2023 წლის აღმოჩენები დედამიწის ცხოვრების წესის რევოლუციურ ცვლილებებზე მიგვანიშნებს! - კვირის პალიტრა

2023 წლის აღმოჩენები დედამიწის ცხოვრების წესის რევოლუციურ ცვლილებებზე მიგვანიშნებს!

რაც დრო გადის, მეცნიერება მით მეტ გამაოგნებელ აღმოჩენას გვთავაზობს და ყველა მიღწევა შექმნილია იმ საოცარი რესურსით, რომელსაც ადამიანის ტვინი ჰქვია. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა კონდიციამდე შეუძლია ადამიანს განვითარება­ და რა როლს შეასრულებს სამყაროში, თუმცა­ გასული 2023 წელიწადიც სწორედ­ იმის ნიშანია, რომ არაერთ გლობალურ თემას მოეძებნა გასაღები.

სამეცნიერო პორტალი XT.On.ge და მისი რედაქტორი­ დათო სამნიაშვილი­ წლებია უახლესი აღმოჩენების თემაზე მუშაობს, მათ შორის უცხოეთში­ მყოფ ქართველ მეცნიერებთან კონტაქტითაც. სწორედ მას ვესაუბრეთ გასული წლის ყველაზე დიდ სამეცნიერო აღმოჩენებზე.

- გასული წლის მნიშვნელოვან აღმოჩენებზე საუბარი, ტრადიციულად, კოსმოსით უნდა დავიწყოთ. ხშირად ვიმეორებ ხოლმე ცნობილი ასტროფიზიკოსისა­ და მწერლის კარლ სეიგანის სიტყვებს: "კოსმოსი არის ყველაფერი, რაც იყო, რაც დღეს არის და იქნება მომავალშიც". ამიტომაც არის კოსმოსის შესწავლა განვითარებული სახელმწიფოების პრიორიტეტი. მაგალითად, 2023 წლის სექტემბერში, დედამიწაზე­ დაბრუნდა კაფსულა ასტეროიდ ბენუდან, რომელიც იქ ნასამ 2015 წელს გაუშვა. 7 წლის შემდეგ კაფსულამ ასტეროიდიდან მისი შემადგენელი ნივთიერებები ჩამოიტანა: სულ 250 გრამი, მაგრამ ამან ის ინფორმაცია მოგვცა ასტეროიდზე, რომელსაც მეცნიერები კარგა ხანს ელოდნენ...

- დაახლოებით ერთი მუჭა მტვერი წამოუღია. ბენუს ხომ დედამიწისთვის ყველაზე საშიშ ასტეროიდად მიიჩნევენ: ყოველ 6 წელიწადში დედამიწას საშიშად ახლოს უახლოვდება,­ 2082 წელს კი სულაც მისი ჩამოვარდნაა ნავარაუდები.

- მეცნიერული ტექნოლოგიები სწორედ იმისთვის არის, რომ დედამიწას კატასტროფები ააშორონ, თუნდაც ასტეროიდებს მიმართულება შეუცვალონ ან ააფეთქონ, თუკი ეს აუცილებელი შეიქნება. ამ შემთხვევაში ნასას მისიას სურდა გამოეკვლია ასტეროიდის შემადგენლობა, რაც გააადვილებდა მისი სტრუქტურის ცოდნას. ხომალდის გაშვებიდან 7 წლის შემდეგ ამ ინფორმაციაში ბევრი "სიურპრიზი" აღმოჩნდა. ასტეროიდი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის საშენი მასალაა, მათ შორის დიდი რაოდენობით წყალს. უკვე არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწაზე წყალი სწორედ ასტეროიდების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

2023 წლის მიღწევებში შეიძლება ჩავთვალოთ ილონ მასკის კომპანიის კოსმოსში გაჭრაც. მართალია, ხომალდი კოსმოსში­ გასვლამდე აფეთქდა, რასაც მასკიც ვარაუდობდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო დედამიწაზე, როდესაც კოსმოსში ხომალდი კერძო კომპანიამ გაუშვა და არა სახელმწიფომ. უფრო მეტიც, როგორც მასკმა განაცხადა, 2025 წელს მისი კოსმონავტები მთვარეზე დაეშვებიან, მერე კი აუცილებლად მარსზე.

