რომელი პოლონური საზენიტო რაკეტების ყიდვას აპირებს ქართული არმია? - კვირის პალიტრა

რომელი პოლონური საზენიტო რაკეტების ყიდვას აპირებს ქართული არმია?

გუშინ, 12 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასეთი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა - „საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია - "MESKO S.A"-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.

მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა“.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს თუ რა კლასისა და ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ გააფორმა ხელშეკრულება პოლონურ მხარესთან, მიახლოებით მაინც შეიძლება იმის დადგენა თუ რა სახის საზენიტო საშუალებები შეიძლება შემოემატოს ქართული ცის დაცვას...

პოლონური კომპანია "MESKO S.A"-ს, რომელიც ჯერ კიდევ 1924 წელს დაფუძნდა, შეიარაღების შექმნისა და წარმოების ერთსაუკუნოვანი გამოცდილება დაუგროვდა და დღეს საბრძოლო იარაღის სხვადასხვა სახეობებით ამარაგებს არამარტო პოლონეთის არმიას, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებსაც.

ამ პოლონური საიარაღო სახელმწიფო კომპანიის მთავარი პროდუქცია დღეისათვის წარმოდგენილია ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების, მცირეკალიბრიანი ჭურვების, ნაღმსატყორცნის ნაღმების, სატანკო და საარტილერიო ჭურვების, ასევე უმართავი რაკეტების, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო- სარაკეტო კომპლექსების სახით.

რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ ამ პოლონური კომპანიისგან სწორედ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენას აპირებს, მაშინ უკვე ადვილად მისახვედრი ხდება, რომ „გრომისა“ ან „პერუნის“ ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე შეჩერდა ქართული მხარის ყურადღება, რადგან პოლონური კომპანია "MESKO S.A"-ი მხოლოდ ამ ორი ტიპის საზენიტო დანიშნულების შეიარაღებას სთავაზობს პოტენციურ მყიდველებს.

საზენიტო „გრომები“ უცხო ხილი არ არის ქართველი სამხედროებისთვის, რადგან პოლონური „გრომებით“, რომელთა შესყიდვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე მოვასწარით, ამ ომში ორი ან სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს ქართველმა მეზენიტეებმა, ერთი ამდენიც დააზიანეს იმ ცხრა თვითმფრინავიდან (6 რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა, სამმა დაზიანებულმა მოახერხა აეროდრომებზე დაბრუნება, მაგრამ მათი აღდგენა აღარ მომხდარა, ჩამოწერეს), რაც რუსმა ოკუპანტებმა ჩამოგდებული-დაზიანებულის სახით დაკარგეს აგვისტოს ომში.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2007 წელს ქართულ მხარეს სწორედ ამ პოლონური კომპანიიდან "MESKO S.A"-დან შეუძენია გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის GROM E2-ის 30 გასაშვები მოწყობილობა 100 საზენიტო რაკეტასთან ერთად.

რუსმა ოკუპანტებმა გორისა და ფოთის ქართული სამხედრო ნაწილებიდან მოახერხეს რამდენიმე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისა და რაკეტის ალაფად წაღება, რის შემდეგ პოლონური „გრომმა“ 2014 წელს უკრაინის ლუგანსკში ამოყო თავი, როდესაც რუსმა დივერსანტებმა მისი საშუალებით უკრაინული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოაგდეს ლუგანსკის აეროპორტში დაშვებისას...

2-saz-1705142318.png
აგვისტოს ომის დროს ქართველმა მეზენიტეებმა ამ რუსულ მოიერიშე Су-25-ს შესაძლოა სწორედ პოლონეთიდან ნაყიდი GROM E2-იდან გაშვებული საზენიტო რაკეტა მოარტყეს და მძიმედ დააზიანეს...

ძნელი სათქმელია, ეს იყო თუ არა მთავარი მიზეზი, მაგრამ აგვისტოს ომის შემდგომ პოლონური მხარე დიდხანს თავს იკავებდა ქართველი სამხედროებისთვის „გრომების“ ახალი პარტიების მიყიდვაზე, ამჟამად კი ეტყობა „ყინული გალღვა“...

თუმცა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუკი „გრომების“ ნაცვლად... „პერუნების“ მოყიდვაზე გაფორმდა ქართულ-პოლონური ხელშეკრულება.

3-saz-1705142317.png
პოლონური თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან Poprad-იდან Piorun -ის საზენიტო რაკეტის გაშვების მომენტი...

საქმე ის არის, რომ აგვისტოს ომამდე მოყიდული პოლონური GROM E2 -ი ფაქტობრივად საბჭოთადროინდელი „იგლას“ პოლონურ კლონს წარმოადგენდა, ხოლო Piorun -ი (იგივე Grom-M-ი) ბევრად გაუმჯობესებული მოდერნიზებული „გრომია“, რომლის სითბური დამიზნების თავაკი ოთხჯერ მეტი მგრძნობიარობით გამოირჩევა სითბური სამიზნეების ჩაჭერისა და მიდევნების თვალსაზრისით, ამასთან „პერუნის“ საბრძოლო გამოყენება ღამითაც შეიძლება.

იმის გამო, რომ ქართულ-პოლონური ხელშეკრულების გასაჯაროებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომ გარიგება „გადასატან“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე შედგა, მაშინ შეიძლება დავუშვათ, რომ თვით Poprad-ის ყიდვაც კი იყოს ჩაფიქრებული... Poprad-ი პოლონური წარმოების ჯავშანმანქანაზე Zubr-P-ზე დამონტაჟებულ ახლო მოქმედების თვითმავალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც შეირაღებულია „გრომისა“ ან „პერუნის“ ოთხი გასაშვებით (კიდევ ოთხი საზენიტო რაკეტა ჯავშანმანქანაში ინახება) და აღჭურვილია ტელეკამერით, სითბოვიზორით და ლაზერული მანძილზომით.

Poprad-ი რაღაცით წააგავს 2018 წელს საფრანგეთში ქართველი მეზენიტეებისთვის შეძენილ Mistral ATLAS-ის თვითმავალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, თუმცა ფრანგული კომპლექსი არც შეჯავშნულია და არც ტელეკამერა გააჩნია, არც სითბოვიზორი და არც ლაზერული მანძილზომი, ამასთან, მხოლოდ ორი საზენიტო „მისტრალის“ გაშვება შეუძლია გადატენვამდე. Mistral ATLAS-ის მაგვარი და უფრო უკეთესი თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომლექსის აწყობა საკუთარი ძალებითაც შეგვეძლო ქართული შეჯავშნული „დიდგორის“ ბაზაზე, თუკი საფრანგეთიდან მხოლოდ „მისტრალის“ საზენიტო რაკეტებს შევიძენდით, რაც საერთო ჯამში ბევრად იაფი დაუჯდებოდა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს... დაველოდოთ მოვლენებს, თუ კონკრეტულად რომელი ტიპის პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გააძლიერებენ ქართული ცის დაცვას, თუმცა ყველა ვარიანტში ეს იქნება არაუმეტეს 6,5 კმ-ის სიშორეზე და 4 კმ-ის სიმაღლემდე მოქმედი სითბური დამიზნების საზენიტო საშუალებები, რაც მაინც არასაკმარისია ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულფასოვნად ასამოქმედებლად...