რუსების კოშმარი: პუტინის ყველაზე ძვირი და იშვიათი "ავაქსი" "დაამიწეს" - გასროლა, რომელიც ოკუპანტებს 350 მილიონი დაუჯდათ - კვირის პალიტრა

რუსების კოშმარი: პუტინის ყველაზე ძვირი და იშვიათი "ავაქსი" "დაამიწეს" - გასროლა, რომელიც ოკუპანტებს 350 მილიონი დაუჯდათ

ნებისმიერ ომში ხდება ყველაზე წარმატებული „ერთი გასროლა“, რომელიც გამოირჩევა რუტინული, სანგრების ბრძოლებისგან - იქნება ეს სნაიპერის მიერ მოწინააღმდეგის გენერლის ერთი ზუსტი გასროლით განეიტრალება, რუსული სარაკეტო ფლაგმანის - „მოსკვას“ ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით ჩაძირვა თუ ის, რაც გუშინ, 14 იანვრის საღამოს მოხდა, როდესაც უკრაინელმა მეზენიტეებმა, არც მეტი და არც ნაკლები, ყველაზე ძვირი და იშვიათი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - А-50 ჩამოაგდეს...

პუტინის „ავაქსი“ - სწორედ ასე ეძახიან შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის А-50 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს მხოლოდ 9 ერთეული შემორჩათ და ერთი - А-50 350 მლნ დოლარი მაინც ღირს, ხოლო მისი მოდერნიზებული ვარიანტი - А-50У კი 500 მლნ დოლარამდე...

2-avaksi-1705313963.png
პუტინის „ავაქსი“ ყველაზე ძვირი (500 მლნ დოლარამდე ღირებულების) და ყველაზე იშვიათი (იყო ცხრა, დარჩა რვა) რუსული სამხედრო თვითმფრინავია...

რუსული „ავაქსი“ იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნატოს E-3A AWACS. Ил-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ფიუზელაჟის თავზე დაყენებულია 10,5 მ დიამეტრის სოკოს ფორმის მბრუნავი კონსტრუქცია, რომლის ქვეშაც განთავსებულია მძლავრი სამკოორდინატიანი რადიოლოკატორი. მისი საშუალებით (მოდერნიზებული А-50У-ის შემთხვევაში) შესაძლებელია მოწინააღმდეგის ბომბდამშენის 650 კმ-ის, ხოლო გამანადგურებელი თვითმფრინავის კი - 300 კმ-ის სიშორეზე აღმოჩენა. მიწაზე ტანკების კოლონის დაფიქსირება კი 200 კმ-ის სიშორიდანაც ხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები შეჭრილნი არიან უკრაინის ტერიტორიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და, ამასთან, ბელარუსიდანაც შეუძლიათ უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მიახლოება, ადვილი მისახვედრია, თუ რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება რუსული „ავაქსების“ მუდმივ საჰაერო პატრულირებას უკრაინის საზღვრების სიახლოვეს, როდესაც უკრაინის თითქმის მთელ საჰაერო სივრცესა და ხმელეთის დიდ ნაწილს „უჭვრეტენ“ და მიღებულ ინფორმაციას აწვდიან რუსული გამანადგურებელების მფრინავებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების გათვლებს...

ამიტომაც უკრაინელი მეზენიტეები ომის დაწყების პირველი დღეებიდან ნადირობდნენ პუტინის „ავაქსებზე“, თუმცა - უშედეგოდ, რადგან რუსული А-50У-ების ეკიპაჟები 150 კმ-ზე ახლოს არ უახლოვდებოდნენ უკრაინის საზღვარს, იცოდნენ რა, რომ უკრაინას არ ჰქონდა შეირაღებაში 150 კმ-ზე შორს მოქმედი საზენიტო რაკეტები.

უკრაინელ სამხედრო მზვერავებს ერთხელ კინაღამ ბედმა გაუღიმათ, როდესაც 2023 წლის 26 თებერვალს მათმა დივერსანტმა ბელარუსში, მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე მდგარ რუსულ „ავაქსზე“ დასვა მინიკოპტერი და ააფეთქა... თუმცა აფეთქების ძალა მცირე გამოდგა და ეს რუსული, ძვირად ღირებული თვითმფრინავი მხოლოდ მცირედით თუ დაზიანდა...

ამჯერად კი, უკრაინის გენშტაბმა ეტყობა, მთელი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომ რუსული „ავაქსი“ ასპროცენტიანად გამოეჭირა და ჩამოეგდო კირილოვკასთან...

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტი კირილოვკა აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს (გენიჩესკისთან) და იქიდან ფრონტის ხაზამდე არანაკლებ 140-150 კმ-ია ანუ რუსული „ავაქსის“ ეკიპაჟი საჰაერო პატრულირების განხორციელებისას იცავდა უსაფრთხოების 150 კმ-იან დისტანციას, რადგან ვერ წარმოიდგენდა, რომ უკრაინელი მეზენიტეები ასე გარისკავდნენ და ზედ ფრონტის ხაზს მიაყენებდნენ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის - „პეტრიოტის“ გასაშვებ დანადგარს, რომლის საზენიტო რაკეტას 150-160 კმ-ზე შეუძლია საჰაერო სამიზნის ჩამოგდება...

