მაცივარში პროდუქტის სწორად შენახვის წესები - ეს ყველა დიასახლისმა უნდა წაიკითხოს! - კვირის პალიტრა

მაცივარში პროდუქტის სწორად შენახვის წესები - ეს ყველა დიასახლისმა უნდა წაიკითხოს!

მაცივარი და მასში პროდუქტების სწორად შენახვა, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესია, თუმცა ყურადღებასა და ცოდნასაც მოითხოვს, რადგან პროდუქტის არასწორად შენახვის შემთხვევაში არსებობს სურსათის დაბინძურების რისკი­. ჯვარედინი დაბინძურება შესაძლებელია ძალ­იან მარტივად მოხდეს, რაც ჩვენი ჯანმრთე­ლობისთვის პოტენციურად მავნეს­ ხდის პროდუქტს. როგორ შევინახოთ სწორად­ და რა ვადით, ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტ ირაკლი არაბულთან­ ვისაუბრებთ, თქვენ კი შეამოწმეთ, რამდენად სწორად ათავსებთ ამა თუ იმ პროდუქტს თქვენს მაცივრებში.

- მაცივარში პროდუქტების შენახვის რამდენიმე წესი არსებობს. უმი სურსათი (ხორცპროდუქტები, ქათმის პროდუქტები) აუცილებელია შევინახოთ მაცივრის უკიდურეს ქვედა თაროზე, რათა გამოვრიცხოთ უმი სურსათისგან მზა სურსათის დაბინძურების რისკი. ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში, თუ არასწორად განვალაგებთ უმ სურსათს, კერძოდ, ზედა თაროზე, მან შეიძლება წვეთა დაიწყოს და დააბინძუროს უკვე მზა სურსათი, რომელიც შემდგომ თერმულ დამუშავებას აღარ გაივლის და მივიღებთ პოტენციურად მავნე სურსათს.

უმი სურსათი უნდა განვათავსოთ მრავალჯერად კონტეინერში. არ შეიძლება მისი პარკში მოთავსება, რადგან თუ პარკი შემთხვევით გაიხა, გამონადენი სითხე მაცივრის თაროებს დააბინძურებს, ხოლო შემდეგ დაბინძურება სხვადასხვა ზედაპირზე გავრცელდება.

მზა სურსათი უნდა განვალაგოთ ზედა თაროებზე, აუცილებელია გამოვიყენოთ კონტეინერები და მომზადებისთვის გამზადებული პროდუქტები მათში ჩავალაგოთ. ისეთი პროდუქტები, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვს, უნდა შევინახოთ მჭიდროთავსახურიან კონტეინერში.

- რძის პროდუქტს სად ვინახავთ?

- ხაჭო, რძე, მაწონი და არაჟანი განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებია. მათ, ჩვეულებრივ, შენახვის განსაზღვრული­ ვადა აქვთ, მხოლოდ ულტრაპასტერიზებულ რძეს აქვს შენახვის ვადა 6 თვე ან ერთი წელი, მაგრამ გახსნის შემდეგ მაცივარში შეგვიძლია 48-72 საათის განმავლობაში შევინახოთ.

არ შეიძლება მაცივარში ძალიან ბევრი პროდუქტის მოთავსება, რადგან მასში ცივმა­ ჰაერმა უნდა შეძლოს ცირკულაცია, რათა ყველა ადგილზე მოხვდეს და ყველა ადგილას ტემპერატურა ერთნაირი იყოს.

მაცივრის და მასში შენახული პროდუქტების ოპტიმალური შენახვის ტემპერატურა არის 2-6°ჩ-ია. ამიტომ კარის გაღების დროს, რაც შეიძლება მალე უნდა ავიღოთ ან შევინახოთ ჩვენთვის სასურველი პროდ­უქტი, რათა ტემპერატურა არ აიწიოს. ამიტომ კარზე არსებული თარო, სადაც ხშირად კვერცხს ვინახავთ ხოლმე, არ არის რეკომენდებული კვერცხისა და სხვა მალფუჭებადი პროდუქტებისთვის, რადგან ამ ადგილას ყველაზე ხშირად იცვლება ტემპერატურა კარის გაღების დროს და ეს ცუდად მოქმედებს პროდუქტის შენახვის პირობებსა და მდგომარეობაზე. ამ ადგილას უნდა შევინახოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ არის მალფუჭებადი, მაგალითად, წვნები, სასმელები და ა.შ.