- "ადამიანი-სახელმწიფო"... არავინ იცის, რას მოგვიტანს, კერძო კომპანიების გაჭრა­ კოსმოსში, თუმცა ეს მართლაც გულისხმობს კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებას. ამ ტექნოლოგიებმა, როგორც ცნობილია, გასულ წელს დედამიწაზე პირველად დააფიქსირეს ირმის ნახტომიდან მოსული ნეიტრინო, ე.წ. მოჩვენება ნაწილაკი.

- დიახ. ნეიტრინოს აღმოჩენაში მონაწილეობდა ატლანტის უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი გიორგი ჯაფარიძე­. ნეიტრინო ნეიტრალური ელექტრონული­ ნაწილაკია, რომელსაც, ფაქტობრივად, მასა არ გააჩნია. ამიტომაც მას შეუძ­ლია­ შეაღწიოს ყველაფერში და თავად უცვლელი­ დარჩეს. სწორედ ამ თვისებების გამო აქვს ნეიტრინოს პოტენცია, კოსმოსიდან "მოგვაწოდოს" ის ინფორმაცია, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით. მათ შორის ინფორმაცია შავ ხვრელებსა და მათ ჰორიზონტს მიღმა მომხდარ მოვლენებზე,…რაც ჯერ აუხსნელია.

- როდესაც დღევანდელ ტექნოლოგიებს უყურებ, ხანდახან იბადება კითხვები, კიდევ მეტი რაღა უნდა მოხდეს? მეტი რაღა უნდა შეძლონ? არადა, ადამიანის ტვინი არ ჩერდება და კიდევ მეტის მიღწევას ლამობს.

- ადამიანის ტვინის შესაძლებლობები­ ამოუწურავია. არა მარტო კოსმოსური მიღწევები, გასულ წელს დედამიწაზეც იყო, ასე ვთქვათ, დაუჯერებელი აღმოჩენა - მეცნიერებმა 46 000 წლის წინ გაყინული ჭიების გაცოცხლება შეძლეს.

- რას ამბობთ?!

- ასეა. კვლევაში მონაწილეობდა მაქს პლანკის უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი თემურ კურცხალია. მას ჭიების, ნემატოდების ფენომენზე მუშაობის გამოცდილება მანამდეც ჰქონდა. იკვლევდა ნემატოდებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ხმებიან, მაგრამ საკმარისია წყალი მოხვდეთ, რომ ცოცხლდებიან. თემურ კურცხალია 46000 წლის წინ გაყინული ჭიების ფენომენზე 2008 წლიდან მუშაობს. ეს ჭიები მეცნიერებმა ყინულის საფარში აღმოაჩინეს და მაქს პლანკის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გადაიტანეს. სხვადასხვა პროცედურის შემდეგ გაყინული ჭიები გაცოცხლდა და დღესაც ცოცხლობენ. მეცნიერები მათ კვლავ სწავლობენ, რათა ეს პროცესი მომავალში გამოიყენონ.

- სავარაუდოდ, კვლევები მომავალში, ალბათ, ადამიანის ძალზე ხანგრძლივი "მიძინებისა" და მერე გამოფხიზლების საპირწონედაც მოიაზრება. ისე, როგორც ფიფქია გააღვიძა პრინცის კოცნამ, ან სულაც შესაძლებელია ადამიანმა თავი გაიყინოს და ათეული წლების შემდეგ "გაიღვიძოს".

- როდესაც მსგავს ექსპერიმენტებს ეცნობი, ფიქრი, რა თქმა უნდა, თავისთავად გადადის ადამიანზე. კრიპტობიოზი ანუ ექსტრემალურ პირობებში "დაძინება" და დიდი დროის შემდეგ გაღვიძება ჯერ ფანტასტიკის სფეროა. თუმცა ვინ იცის, რა მოხდება, თუკი მოხერხდება 46 000 წლის წინანდელი ორგანიზმების გენეტიკის გადატანა სხვა ორგანიზმებში. იქნებ კრიპტობიოზი ადამიანისთვისაც შესაძლებელი გახდეს.

- ან თუნდაც მუდმივად გაახალგაზრდავება შევძლოთ. თაგვების გაახალგაზრდავება ხომ არაერთი ქვეყნის სამეცნიერო ლაბორატორიაში შეძლეს. სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ხანდაზმულობაში, ახალგაზრდებად გავიღვიძებთ.

