"სრულიად საიდუმლოდ": 2025 წლის ზაფხულში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება?! - გერმანია და ნატო პუტინთან საომრად ემზადებიან
„სრულიად საიდუმლოდ. ომის სავარაუდო ესკალაცია 2024 წელს: უკრაინის დამარცხების შემდეგ რუსეთი შეიძლება, ნატოს თავს დაესხას, გერმანია ვლადიმერ პუტინთან ომისთვის ემზადება“ - ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები - იულიან რეპკე და გიორგიოს ქსანტოპულოსი), რომელშიც უკრაინის ომის შემდგომი ესკალაციის რამდენიმე ვერსიაა გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გაბედავს თუ არა რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ჰიბრიდულ თავდასხმას ნატოზე 2024 წლის დეკემბერში? შვედეთი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ჯერ არ არის, უკვე ღიად ემზადება რუსეთის არმიის სავარაუდო თავდასხმის მოსაგერიებლად. მოსკოვის საფრთხეს სერიოზულად უყურებენ გერმანიის ბუნდესვერშიც.
იმ დროს, როცა რუსეთის ჯარი აგრძელებს მცდელობას სულ უფრო მეტი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად, უკრაინის აღმოსავლეთში, გაზეთმა „ბილდმა“ გაარკვია, რომ ბუნდესვერი საომარი მოქმედებების განვითარების დრამატული სცენარისათვის ემზადება - რუსეთის არმიის ჰიბრიდული ფართომასშტაბიანი შეტევის მოსაგერიებლად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე!
დოკუმენტში (გრიფით „სრულიად საიდუმლოდ!“) გერმანიის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს ნატოსა და რუსეთს შორის „სავარაუდო კონფლიქტში“ ბერლინის ჩართვის დეტალურ სქემას. დოკუმენტში გადმოცემულია მოვლენების განვითარების სცენარი, რომელიც გამოიხატება რუსეთისა და დასავლეთის (ნატოს) საომარ მზადებაში: არმიის ქვედანაყოფების დისლოცირებაში, თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობაში... რომელიც 2025 წლის ზაფხულში ღია ომში გადაიზრდება.
მკითხველებისადმი ამ სცენარის შინაარსის შეთავაზებისას „ბილდი“, უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, არ გაამხელს სრულ ინფორმაციას ნატოს ჯარების რაოდენობაზე და მათი გადაადგილებების გეგმებზე.
ესკალაცია შესაძლოა უკვე თებერვალში მოხდეს
ბუნდესვერის საიდუმლო გეგმის მიხედვით (რომლის სახელწოდებაა „ნატოს თავდაცვა 2025 წლისათვის“), სიტუაციის ესკალაცია 2024 წლის თებერვალში დაიწყება. ამ დროისათვის (ანუ სულ რაღაც ორიოდე კვირის შემდეგ!) რუსეთი მორიგ მობილიზაციას ჩაატარებს და ჯარში დამატებით კიდევ 200 ათას სამხედრო მოსამსახურეს გაიწვევს. როგორც კი არმიაში გაწვეული კონტინგენტი გარკვეული დონით ბრძოლისათვის მომზადდება, კრემლი საგაზაფხულო შეტევას დაიწყებს, რაც გარკვეულწილად განპირობებული იქნება უკრაინისადმი დასავლეთის სუსტი დახმარებით. რუსეთის არმია უკვე 2024 წლის ივნისისათვის მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს და უკრაინის არმიას უკან დაახევინებს, ხოლო ივლისში უშუალოდ დასავლეთის - ნატოს წინააღმდეგ შეტევისათვის მზადებას შეუდგება.
ამავე პერიოდში განხორციელდება ინტენსიური კიბერშეტევები და ამოქმედდება ჰიბრიდული ომის სხვა ფორმები, ძირითადად, ჯერ ბალტიისპირა ქვეყნებში (ლიეტუვაში, ლატვიაში და ესტონეთში), რომლებშიც კრიზისი დაიწყება რუსეთის მიერ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის - რუსულენოვანი მოსახლეობის წაქეზების გზით. მოხდება მათი შეტაკებები ადგილობრივ სამთავრობო ძალებთან, რასაც კრემლი, გერმანული სცენარის მიხედვით, სექტემბერში თავის მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წრთვნების (კოდური სახელწოდებით „დასავლეთი - 2024“) დაწყების საბაბად გამოიყენებს - ორივე ქვეყნის საარმიო ქვედანაყოფების მონაწილეობით (50-50 ათასი სამხედრო მოსამსახურე).
„სუვალკის დერეფანი“: კრემლის მიერ ინსცენირებული პროვოკაციები
რუსეთი წრთვნების პროცესში, ისევე, როგორც 2021 წელს (უკრაინაზე თავდასხმამდე), გაერთიანებულ რუსულ-ბელარუსულ ჯარებს პოლონეთთან და ლიუტუვის საზღვართან ახლოს განალაგებს.
ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, ამ ყველაფრით სიტუაციის ესკალაცია მოხდება. ოქტომბერში რუსეთი დაიწყებს კალინინგრადში ჯარებისა და სარაკეტო ტექნიკის გადასროლას, პარალელურად, აქტიურად განახორციელებს ცრუ აგიტაცია-პროპაგანდას, თითქოსდა, ნატოს კალინინიგრადის ოკუპაცია აქვს განზრახული და ეს გარდაუვლად მოხდება. სინამდვილეში, კრემლის ფარულ მიზანს სრულიად სხვა რამ წარმოადგენს - დიდი ალბათობით, მას სურს „სუვალკის დერეფნის“ (ბელარუსისა და რუსეთის კალინინგრადის ოლქის გამყოფი ვიწრო სახმელეთო გასასვლელის) ხელში ჩაგდება, რომელიც პოლონეთ-ლიეტუვას შორის მდებარეობს.
საიდუმლო დოკუმენტში აღწერილი სავარაუდო სცენარის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში „სუვალკის დერეფნის“ რაიონში დაიწყება ხელოვნურად პროვოცირებული „სასაზღვრო კონფლიქტი“ და „უწესრიგობები მრავალრიცხოვანი მსხვერპლით“.
იმავე ხანებში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის შესაძლო მარცხის გამო, როცა ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლიდერის გარეშე დარჩება, რუსეთი 2014 წლის ინტერვენციის ალგორითმს გაიმეორებს ანუ იმას, რაც დონბასში გააკეთა, მაგრამ ამჯერად - უკვე ნატოს ტერიტორიაზე! ამის შემდეგ სწრაფად გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის დროსაც რუსეთი დასავლეთს [კალინინგრადის ოლქზე] თავდასხმისათვის მზადებაში დაადანაშაულებს.
2025 წლის იანვრის დასაწყისში ნატოს საბჭოს სპეციალურ სამიტზე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები განაცხადებენ რუსეთის მხრიდან მზარდი მუქარის თაობაზე.
კრემლის პროპაგანდა სიტუაციას რუსეთის საფრთხის სახით წარმოსახავს ანუ - თავის სასარგებლოდ და 2025 წლის მარტისათვის ბელარუსში და ბალტიის ქვეყნების საზღვრებისაკენ დამატებით სამხედრო კონტინგენტს გადაისვრის - მხოლოდ ბელარუსში, რომელიც კრემლის მარიონეტულ „სახელმწიფოდ“ ითვლება, მოსკოვი ორ ჯავშანსატანკო და ერთ მექანიზებულ ქვეითთა დივიზიებს განალაგებს - 70 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს.
შეაკავებს თუ არა ნატო რუსეთს?
2025 წლის მაისში, ბუნდესვერის მიერ შემუშავებული სცენარის თანახმად, ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას „რუსეთის შესაკავებლად“, რათა სუვალკის დერეფანი ბელარუსისა და კალინინგრადის მხრიდან თავდასხმისაგან დაიცვას.
და დადგება „დღე X“, როცა ნატოს ჯარების მთვარსარდალი გასცემს ბრძანებას აღმოსავლეთის ფლანგზე 300 ათასი სამხედრო მოსამსახურის გადასროლისათვის, რომელთა შემადგენლობაში ბუნდესვერის 30 ათასი ჯარისკაციც იქნება.
სცენარი მთავრდება იმით, რომ „დღე X“-ის შემდეგ თითქმის ნახევარ მილიონზე მეტი „კბილებამდე შეიარაღებული“ დასავლელი და რუსი ჯარისკაცი სუვალკის დერეფანში ერთმანეთის პირისპირ დადგება. შეკავდება თუ არა რუსეთი ნატოს ჯარების განლაგებით, ეს საკითხი სცენარში ღიად რჩება.
კითხვა თავდაცვის სამინისტროს: „კომენტარის გარეშე“
„ბილდი“ დაინტერესდა და შეკითხვა გაუგზავნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს, თუ რამდენად დამარწმუნებლად და რეალურად თვლის ბუნდესვერი ამგვარ გეგმას. სხვათა შორის, სულ რაღაც ორი კვირის წინათ მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინს სამიდან რვა წლამდე პერიოდი აქვს რუსეთთან შესაძლო ომისათვის მოსამზადებლად.
თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა თავი შეიკავა კონკრეტული დოკუმენტის კომენტირებისაგან, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ „პრინციპში, სხვადასხვა სცენარების განხილვა, თუნდაც მათი რეალიზება უკიდურესად ნაკლებად სავარაუდო იყოს, ყოველდღიური სამხედრო ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით - სამხედრო მოსამსახურეების სწავლების დროს“.
ჩვენ კი დავიმახსოვროთ: დოკუმენტის თანახმად, ნატოს წინააღმდეგ ომის მზადებას რუსეთი რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყებს, 2024 წლის დეკემბერში კი საქმე „მრავალრიცხოვან მსხვერპლამდე“ მივა.