სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი წიგნი არჩეულია - კვირის პალიტრა

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი წიგნი არჩეულია

15 იანვრიდან შესაძლებლობა გაქვთ, წინასწარ ონლაინ შეუკვეთოთ ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სერიის ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გაგრძელება ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". სერიის პირველი წიგნი უკვე ცნობილია - ეს არის ანე ფრანკის "უკანა სახლი - დღიური წერილების სახით", რომელიც 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია.

გამოცემა წიგნის მაღაზიებში 19 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა მანამდე შანსი გაქვთ, ის ექსკლუზიურად, სტამბიდან პირდაპირ თქვენი წიგნის თაროზე აღმოჩნდეს. დაიწყეთ თანამედროვე მკითხველის ბიბლიოთეკის შევსება ონლაინ და წიგნს სასურველ მისამართზე მოგიტანენ.

და ეს ყველაფერი არ არის - გამომცემლობა "პალიტრა L"-მა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა მათ, ვინც წიგნს წინასწარ ონლაინ შეიძენს. წინასწარი შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებთ ორ მოსაწვევს სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

ანე ფრანკის "უკანა სახლი - დღიური წერილების სახით" არის ნაწარმოები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს და ის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი. თუმცა­ მნიშვნელოვანია ისიც, რომ "პალიტრა L"-ის ეს გამოცემა განსაკუთრებულია და ქართველი მკითხველისთვის გარკვეულწილად სიახლეცაა. მის შესახებ თავად გამო­მცემლობის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური გვესაუბრება:

"თითქმის რვა ათეული წელი გავიდა იმ დღიდან, რაც წიგნად გამოიცა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფაშიზმის მილიონთაგან ერთი მსხვერპლის, 15 წლის ებრაელი­ გოგონას სულისშემძვრელი ამბავი. ამ წლების განმავლობაში წიგნი ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და მისი მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. დაახლოებით სამოცი წლის წინ წიგნს გაეცნო ქართველი მკითხველიც და მას შემდეგ არ დაუკარგავს მისდამი ინტერესი. თუმცა არის გარემოებები, რომელთა გამოც ჩვენს ახალ გამოცემას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ განსაკუთრებული. საქმე ის არის, რომ "ანე ფრანკის დღიურის" სახელით ცნობილი გამოცემა, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა ქართულად, ეფუძნება ოტო ფრანკის, დღიურის ავტორი გოგონას მამის მიერ მომზადებულ შემოკლებულ ვერსიას. მამის მიერ ტექსტის შემოკლებას ჰქონდა მორალურ-ეთიკური მიზეზები - ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ., უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრული­ და ავთენტური. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად და, რაც ასევე­ მნიშვნელოვანია, ითარგმნა თარგმანიდან. სწორედ ამით აიხსნება ჩანაწერების ავტორი გოგონას სახელის შეცვლილი ვერსიის დამკვიდრებაც. Anneliese Marie Frank - ასე ერქვა გოგონას, რომელიც ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის საიდუმლო ნაწილში ოჯახსა და ახლობლებთან ერთად ორ წელიწადზე მეტხანს ემალებოდა ფაშისტების დევნას და საბოლოოდ მაინც ვერ დააღწია თავი...