- რაც შეეხება თაგვების გაახალგაზრდავებას, მაგალითად, ტაივანის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს საინტერესო გენი, რომელიც ძალიან დადებითად მოქმედებს უჯრედის გაახალგაზრდავებაზე. ტაივანში ამ გენის თაგვებში მოდიფიკაციით თაგვების გაახალგაზრდავებას უკვე მიაღწიეს. გასულ 2023 წელს კი მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმაც განაცხადეს, რომ ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს. მათი ექსპერიმენტებით ვირთხების ეპიგენეტიკურმა ასაკმა ახალგაზრდობისაკენ 67,4 პროცენტით "გადაიწია". ამ მეთოდმა გაანახევრა სისხლის, გულისა და ღვიძლის ქსოვილების ეპიგენეტიკური ასაკი, მხოლოდ ტვინს ვერ შეეხო.

გასული წლის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააფთიაქო ქსელში მალე გამოჩნდება მედიკამენტი ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. 2023 წელსვე პირველი ქიმერაც დაიბადა ჩინელი მეცნიერების ექსპერიმენტებით. მათ ერთი სახეობის მაიმუნს ემბრიონულ ფაზაში გენეტიკურად განსხვავებული მაიმუნის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, გადანერგილი უჯრედები მწვანედ იყო შეფერილი. შედეგად დაიბადა ქიმერა, რომელსაც 67% მეორე მაიმუნის მწვანე უჯრედები ჰქონდა.

- საბედნიეროდ, ადამიანზე იკრძალება მსგავსი ექსპერიმენტები. თუმცა ასევე საბედნიეროდ, მედიცინაში უამრავი ისეთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლებიც აქამდე სასწაულად მიიჩნეოდა - უამრავ ადამიანს ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს უბრუნებს.

- წინა ეპოქის სასწაულად აღიარებული­ ამბები თანამედროვეობაში მართლაც ხშირად ხდება რეალური. გასულ წელს ნიუ-იორკის კლინიკაში პირველად გაკეთდა ოპერაცია, რომლის წარმოდგენაც კი რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. ამ ოპერაციით პაციენტს სახის ნახევარი გადაუნერგეს თვალთან ერთად. პაციენტი ელექტროტრავმით ისე იყო დაშავებული, რომ ნახევარი სახე აღარ გააჩნდა; გამოჩნდა თუ არა გვამური დონორი, მას ნახევარი სახე მოაშორეს და პაციენტს გადაუნერგეს. ექიმები ამბობენ, რომ სულ მალე გადანერგილ თვალშიც დაუბრუნდება მხედველობა, როგორც კი გადანერგილი თვალის სენსორული კავშირები აღდგება. შესაძლოა გადანერგვას ოდნავი გარეგნული დეფექტები ჰქონდეს, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს არაფერია, როდესაც ნორმალურად ცხოვრების უნარი გიბრუნდება.

- გეთანხმებით. საინტერესოა, სიმსივნის მკურნალობაში თუ იყო შარშან აღმოჩენები? კაცობრიობას ძალიან უჭირს ამ დაავადებასთან ბრძოლა.

- საბედნიეროდ, იყო. 2023 წელს იაპო­ნელებმა მიაგნეს უნიკალურ მეთოდს, რომელიც სიმსივნის მკურნალობაში აქამდე არ გამოყენებულა. ეს არის ისეთი დნმ-ის ჯაჭვის ხელოვნურად შექმნა, რომელიც სწორედ კიბოს უჯრედებთან ბრძოლაზეა ორიენტირებული. მან უნდა იცნოს და­ "ჩაავლოს" მხოლოდ კიბოს უჯრედებს. ასეც მოხდა: ამ იაპონურმა გამოგონებამ სრულიად მოსპო ჯერ თაგვის მელანომის უჯრედები, შემდეგ კი საშვილოსნოს ყელისა და მკერდის კიბოს უჯრედები.

ასევე, სააფთიაქო ქსელში მალე გამოჩნდება მედიკამენტი, რომელმაც სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობის საფეხური გაიარა და ბევრად აღემატება სიმსივნის­ აქამდე ცნობილი ყველა მედიკამენტის შედეგებს. არის იმედი, რომ მედიკამენტების ახალი ეპოქა იწყება, კიბოს სრული დამარცხების მომავალი კი შესაძლოა არც ისე შორსაა.