3-avaksi-1705313902.png
უკრაინელმა მეზენიტეებმა ამ ომის პერიოდში მეორედ მოახერხეს Ил-22М-ის - რუსული საჰაერო სამეთაურო პუნქტის მძიმედ დაზიანება, თუმცა ასეთივე „ილი“ პრიგოჟინის „ვაგნერელებმა“ ვორონეჟთან „ჩამოხსნეს“ ციდან...რუსეთს 9 ასეთი თვითმფრინავი თუ დარჩა...

მაგრამ „საჰაერო კოშმარი“ გუშინდელ საღამოს რუსი პილოტებისთვის ამით არ დასრულებულა - რუსული „ავაქსის“ ჩამოგდებიდან რამდენიმე წუთში მეორე „პეტრიოტი“ უკვე Ил-22М-ს - რუსულ საჰაერო სამეთაურო პუნქტსაც „მისწვდა“ და ის სერიოზულად დააზიანა, თუმცა მისმა ეკიპაჟმა მოახერხა ანაპამდე როგორღაც მიღწევა და მის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა - მფრინავები რაციაში ღია ტექსტით იხვეწებოდნენ (ამ რადიოსაუბრის გადაჭერა მოახერხა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ), რომ აეროპორტში მათთვის სასწრაფოდ დაეხვედრებინათ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები...

ისე, რუსულ Ил-22М-ებს მაგრად არ უმართლებთ - ჯერ იყო და, 2018 წლის 17 სექტემბერს სირიელმა მეზენიტეებმა „მეგობრული ცეცხლით“ შეცდომით ჩამოაგდეს რუსული Ил-20М (Ил-22М-ის რადიოელექტრონული დაზვერვის მოდიფიკაცია), რომელიც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავად აღიქვეს რადარის მონიტორზე, რასაც ამ რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის 15 წევრი შეეწირა.

2022 წლის 3 აპრილს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი კვირის თავზე, უკრაინელებმა ერთი რუსული Ил-22М-ის მძიმედ დაზიანება შეძლეს, თუმცა ეკიპაჟმა მოახერხა აეროდრომამდე მიღწევა, მაგრამ 2023 წლის 24 ივნისს მორიგი რუსული Ил-22М-ის ეკიპაჟს აღარ გაუმართლა - ისინი რუსული ციდან ვორონეჟის სიახლოვეს... თავად „ვაგნერის“ მეზენიტეებმა „პანცირიდან“ გაშვებული საზენიტო რაკეტით „ჩამოხსნეს“, რასაც ეკიპაჟის 8 წევრის დაღუპვა მოჰყვა. იმ დღეს, განრისხებული პრიგოჟინის „ვაგნერელები“, რომლებიც მოსკოვის „ასაღებად“ მიიწევდნენ, არავის ინდობდნენ და ამ ოთხძრავიანი „ილის“ გარდა, კიდევ 6 შვეულმფრენი ჩამოუგდეს პუტინის სამხედრო ავიაციას, რამაც ეტყობა, გავლენა მოახდინა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პრიგოჟინის ლიკვიდაციის მეთოდის არჩევისას - ისიც თვითმფრინავში ააფეთქეს...

4-avaksi-1705313845.png
უკრაინელები ასეთი ამერიკული, „მომთაბარე“ „პეტრიოტის“ გასაშვები დანადგარით არანაკლებ მეოთხედ უწყობენ „საზენიტო ჩასაფრებას“ რუსეთის საოკუპაციო ძალების ავიაციას...

დავუბრუნდეთ აზოვის ზღვის სანაპიროსთან ჩამოგდებულ 190-ტონიან რუსულ „ავაქსს“ - მისი საშტატო ეკიპაჟი არანაკლებ 15 კაცს შეადგენს (5 საფრენოსნო ეკიპაჟი და რადიოაპარატურის მომსახურე 10 ოპერატორი), რომლებსაც გადარჩენის არავითარი შანსი არ დარჩებოდათ, როდესაც „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტა მათი „ავაქსის“ სიახლოვეს“ აფეთქდებოდა...აფეთქებამდე რამდენიმე ათეული წამი კი „ავაქსის“ რადიოლოკატორის მონიტორზე თვალს მიადევნებდნენ, თუ როგორ სწრაფად უახლოვდებოდა ეს საზენიტო რაკეტა მათ თვითმფრინავს...

„ავაქსის“ სისტემის თვითმფრინავის საბრძოლო სიტუაციაში ჩამოგდების პრეცედენტი, მგონი, ისტორიას არ ახსოვს და აქაც უკრაინელი სამხედროები პირველები აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით რუსული წყალქვეშა ნავის დაზიანებისას, რაც ოკუპირებული სევასტოპოლის მშრალ დოკში მოახერხეს...

5-avaksi-1705313789.png
რუსული „ავაქსის“ ეკიპაჟის ოპერატორები რადიოლოკატორის მონიტორზე რამდენიმე ათეული წამი თვალს მიადევნებდნენ, თუ როგორ სწრაფად უახლოვდებოდა მათ თვითმფრინავს „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტა... მაგრამ აღარაფრის შეცვლა არ შეეძლოთ...

და ერთიც უნდა დავუმატო - რუსული „ავაქსების“ აწყობას (Ил-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე რადიოლოკატორისა და სპეცრადიოაპარატურის დამონტაჟებას) 1977 წლიდან ტაგანროგში, ბერიევის სახელობის საავიაციო ქარხანაში ახორციელებენ - ეს სწორედ ის გიორგი ბერიაშვილი გახლდათ, ვის მიერ კონსტრუირებული ჰიდროთვითმფრინავები 1935 წლიდან დაფრინავენ...