"ურწმუნო და ამორეცხილ ადამიანზე საშიში არაფერია“ - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას...
ნათლისღებას მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს და ის ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო, მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ეს ის მთავარი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება. ნათელმირონობას საქართველოში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველა ცდილობს ნათლიად ყველაზე ახლობელი და კარგი ადამიანი შეარჩიოს. ტრადიციულად, 19 იანვარს ნათლულები ნათლიებს ულოცავენ და შეძლებისდაგვარად სტუმრადაც მიდიან.
"ორი ნათლული მყავს და არც ერთი არ არის დაოჯახებული. ასე რომ, ტყუილად ეშინიათ ჩემი"
გეგე სულხანიშვილი, მსახიობი: - სანამ ორი ცოლი მყავდა, მანათვლინებდნენ ბავშვებს. ხომ იცით, ასეთი გამოთქმა არსებობს "ცალი გვერდი ნათლიისა აქვსო" და ეტყობა, ამ გამოთქმას ძალა არ დაუკარგავს და მას შემდეგ სულ მერიდებიან, ნათლიის არაფერი გადაედოსო. ნათლობებზე მეპატიჟებიან ხოლმე, მაგრამ ნათლიად - აღარ. ორი ბიჭი ნათლული მყავს და ორიც გოგონა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ერთი არ არის დაოჯახებული. ასე რომ, ტყუილად ეშინიათ ჩემი. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ნათლულები ნათლიებს ულოცავენ ამ დღესასწაულს და ოთხივე მირეკავს ხოლმე, სტაბილურად.
- თქვენ რა ასაკში მოინათლეთ?
- მე ისეთ წლებში დავიბადე, როცა მონათვლა რისკთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს, თუ მშობელი რაღაცას წარმოადგენდა, ან თანამდებობა ჰქონდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ მოვინათლე, 1960-იანი წლების დასაწყისში, მამამ ალავერდში წაგვიყვანა. დიდ პატივს ვცემდი ჩემს ნათლიებს, ისინი ამქვეყნად აღარ არიან.
„ჩემი შვილის ნათლია დათო მაღრაძეა, მეც კარგი ნათლულები მყავს, მათ შორის, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი“
თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი: - სხვათა შორის, ძალიან კარგი ნათლიები მყავდა და სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაცვლილია, ერთი იყო გუნდა კალაძე, პოეტ კარლო კალაძისა და მოქანდაკე თამარ აბაკელიას ქალიშვილი, მეორე კი მწერალი ციალა არდაშელია, რომელიც მერაბ კოსტავასთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი, დისიდენტი იყო, ძალიან საინტერესო პიროვნება. ორივესთან შესანიშნავი და თბილი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, ციალასთან, რადგან გუნდა ადრე გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო. ციალა დედასა და მამას მეგობარი იყო, გუნდა კი - მამას კლასელი. კარგად მახსოვს, როგორ მომნათლეს დიდუბის ეკლესიაში, კადრებად ჩამრჩა მეხსიერებაში. ციალას ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეროვნულ მოძრაობაზე იყო დაფუძნებული და ეს ყველაფერი მეც მახსოვს, მათ შორის, ერთი ეპიზოდი... სიონიდან გამოდიოდნენ და ქუჩაში პროკლამაციებს აკრავდნენ... მე კი, ამით აღფრთოვანებულმა, ტვინი წავუღე, გეხვეწები, მეც მინდა, მეც გამაკვრევინეთ-მეთქი. ღელავდა, არ უნდოდა ეს მეც გამეკეთებინა, მაგრამ მაინც დავითანხმე. 13 წლის ვიყავი და ნათლიაჩემთან ერთად რომ პროკლამაციები გავაკარი, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოსო, და სახლში რომ მოვედი, მეგონა, რაღაც საოცრება ჩავიდინე, ძალიან კმაყოფილი და უბედნიერესი ვიყავი.
- როგორ ფიქრობთ, რა დაგანათლეს ნათლიებმა?
- რუსულ ლიტერატურას არაფერს ვერჩი, მაგრამ... იმდენად კარგად ვიცნობ, ვხუმრობ ხოლმე, ვინც კარგად არ იცნობს, სწორედ ისინი არიან რუსეთუმეები-მეთქი. ვთვლი, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არავისთან მეზობლობდა, მათ შორის, საქართველოსთან. ჩემმა ნათლიებმა, იმ წრემ, რომელიც ჩვენს სახლში იყრიდა თავს, განაპირობა, რომ მე დღეს ასეთი შეხედულებები და დამოკიდებულებები მაქვს. ჩემი დამოკიდებულება ეროვნული რაღაცებისადმი უპირველესად ჯანსუღის გავლენაა და მათ შემთხვევით არ მოანათვლინა ჩემი თავი. ეს ყველაფერი საფუძველში დევს...
