როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში

რა იციან ოკუპირებულ აფხაზეთში არა­ოკუპირებული საქართველოს შესახებ, რა ანტიქართულ ნარატივებზე იზრდებიან თა­ო­ბები და ამ პროპაგანდიდან რა "იყიდება" ყველაზე კარგად. ომიდან 31 წელი გავიდა და თბილისიდან აფხაზ ძმებთან შერიგებისა და ბოდიშის მესიჯები ისმის, სოხუმში ანტიქართული პროპაგანდა კი ისევ ძლიერია.

"ქართულ ჭაობში დახრჩობას რუსულ ოკეანეში დახრჩობა გვირჩევნია", - ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზი სეპარატისტების ანტიქართულ განწყობას გამოხატავდა. იყო ბევრი სხვა ფრაზაც, მითი თუ ისტორიის ანტიქართული ინტერპრეტაციაც: განცხადებები, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს; ქართველებს აფხაზების განადგურება სურთ, ჩვილი ბავშვებით დაწყებული მოხუცების ჩათვლით; რომ არ გვეომა, აფხაზი ერი გაქრებოდა; ქართველები ფაშისტები არიან; ქართველებმა ისტორია აფხაზების საწინააღმდეგოდ გააყალბეს...­ რა შეიცვალა ომიდან­ 31 წლის შემდეგ? აფხაზების ცნობიერებაში­ დიდად არც არაფერი.­ თუმცა თუკი ადრე მტრად მხოლოდ "საქართველო", ანუ თბილისი მიიჩნეოდა, ახლა ზოგჯერ რუსეთსაც მოიხსენიებენ - გაჩნდა ერთი ახალი ფრაზაც: "ძაღლები გავყარეთ და ღორები მოვიყვანეთ"...

"აფხაზებისთვის ყველაზე დიდი მტერი ორი ქართველია - ლავრენტი ბერია და გია ყარყარაშვილი"

"აფხაზური ნარატივი ასეთია: ქართველებმა წაგვართვეს სახელმწიფოებრიობა­, იძულებით შეუერთეს საქართველოს და ჩვენი­ ეროვნული ლიდერი ნესტორ ლაკობა­ ბერიამ მოკლა; ჩვენი, აფხაზების, ქართველიზაცია მიდიოდა და რომ არ გვეომა და თავისუფლება არ მოგვეპოვებინა, უფრო ცოტა აფხაზი დარჩებოდა, ასიმილირდებოდა, გაქართველდებოდა და ერი გაქრებოდა", - ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდრე კვახაძე.

- პროპაგანდის გარეშეც ყველა აფხაზი,­ ძველი საველე მეთაურიც და ახალგაზრდა­ ენჯეოშნიკიც თანხმდება, რომ უნდა შეინ­არჩუნონ ე.წ. დამოუკიდებლობა და ქართველები არ უნდა დაბრუნდნენ. აფხაზე­ბისთვის ყველაზე დიდი მტერი ორი ქართველია - ლავრენტი ბერია და გია ყარყარაშვილი. ძირითადი ნარატივია, რომ ქართველ­ებმა, პირადად ლავრენტი ბერიამ, გააუქმა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობა­. როდესაც გასაბჭოება მოხდა, აფხაზეთი გათანა­ბ­რებული იყო საქართველოსთან და საბ­ჭოთა რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა. მაშინ მეთაური იყო აფხაზი კომუნისტი ნესტორ ლაკობა, რომელიც წლების შემდეგ­ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.­ აფხაზები ამტკიცებენ, რომ თბილისში ჩასული ლაკობა ბერიამ მოწამლა იმის გამო, რომ ის საბჭოთა კავშირში აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსით დატოვებას მოითხოვდა. დიდი პრეტენზია აქვთ ბერიას პოლიტიკაზეც, როცა მცირემიწიანი­ გლეხები­ სამეგრელოდან გულრიფშისა და ოჩამჩირის ბარის რეგიონებში, ასევე სოხუმის რაიონის გაუკაცრიელებელ სოფლებში­ ჩა­ასახლეს. ამბობენ, ქართველიზაცია მიდი­ოდა­­ და რომ არ გვეომა, აფხაზი ერი გაქრებოდა. როგორც მეგრელები გააქართველეს, ასევე­ სურდათ ჩვენი გაქართველებაცო.­ სხვა პრეტენზებიც აქვთ, მაგალითად, ამბობენ, ქართველები ჩვენს ენას დასცინიან, სტვენაა და არა ენაო; საბჭოთა დროს დირექტორებად ქართველები ინიშნებოდნენ და მეორე პირები იყვნენ აფხაზებიო და ა.შ.

