ჰუსიტების ომის ფარული მიზანი - კონფლიქტი, რომელიც მილიარდობით ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს - კვირის პალიტრა

ჰუსიტების ომის ფარული მიზანი - კონფლიქტი, რომელიც მილიარდობით ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს

ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები ღაზელ პალესტინელებთან გვერდში დგომის მიზნით წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მცურავ ისრაელისა და მასთან დაკავშირებულ ყველა გემს ჩაძირვით დაემუქრნენ და მუქარის ასრულებაც დაიწყეს...

12 იანვრის დილიდან მსოფლიოში ახალი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რაც შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომშიც, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს, მათ შორის უკვე დამკვიდრებული მსოფლიო სავაჭრო წესების კარდინალურად შეცვლა, რაც დედამიწის მილიარდობით მოსახლის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ.

როგორ იწყებოდა ყველაფერი...

გასული წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან "ჰამასის" დივერსიულ-ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის დასახლებულ პუნქტებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და მათი ნაწილის მძევლებად აყვანას, ბუნებრივია, მოჰყვა ისრაელის საპასუხო შურისმაძიებელი, მაგრამ დაუნდობელი მოქმედებები მთელ ღაზის სექტორში, რაც დღესაც გრძელდება როგორც საჰაერო დაბომბვების, ისე სახმელეთო ოპერაციის სახით.

მუსლიმანური სამყაროს ნაწილმა ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს თანადგომა გამოუცხადა, მაგრამ იმის გამო, რომ ისრაელს ბლოკირებული აქვს სექტორის საზღვრები (გარდა სამხრეთით, ეგვიპტესთან, თუმცა ეგვიპტელები თავად არიან დაინტერესებული, რომ სხვა ქვეყნებიდან არ მიემატონ მებრძოლები "ჰამასს"), ისინი დახმარების სხვა ფორმებს ეძებენ.

sam3-1705259923.jpg
ბაბ-ელ-მანდების სრუტის ყველაზე ვიწრო ყელის სიგანე მხოლოდ 20 კმ-ია, რაც ჰუსიტებს საშუალებას აძლევს იემენის სანაპიროდან "გრადების" უმართავი რაკეტებითაც კი მისწვდნენ ამ სრუტეში გამავალ როგორც სავაჭრო გემებს, ისე სამხედრო ხომალდებს...

ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ძალა, რომელიც "ჰამასის" თანამებრძოლად მიიჩნევს თავს, იემენელი ჰუსიტები არიან - შიიტური დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს და რომელიც მეათე წელია აკონტროლებს იემენის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ სანას ჩათვლით.

იემენელი ჰუსიტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ "ჩუსტიანებს" ეძახიან, კარგად არიან აღჭურვილი ირანული შეიარაღებითა და მეზობელი საუდის არაბეთის რეგულარულ საარმიო დანაყოფებს არაერთხელ ასროლინეს კუდით ქვა პატარ-პატარა შეტაკებების დროს.

"ჰამასის" დასახმარებლად ჰუსიტებმა იემენიდან 1 600 კმ-მდე დაშორებულ ისრაელის საპორტო ქალაქ ეილატისკენ რამდენჯერმე ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონებიც კი გაუშვეს, თუმცა ისინი შუაგზაზე, წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა, ასევე ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

რაკი დაინახეს, რომ ისრაელის ქალაქების დაბომბვას ვერ შეძლებდნენ, ჰუსიტებმა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ და ბევრად ეფექტიან და ამასთანავე, ეფექტურ მეთოდს მიმართეს - გამოაცხადეს, რომ წითელ ზღვაში და ადენის ყურეში მცურავ ისრაელის ყველა სავაჭრო გემს ჩაძირავენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნების იმ გემებსაც, რომლებიც ისრაელის პორტებში ტვირთს შეიტანენ ან წამოიღებენ...

მართლაც, ჰუსიტები მალევე შეუდგნენ დანაქადის ასრულებას და ერთმანეთის მიყოლებით ესროდნენ რაკეტებს და უშვებდნენ კამიკაძე-დრონებს ბაბ-ელ მანდების სრუტით გამავალ ყველა იმ სავაჭრო გემს, რომლებსაც შეიძლება სულ მცირე კავშირი მაინც ჰქონოდათ ისრაელთან.

