„დელონი დელონის წინააღმდეგ“ - კვირის პალიტრა

„დელონი დელონის წინააღმდეგ“

2024 წელი ფრანგი კინოვარსკვლავის, ლეგენდარული მსახიობის, 88 წლის ალენ დელონის ოჯახში სკანდალით დაიწყო. მსახიობის უფროსი ვაჟი ენტონი დელონი დას მამაზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში­ ადანაშაულებს და სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ალენ დელონის შვილებს შორის ბრძოლა მემკვიდრეობას, კონკრეტულად კი 250 მილიონ ევროს ეხება. 59 წლის ენტონი დელონი მაშინ განრისხდა და მიმართა სამართალდამცავ ორგა­ნოს, როდესაც გაირკვა, რომ 33 წლის ანუშკა­ დელონმა დაუმალა მას და უმც­როს ძმას (29 წლის ალენ-ფაბიანს) მამის ჯანმრთელ­ობის მდგომარეობა, კონკრეტულად კი საუბარია­ კოგნიტურ (შემეცნებით) ტესტზე­, რომელიც მსახიობმა 2019-2022 წლებში შვეიცარიის კერძო კლინიკაში­ გაიარა და ხუთივე­ უშედეგოდ... ამ ინფორმაციის დამალვა გახდა­ დელონების ოჯახში განხეთქილების მიზეზი. როგორც უფროსი შვილი ამბობს, ახლო მყოფი პირები ალენის ფსიქოლოგიური მდგომარეობით სარგებლობენ და სურთ დაეუფლონ ფინანსურ აქტივებს. 4 იანვარს ენტონი დელონმა ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ ანუშკამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა და დავა სასამართლოში­ გაგრძელდება. როგორც მსახიობის შვილი განმარტავს, ტესტები ალენის ფსიქოლოგიურ სისუსტეზე მიუთითებს და ეს ინფორმაცია უნდა სცოდნოდათ მის ვაჟებსაც.

2023 წლის ივლისში დელონის შვილებმა მისი 60 წლის მომვლელი ჰირომი როლენი გააძევეს პარიზის შემოგარენში დელონის აგარაკიდან, მიზეზი კი სასტიკი მოპყრობა იყო მსახიობისა და მისი ძაღლის ლოუბოს მიმართ. ქალს ასევე ფულის მოპარვაშიც ადანაშაულებდნენ. დელონს როლენი 2019 წლიდან, ინსულტის გადატანის შემდეგ უვლიდა. ენტონი, ანუშკა და ალენ-ფაბიანი ეჭვობდნენ, რომ ჰირომი როლენს მსახიობის ქონების ხელში ჩაგდება სურდა, მაგრამ მომვლელი ქალი ბრალდებას უარყოფს. სამწუხაროდ, ბევრი დრო არ გასულა­ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც დედმამიშვილებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა, მიზეზი იგივე - ქონების ხელში ჩაგდებაა. "მამა სუსტადაა, ბევრს არ საუბრობს, და ღიზიანდება, როდესაც წინადადების გამეორებას ვთხოვთ. მისი ხმა აღარ არის ისეთი­ მკვეთრი და გასაგები", - ამბობს ენტონი დელონი.

სხვათა შორის, ალენ დელონმა ადვოკატ ქრისტოფ აიელას საშუალებით სწრაფად უპასუხა მედიაში გავრცელებულ შვილის განცხადებებს. ქრისტოფ აიელა აცხადებს, რომ "ალენს ძალიან აღიზიანებს ენტონის აგრესიულობა, რომელიც მუდმივად იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორ დაუძლურებულია ალენი. შოკირებულია ენტონის განცხადებების გამო".

ალენ დელონმა და მისმა ქალიშვილმა ანუშკამ ერთობლივი საჩივარი შეიტანეს სასამართლოში ენტონის წინააღმდეგ, მას ბრალს ცილისწამებასა და შევიწროებაში სდებენ. ადვოკატის თქმით, ენტონის ამ განცხადებებს მიზნად მამისა და ქალიშვილის ურთიერთობის გაფუჭება აქვს, რადგან მათ ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან.