- როგორია პროპაგანდა დღეს?

- ყველაზე მეტად ომისდროინდელ ამბებს ატრიალებენ. მაგალითად, გულწრფელად სჯერათ, რომ ომი თვითონ მოიგეს,­ რომ ქართველები ლაჩრები არიან. "Бежали робкие грузины", - ლერმონტოვის ამ ფრაზას ხშირად იმეორებენ და ამბობენ, რომ ქართველებმა ომი არ იციან, ჩვენ კი ვაჟკაცი კავკასიელები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მათი ლაჩრული ბუნებიდან გამომდინარე ჩვენ ომი მოვუგეთო...

ხშირად იხსენებენ ლეთას ტრაგედიას. ომის დროს ქართველებმა სოფელ ლეთას­თან ჩამოაგდეს ვერტმფრენი, სადაც სისასტიკით ცნობილი საველე მეთაური ასლან ზანთარია უნდა მჯდარიყო, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა. 82 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 35 ბავშვი და 30 ქალი. აფხაზების სისასტიკეებზე კი ამბობენ, ომი იყო და მოხდებოდა, თუმცა ბევრი რამ გაზვიადებულიაო. ანტიქართული ნარატივის გასაძლიერებლად გია ყარყარა­შვილის გამონათქვამი მოჰყავთ­, - თუ 1000 ქართველი მოკვდება, მოკვდება ყველა, 90 000-ივე აფხაზიო. ამიტომ ამბობენ, ქართველებს ჩვენი ამოწყვეტა სურდათ­ და აფხაზ საველე მეთაურსაც გადაეკეტა ტვინი და სისასტიკე ჩაიდინაო. როგორც ჩვენთვის შაჰ-აბასია, აფხაზებისთვის ყარყარაშვილია.

ახალი აგრესიული ლოზუნგები არა აქვთ. იციან, რომ დღეს თბილისი აფხაზეთის სამხედრო გზით გათავისუფლებას არ განიხილავს, ამიტომ განგაშის განწყობა არ არის. თუმცა რომელიმე პოლიტიკოსის გასაშავებლად იყენებენ ყველაფერს, რაც ქართულთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ვიღაც ნამყოფია არაოკუპირებულ­ საქართველოში, ენგურგაღმელებად, "ზა ენგურცებად" მოიხსენიებენ და როცა ვიღაც არაპოპულარულ რამეს იტყვის, მის გასაშავებლად ამბობენ, რომ ეს ენგურს გაღმა რიტორიკაა (ზაენგურსკაია პროპაგანდა). მაგალითად, 2020 წელს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საყანიამ ირმა ინაშვილი მიიღო და ამ ვიზი­ტმა საყანიას კარი­ერა შეიწირა, მიუხედავად­ იმისა, რომ ინაშვილი პრორუსია.­ არაოკუპირებულ საქა­რთველოში ჩამოსვლაც კომპრომატია. სამკურნალოდ ჩამოდიან და მალავენ, ან ამბობენ, საქართველო აფხაზებთან ვალშია და გვეკუთვნის, რომ გვიმკურნალონო.

ახალგაზრდებში ახალი ნარატივებიც გაჩნდა. ამბობენ, საერთაშორისო არენაზე გვბლოკავენ ქართველები, ეს არის თქვენი­ მშვიდობიანი ინიციატივა, როცა ჰუმანიტარულ საკითხებში ყველგან გვბლოკავთო?! რაც მთავარია, ყველა აფხაზისთვის მიუღებელია ქართველების დაბრუნება და დემოგრაფიული ვითარების ქართველების სასარგებლოდ შეცვლა. მათი დამოკიდებულება ასეთია: ჯერ გვაღიარეთ, ხელი მოაწერეთ თავდაუსხმელობის შეთანხმებას, როგორც თანაბარ სახელმწიფო ძალასთან, დევნილებიც დაივიწყეთ და მხოლოდ ამის მერე ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზეო.

- ანტირუსული ნარატივები არა აქვთ?

- როგორ არა, არც რუსეთი ეხატებათ­ გულზე. ამბობენ, ძაღლები გავყარეთ და ღორები მოვიყვანეთო. რუსეთ-კავკასიის ომის დროს სწორედ რუსებმა გაასახლეს მათი გენოფონდის დიდი ნაწილი. უბრალოდ, ახლა იძულებული არიან, რომ მოსკოვთან ურთიერთობა ჰქონდეთ.

