ვინ ჩაატარა და ვინ იყო პირველი "მის თბილისი" - ნატალი სტიუარტ-ფოქსის ევროპული ცხოვრება - კვირის პალიტრა

ვინ ჩაატარა და ვინ იყო პირველი "მის თბილისი" - ნატალი სტიუარტ-ფოქსის ევროპული ცხოვრება

ნატალი სტიუარტ-ფოქსი უკვე 24 წელია ევროპაში ცხოვრობს და საქმიანობს... ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საქართველოში პირველი „მის თბილისი“ ქალბატონი ნატალის ორგანიზებით და ქალთა საქველმოქმედო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა... ნატალი მიქავა-სტიუარტ-ფოქსი საერთაშორისო ბიზნეს კონსულტანტი და პროდუსერია... მისი ჰობი პროფესიად გადაიქცა... 2000 წელს გაემგზავრა სასწავლებლად ოქსფორდში, დაამთავრა მაგისტრატურა, საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის მენეჯმენტის განხრით და ამჟამად ცხოვრობს ბრიტანეთსა (უელსი) და ესპანეთში, ქალაქ მარბელაში მის ბრიტანელ ოჯახთან ერთად. მისი მეუღლე - რიჩარდ ალექსანდრე სტიუარტ-ფოქსი სამეფო გვარის წარმომადგენელია, ხელმძღვანელობს საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას და ენერგო ჰაბს, გახლავთ ინოვაციური ენერგიის ექსპერტი. ნატალიც ასევე გახლავთ კომპანიის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ნატალის ოჯახი საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიებით გამოირჩევა და შესაბამისად, ტრადიციებს მათ ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ნატალის აზრით, მათი ქართულ-ბრიტანული საოჯახო ბრენდის შექმნა იყო, რომელიც მათ შვილს ჩარლზ ნიკოლოზს მიეძღვნა, რათა გააგრძელოს ოჯახური ტრადიციები და შეინარჩუნოს როგორც ბრიტანული, ასევე ქართული იდენტობა... ბრენდის მიზანია ქართული ღვინის და ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია.

333-1706468045.jpg

პარალელურად, ნატალი უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებს უცხოეთში, 2009 წელს დააარსა პირველი ქართული კულტურის ცენტრი ესპანეთის ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში, ამ ორგანიზაციის ინიციატივით შედგა ქალაქების - მარბელასა და ბათუმის დამეგობრება და ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, როგორიცაა ბათუმი-მარბელას საერთაშორისო არტ-ფესტივალი Inter Art Batumi. ასევე, 2012 წელს, მან დააარსა მარბელაში საერთაშორისო ტალანტების კონკურსი Reality Star, იგი ასევე გახლავთ საერთაშორისო ჟიურის წევრი ევროპის პრესტიჟულ ფესტივალებზე, სადაც ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს წარადგენს და ეხმარება მათი კარიერის განვითარებაში...

2023 წელს კი ორ უმნიშვნელოვანეს პროექტს ჩაეყარა საფუძველი: საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი საქართველოში და საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი ესპანეთში ქალაქ მარბელაში, რომელთაც დიდი რეზონანსი მოყვა...

mis-tbilisi-1706468075.jpg

"წელს კი უმნიშვნელოვანეს პროექტს ვიწყებთ ევროპის 5 ქვეყანასთან ერთად - ესპანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია, სლოვენია და საქართველო, რომელსაც ხელი მოეწერა სწორედ 8 ნოემბერს, როდესაც საქართველომ მიიღო რეკომენდაცია წევრობის სტატუსთან დაკავშირებით", - ამბობს ჩენთან საუბარში ნატალი სტიუარტ-ფოქსი...

- ქალბატონო ნატალი, 1999 წელს პირველი „მისს თბილისი“ ჩაატარეთ... როგორ გახსენდებათ დღეს ეს ყველაფერი?

- ეს ლამაზი საღამო 1999 წელს შედგა, სანამ საქართველოდან წავიდოდი... ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მოგონებებია, რომელმაც მოდისა და შოუბიზნესის სფეროს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დამაკავშირა. ვინაიდან ბევრისთვის ძალიან ძვირფასი გასახსენებელია, მინდა, გაგიზიაროთ...

ჩემს მეგობრებთან ნინო გოშთელიანთან, ირაკლი დვალთან და შალვა სადაგიშვილთან ერთად, დედაჩემის ქალთა საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი სილამაზის კონკურსი - „მის თბილისი 1999“ ჩავატარეთ... ეს იყო საუკეთესო ივენთი მაშინდელ „ბერიკონში“, რაც კი შეიძლებოდა იმ დროს თბილისში ჩატარებულიყო. არაჩვეულებრივი მუსიკალური პროგრამით, წამყვანებით, ულამაზესად გაფორმებული სუფრით, საპატიო და ცნობილი ჟიურის წევრებით - ლევან უჩანეიშვილი, დიმა ჯაიანი და სხვები... არც კი მჯერა, რომ მაშინ ეს შევძელით. მადლობა ყველას! ახლაც კი სიამაყით და მადლიერებით ვიხსენებ თითოეულ მათგანს. დღეს ცნობილმა და მაშინ დამწყებმა დიზაინერებმა - გიორგი ამირეჯიბმა, ნინო ნოზაძემ, ნატალია რაზმაძემ და სხვებმა, თავიანთი კოლექციები წარმოადგინეს, გოგონების ჩაცმულობაზე ზრუნავდნენ. ჩვენი მხარდამჭერი იყო თამარ ნადირაძე, მისი ბრენდის შესანიშნავი კოლექციით. საოცარი მოდელები და გოგონები იყვნენ, ბევრ მათგანთან დავმეგობრდით, გავაგრძელეთ მუშაობა სხვადასხვა ჩვენეაზე თბილისში და შემდგომ ბათუმშიც...