იაპონურმა სამედიცინო კომპანიამ გასულ ზაფხულს დაამტკიცა მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის პროგრესირებას 27%-ით ანელებს. აქვე უნდა ვახსენოთ ხელოვნური ინტელექტის დიდი აღმოჩენები გასულ წელს.

- ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე მსოფლიო მოიცვა. ახალი ამჯერად რა არის?

- ის, რომ გასულ წელს შეიქმნა ჩატბატი, რომელიც არა მარტო წერილობით თხოვნაზე გიპასუხებთ, არამედ ფოტოების შესახებაც. მაგალითად, შეგიძლიათ ჩატბატს მაცივრის შიგთავსის ფოტო მიაწოდოთ და ის ყველა რეცეპტს ჩამოგიწერთ, რისი მომზადებაც იმ პროდუქციისაგან შეიძლება, რაც მაცივარშია. შეგიძლიათ რომელიმე მიმის ფოტო აჩვენოთ და ჰკითხოთ, რატომ არის ის სასაცილო, და ხელოვნური ინტელექტი კი აგიხსნით.

- პირადად სულაც არ მინდა ჩემ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი აზროვნებდეს. მე მინდა ის სხვა სიკეთეში გამოვიყენოთ.

- ასეც იქნება. მთავარი ის არის, რომ ადამიანმა იცის, რა არის მისთვის უკეთესი. მეცნიერებაც ამაზე იმუშავებს.

2023 წელს:

  • დედამიწაზე­ დაბრუნდა კაფსულა ასტეროიდ ბენუდან, რომელიც იქ ნასამ 2015 წელს გაუშვა. 7 წლის შემდეგ კაფსულამ ასტეროიდიდან მისი შემადგენელი ნივთიერებები ჩამოიტანა: სულ 250 გრამი, მაგრამ ამან ის ინფორმაცია მოგვცა ასტეროიდზე, რომელსაც მეცნიერები კარგა ხანს ელოდნენ...

  • დედამიწაზე პირველად დააფიქსირეს ირმის ნახტომიდან მოსული ნეიტრინო, ე.წ. მოჩვენება ნაწილაკი. მას აქვს პოტენცია, კოსმოსიდან "მოგვაწოდოს" ის ინფორმაცია, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით. მათ შორის შავ ხვრელებსა და მათ ჰორიზონტს მიღმა მომხდარ მოვლენებზე,…რაც ჯერ აუხსნელია.

  • მეცნიერებმა 46 000 წლის წინ გაყინული ჭიების გაცოცხლება შეძლეს. თუკი მოხერხდება 46 000 წლის წინანდელი ორგანიზმების გენეტიკის გადატანა სხვა ორგანიზმებში, იქნებ კრიპტობიოზი (ანუ ექსტრემალურ პირობებში "დაძინება" და დიდი დროის შემდეგ გაღვიძება) ადამიანისთვისაც შესაძლებელი გახდეს...

  • მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს. მათი ექსპერიმენტებით ვირთხების ეპიგენეტიკურმა ასაკმა ახალგაზრდობისაკენ 67,4 პროცენტით "გადაიწია"... სააფთიაქო ქსელში მალე გამოჩნდება ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი მედიკამენტიც.

  • ჩინელი მეცნიერების ექსპერიმენტებით პირველი ქიმერა დაიბადა. მათ ერთი სახეობის მაიმუნს ემბრიონულ ფაზაში გენეტიკურად განსხვავებული მაიმუნის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, შედეგად დაიბადა ქიმერა, რომელსაც 67% მეორე მაიმუნის უჯრედები ჰქონდა.

  • ნიუ-იორკის კლინიკაში პირველად გაკეთდა ოპერაცია, რომლის წარმოდგენაც კი რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. ამ ოპერაციით პაციენტს სახის ნახევარი გადაუნერგეს თვალთან ერთად.

  • იაპო­ნელებმა მიაგნეს უნიკალურ მეთოდს, რომელიც სიმსივნის მკურნალობაში აქამდე არ გამოყენებულა...

  • იაპონურმა სამედიცინო კომპანიამ დაამტკიცა მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის პროგრესირებას 27%-ით ანელებს.

  • ხელოვნური ინტელექტმა მსოფლიო მოიცვა...

ეთერ ერაძე