რა ფაქტორები უწყობს ხელს ბავშვის ტკბილზე დამოკიდებულებას
ახალი წლის დღეებში ბავშვებს ტკბილეულის ჭარბად ჭამა უწევთ. რამდენად მავნებელია ეს ბავშვისთვის, პედიატრს, ნუტრიციოლოგ მაია სურვილაძეს ვკითხეთ:
- ჯერ კიდევ ორსულობის დროს რა სახის საკვებს მოიხმარს დედა, ამაზე დიდად არის ბავშვის გემოვნება დამოკიდებული. მერე თუ ძუძუთი კვებისას დედა დიდი რაოდენობით ტკბილეულს ჭამს, შესაძლოა ამანაც გამოიწვიოს ბავშვის ტკბილზე დამოკიდებულება, ხოლო თუ ხელოვნურ ნარევს (ფორმულას) იღებს, მასშიც მეტი რაოდენობით ნახშირწყალია, ვიდრე დედის რძეში. ესეც ხელშემწყობი ფაქტორია ტკბილზე დამოკიდებულების განვითარებისთვის. ზოგჯერ 2-3 კვირის ასაკიდან (რაც დაუშვებელია) ბავშვს საბავშვო ჩაის აძლევენ, რომელიც ასევე შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა სახის შაქარს... ენის წვერზე განლაგებულია ტკბილის აღმქმელი რეცეპტორები, რომელთან პირველი შეხება ბავშვების უმრავლესობაში (90%-ში) იწვევს ტკბილზე დამოკიდებულებას. ეს ყველა ის ფაქტორია, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ტკბილზე დამოკიდებულებას.
დამატებითი კვების დაწყება აუცილებელია 6 თვიდან და თუ რა საკვებით, ეს მშობელმა პედიატრთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. პირველი დამატება შესაძლოა იყოს ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილის წვენი (რომელიც არ არის რეკომენდებული) ან ხილის პიურე და ეს პროდუქტებიც შეიძლება შეიცავდეს შაქარს. დღეს პოპულარულია მზა პიურეები და გახსოვდეთ, არ უნდა იყოს შაქრით დამტკბარი!
ბოსტნეული საუკეთესო არჩევანია, მასში ნაკლებად არის შაქარი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვები არ ჭამენ ბოსტნეულს და მშობლები შაქარს უმატებენ იმ იმედით, რომ დამტკბარს იოლად შეჭამს.
- არ შეიძლება არ გკითხოთ ძალიან პოპულარულ, როგორც დედები უწოდებენ, ზუსტად ისე მოვიხსენიებ, "ჩაი პეჩენიით" კვებაზე. მის სარგებლიანობაზე რას მეტყვით?
- ესეც შაქრის შემცველია და არანაირ სარგებელს არ იძლევა. ჩაი ტანინებს შეიცავს და არ არის რეკომენდებული, იმიტომ, რომ შესაძლოა ჰემოგლობინის დაქვეითებას შეუწყოს ხელი.
- რა ასაკიდან შეიძლება ჩაი?
- 2 წლის შემდეგ განსაზღვრული რაოდენობით დასაშვებია, მანამდე არა.
ხანდახან მაღაზიებში ქვედა თაროებზე ძალიან მომხიბლავად არის დაწყობილი სხვადასხვა ტკბილეული, ისე, რომ ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იყოს. როცა 2 წლამდე ასაკის ბავშვი შეჰყავთ მაღაზიაში, მას სურვილი უჩნდება, რომ თავისი ხელით აიღოს ტკბილეული და ჭამოს კიდეც. გარდა ამისა, ბებია-ბაბუები, კეთილი მეზობლები რატომღაც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ ბავშვს გულის მოგებისა და სიყვარულის გამოხატვის მიზნით, ეს კი დამოკიდებულებას ქმნის. უნდა ვეცადოთ ყურადღების გადატანით, დელიკატურად ტკბილეული შევცვალოთ სხვა ალტერნატივით. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი არ გაღიზიანდეს...
- ე.ი. უნდა დავუმალოთ ტკბილეული?
- ჯანმოს რეკომენდაციით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მივცეთ შაქარი და მარილი. 2 წლის მერე 4 წლამდე დასაშვებია დღეში 15 გ შაქრის მიღება. ამაში შედის ნამცხვრის ნაჭერი, შოკოლადი, კანფეტი... 4-დან 6 წლამდე რეკომენდებულია 20 გ შაქარი, უფრო მოზრდილ ასაკში - 30 გ. 1 ჩაის კოვზი დაახლოებით 5 გრამია. ამ ასაკიდან ჯობს ნატურალური ტკბილეულის მიცემა, როგორიცაა ხილი, ჩურჩხელა, ფელამუში, ჩირეული და ა.შ.