untitled4-1706468309.jpg

ჩემმა ოჯახმა კი ახალი წევრი შეიძინა ამ კონკურსიდან, ასაკით ყველაზე პატარა, მოდელიც კი არ იყო ჯერ, ულამაზესი - ვიქტორია პლეშაკოვა. რადგან დედასაც და ჩვენს ფონდსაც ვიქტორია ერქვა, დედა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ვიქტორიას მიმართ. ყველანაირად ეხმარებოდა და როდესაც მე ინგლისში სასწავლებლად წავედი, ფაქტობრივად, შვილივით ჰყავდა ოჯახში. თუმცა ვიქტორიამაც მალევე გაიმარჯვა მეტროპოლიტენ ტოპ-მოდელის კონკურსში, მანაც სამუდამოდ დატოვა საქართველო და ამერიკაში გაემგზავრა, სადაც უკვე წლებია ცხოვრობს. მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ურთიერთობა ევროპაშიც, საქართველოშიც... შარშან ვიკას და მის მეუღლეს, სუხიშვილების ყოფილ სოლისტს - გუგა თოიძეს შეეძინათ არაჩვეულებრივი გაბი, რომელიც ჩემი ნათლულია და ერთი სული მაქვს, კვლავ როდის ვნახავ... ახლახან კი, 21 დეკემბერს ვიქტორიას ქალიშვილი - ანაროზა შეეძინა...

აი, ამ ერთმა ლამაზმა დღემ ბევრი პოზიტივი და ლამაზი ურთიერთობები შემატა ჩვენს ცხოვრებას... მახსოვს, კიდევ რამოდენიმე ძალიან კარგი გოგო რომელიც ჩართული იყო ამ პროექტში, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არ იყო მარტივი კომუნიკაცია. მერე მეც წავედი და სამწუხაროდ, ყველა დავიკარგეთ...

konkursi-1706468201.jpg

აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსს მოყვა „მის საქართველო 2000“, რომელიც ხათუნა ჟორდანიასთან ერთად, წარმატებულად ჩავატარეთ.... ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო ცოცხალი ლეგენდა - ზურაბ ყიფშიძე... მახსოვს, მე ვიყავი კოორდინატორი აჭარაში, სადაც შესარჩევი კასტინგი გვქონდა. ეს იყო ჩემი პირველი საქმიანი შეხება ბათუმთან, აჭარასთან და მას შემდეგ იმდენად დამებედა, ეს ულამაზესი მხარე უკვე ძალიან ჩემი გახდა. უამრავი კურიოზებით და ლამაზი მოგონებებით, ჩემი პირველი სატელევიზიო ინტერვიუც აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა, დანარჩენზე მერე მოგიყვებით მე და ბათუმი განუყოფელი თემაა....

untitled123-1706468132.jpg

- ისევ კონკურსს „მისს თბილისი“ რომ დავუბრუნდეთ...

- დიახ, „მის თბილისი“ ულამაზესი ნინო ჩქარეული გახდა... ულამაზესი გოგონები გამოვიდნენ პოდიუმზე - ალიონა ადერიხო, ირინა ონაშვილი, ნათია ნებიერიძე, სოფო მასხულია, ნინო დგებუაძე, ლელა მახათაძე, ანი მასალოვა, დაშა ფირსანოვა. სხვათა შორის, ნინო გოშთელიანმა ტაქსიდან დაინახა ნინო ჩქარეული, მყისიერად გააჩერებინა მანქანა, დაეწია, გაეცნო და კასტინგზე მოიწვია... ვიქტორიაც ქუჩაში აღმოაჩინეს და ჩვენთან მოიყვანეს ძალიან პატარა...

chqarr-1706468155.jpg

მახსოვს, ლელა წურწუმია კულისებში. წითელი ზედა და ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, ულამაზესი იყო. კონცერტზე თემურ თათარაშვილი იყო მოწვეული, ასევე, მოცეკვავეთა ანსამბლი „ვერნისაჟი“...

ჩემი მეგობრებიც ბევრ რამეს გაიხსენებენ... მადლობა სამყაროს და ჩემს მეგობრებს, რომ ამ სფეროში მოვხვდი. დღემდე ეს ჩემი ჰობი პროფესიად იქცა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მოიცავს...

ნინო გოშთელიანი იხსენებს, რომ პირველი ლაზერშოუ საქართველოში ჩვენს საღამოზე იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)