„ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება...“ - კვირის პალიტრა

„ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება...“

უკრაინაში ომი გრძელდება, სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილის ვარაუდით, მალე არც დასრულდება. თუმცა არის მოსაზრებაც, რომ 2024 წელს შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს და ამის სანაცვლოდ უკრაინა ევროკავშირში გაწევრდეს. სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების არ სჯერა პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლის აზრით, უკრაინაში დაღვრილი ამდენი ადამიანის სისხლი, ამხელა მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის და უკრაინა გაიმარჯვებს. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2024 წელს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გვესაუბრება.

- უკრაინაში ომი კარგა ხანს გაგრძელდება. წინსვლას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს. სამხრეთის მიმართულებაზე­ უკრაინის მხარეს არის უპირატესობა, აღმოსავლეთის მიმართულებაზე - რუსეთის, მაგრამ არც ერთს არა აქვს ისეთი უპირატესობა, მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს. ეს დრონების, რაკეტების ომია, რაშიც დიდი პოტენციალი აქვს რუსეთს, მაგრამ უკრაინამაც დაიწყო პასუხის გაცემა. ერთ-ერთი გასაღები, ალბათ, ის არის, რომ უკრაინაში წარმოებულ რაკეტებს წვდომის საკმარისად დიდი მანძილი აქვს და ამას უფრო დახვეწენ. უკრაინამ უნდა დაიწყოს რუსეთის დიდი ქალაქების, მოსკოვის, როსტოვის და ა.შ. უფრო ინტენსიური დაბომბვა რაკეტებით. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, შეიძლება უცებ შეიცვალოს რაღაც, შეიძლება სტაგნაცია დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ორივეს საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით, უკრაინას. მას დამატებითი ცოცხალი ძალაც სჭირდება, რუსეთმა კი უკვე სამჯერ განაახლა.

სარაკეტო დარტყმებს, დრონულ თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე კრემლი ისევ გააგრძელებს, მაგრამ უკრაინაც ნელ-ნელა უმატებს სარაკეტო დარტყმებს. შეიძლება ჯერ მოსკოვს ვერ სწვდებიან თავიანთი რაკეტებით ისე, რომ დააზარალონ, მაგრამ დაიბომბა როსტოვი, ახლახან ბელგოროდიც. ვფიქრობ, 2024 წელს სამიზნე მოსკოვი იქნება. რუსეთი ამ ზამთარს სახმელეთო შეტევაზე ვერ გადავა, ამიტომ შეეცდება გაახშიროს სარაკეტო დარტყმები, გეოგრაფია გაზარდოს. აქამდე კიევსა და ხარკოვზე იყვნენ ფოკუსირებული, ახლა არეალი გაზარდეს, მაგრამ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ აგრესორს იმავეთი უპასუხოს.

- ელოდით, რომ ომი ასე გაჭიანურდებოდა?

- პირველივე დღიდან ვამბობდი, მალე არ დამთავრდებოდა. რუსეთის დამარცხება უფრო გრძელი, გამოფიტული­ ომით იქნება შესაძლებელი. თუ ომების ისტორიას გადავხედავთ, მალე არც ერთი არ დასრულებულა. მეორე მსოფლიო ომში გერმანიას მთელი მსოფლიო ეომებოდა და ლამის 7 წელი დასჭირდა მის დამარცხებას. რუსეთი მარტო არ არის და გაცილებით დიდი რესურსები აქვს, ვიდრე ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა. გავიხსენოთ, რამდენ ხანს გაგრძელდა ვიეტნამის ომი, მერე ავღანეთის პირველი და მეორე ომები. ამ ომსაც დრო სჭირდება და, რა თქმა უნდა, დასავლეთის კონსოლიდაცია, მეტი პოლიტიკური წნეხი რუსეთზე.უკრაინას კვლავაც უნდა დაეხმარონ, რადგან ამ ომში დასავლეთიც დამარცხდება­... გამარჯვების დეფინიციაც კარგა ხანია შეიცვალა. ახლა საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს ის ოკუპირებული­ ტერიტორია, რისი დაკავებაც მოახერხა. უკრაინისთვის დამარცხება იქნება, თუ დაკავებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. უკრაინისთვის. რაც მეტ დახმარებას­ მიიღებს, უფრო მეტია შანსი, რომ ომი მალე დამთავრდეს, ხოლო ნაკლები დახმარების გამო უფრო დიდხანს გაგრძელდება.