ბაბ-ელ-მანდების სრუტე სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ყველაზე ვიწრო გასასვლელის სიგანე მხოლოდ 26 კმ-ს შეადგენს, ჰუსიტებს იემენის სანაპიროდან მისი სრულად "გამოთოფვა" შეუძლიათ.

sam2-1705259923.jpg
"ჩუსტებიანი" ჰუსიტები დიდი საბრძოლო ჟინით გამოირჩევიან და ადვილად არ დანებდებიან ძალის გამოყენებით ბაბ-ელ-მანდების სრუტის დებლოკირების დასავლეთის მცდელობას...

ასეთი თავდასხმების შემდეგ თითქმის ყველა მსხვილმა საზღვაო გადამზიდმა თავიანთი გემებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოების გამო უარი განაცხადა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გავლაზე. შესაბამისად, ჰუსიტებმა თითქმის მთლიანად გადაკეტეს ევროპიდან აზიისკენ მიმავალი უმოკლესი საზღვაო გზა, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის არხით წითელ ზღვაში გადის, შემდეგ ბაბ-ელ-მანდების სრუტით ადენის ყურეს უერთდება და არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში გრძელდება.

სამხრეთის საზღვაო-სავაჭრო გზა, რომელიც ნიდერლანდების როტერდამიდან იწყება და ჩინეთის დალიანის პორტამდე მიდის, დაახლოებით 20 ათასი კმ-ის სიგრძისაა, რომლის გავლასაც სავაჭრო გემები 25-27 დღე-ღამეში ახერხებენ. მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა იემენის სანაპიროსთან ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გასასვლელი "გამოთოფეს", გადამზიდავებს თავიანთი ტანკერების, მშრალტვირთმზიდავი და კონტეინერმზიდი გემების "გადამისამართება" შემოვლით გზაზე, აფრიკის სამხრეთიდან მოსავლელად მოუწევთ - ანუ ისე, როგორც საუკუნეების წინ, სანამ 1869 წელს სუეცის არხი ამოქმედდებოდა. აფრიკის სამხრეთიდან შემოვლითი გზა როტერდამიდან დალიანისკენ მცურავი სავაჭრო გემების გზას 27 ათას კმ-მდე დააგრძელებს, რომლის გასავლელად გემების ეკიპაჟებს უკვე 36-38 დღე-ღამე მაინც დასჭირდებათ.

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააძვირებს ჩინეთიდან ევროპისკენ გაგზავნილი ტვირთების თვითღირებულებას, კონტეინერების ტრანსპორტირების ფასი უკვე გაიზარდა...

მსოფლიოს დიდ ნაწილში, უპირველესად კი ევროპასა და აშშ-ში, სულაც არ სურთ შეეგუონ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი საზღვაო-სავაჭრო გზის ბლოკირებას მხოლოდ იმის გამო, რომ ასე სურთ "ჩუსტებიან" ჰუსიტებს, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე ორი თვის გან­მავლობაში დასავლეთი თავს იკავებდა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებისგან და ცდილობდა კულუარული მოლაპარაკებებით დაეყოლიებინა ირანი, ზეგავლენა მოეხდინა თანამოაზრე ჰუსიტებზე, რათა მათ სავაჭრო გემებზე თავ­დასხმები შეეწყვიტათ. მაგრამ მოხდა პირიქით - მადაზე მოსულმა და დაუსჯელობით გათამამებულმა ჰუსიტებმა კამიკაძე-დრონები და რაკეტები უკვე ადენის ყურესა და წითელ ზღვაში მცურავ ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ხომალდებისკენაც მიმართეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო, ვაშინგტონსა და ლონდონში მოთმინების ფიალა აევსოთ და 12 იანვრის გამთენიისას ჰუსიტების აეროდრომებს, სარაკეტო პოზიციებსა და რადარებს წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენეს ფრთოსანი რაკეტებითა და პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბებით. საჰაერო დარტყმები შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა და უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუ რა მოჰყვება ამას - ჰუსიტები უკან დაიხევენ და შეწყვეტენ მათი სანაპიროს სიახლოვეს მცურავი­ სავაჭრო გემე­ბის "დაბომბვას", თუ ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზრდება, როდესაც "გაბრაზებული" ჰუსიტები მეზობელ ქვეყნებზე, თუნდაც საუდის არაბეთზე გაილაშქრებენ?