გავრცელებული მოსაზრება, რომ ცხელი კერძის შენახვა არ შეიძლება მაცივარში, იმიტომ, რომ გაფუჭდება, მართალია. მეტიც, უფრო რთულადაა საქმე - კერძი კი არა, თვითონ მაცივარი და შენახული სხვა პროდუქტები შეიძლება გაფუჭდეს. ამიტომ კერძი მომზადებიდან 2 საათის შემდეგ უნდა შევდგათ მაცივარში.

- საყინულეში როგორ ვანაწილებთ პროდუქტს?

- საყინულე მარტივი გამოსავალია იმ კერძების შენახვისთვის, რომელთაც არ ვიყენებთ იმ მომენტისთვის და გვსურს ვადის გახანგრძლივება. საყინულეში ვაწყობთ იმ პროდუქტებს, რომლებიც გაყინულ მდგომარეობაში შევიძინეთ. კერძს ან გამზადებულ ინგრედიენტებს აუცილებლად თავდახურულ კონტეინერში ვინახავთ. ასევე, თუ ხორცს გავყინავთ, სასურველია ისიც კონტეინერში გაიყინოს.

რაც შეეხება გაყინული ხორცის გალღობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია სურსათის უვნებლობისა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რათა პროდუქტი სწორად გალღვეს. არსებობს რამდენიმე უვნებელი მეთოდი ხორცის დეფროსტაციისთვის, გალღობისთვის: პირველი არის მინუს მაცივრიდან პლუს მაცივრის ქვედა თაროზე ჩამოტანა და მასზე გალღობა. ამ პროცესის დროს არ არსებობს პათოგენური მიკრორგანიზმების გამრავლების რისკი­, რადგან პროდუქტი სამაცივრე პირობებში ლღვება. მეორე მეთოდია იმ კონტეინერით, რაშიც მოთავსებულია ხორცი, ცივი წყლის ჭავლის ქვეშ გალღობა და ამას უფრო ცოტა დროს სჭირდება. თუ პირდაპირ მაღაზიიდან მოტანილი გაყინული ხორცის გალღ­ობა გვსურს, ქათმის, ღორის, საქონლის თუ თევზის, მაშინ შეფუთვის გახსნის გარეშე უნდა მოვათავსოთ ცივი წყლის ჭავლის ქვეშ, რომ სამზარეულო შხეფებით არ დაბინძურდეს.

კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ეს დიდ დროს საჭიროებს და რაც მთავარია, შესაძლებელია ბაქტერიები გამრავლდნენ. როგორც ცნობილია ბაქტერიები 10 გრადუსიდან +60 გრადუსამდე მრავლდებიან, გადაიქცევიან პათოგენურ ბაქტერიებად ანუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშად.

ასევე კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ხელმეორედ გაყინვა. ამით უარესდება ხორცის ფიზიკური მდგომარეობა, ის უფრო მეტი პათოგენური ბაქტერიით დაბინძურდება.

- ისეთი პროდუქტები, რომლებიც შინ მოვამზადეთ, მაგალითად, ხინკალი, პელმენი, კატლეტი, ტოლმა და გაყინვა გვსურს შემდგომში გამოყენებისთვის, მათ შენახვის პირობებიც გაგვაცანით.

- ასეთი პროდუქტები შეგვიძლია შევინახოთ საყინულე მაცივარში დაახლოებით ერთ თვემდე ვადით, რადგან ის ტემპერატურა, რომელიც ჩვენი მაცივრის საყინულეშია, -18 გრადუსი, მეტი დროით შენახვის საშუალებას არ იძლევა. თუ პროდუქტი ქარხნულია, შეგვიძლია 3 თვის ვადით (ან ეტიკეტზე დატანილი ვადის გასვლამდე) შევინახოთ.

- რატომ, ქარხანაში სხვანაირად ყინავენ?

- რა თქმა უნდა. ქარხნული წესით დამზადების დროს პროდუქტი შოკური გაყინვის მეთოდითაა გაყინული (-40 გრადუსი).

თუ წვნიან კერძებს ვინახავთ საყინულეში, რეკომენდებულია მცირე ულუფებად გაყინვა და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ იმ რაოდენობას ვიყენებთ, რომელიც გვჭირდება. ასე არ მოგვიხდება კერძის რამდენჯერმე გაცხელება, რაც არ არის რეკომენდებული.