- რითაც ეხმარებიან უკრაინას, არ არის საკმარისი?

- დიახ, არ არის. უკრაინა ცდილობს თავისი სამხედრო მრეწველობა იმ დონეზე აიყვანოს, რომ მთლიანად არ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე. რუსეთის ეკონომიკა მთლიანად გადაეწყო ომის რელსებზე, უკრაინაც, მაგრამ დასავლეთი არ არის ომის რელსებზე, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინამ მალე გაიმარჯვოს. მაგრამ დასავლეთშიც აზრები გაიყო. არის კატეგორია, რომელიც ამბობს, უკრაინა გადარჩა, ახლა რუსეთი რაღა საფრთხეა, არაფრის თავი აღარ აქვსო, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ცდება. რუსეთი ყოველთვის საფრთხეა, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამბობს, უკრაინას უნდა დავეხმაროთ ტერიტორიების ბოლომდე დეოკუპაციამდე, რათა ევროპას ერთხელ და სამუდამოდ უსაფრთხოების მყარი გარანტია ჰქონდესო. ნატოს წევრი ისეთი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას, ვფიქრობ, რუსეთს მოუწევს უკრაინის ტერიტორიების დათმობა.

omia-1705241279.jpg

- მობილიზაცია ორივე მხარემ გამოაცხადა, რუსეთი 300 000 კაცის მობილიზაციას აპირებს, უკრაინა - 500 000-ის. ეს ნიშნავს, რომ ვითარება უფრო გამწვავდება?

- ორივეს უჭირს. რუსეთმა სამჯერ ჩაატარა მობილიზაცია, მაგრამ რუსეთს რა უპირატესობაც აქვს, ის უკრაინას არა აქვს. რუსეთს შეუძლია ყველანაირი მომზადების, შეიარაღების გარეშე გაუშვას ომში თავისი მოქალაქეები და დახოცოს. ჩვენ ეს ვიხილეთ ბახმუტში, ავდეევკაში. ერთი სოფლის დაკავებაშიც კი ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს. არადა, ომში ყველაზე დიდი სიმდიდრე ცოცხალი ძალა, ჯარისკაცია. რუსეთმა თავიდან პროფესიონალი ჯარისკაცები გაუშვა ამ ომში, მაგრამ მათი 85% უკვე განადგურებულია - ეს თამამად შეიძლება ითქვას.

ისიც ფაქტია, რომ რუსეთსაც ელევა რესურსი,­ მათხოვრების, ბომჟების, რეგიონებიდან ფულის გამო მიზიდული ხალხიც ილევა, იღუპებიან და პრობლემა შეექმნება, როცა ძალით დაიწყებს ხალხის გაწვევას. მათთვის დიდი ფული იყო ის, რასაც აძლევდნენ. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც 1000 დოლარი მილიონი ჰგონია და ამიტომ წავიდნენ ომში, მაგრამ მათი დიდი ნაწილი დახოცილია. უკვე ადამიანური რესურსის პრობლემა აქვს და მიადგება დიდ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობას ფულით ვერ მოისყიდის, პატრიოტიზმით აპელირება კი არ ამართლებს. რუსეთში შიდა აფეთქებისაც ეშინიათ.