სხვათა შორის, ჩემი ძმის, მამუკას უფროსი შვილი, ირინოლა, ოთარ ჭილაძემ მონათლა. როგორც იცით, მას მამაჩემის ლექსიდან ჰქვია ეს სახელი და სწორედ ოთარმა შეურჩია. ტარიელ ჭანტურიას შვილთან, ირაკლი ჭანტურიასთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებს, ის მამუკამ მონათლა. ჩემს ქორწილში მეჯვარე და შესაბამისად, ჩემი შვილის, ირმუშკა გიგანის ნათლია პოეტი დათო მაღრაძეა. ირმას ნათლია იყო იოსებ ნონეშვილის მეუღლე მედიკოც, ულამაზესი ქალი. ჩემი მშობლები ძალიან მეგობრობდნენ მასთან.
მამაჩემის ნათლია იყო თენგიზ კეკელიძე, თბილისელი კოლორიტული პიროვნება. ჯანსუღს ბევრი ნათლული ჰყავდა, მათ შორის არიან, მაგალითად, მომღერალი დათო გომართელი, ქეთი გაბუნია... ირაკლი აბაშიძის შვილიშვილის, ბათას ნათლიები დედაჩემი და მამაჩემი არიან. ასეთი სასიამოვნო "ხლართებია" ჩვენთან. ის მეგობრობა, რომელიც ამ წრეში, ამ შემოქმედ ხალხთან იყო, ნათელმირონობაში გადაიზარდა და უფრო გამყარდა.
მეც ძალიან კარგი ნათლულები მყავს, ერთმანეთზე ლამაზები, სიმპათიურები და განათლებულები, არავინ გამომრჩეს: გუგა გუნცაძე, ნუცა იმნაძე, ირინა ბათიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ანა რუხაძე, ანუშკა გოდოლაძე. ნათლისღებას მირეკავენ ხოლმე და მილოცავენ.
- საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ნათელმირონობა თქვენთვის?
- პირველ რიგში, ძალიან არ მომწონს ქილიკი რელიგიურ საკითხებზე, რაც თითქოს მოდური გახდა. ეკლესიასა და სამღვდელოებაში მანკიერი მხარე უთუოდ არის, მაგრამ ეს რა შუაშია რელიგიასთან? სადღაც ვინმე ცუღლუტი მოძღვარი რომ იქნება, ეს ჩვენს რწმენაზე არ აისახება. რწმენა იმდენად ინტიმური რამ არის, საკრალური, ხელშეუხებელი, რომ ვინ, რას და როდის აღნიშნავს, არავის საქმე არ არის. ორ-ორ დღესასწაულზე მეც ვხუმრობ ხოლმე, მაგრამ ამას ისტერიკულად კი არ ვუდგები. ნეტავ ბევრ კეთილშობილურ დღეს აღვნიშნავდეთ, რაც სიყვარულს ემსახურება და რა გვიჭირდა. როცა იქნება, დადგინდება ის ერთი დღე, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ის, რომ ეს დაპირისპირების საგნად იქცეს, არასწორად მიმაჩნია. შობის დღესასწაული ისეთი რამაა, ამაშიც დაპირისპირება ვეძიოთ, დაუშვებელია. უკიდურესობა არაფერში არ ვარგა. წითელ კვერცხს ვღებავ? არ არის შენი საქმე, მინდა და ვღებავ, მომწონს ეს რიტუალი და ვღებავ. ამას რომ ქილიკი დაჰყვება, პირდაპირ გეტყვით, მაგარი გოიმობა მგონია. ამ ყველაფერში თავისუფალი უნდა იყო. ურწმუნო და ამორეცხილ ადამიანზე საშიში არაფერია, თორემ ვის რა რწმენა აქვს, რაში მაინტერესებს?
მე არ მინდა ჩვენი ეკლესია ვიღაცამ ცუღლუტ მღვდლებთან გააიგივოს. იქ ძალიან მაგარი ხალხიცაა, ბერებიც. არა უშავს, დრო ყველაფერს დაალაგებს, სუფთა, განათლებული სასულიერო პირები თავის ადგილას იქნებიან, ხოლო ცუღლუტები - თავიანთ ადგილას. ამის გამო მთლიანად ეკლესიას ლანძღავდე, სწორად არ მიმაჩნია, ზომიერებაა საჭირო. ეს ძალიან საფრთხილო თემაა... ვულოცავ ყველას ნათლისღების დღესასწაულს, ჩემს ნათლულებს ვუსურვებ თავისუფლებას - ნამდვილს, ღირებულებებით სავსეს, ბედნიერებას, საქართველოსთვის ნანატრ დასავლურ გზაზე.
