ქართული სილამაზე საზღვრებს გარეთ...
ქართველების სილამაზე ოდითგანვე ცნობილია. ქართველების გარეგნულ მახასიათებლებზე არაერთხელ დაწერილა და ისტორიამაც შემოგვინახა ცნობები. უფრო ახლო წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, რამდენიმე ცნობილი ქალის უცნობი ან გახმაურებული ამბები გაგვახსენდება. "კვირის პალიტრის" მკითხველს ვთავაზობთ ისტორიებს სილამაზით განთქმული ქართველი ქალების ცხოვრებიდან.
"ფიდელ კასტროს ლია მიქაძისთვის ხელი უთხოვია, თუმცა მან კუბის ლიდერი უარით გაისტუმრა"
კუბის რევოლუციის ლიდერს ქართველი ტელეწამყვანი, სილამაზით განთქმული ლია მიქაძე შეუყვარდა. 1961 წელს 25 წლის ლია მიქაძე, რომელიც უკვე პოპულარული ტელეწამყვანი იყო, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად კუბაში გაემგზავრა, ჯგუფში ასევე იყვნენ გიორგი ტოვსტონოგოვი, აკაკი ხორავა და ა.შ. იმხანად კუბა რევოლუციის მეორე წლისთავს ზეიმობდა. ხოსე გრანტეს მოედანზე, სადაც ქართული დელეგაცია აღლუმს დაესწრო, ფიდელ კასტრო სიტყვით გამოვიდა. გადმოცემით, სწორედ იქ შენიშნა ლია მიქაძე და "ბონიტას" (ლამაზო) ძახილით ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. კასტროს იმდენი მოუხერხებია, პირადად გაუცნია ქართველი წამყვანი. იმხანად კუბის ლიდერს ცოლი არ ჰყავდა და ლია მიქაძით იმდენად მოხიბლულა, ხელი უთხოვია, თუმცა მან კუბის ლიდერი უარით გაისტუმრა.
სუხიშვილების მოცეკვავით აღფრთოვანებული ჯორჯ ბალანჩინი და ჰარი ბელაფონტე
სუხიშვილების ვარსკვლავს, მოცეკვავე ნინო კირვალიძეს ელიზაბეტ ტეილორს ამსგავსებდნენ, განსაკუთრებით დამატყვევებელი ფერის თვალებით. ნინო კირვალიძის სილამაზით არაერთი ცნობილი ადამიანი აღფრთოვანებულა. 2016 წელს "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში მოცეკვავე იხსენებს: "1961 წელს აშშ-ში ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი ჰარი ბელაფონტე დაესწრო ჩვენს გამოსვლას, გაგიჟდა, ისე მოეწონა და დაგვპატიჟა ლათინური ცეკვების კონცერტზე, შემდეგ კი სახლშიც მიგვიპატიჟა. წამოსვლის წინ თავისი ფირფიტა გამომიწოდა, გჩუქნიო, დავხედე და ზედ დაუწერია: "ჩემს ლამაზთვალება გოგოს"...1969 წელია, გერმანიაში გვაქვს გასტროლი, ზუსტად იმავე პერიოდში ჰქონდა გასტროლი ჯორჯ ბალანჩინსაც და ჩვენს კონცერტს დაესწრო მიუნხენში, კონცერტის შემდეგ დიდი წვეულება გაიმართა. ბალანჩინი ნინო რამიშვილთან მივიდა და უთხრა: "შეიძლება ამ გოგონასთან ერთად სურათი გადავიღოო? ნინომ ნება დართო, მომიახლოვდა ბალანჩინი, წელზე ხელი მომხვია და ფოტო გადავიღეთ. ჩვენს ნაციონალურ ცეკვებს ჩვენი გოგონები რომ ცეკვავენ, ეს თანდაყოლილი აქვს ჩვენს ჯიშსა და ჯილაგსო, ამბობდა კონცერტის შემდეგ ჯორჯ ბალანჩინი".
როგორ გაექცა ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე მისით მოხიბლულ ალენ დელონს
კინოფილმ "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში ლიკა ქავჟარაძეც გაემგზავრა. საფრანგეთში ყოფნის პერიოდს დაემთხვა მისი დაბადების დღე, რომელიც მსახიობს პარიზის ერთ რესტორანში აღუნიშნავს. საღამოს დასასრულს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის პარიზის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, მის წინ მანქანა გაჩერებულა. მანქანაში ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი მჯდარა. თავად ლიკა ქავჟარაძე ასე იხსენებდა ალენ დელონთან შეხვედრას: "მე ღამე მივდიოდი ქუჩაში, პარიზში. უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი, დალაპარაკება უნდოდა... მე უცებ შემეშინდა, შევხედე და მაშინვე გზა განვაგრძე. ამის შემდეგ ყველა მეუბნებოდა, როგორ არ გაეცანიო, მე ვერაფრით ვერ გავბედავდი".
"სოფი ლორენი უცებ სერგო ზაქარიაძესთან მივიდა და... კალთაში ჩაუჯდა"
2016 წელს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ცნობილი რეჟისორი გიზო ჟორდანია სერგო ზაქარიაძისა და სოფი ლორენის შეხვედრის პიკანტურ დეტალებს იხსენებს. გიზო ჟორდანია: "1965 წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო იტალიური კინოს მშვენება სოფი ლორენი და სახელგანთქმული "ჯარისკაცის მამა" - სერგო ზაქარიაძე. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი. პირველად დაჯილდოების ცერემონიალზე შეხვდნენ. ორივე მსახიობი კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ბევრი ისაუბრეს, ერთადაც ივახშმეს და რამდენიმე ფოტოც გადაიღეს. საზეიმო ვახშამი უზარმაზარ რესტორანში გაიმართა.
სოფი ცოტა მოშორებით იჯდა სერგოსგან, შემდეგ უცებ მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სერგო ზაქარიაძე იხსენებდა, ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა მოვეგე გონს და მოვეფერეო... ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, რესტორანში რა უნდა მექნაო, ხუმრობდა სერგო... სოფი ლორენი რომ კალთაში ჩაუჯდა, იმ დროს რა ემოციებმა იფეთქა სერგო ზაქარიაძის გულში, ეს არ ვიცით, მისი საიდუმლოება იყო".