1980-იანი წლებიდან ჩანაწერების ცხოვრება, შეიძლება ითქვას, თავიდან დაიწყო. ბაზელში მდებარე ანე ფრანკის ფონდმა, რომელსაც ოტო ფრანკმა თავისი ქალიშვილის საავტორო უფლებები უანდერძა, გადაწყვიტა, მის ხელთ არსებული ტექსტების სრული ვარიანტი გამოექვეყნებინა. ეს საქმე დაევალა მწერალსა და მთარგმნელს მირიამ პრესლერს. მისი რედაქცია, რომელიც ანე ფრანკის ფონდმა მოიწონა, ძველ ვარიანტზე მეოთხედით მეტი გამოვიდა და, შესაბამისად, მკითხველს საშუალება მიეცა, უფრო ღრმად ჩაეხედა ანე ფრანკის სამყაროში. ამ ვერსიის ქართველ მკითხველამდე მიტანაზე იზრუნა და ძალიან დიდი ღვაწლი დასდო ცნობილმა ბელგიელმა ლიტერატორმა, ქართული ლიტერატურის დიდმა გულშემატკივარმა და მოამაგემ ინგ­რიდ დეხრავემ, რომლის მონდომებითაც 2012 წელს ქართულად, პირველად დედნიდან, ნიდერლანდური ენიდან ითარგმნა ანეს ჩანაწერების სრული, დაზუსტებული და შევსებული ვერსია, რომლის სახელწოდებაც არის "უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების სახით". ეს თარგმანი შეასრულა ნიდერლანდური ენიდან საუკეთესო მთარგმნელმა დავით ღოლიჯაშვილმა, მალე გამოიცა კიდეც, თუმცა ძალიან მცირე ტირაჟით. ასე რომ, ახლა პირველად შეიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი­ წიგნი, ფაშიზმის ბოროტების ამსახველი ყველაზე გულწრფელი და შთამბეჭდავი ამბავი, ქართველმა მკითხველმაც შეუზღუდავად გაიცნოს. გარდა ამისა, გვინდა ავტორსაც "დაუბრუნდეს" თავისი სახელი სწორი ფორმით და წიგნს სწორედ ამიტომ აწერია "ანე ფრანკი". სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ეს განსაკუთრებული გამოცემაა", - ამბობს მაია ალუდაური.

ანე ფრანკის ჩანაწერები იმდენად გულწ­რფელი და რეალისტურია, იმდენად კარგად ასახავს იმ პერიოდის ყოფას,­ რომ მართლაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ეს უმნიშვნელოვანესი­ წიგნია ომის, სისასტიკისა და ამ ყველაფე­რთან ერთად მცხოვრები ადამიანების შესახებ. ის ნამდვილად არის ის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს. სწორედ­ ამიტომ არ კარგავს გოგონას ჩანაწერები აქტუალურობას და ქართველი­ მკითხველის სიყვარულს. ის საზოგადოების მაღალი აქტივობის შედეგად შეირჩა, როგორც თანამედროვე ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამორჩეული და ახალი სერიის პირველი წიგნი.პროექტის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გამოცდილებიდან გამომდინარე, 15 წლის შემდეგ­ ახალი პროექტის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი თანამედროვე მკითხველის ლიტერატ­ურული სურვილებისა და ინტერესების გარკვევაც იყო - საინტერესოდ მივიჩნიეთ იმის გაგება, თუ რას კითხულობს ან რისი წაკითხვა სურს მკითხველს. ამ 15 წელიწადში შეიცვალა თაობა, გადაფასდა პრიორიტეტები და, ცხადია, ამ ცვლილებასთან ერთად მკითხველის გემოვნება და ქცევაც. შეიცვალა მკითხველის გამოკითხვის ფორმებიც. ახალმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა საშუალება მოგვცა გამოკითხვა 90% ონლაინსერვისებით ჩაგვეტარებინა. მკითხველს კონკრეტული ავტორისა და ტექსტის დასახელების გარდა, შესაძლებლობა ჰქონდა გამოეხატა საკუთარი აზრი და დაესაბუთებინა თავისი არჩევანის მართებულობა. მერვე თვეა მიმდინარეობს გამოკითხვა და შედეგები უკვე გვაქვს: მკითხველის ხმათა უმრავლესობით შევარჩიეთ პირველი წიგნი და დარწმუნებული ვარ, მკითხველის აქტიურობითა და ჩართულობით პროცესი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, რაც საბოლოოდ საინტერესო წიგნების შერჩევისა და გამოცემის შესაძლებლობას მოგვცემს", - განმარტავს ჰოლდინგ "პალიტრამედიის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.