"მაგის მერე ვთქვი, ცუდი ფეხი მაქვს და თავი გამანებეთ-მეთქი..."
ზურა ყიფშიძე, მსახიობი: - სამწუხაროდ, ამ თემაზე კარგს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემი ნათლული გარდაცვლილია... ძმაკაცის მეჯვარე ვიყავი და მისი შვილის ნათლია, რომელიც ტრაგიკულად - ავარიით დაიღუპა... სამი სასახლე იყო ჩემი ძმაკაცის სახლში - შვილი, შვილიშვილი და სიძე, ერთი სასახლე კი მამამისის სახლში... მაგის მერე ვთქვი, ცუდი ფეხი მაქვს და თავი გამანებეთ-მეთქი...
- თქვენი ნათლია ვინ იყო?..
- ნოდარი ერქვა, გარდაიცვალა, სამწუხაროდ. მახსოვს, შესანიშნავი კაცი იყო, ჩვენი ოჯახის ახლობელი. სხვათა შორის, კარგი ნათლია იყო, ბავშვობისას რაღაცები მოჰქონდა ხოლმე და მახარებდა, ხმლები მომიტანა, ვფარიკაობდი და ვიყავი ერთ ამბავში. ცხენოსნობაზე დავდიოდი და იქ რაღაცებს მეხმარებოდა ხოლმე...
"მე 7 ნათლული მყავს"
თაკო აბაშიძე, მსახიობი: - ნათლისღების რაიმე განსაკურებული ტრადიცია არა მაქვს. რა თქმა უნდა, ნათლიებსა და ნათლულებს ვულოცავ - თუ არ დამასწრეს, ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. ნათლულებთან ერთად ტაძარში წასვლას ყოველთვის ვერ ვახერხებ და განვიცდი. მე 7 ნათლული მყავს. ვულოცავ მათ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს და ვეტყვი, რომ ყველა მათგანი მიყვარს. ჩემს შვილს ოთხი ნათლია ჰყავს - ლიკა ოყროშიძე, სოფიო არჩვაძე, გიორგი სიხარულიძე და რამაზ ჩუგუაშვილი. მადლობა მათ ჩემი შვილის გაქრისტიანებისთვის!
"ცოტა ხნის წინ მეოცე ბავშვი მოვნათლე"
სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი: - ნათლისღების დღესასწაული ძალიან მიყვარს, ბევრი ნათლული მყავს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც მედო პოსტი, როცა მეოცე ბავშვი მოვნათლე. ვცდილობ ყურადღებიანი ნათლია ვიყო, უბრალოდ, ბოლო დროს დროის უქონლობის გამო ისე ვეღარ ვახერხებ, როგორც აქამდე. სამი შვილი მყავს და ჩემს შვილებს შესანიშნავი ნათლიები ჰყავთ. ვცდილობ ხოლმე ეს დღე ჩემი შვილების ნათლიებსა და ჩემს ნათლულებთან ერთად გავატარო. დილით ბავშვები აუცილებლად მიმყავს ტაძარში - ეს არის მთავარი. ჩემი ნათლულებიდან რამდენიმე მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის შვილიცაა, მათ შორის, ექიმების.
მეც არაჩვეულებრივი ნათლიები მყავს და დიდ პატივს ვცემ. ჩემი ოჯახისთვის ეს დღე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბაბუა ძალიან მორწმუნეა და რელიგიურ დღესასწაულებს მუდამ გამორჩეულად აღნიშნავდა. მახსოვს, ნათლისღებას მისი ყველა ნათლული ჩვენთან მოდიოდა, ეს ტრადიცია იყო, შემდგომ ისინი თავიანთი შვილებითა და ოჯახებით გვსტუმრობდნენ. ბაბუას ჩემზე გაცილებით მეტი ნათლული ჰყავდა. ნათლისღებას ვულოცავ ჩემს ოცივე ნათლულს, ჩემი შვილებისა და ჩემს ნათლიებს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას. ბოდიშს ვუხდი, თუ ბოლო პერიოდში ვერ ვარ ისეთი ნათლია, როგორიც უნდა ვიყო. ისინი ყოველთვის დამყავდა ზიარებაზე და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად დავუბრუნდები ძველ ტრადიციას.