"აფზახურ ისტორიის სახელმძღვანოებში ქართველებზე ნათქვამია, რომ ფაშისტები არიან"

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე­ ამბობს, რომ იყო ლოზუნგური პროპაგანდისტული ფრაზები და იყო ისტორიის ამ პროპაგანდისთვის გამოყენებაც. ყველაზე მეტად დღეს უკანასკნელი ამართლებს.

- აფხაზეთში ანტიქართული განწყობა­ სულ აქვთ. მათ ისტორიის სახელმძღვანელოებსა და ისტორიულ ნაშრომებში ომის დროს რუსეთის როლი მინიმალიზებულია, ხაზგასმულია აფხაზური "გმირობების" ამბები, ხოლო ქართველებზე ნათქვამია, რომ ფაშისტები არიან. იყო ლოზუნგური ფრაზები, თუნდაც ის, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ურჩევნიათ ქართულ ჭაობს. ასევე გია ყარყარაშვილის გამოსვლა, რომ ნებისმიერი ქართველის სიკვდილის შემთხვევაში ბევრად მეტი აფხაზი იქნება ლიკვიდირებული. აქტიურად ტირაჟირებდნენ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის თუ მეცნიერების ანტიაფხაზურ გამონათქვამებს. მაგალითად, მათზე აფსუების ძახილს, რომ ქრისტიანი აფხაზები ქართველები იყვნენ, ესენი კი აფსუები არიან. მერე შეცვალეს პროპაგანდა და ლოზუნგებიდან სამეცნიეროზე გადავიდნენ, რომ აფხაზების იყო მთელი დასავლეთ საქართველო, რომ ბაგრატიონების დინასტია აფხაზეთიდან მოდიოდა და საბუთად ქართველი ისტორი­კოსების, მელიქიშვილისა და ჯავახიშვილის ნაშრომები მოჰყავდათ. ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც ყარყარაშვილმა თქვა. აფხაზეთის სამეფოს პერიოდზე­ აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს. მათთვის­ ლეონ მეფესთან ერთად საამაყოა ბაგ­რატ მესამეც, რომელიც ქართველთა და აფხაზთა მეფე იყო. ამ დროს ბაგრატ მესამის ფრესკა რუსებმა გადაღებეს ბედიის მონასტერში და ხმას ვერ იღებენ. ამტკიცებენ, ძირძველი ტომი ვართ, არა ვართ მოსული აფსუები. ჩვენ უფრო დიდი ტერიტორია გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს და ქართველები რომ ამბობენ, სამურზაყანო საქართველოა, სამეგ­რელოს ნაწილიაო, ტყუილია, სამეგრელო კი არა, ქუთაისიც ჩვენი იყო, მთელი დასავლეთი საქართველო იყო აფხაზური, სადაც ქართველი ტომებიც ცხოვრობდნენო­. აფხაზურ სამეცნიერო­ წრეებში ძალიან პოპუ­ლარულია მითი, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან. ამიტო­მა­ცაა, რომ ცდილობენ გალში მეგრული პრესის, ტელევიზიის შექმნას და ქართული­ ენის მეგრულით ჩანაცვლებას. ამით სურთ აჩვენონ, რომ დომინანტი იყო აფხაზური ფუძე და მის გარშემო გაერთიანდა სხვადასხვა ქართველთა თუ არაქართველთა ტომი.

- ომისდროინდელი ამბებიდან ყვე­ლაზე მეტად რა ამბავს იხსენებენ?

- იხსენებენ, რომ ჩვენებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი ლეთაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იჯდა... აფხაზებმაც ჩამოაგდეს ქართული ვერტმფრენი, სადაც ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, აფხაზები ამბობენ, რომ ომში 3000 აფხაზი დაიღუპა­ და პატარა ერისთვის ეს უზარმაზარი რიც­ხვია­. ჩვენს დაღუპულ 23 000 კაცზე კი ამბობენ, თქვენთვის, დიდი ერისთვის, ეს გადამწყვეტი არ არისო. ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთიდან გამოყარეს ჩვენი მშვიდობი­ანი მოსახლეობა, მათ შორის შერეული ოჯახები. ამაზე პასუხია, რომ ეს ომის შედეგია და ქართველების ბრალი იყო, ომი ქართველებმა დაიწყეს. ასეთი გაუთავე­ბელი შეპასუხებებია. არადა, ჩვენ გვახსოვს­ არძინბას ცნობილი სიტყვები: "გაიძულებთ, რომ გვესროლოთ". გულრიფშთან დაგვახვედრეს გვარდიელები, რომლებმაც გვესროლეს. ჩვენი მილიციის რაზმი შევიდა, რომ გალში ტყვედ ჩავარდნილი რომან გვენცაძე და სანდრო კავსაძე გაეთავისუფლებინათ. ჩასაფრებულმა აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გახსნა, და შეტევაც დაიწყო. არძინბას ზუსტად ეს უნდოდა. მანამდე უნივერსიტეტზე თავდასხმა და მთელი ამბები იყო. მოკლედ, რაც უნდოდათ, იმის პროპაგანდას ახდენდნენ და ამ ფორმით სთავაზობდნენ საზოგადოებას ადრეც და ახლაც.

