საბურავების დეფიციტი საქართველოში - ცუდი ამბავი მათთვის, ვისაც მანქანა ჰყავს
საქართველოს ბაზარზე როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. მიუხედავად ამისა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმპორტიორები აცხადებენ, ფასები არ გაზრდილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელი ბაკური ხუნდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალ წესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კანონი არასწორია, რადგან სახელმწიფო პირდაპირ არ უნდა ერეოდეს მსგავს რეგულაციებში. მისვე თქმით, ევროპული სტანდარტი სრულიად სხვაგვარია.
„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს საკითხი დაზღვევას აქვს გადაბარებული. იქ დაზღვევა სავალდებულოა და შესაბამისად, როდესაც ადამიანს არ აქვს ზამთრის საბურავი და უნდა მთასა და თოვლში მანქანით წასვლა, სადაზღვეო აფრთხილებს, რომ ავარიის შემთხვევაში, იგი ხარჯებს არ აანაზღაურებს. რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელია, რომ ყველა უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს, მაგრამ კანონის ამ ფორმით შემოღება არ არის გამართლებული“, - განაცხადა ბაკურ ხუნდაძემ.