რაც შეეხება უკრაინას, ომამდე მას არ ჰყავდა საომრად მომზადებული საკმარისად რეზერვისტები. ახლა სჭირდება ხალხის ის რაოდენობა, რომლის მომზადებასაც სწრაფად შეძლებს, რადგან ბრძოლის ხაზზე მყოფთ როტაცია სჭირდებათ, ვინც იბრძვის, მათ უნდა მისცენ 2-3 თვე დასასვენებლად. სანაცვლოდ უნდა ჰყავდეს ისეთი მომზადებული ქვედანაყოფები, რომლებითაც მათ ჩაანაცვლებს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ საბრძოლო-სასწავლო ცენტრები ყოველთვის სამიზნეა მტრისთვის, მიუხედავად ამისა, უკრაინამ მომზადება უკვე დაიწყო. ეს ქვედანაყოფები ბრძოლაში ისე უნდა შეიყვანოს, რომ არ შეშინდეს, არ დაემართოს სტრესი. მაგალითად, მოამზადე ერთი ქვეითი ოცეული? ის კი არ უნდა გაუშვა ბრძოლის წინა ხაზზე, ბახმუტსა და ავდეევკაში, არამედ ბელარუსიის საზღვარზე, სადაც საფრთხე არის, მაგრამ ისეთი ინტენსიური ბრძოლა არ არის, როგორიც, ვთქვათ, ბახმუტში. ასე, ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს ქვედანაყოფი და მერე წაიყვანო წინა ხაზზე. უკრაინას შეუძლია იმდენი რეზერვისტის მომზადება, რამდენის ჩაცმა, დახურვა და აღჭურვაც შეუძლია. საამისოდ რამდენიმე თვე დასჭირდება. ინფრასტრუქტურაც უკვე მოამზადეს გრძელვადიანი ომისთვის. თუ საქმეში ჩაერთვებიან ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი, რომლებსაც სასწავლო ცენტრები აქვთ, უკრაინა უფრო მალე მოამზადებს ქვედანაყოფებს. როცა ომი დაიწყო, თავიდან ხალხში ბრძოლის ჟინი იყო, მაგრამ ეს ნელ-ნელა ცხრება. მეომრად იბადება საზოგადოების 1%, უკრაინამ დანარჩენი მოქალაქეებისგან უნდა გამოიყვანოს ჯარისკაცი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სისტემა უნდა შექმნა, მოამზადო, კარგად აღჭურვო და როცა ჯარისკაცი მომზადებულია, საბრძოლოდ ჟინიც აქვს. რუსული მეთოდით უკრაინა ვერ იმოქმედებს, მოუმზადებელ ხალხს ვერ გაიყვანს დასახოცად ბრძოლის ველზე, ამიტომ თანამედროვე მეთოდებით უნდა იმოქმედოს.

- როგორც ამბობენ, შეიძლება ზელენსკი აიძულონ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი და ამის სანაცვლოდ მიიღონ ევროკავშირში?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამის ალბათობა მცირეა. უკრაინამ უკვე იმხელა მსხვერპლი გაიღო, ზელენსკიმ შეძლო მთელი ერის მობილიზება და ფაქტობრივად გამარჯვებამდე მიიყვანა და ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სწორი. თუკი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს, რა უნდა უთხრას იმ ოჯახებს, რომელთა შვილები ომში დაიღუპნენ. თუკი კონფლიქტი გაიყინება, ვფიქრობ, იმიტომ, რომ ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ არც ამის ალბათობას ვხედავ, რადგან ჯერ ორივე აგრძელებს ამ ომს. კი, რუსეთი ცდილობს აიძულოს უკრაინა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, მაგრამ, ვფიქრობ, პროცესი უფრო სხვაგვარად წარიმართება, ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. ასეთ გრძელვადიან ომში ერთი სოფელი აქეთ იქნება თუ იქით, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს ვერც რუსეთს მოაგებინებს ომს და ვერც უკრაინას. გააჩნია იმასაც, რა ფასად გიჯდება ეს. ჯერჯერობით რუსეთმა მოულოდნელი მზადყოფნა აჩვენა, იმხელა მსხვერპლი გაიღო ბახმუტისა და ავდეევკისთვის, ვფიქრობ, როცა ამ ომის ისტორია დაიწერება, ალბათ, ეს ციფრი დაუჯერებელი იქნება. წარმოუდგენელია ამხელა მსხვერპლის გაღება ასეთი დასახლებული ტერიტორიისთვის, თან 21-ე საუკუნეში, დრონებისა და რაკეტების ეპოქაში. ვერც გავიგებთ, ალბათ, დახოცილების ზუსტ რაოდენობას, დამალავენ რუსები. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სანაც­ვლოდ უკრაინას ევროკავშირში გაწევრების საშუალებას მისცემს რუსეთი, არა, რუსეთი არავის არაფრის საშუალებას არ მისცემს ან ვინ ეკითხება რუსეთს,­ ვინ გაწევრდება ევროკავშირში. როცა საჭიროდ მიიჩნიეს, საქართველოსაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ეს არც ოპოზიციის დამსახურებაა და არც ხელისუფლების, ნუ იბრალებენ. საქართველო რომ არ აღმოჩენილიყო რუსეთის გავლენის სფეროში, ამიტომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.