4 იანვარს ენტონი დელონის ინტერვიუ ყველა საერთაშორისო მედიის განხილვის საგანი გახდა, მანამდე კი მედიაში გავრცელდა შობის დღეს გადაღებული ალენ დელონის ფოტო, რომელიც ანუშკამ საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე დადო. Eენტონი დელონის თქმით, ფრანგი მსახიობი თავს გაცილებით სუსტად გრძნობს, ვიდრე წინა წლებში, შობის დღეს მისული შვილისთვის კი უთქვამს, აღარ შემიძლია საკუთარ თავს ასე დასუსტებულს ვუყურო, ეს შესაძლოა ჩემი უკანასკნელი შობა იყოსო.

ალენი და რომი

delon-1705256241.jpg

2008 წელს "სეზარის" დაჯილდოებაზე­ ალენმა რომი შნაიდერი ამ სიტყვებით გაიხსენა: "წლეულს შენ 70 წელი შეგისრულდებოდა, ძალიან მენატრები, იმიტომ, რომ ჩვენ 50 წლის წინ დავინიშნეთ, იმიტომ, რომ 40 წლის წინ ჩვენ ერთად გავცურეთ ფილმში "აუზი", იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, იმიტომ, რომ ბედნიერები ვიყავით". რომიმ და ალენმა ერთმანეთი­ 1958 წელს, ფილმ "კრისტინას" გადაღებაზე გაიცნეს. იმ დროისთვის ავსტრიელი მსახიობი, ავსტრიის ცნობილი დინასტიის მემკვიდრე რომი შნაიდერი უკვე იმდენად იყო ცნობილი, რომ თავად შეეძლო სასურველი პარტნიორი აერჩია, და მან არჩევანი იმ დროისთვის უცნობ ფრანგ მსახიობ ალენ დელონზე შეაჩერა. ჟურნალისტების ალყაში მოქცეული ალენ დელონი პარიზის აეროპორტში ყვავილებით ხელში ელოდა რომის გამოჩენას. როგორც კი რომი დაინახა, ალენი მისკენ გაემართა. ამ დროს რომის დედისთვის უკითხავს: "ვინ არის ეს ყმაწვილი, ჩვენკენ რომ მოდის?" "ალენ დელონი, შენი პარტნიორი ფილმში".

ალენი და მისი ერთადერთი კანონიერი ცოლი

delonn-1705256241.jpg

ალენ დელონს ერთადერთი კანონიერი­ მეუღლე ჰყავდა, ნატალი დელონი, იგივე­ ფრანსინ კანოვასი. 21 წლის ფრანგმა მსახიობმა მაშინ უკვე პოპულარული 28 წლის ალენი ღამის კლუბში გაიცნო. მოგვიანებით ნატალი გაიხსენებს: "კლუბში ალენმა გაცნობის დროს რაღაც რევერანსის გაკეთება მოინდომა და უცებ გული აერია, მერე მხრებზე ჩამომეკიდა და ხომ ვერ დამეხმარებითო, ამოილუღლუღა. ტუალეტში შევედით დასვრილი ტანსაცმლის გასაწმენდად, ურომანტიკულესი გაცნობა გვქონდა, მთხოვა გარეთ ჩემი მანქანაა და ეგებ შინ წამიყვანოთო, წავიყვანე სახლში და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით... ჩვენი ქორწილის დღეს, 1964 წლის 13 აგვისტოს, როდესაც მღვდელი ამბობდა ჭირშიც და ლხინშიც ერთად იქნებითო, უკვე ვიცოდი, რომ ეს სამუდამო ნამდვილად არ იქნებოდა. ხან ის გარბოდა სახლიდან, ხან მე".

წყვილმა ოთხი წელიწად-ნახევარი იცხოვრა ერთად. ამ ქორწინებიდან ალენს უფროსი ვაჟი - ენტონი დელონი ჰყავს.

1987 წელს ალენ დელონმა გაიცნო 31 წლით უმცროსი გერმანელი მოდელი­ ანუშკასა და ალენ-ფაბიანის მომავალი დედა, მოდელი როზალი ვან ბრემენი. ის ალენ დელონის სიმღერის მუსიკალურ რგოლში­ „Comme au cinéma“ მონაწილეობდა. ალენთან თანაცხოვრების გამო როზალიმ სამოდელო კარიერაზე უარი თქვა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წყვილი არასდროს დაქორწინებულა, 2001 წელს კი ისინი დაშორდნენ, მომდევნო წელს მოდელი ბიზნესმენ ალენ აფლელოუს გაჰყვა ცოლად.