სიტუაციის ესკალაცია არანაირად არ აწყობს დასავლეთს, წესით, არც ჩინეთის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომელიც ტვირთებს ამ უმოკლესი საზღვაო გზით გზავნის ევროპაში. სამაგიეროდ, ეს ჯდება ირანისა და... რა თქმა უნდა, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში.

ირანის ხელისუფლებისთვის მისაღებია ყოველივე ის, რაც დიდ პრობლემებს­ შეუქმნის აშშ-ის გავლენის სფეროებს ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სპარსეთისა და ომანის ყურეებში, საითაც უმოკლესი საზღვაო გზა ამერიკული ატომური საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფებისთვის სწორედ სუეცის არხისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით გადის. რაც შეეხება რუსეთს, მას არანაკლებ ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ გაუხარდეს ჰუსიტების მიერ ბლოკირებული სრუტის გახსნისთვის დიდი ომის დაწყება:

პირველი - რაც უფრო ღრმად "ჩაეფლობიან" აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები "ჩუსტებიან" ჰუსიტებთან შეიარაღებულ "გარჩევებში", მით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს და ნაკლებ სამხედრო დახმარებას გაუწევს დასავლეთი უკრაინას, რომელთანაც რუსეთს მეორე წელია ფართომასშტაბიანი ომი აქვს.

მეორე მიზეზიც არანაკლებ მნიშვნელოვანია კრემლისთვის - რუსეთის ჩრდილო­ეთით გადის ჩრდილოეთის საზღვაო-სავაჭრო გზა, რომელიც უმოკლესი მარშ­რუტია ევროპიდან აზიაში და პირიქით, ტვირთების გადასაზიდად, რადგან მისი სიგრძე როტერდამიდან დალიანამდე არა უმეტეს 15 ათას კილომეტრამდეა ანუ იემენის სანაპიროსთან გამავალ სამხრეთის სავაჭრო გზაზე 5 ათასი, აფრიკის სამხრეთით შემოვლით გზაზე კი 12 ათასი კმ-ით მოკლე.

თავად განსაჯეთ, იემენელი ჰუსიტების­ მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტის დიდი ხნით ჩაკეტვის შემთხვევაში (რომელსაც წელიწადში ორივე მხარეს არანაკლებ 17 ათასი სავაჭრო გემი გადის და ტრილიონი დოლარის ღირებულების ტვირთები გადააქვთ, რაც მსოფლიო ვაჭრობის 12%-ს შეადგენს), ისეთი გიგანტი-გადამზიდავები, როგორიც "მაერსკი" ან "კოსკოა", რას აირჩევენ, აფრიკის სამხრეთით შემოვლით 27 ათასი კმ-ის გაცურვას თუ რუსეთის ჩრდილოეთიდან მხოლოდ 15 ათასი კმ-ის დაფარვას? თუმცა­ ამაშიც არის ორი დიდი პრობლემა - რუსეთს ჩრდილოეთის სავაჭრო გზა თავის­ ტერიტორიულ საკუთრებად აქვს გამოცხადებუ­ლი და იქ ნატოს წევრი ქვეყნების სავაჭრო გემებს, დღევანდელი დაპირისპირების დონიდან გამომდინარე, ეტყობა, არ გაატარებს­ (თუმცა დასავლეთის სანქციების მოხსნისა და დიდი სავალუტო შემოსავლის სანაცვლოდ რატომაც არა?) და მეორე - ჩრდილოეთის სავაჭრო გზა გადის ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ზღვებზე­ და მოითხოვს ყინულმჭრელების ლიდერობას წელიწადის უმეტეს პერიოდში, რაც ასევე­ აძვირებს ტვირთის ტრანსპორტირებას.

მიუხედავად ყოველივე ამისა, კრემლში დიდად დაინტერესებული იქნებიან, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით იყოს ბლოკირებული იემენის სანაპიროსთან, ჰუსიტების ყურისძირში გამავალი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საზღვაო-სავაჭრო გზა.