხრა, შენ ქანდაკების მიმართულებაზე უნდა ჩააბაროო. ნახატით მიხვდა ჩემს ნიჭს. მოქანდაკეები სხვანაირად ხატავენ, ფორმები ისე ამოჰყავთ, როგორც ქვაში და იმ ნახატში მეც ეს გავაკეთე. მერაბის გარდა ვერავინ დამაყენებდა ასე სწორ გზაზე. მისი შემხედვარე კიდევ უფრო დავინტერესდი ქანდაკებით. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.
აკადემიაში გასწავლიან ანატომიას, როგორც ანბანს, მაგრამ ორიგინალობას – არა. რომ დაამთავრებ სწავლას, სიახლეს მერე თვითონ უნდა მიაგნო. თუ მხოლოდ შაბლონებს მისდევ, ეს არ არის ხელოვნება. ბევრი ფიქრი დამჭირდა. არ მინდოდა, რომელიმე მასწავლებელს დავმსგავსებოდი, არც - მერაბ ბერძენიშვილს. დრო გავიდა და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი იმაზე, რომ მე ღია ცის ქვეშ უნდა მემუშავა ქვაზე, თანაც, ქვებიდან ყველაზე გამორჩეულზე – გრანიტზე, რომელიც მარადიულია, არასდროს ფუჭდება. რომ გინდა, გააკეთო, ერთია, მაგრამ მთავარია, რა უნდა გააკეთო? ამაზე ბევრს ვფიქრობდი, - ასეთი საინტერესო თუ გამოვიდოდა და მთელი მსოფლიო ამ ქანდაკებების სანახავად აქ მოვიდოდა, ეს ნამდვილად არ მიფიქრია. ამჟამად, ფიროსმანზე ვმუშაობ და რომ დავასრულებ, აუცილებლად მესტუმრე.
ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი