ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?! - კვირის პალიტრა

ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?!

„პოტენციურად მელიას აქვს შესაძლებლობა 5%-იანი ბარიერი უპრობლემოდ გადალახოს. მას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე გახარიას. თუ მოახერხა გაერთიანება ხოშტარია-ჯაფარიძესთან“

"ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ - პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება - დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. მე ვარ, ვთქვათ, კარგი სათადარიგო მოთამაშე. თუ რაღაც, ღმერთმა დაგვიფაროს, მოხდა ისეთი კატაკლიზმი - სააკაშვილისებური რაღაც მოიფიქრეს, მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლებისა და ხალხს აღარ უსმენს, საზოგადოებას აღარ უსმენს და დაიწყეს ძალადობა მსგავსი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება", - ეს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს განაცხადა, თუმცა უკვე 3 წელიწადში მას მოუწია პოლიტიკურ პროცესში მეორედ შებრუნებამ. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ის 2018 წლის 11 მაისს დაამტკიცეს, პარტიის მე-5 ყრილობაზე, როცა მან იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. პოლიტიკაში მეორედ მოსვლის მიზეზებად თავად ივანიშვილმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოპონენტების "უკიდურესად დესტრუქციული მუხტი" და ხელისუფლებაში არსებული "დამაზიანებელი გაუგებრობები" დაასახელა. თუმცა უკვე მესამედ მოსულმა, 2023 წლის 30 დეკემბერს გაიხსენა, რომ 2018 წელს პარტია დაშლის პირას იყო. 2021 წლის იანვარში ივანიშვილი ისევ წავიდა. 11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ის პოლიტიკიდან "საბოლოოდ" წასვლას იუწყებოდა და "ყველაზე მნიშვნელოვან სამომავლო ოცნებად" "ქართული ოცნების" ოპოზიციაში გადასვლას ასახელებდა. 2013 წლის 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი პარტიის მე-7 ყრილობაზე მოულოდნელად ისევ გამოჩნდა, თქვა, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება თავად მიიღო და შესაბამისი წინადადებითაც თავად მიმართა "ქართულ ოცნებას". 30 დეკემბერს ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც ითქვა, მთავარი პოლიტიკური მრჩევლის როლს შეასრულებს. ივანიშვილის განმარტებით, ის "სიმძიმის ცენტრის მისიის" შესრულებას აპირებს, ასევე გუნდის ცდუნებებისგან, მათ შორის კორუფციული ცდუნებისგან დაცვას. ეს იმ დროს, როცა ის ოპოზიციას უკვე "განადგურებულად" მიიჩნევს. გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" განახლებული წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკური საბჭო საპატიო თავმჯდომარის ანუ ბიძინა ივანიშვილის წარდგინებით დაამტკიცებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით არ მთავრდება კამათი, თუ რეალურად რისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში ივანიშვილი უკვე მესამედ, რა შეიძლება მოჰყვეს მმართველი გუნდისთვის მის მორიგ დაბრუნებას და აპირებს თუ არა მთავრობასა და მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებებს? - ამ კითხვებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradze.jpg

- როდესაც მან 2012 წლის გამარჯვებიდან მალევე გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე იმის ანალიზით, რომ ერთ წელიწადში ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი წასვლა გაუმართლებლად მივიჩნიე. რა თქმა უნდა, ეს ყურად არავინ იღო. შესაბამისად, მისი მეორედ დაბრუნებისას უკვე რთული ვითარება იყო, ახლა მესამედ რა იქნება, კაცმა არ იცის. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ყველამ ვიცოდით, რომ აქამდეც ყველა გადაწყვეტილებას ის იღებდა, მაგრამ ეს ნაბიჯი და უკვე ოფიციალურად "პრემიერის პრემიერად" მოვლენა, ძალიან შეურაცხმყოფელია.

რაც შეეხება მისი დაბრუნების მოტივებს, ამაზე არაერთი ვერსია გამოითქვა და ყველას აქვს არსებობის უფლება. მათგან ერთ-ერთია, რომ გუნდში დაპირისპირებაა, რაც შესაძლებელია ასეც არის. პოლიტიკაა და ასეთი რამ მოსულა, მაგრამ დაპირისპირება იქნება არა იმაზე, რომ ვინმემ ივანიშვილი ჩაანაცვლოს, არამედ მის კარზე პირველი ვეზირობისთვის. რაც შეეხება კორუფციას, ეს მართლაც უდიდეს პრობლემად იქცა. ლაპარაკია ელიტურ კორუფციაზე... თუმცა ამ ყველაფრის გადაწყვეტა ივანიშვილს შეეძლო კულუარული მართვითაც, როგორც აქამდეც აკეთებდა საკადრო გადაწყვეტილებებისა თუ საპარლამენტო სიის შედგენისას. ის თემები, რაც მან ჩამოთვალა, შეეძლო საკუთარი სასახლიდან მოეგვარებინა ისე, რომ ოფიციალურად პოლიტიკაში მოსვლა არ გამოეცხადებინა. ამიტომ, დიდი ალბათობით, კიდევ სხვა მიზეზებიც აქვს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება და შეფასება, რომ ქვეყანაში არაფორმალურ-ოლიგარქიული მმართველობაა, ახლა კი ივანიშვილმა ეს ფორმალურად აქცია. არის ლაპარაკი, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს აქვს შანსი დაიწყოს ევროკავშირთან დაახლოების ახალი ეტაპი, წევრობაზე დაიწყოს მოლაპარაკება და ამ შემთხვევაში ძალიან გაჭირდება ამ ეტაპზე გადასვლა. ის კი აცხადებს, რომ ქვეყანა უნდა წაიყვანოს ევროკავშირისკენ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მისი დაბრუნება სწორედ ამის დაბლოკვას მოემსახუროს. ამბობენ იმასაც, რომ საარჩევნოდ მხარდაჭერის მობილიზება სჭირდება "ოცნებას" და ამისთვის დაბრუნდა, თუმცა არა მგონია, ეს მთავარი მიზეზი იყოს.

არის კიდევ ერთი მომენტი - საქართველოში ხელისუფლებების ბოლო ორი ცვლილებისას ტრადიციად დამკვიდრდა - ჯერ იყო და, შევარდნაძემ გადადგომის შემდეგ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები, მან, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში, მაგრამ საქართველოში გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები. შემდეგ სააკაშვილმა 2012 წლის მარცხის შემდეგ ასევე მიიღო გარანტიები და დარჩა შემდგომი ერთი წელი პრეზიდენტად, დათქმით, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს დატოვებდა და აქაური პოლიტიკისკენ აღარ გამოიხედავდა. თავდაპირველად ასეც იყო, თუმცა გავიდა ხანი და მან ქართულ პოლიტიკაში ჩარევა დაიწყო. ჩემი აზრით, ამით დაარღვია იმ შეთანხმების პირობები და ამიტომაც ზის ახლა იქ, სადაც ზის. რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არა მაქვს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი შეთანხმება არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილი ამ დაბრუნებით სამომავლო გარანტიებისთვისაც იღვწის, კულისებში ყოფნის შემთხვევაში ამაზე ვერ ილაპარაკებდა. 2024 წლის არჩევნებში კი ყველაფერია მოსალოდნელი, მიუხედავად ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობისა. თუ ოპოზიციურ ფლანგზე მოხდა მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები, მაშინ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მართლაც დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილს დასჭირდება გარანტიები, რასაც პოლიტიკური პოზიციიდან უფრო ადვილად მოითხოვს, თუ არჩევნებში დამარცხებას აღიარებს.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასჭირდება ივანიშვილს. თუ აღმოაჩენს, რომ საარჩევნოდ სჭირდება ამომრჩევლის ყურადღების კორუფციასთან ბრძოლისკენ მიმართვა, მაშინ ძალიან ცუდი დღე დაუდგება ხელისუფლების დღევანდელ გარემოცვას. ვფიქრობ, ეს იქნება პირდაპირი დარტყმები მთავრობის არაერთ წევრზე. თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილმა გუნდი მთლიანად ჩაანაცვლოს. ასე რომ, ის ცვლილებებს დაიწყებს იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება კონკრეტული მომენტისთვის. დღესდღეობით ამის აუცილებლობა არა აქვს, უფრო გაზაფხულზე გამოჩნდება, დასჭირდება თუ არა ვინმეს გაწირვა. აქვე ვიტყვი ბარემ - როგორც კი ოპოზიციაში გაჩნდება 2-3 ჯგუფი, რომელთაც გარანტირებულად ექნებათ 5%-იანი ბარიერის დაძლევის საშუალება, მაშინ "ქართული ოცნება" იფიქრებს, რომ ბარიერი დასწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

- საინტერესოა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ივანიშვილის დაბრუნების თაობაზე უარყოფითი შეფასება არ მოგვისმენია...

- ამის მიზეზი ის არის, რომ ფრთხილად უყურებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ მეტი პოზიტივი დაინახონ მომხდარში. იმედოვნებენ, რომ ამან შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოს პროცესი. პირადად მე ამგვარ ოპტიმიზმს, სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ. გარდა ამისა, აქამდეც საბოლოოდ მასთან ლაპარაკობდნენ, ნებისმიერი სერიოზული თემის გადაჭრისას მაინც ივანიშვილს ხვდებოდნენ. ამიტომ ურჩევნიათ ოფიციალურად წარიმართოს პოლიტიკური პროცესი. მათაც კარგად იციან, რომ საქართველოში საკვანძო საკითხების გადაწყვეტა ივანიშვილის გარეშე არ ხდებოდა. ამიტომ ურჩევნიათ ივანიშვილთან უკვე ლეგალურად ჰქონდეთ საქმე. ისე, ამბობს, მთავარი მრჩეველი ვიქნებიო და, წარმოგიდგენიათ, მან კობახიძეს ან ღარიბაშვილს რაიმე ურჩიოს და მათ არ გაითვალისწინონ? შეიძლება ითქვას, ივანიშვილის რჩევები ბრძანებაზე უარესია.

- აქვე გკითხავთ საქართველოში დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენის საქართველოს თაობაზე გამოცემა ჟყლლანდს-Pოსტენ-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც სკანდალად იქცა. დანიის ელჩი მმართველი პარტიის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, მას არაკომპეტენტური უწოდეს, მის განცხადებას კი, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, სიბინძურე. ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც...

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ოლიგარქია. არც ივანიშვილის პარტია და "ოცნების" მოკავშირეები დაუპირისპირდნენ პარტნიორი ქვეყნის ელჩს პირველად. ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება ძალიან აღიზიანებს ამ გუნდს და გამოთქმებში კორექტული არასდროს ყოფილან. გაიხსენეთ, შარშან რა ხდებოდა, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებდა. არ გამოვრიცხავ, დასავლეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ვეჭვობ ჯერ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილმა და მწვავე ანტიდასავლური კამპანია გააჩაღოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ელექტორატის განწყობა. დღეს "ქართული ოცნება" და ივანიშვილი ფიქრობენ ერთ რამეს, როგორ დაალაგონ ვითარება ისე, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. გამარჯვებაში ვგულისხმობ უმრავლესობით, 76 დეპუტატით მოსვლას პარლამენტში. ამასთანავე, არ არის გამოკვეთილი, რა იქნება უკრაინაში, როგორ წავა საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში თუ რუსეთში. მოკლედ, ბევრი ფაქტორი იმოქმედებს.

- ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე გადავიდეთ. მაინცდამაინც დიდი წინა პირობა იმისა, რომ მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები იქნება, ჯერ არ ჩანს. საინტერესოა გიორგი გახარიასა და მისი პარტიის ბოლოდროინდელი აქტივობები, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების ინიციატივა თუ ივანიშვილის დებატებში გამოწვევა. ის მუდმივად ახერხებს და აიძულებს "ქართულ ოცნებას" მას უპასუხოს, მართალია, დიდი აგრესიით, მაგრამ საბოლოოდ ეს გახარიასა და მის პარტიას მუდმივად პოლიტიკის ზედაპირზე ატივტივებს. თუმცა არსებობს ეჭვიც იმისა, რომ გახარიაც შეიძლება ივანიშვილის თამაშის ნაწილი იყოს.

- იმდენად გაამძაფრეს გახარიას კრიტიკა, რომ ეს ეჭვს ბადებს. ვინ შეიძლება იყოს გახარიას ამომრჩეველი? "ქართული ოცნებიდან" წასული ელექტორატისა და ნეიტრალური ამომრჩევლის ნაწილი. ასეთ ვითარებაში გახარიამ კარგი ტაქტიკა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბევრგან შექმნა ალიანსი, მაინც ვერ შეძლო "ქართულმა ოცნებამ" მისი "ნაციონალებთან" დაკავშირება. ამის გათვალისწინებით ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი მას აქვს, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ უკვე გარანტირებულად აქვს 5%-იანი მხარდაჭერა. მე ვერაფერს ვიტყვი მის ივანიშვილთან კავშირზე, მაგრამ თუ არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა დადგება დღის წესრიგში, "ქართული ოცნება" გახარიასთან უფრო შეეცდება შეთანხმებას, ვიდრე, მაგალითად, "ლელოსთან".

- ნიკა მელიასა და მის გუნდზეც მინდა გკითხოთ. როგორც ითქვა, თებერვლისთვის აპირებენ პარტიის პრეზენტაციას, გეგმავენ მნიშვნელოვან საკითხებზე პარტნიორობას ყველასთან, თუმცა შერწყმასა და არჩევნებზე ერთი სიით და ერთი ნომრით გასვლას - არა, რასაც მათ "ლელო" სთავაზობდა.

- პოტენციურად მელიას აქვს შესაძლებლობა 5%-იანი ბარიერი უპრობლემოდ გადალახოს. მას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე გახარიას. თუ მოახერხა გაერთიანება ხოშტარია-ჯაფარიძესთან და ამასთანავე საპარლამენტო ჯგუფიდან ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის დამატება, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გუნდი შეიქნება. თუ ისეთ სვლასაც გააკეთებს მელია, რომ თვითონ მეორე პლანზე გადავა და სხვა ლიდერი ეყოლება პარტიას, მაგალითად, ხატია დეკანოიძე, ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს. მოკლედ, ყველაფერი სწორ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება "ლელოს", ეს პარტია ან ძალიან ჩქარობს, ან იგვიანებს. არ ვიცი, ვინ, რას და როგორ განსაზღვრავს პარტიაში, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, რომ ხაზარაძე გადასულიყო უკანა პლანზე და ლიდერობა სხვისთვის დაეთმო. მიმაჩნია, რომ "ლელომ" აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ანა დოლიძისა და ელისაშვილის პარტიებთან. ეს უნდა მოახერხონ, თუ სურთ სერიოზული ჯგუფი შექმნან.

- მოგეხსენებათ, რა დიდი რეზონანსი მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ გიორგი კეკელიძის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ბევრი ამის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს...

- სიმართლე გითხრათ, მეც მაქვს ამის ეჭვი, რასაც უფრო ის ამძაფრებს, თუ ვინ დანიშნეს კეკელიძის ნაცვლად. საარჩევნო წელია და როდესაც ასეთი საკადრო ცვლილებები ხდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვები. კონსტანტინე გამსახურდია იყო პოლიტიკაში, არის პირველი პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც ამ ხელისუფლებისადმი ლოიალურია და აქვს გარკვეული ელექტორალური მიმზიდველობა. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს მისი დანიშვნა. სხვა შემთხვევაში კეკელიძე ბიბლიოთეკის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე არავისზე ნაკლებად არ ზრუნავდა. არა მგონია, გამსახურდიამ ამ საქმეს მასზე უკეთესად გაართვას თავი. არ ვიცი, საერთოდ, რა გამოცდილება აქვს საბიბლიოთეკო საქმეში. დღეს "ქართული ოცნება" ასე მარცვალ-მარცვალ ცდილობს შეაგროვოს მხარდამჭერები. ჩემი აზრით, ამჯერად მათ ე.წ. ზვიადისტების ხმების მოზიდვა სცადეს.