„ჩემი „ფეტო“ დაიღუპა მტრის პირისპირ, ისე როგორც მას ეკადრებოდა...“
როგორც თანამებრძოლები ამბობენ, ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან, ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდა. 45 წლის სერჟანტმა თანამებრძოლებთან ერთად მხოლოდ ავტომატით შეიარაღებულმა გაიარა რამდენიმე კილომეტრი, დანაღმული ველი და ისე, რომ თავზე რუსების დრონები დასტრიალებდა, იერიში მიიტანა მტრის პოზიციაზე. ალბათ, ამბავი გეცნოთ, ასეც უნდა იყოს - რამაზ ფეტელავა ის მეომარია, რომელიც ბექა ლომაშვილთან ერთად გმირულად დაეცა დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს. ბექას შესახებ უკვე გიამბეთ, რაც შეეხება რამაზს, ის უკრაინაში რვა თვის განმავლობაში ებრძოდა რუსულ აგრესიას. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, 19 წელი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი პენსიაში გასვლამდე. მიატოვა კარიერა და უკრაინაში საქართველოს სახელით მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. მის შესახებ უფრო მეტს ძმა, დავით ფეტელავა და თანამებრძოლები, არჩილ ხოფერია და გვანცა გელაშვილი გვიამბობენ.
"მთელი ბავშვობა იმაზე ოცნებაში გაატარა, როგორ ამარცხებდა მტერს"
დავით ფეტელავა: - ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, რამაზი 14 წლის იყო, ოჯახის დატოვებამ რომ მოუწია. მთელი ბავშვობა იმაზე ოცნებაში გაატარა, როგორ ამარცხებდა მტერს და როგორ ბრუნდებოდა საკუთარ სახლში. ჯარშიც ამ მოტივით წავიდა. პატიოსანი, შრომისმოყვარე, უთქმელი ადამიანი იყო. როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანი, ყველაფერს აკეთებდა ოჯახისთვის, მზრუნველი შვილი, ძმა, მეუღლე და მამა იყო, თუმცა მისთვის სამშობლო ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. ჯარშიც იდეის გამო წავიდა. თუ რამე მისია იყო, ყველგან მონაწილეობდა. ამბობდა, მეტი გამოცდილება შევიძინო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ჩემი წვლილი შევიტანოო. 2008 წლის ომშიც მიიღო მონაწილეობა. ძალიან გაუჭირდა მაშინ მარცხთან შეგუება. რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, მაშინ თქვა, მტერთან გასწორების დრო მოვიდაო.
- ისიც სხვების მსგავსად ოჯახის წევრებისგან მალულად წავიდა უკრაინაში?
- კი, ჩემი ძმაც ოჯახისგან მალულად წავიდა ომში. მეუღლემ სამი თუ ოთხი თვის შემდეგ გაიგო, დედამ კი ბოლო მომენტამდე არაფერი იცოდა, გერმანიაში ეგონა. არც ნათესავებმა იცოდნენ. ხალხი გაოცებული გვეკითხებოდა, როდის წავიდაო?
- უკრაინიდან, ალბათ, ხშირად გეხმიანებოდათ. რა იყო საუბრის უმთავრესი თემა?
- ფრონტის ხაზის ამბებს არ მიყვებოდა, ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, თუმცა სულ კარგ, იმედიან განწყობაზე იყო. ამბობდა, რომ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებდით. წარმოდგენილი ჰქონდა, რას გააკეთებდა, იქ რომ ჩავიდოდა. ყველა ის ადგილი უნდა მოვიარო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მენატრებოდაო. ძალიან უნდოდა სახლში დაბრუნება! ზუსტად იმ დღეს მომწერა, როდესაც დაიღუპა, მომიკითხა, დედაც მოიკითხა, გვითხრა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- იმ ოპერაციის შესახებ რა იცით?
- როგორც ვიცი, დაჭრილების და დაღუპულების გამოსაყვანად შევიდა ძალიან რთულ ადგილზე. რუსები იმ ადგილს 2014 წლიდან ამაგრებდნენ. ვიცი, რომ ჩემი ძმა ყოველთვის წინა ხაზზე იყო, ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი.
"ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც საკუთარ მამაზე"
არჩილ ხოფერია: - რამაზთან ერთად 8 თვე გავატარე ლეგიონის ბაზაში. 6 აგვისტოს მოთხრობა დავწერე, რომლის პროტოტიპი სერჟანტი ფეტელავა იყო. გვერდიგვერდ გვეძინა ბაზაში, ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც საკუთარ მამაზე, ხან ლოგინს მირჩევდა, ხან როცა გუშაგობის დრო მოდიოდა, არ მაღვიძებდა ან საერთოდ, არ მსვამდა სიაში. ხან რაღაც წვრილმანს მაჩუქებდა სამხედრო აღჭურვილობიდან და როცა მეც რაღაცას ვაჩუქებდი, ბავშვივით უხაროდა... ჰოდა, ჩემი "ფეტო" დაიღუპა მტრის სანგარში, მტრის პირისპირ, ისე როგორც მას ეკადრებოდა, ნამდვილ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც 19 წელი ერთგულად ემსახურა სამშობლოს, სადაც კი მისი ქვეყნის ინტერესებს სჭირდებოდა და ბოლოს უკრაინაში აღესრულა მის დაუძინებელ მტერთან ბრძოლაში ერთიანი საქართველოსთვის. წვანან ახლა ვალმოხდილები რამაზი და ბექა გვერდიგვერდ, ცივ მიწაში ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები. "ფეტოს", ალბათ, გრძელი წვერი მკერდზე აქვს მიყინული. მგონი, თვალები ღია აქვს, ისევ შეტევას უყურებს და ჩვენს ბიჭებს ეძებს, ბექას კი ღიმილი სახეზე შეჰყინვია, ის ღიმილი, როცა გადავეხვიე და ვუთხარი, აბა შენ იცი, ბიძია-მეთქი. გამიღიმა და წავიდა...
„ვეღარ აღვნიშნეთ ერთად დაბადების დღე..."
გვანცა გელაშვილი: - რამაზი ჩემი ათმეთაური იყო, ღირსეული ადამიანი. ყველანი ფეტოს ეძახდნენ, მე - რამზოს. ვერასდროს შეამჩნევდი, რომ სამხედრო წოდებით ჩვენზე მაღლა იდგა, არც ტრაბახი უყვარდა. სამხედრო საქმის უბადლო მცოდნე იყო. არ არსებობდა საკითხი, რაზეც საუბარი ან რისი ახსნაც არ შეეძლო. ჩვენი ბიჭები ამბობდნენ იმ დღეს, ჯარისკაცის ეტალონი იყოო. მართლაც ასეთი იყო.
ძალიან კეთილი იყო. 19 წელი არმიაში იმსახურა, აგვისტოს ომიც გამოიარა, წესით, ხისტი და უხეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდა. ყველა ეცოდებოდა, ყველას ეხმარებოდა. სულ ცდილობდა სხვებივით არ დავეტვირთე. როგორც გოგო ვეცოდებოდი. ვეტყოდი ხოლმე, რამზო, არ დამზოგო-მეთქი. ბრძოლის ველზეც ასეთი იყო, ყველას დაცვას ცდილობდა... სულ აფხაზეთზე ლაპარაკობდა. დარწმუნებული იყო, რომ თავის სახლში დაბრუნდებოდა. ეს მისი ყველაზე მთავარი მიზანი იყო. ვიდრე ბრძოლის ველზე დაეცემოდა, ერთი თვით ადრე, გაირკვა, რომ ორივეს 7 დეკემბერს გვქონდა დაბადების დღე. მითხრა, ერთად აღვნიშნოთ, სურვილი ჩავიფიქროთო. ორივეს ერთი ნატვრა გვქონდა - რუსეთის დამარცხება უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ვეღარ აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე, სურვილი კი მაინც ჩავიფიქრე, ღმერთს ვთხოვე, ჩემი და რამზოს ნატვრა აეხდინა. ძალიან მინდა ჩვენი ბიჭების დაღვრილმა სისხლმა ამაოდ არ ჩაიაროს. მტერმა პასუხი უნდა აგოს, აგებს კიდეც, აუცილებლად დადგება ეს დღე.
- ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ომით ორივე მხარე - რუსეთიც გადაიღალა და უკრაინაც. თქვენი ბიჭების, ფეტელავასა და ლომაშვილის განწყობა როგორი იყო, რას ამბობდნენ, ან თქვენ რას ფიქრობთ გაჭიანურებული ომის შესახებ?
- მე არ ვიცი, ვინ გადაიღალა, ჩვენ არ დავღლილვართ, რაც დრო გადის, რაც უფრო მეტი ძმა გვაკლდება, ჩვენი ბრძოლის სურვილი და მოტივი უფრო იზრდება. ფეტელავასაც და ლომაშვილსაც სულ ჰქონდათ ბრძოლის ჟინი, ყოველთვის აქეთ გვამხნევებდნენ და სულ გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
- ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- ბაზიდან რომ გავაცილე... მითხრა, შემდეგ ოპერაციაზე ერთად წავალთო. ისეთი პროფესიონალი იყო, არ მეგონა, თუ თავის გადარჩენას ვერ შეძლებდა. ნეტავ მეც იქ ვყოფილიყავი...
ხათუნა ბახტურიძე