- იმასაც ამბობენ, რომ უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკი ავტორიტეტს კარგავს. კიევში რეიტინგს იკრებს გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელმაც პოპულარობით შეიძლება ზელენსკის აჯობოს. 2024 წელს რომ არჩევნები ჩატარდეს, ზალუჟნიმ შეიძლება გაიმარჯვოსო.

- ზელენსკის მთავრობით უკმაყოფილო ბევრია უკრაინაში, ბუნებრივია, ზალუჟნი უფრო პოპულარულია, რადგან ის ომს ხელმძღვანელობს. ახლა არ იქნება სწორი პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართვა, მან დღეს გამარჯვებაზე უნდა იფიქროს. დიახ, უკრაინის მთავრობა იდეალური არ არის, არის იქ კორუფცია, რაღაც საკითხებში უმოქმედობაა და ამის შემხედვარე ძალიან ღიზიანდებიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც ომი უწევთ და მათი ტოლი ახალგაზრდები კი სასეირნოდ არიან. ამხელა ომია და რეზერვში არ არიან ჩართული. ბევრი რამ ვერ გააკეთა ზელენსკის მთავრობამ. რა თქმა უნდა, ზალუჟნის ავტორიტეტი ახლა მაღალი იქნება, რადგან პოლიტიკური ვითარება ვერა და ვერ დაჰბრალდება ზალუჟნის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ზალუჟნი ვერ შეასრულებს ზელენსკის როლს. ამიტომ რომც ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ ვითარებაში არც უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, ის მთავარსარდალია და უპირველესად ომი აქვს მოსაგები...

დასავლეთში ისეთი იდიოტები არ არიან, დაეჯერებინათ, რომ უკრაინა სწრაფად მოიგებდა ომსო. უბრალოდ, ახლა სხვა ფაქტორი გამოჩნდა, ისრაელის ომმა უკრაინის მხარდაჭერა ძალიან შეაფერხა. მიუხედავად ამისა, დასავლეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო ინვენტარს მიაწვდის. თუმცა იქაურ მოსახლეობას აინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკა რა დღეშია, საზღვარი რამდენად არის დაცული. მოკლედ, დასავლეთსაც არაერთი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. მაგრამ ვიმეორებ, უკრაინის გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, უდიდესი სტრატეგიული საკითხია. უკრაინის მარცხი დიდი კატასტროფა იქნება დასავლეთისთვის, ამიტომ დახმარებას ვერ შეწყვეტს.

მნიშვნელოვანია გლობალურ სცენაზე როგორ წარიმართება მოვლენები. წინ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებია.

სხვა რისკიც არის დასავლეთში. რუსეთი სწრაფად რომ დამარცხდეს, შეიძლება დაიშალოს და არავინ იცის, რა მოხდება. ამიტომ მათაც არ უნდათ რუსეთის უცებ დამარცხებაც. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ახლა ეს შეუძლებელი მგონია.

უკრაინასაც უწევს წელს არჩევნები, მაგრამ, ვფიქრობ, ვერ გაიმართება - რუსეთი საარჩევნო უბნებსაც ამოიღებს მიზანში. ბევრი საფრთხეა გასათვალისწინებელი და ვნახოთ, რა იქნება. ფაქტია, ეს ომი მალე არ დამთავრდება.