ასეთ დროს ქართული მხარე პროპაგანდის თვალსაზრისით პასიურია. ეს თემა მოხსნა, რადგან სურს რაღაცნაირად შეიქმნას ურთიერთობის გარკვეული ფორმატი, ხოლო თუ გაუთავებლად ილაპარაკებ, რომ აფხაზებმა ბევრი სისასტიკე ჩაიდინეს, კამანის ეკლესიაში ხალხი, მათ შორის მღვდელი როგორ დახვრიტეს და ა.შ., ეს კეთილგანწყობის ფორმატს არ წაადგება. ამიტომ აფხაზებს დარჩათ ბურთი და მოედანი და შეუძლიათ ფაქტები, რომლებიც მართლა მოხდა, მითებით შემოსონ.

- თბილისის ეს მიდგომა სწორია?

- იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ რბილი ძალის ფრონტალურ შეტევას­ ავამოქმედებდით სოცქსელებში, საინფორმაციო სივრცეში. სხვადასხვა ტიპის კავშირების მეშვეობით მივაწვდიდით რეალურ ინფორმაციას და აფხაზ ახალგაზრდებთან ვიმუშავებდით. ამას ძალიან დიდი ფინანსები და ძალები სჭირდება. მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და საზოგადოების წარმომადგენელია, რომლებსაც აქტიური დებატები აქვთ აფხაზებთან სოცქსელებში. ბოლო დროს სიტუაცია ოდნავ გამოკეთდა, სოცქსელში გაჩნდა რუსულ ენაზე საინტერესო სიუჟეტი, მაგალითად, პოპულარულ ენაზე თარგმნილია სინამდვილეში ვინ იყო მეფე ლეონი, ბაგრატ მესამე, როგორ მოხდა­ ჯიქების გააფხაზება, ადიღეური ტომე­ბის ჩამოსვლა და ა.შ... მოყვანილია როგორც ქართველი, ისე რუსი მეცნიერების ნაშრომები...

ჩაგვრის ელემენტებად იმას ასახელ­ებენ, რომ ბერიას დროს მცირემიწიან ქართველებს ასახლებდნენ აფხაზეთში­ აჭა­რიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან. ასევე პრეტენზია აქვთ, რომ 40-იან წლებში ანბანი ხშირად შეეცვალათ. ეს მართლაც იყო პრობ­ლემა. იყო თაობა, რომელმაც 4 ანბანი გაიარა, ჯერ ქართულ ანბანზე ასწავლიდნენ, შემდეგ რუსულზე, შემდეგ ლათინურზე­ და შემდეგ ისევ რუსულზე.

დღეს ანტიქართული პროპაგანდის ერთადერთი უკბილო ნარატივია, არიქა,­ თბილისი ომს დაიწყებსო, მაგრამ ამის თავა­დაც არ სჯერათ. თუმცა ნომერი პირველი მტერი ისევ თბილისია. სიტყვა "საქართველო" შეიცვალა­ "თბილისით". გაჩნდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები,­ რომ­ლებიც­ ამბობენ, რატომ არ ვაძლევთ­ გალელ ქართველებს მოქალაქეობასო. კი, თბილისი მტერია, მაგ­რამ რუსეთიც მტერი­ ყოფილაო. მოკლედ, დიდი ჭიდაობა აქვთ, მით უფრო ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთ­ვის­ გადაცემის და ახლა აპარტოტელების გამო. დღეს აფხაზეთში, მათ შორის ახალგა­ზრ­დებშიც, ბევრი ხვდება, რომ თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს, მაგრამ ისეთი ხაფანგური სიტუაციაა, იქიდან ვერ გამოდიან.

ეკატერინე ბასილაია