ქართული "ომის სცენარი": საიდან შემოგვიტევს სავარაუდო მტერი - საქართველოს "შუაზე გაწყვეტა", თავდასხმა ფოთზე და იერიში თბილისზე - კვირის პალიტრა

ქართული "ომის სცენარი": საიდან შემოგვიტევს სავარაუდო მტერი - საქართველოს "შუაზე გაწყვეტა", თავდასხმა ფოთზე და იერიში თბილისზე

ცნობილი გერმანული გამოცემის - Bild-ის მიერ 14 იანვარს გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომლის თანახმადაც უკრაინის შემდეგ რუსეთი თითქოს ევროპაზე აპირებს თავდასხმას და რომლის მოსაგერიებლადაც ნატო უკვე ემზადება, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

„ბილდი“ აცხადებს, რომ მას ხელში ჩაუვარდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც განხილულია სცენარი - „ალიანსის თავდაცვა-2025“, დეტალურად განიხილავს რუსეთი-ნატოს ომის დაწყებას 2025 წლის ზაფხულში, მათ შორის - სუვალკსკის დერეფნის რაიონში...

სცენარი ისეთი დეტალიზებულია, საბრძოლო მოქმედებების კონკრეტული ადგილებისა და მიმართულებების სახით, რომ ძალაუნებურად დიდ შეშფოთებას გამოიწვევს ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მოსახლეობაში, თუმცა მათ დაწყნარებას გერმანიის თავდაცვის სამინისტროდან და ნატოს შტაბიდან ცდილობენ, როდესაც აცხადებენ - „ბილდს“ ხელში ჩაუვარდა არა რაიმე საიდუმლო დოკუმენტი, არამედ - მორიგი სამხედრო სწავლების სცენარი, ოღონდ ამ სცენარში, განსხვავებით ძველებისგან, არა გამოგონილი ქვეყნები და რაიონებია მითითებული, არამედ - რეალურად არსებული გეოგრაფიული დასახელებები, რამაც გამოიწვია ეს შეშფოთება - თუმცა ეს მხოლოდ სწავლების სცენარიაო...

ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სწორედ ასეთი სცენარების - სავარაუდო მოწინააღმდეგის მიერ სხვადასხვა მიმართულებებიდან სავარაუდო შემოტევების მოგერიებისა და საპასუხო დარტყმების ოპერატიული რუკების გამზადება, რათა შემდგომ გენშტაბის სხვა სამმართველოებმა მათი გამოყენებით შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებები ჩაატარონ...

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტშიც უცილობლად ამუშავებენ ისეთ სცენარებს, რომელთა გაცნობისას მკითხველს შეიძლება, შიშით თმები ყალყზე დაუდგეს, რადგან მათში განხილულია (იმედია!) ყველა შესაძლო სავარაუდო მოწინააღმდეგის ყველა შესაძლო მიმართულებიდან და ყველა შესაძლო შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით თავდასხმების ვარიანტები ჩვენს საქართველოზე, მაგრამ... საბედნიეროდ ეს სცენარები საიდუმლოდ რჩება ჩვეულებრივი ობივატელისთვის და დიდი იმედია, იმ შესაძლო სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯაშუშებისთვისაც...

2-scenari-1705400530.png

ქართველი მებრძოლები თავდაცვაში - საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ამოცანებში შედის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და ოპერატიული გეგმების შემუშავება, საერთაშორისო და გაერთიანებული (ეროვნული) სწავლებების დაგეგმვა და ჩატარება

ამ ბლოგის ავტორს ოციოდე წლის წინ უმსახურია გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში ოფიცერ-ანალიტიკოსის რანგში და გარკვეული წარმოდგენა გააჩნია, თუ როგორ დგება ასეთი სცენარები, გენშტაბის დეპარტამენტების, საბრძოლო შენაერთებისა და დანაყოფების მუდმივი სწავლებების განსახორციელებლად.

სავარაუდო მოწინააღმდეგეს ძალის შეუფასებლობა დიდი დანაშაულია, თუმცა არც გადაფასება ვარგა - საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო სამეზობლოში ათწლეულობით არსებული დაძაბული სიტუაცია თავად გვკარნახობს, თუ რა შესაძლო სამხედო და სხვა სახის საფრთხეების ჯერ პოლიტიკური და შემდეგ სამხედრო ძალით განეიტრალებისთვის უნდა ემზადებოდნენ ქვეყნის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ, საქართველოს მაშინდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა ის გახლდათ, რომ ისინი რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთი სამხედრო ძალით არ ჩაერთვებოდა მოსალოდნელ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, არც ცხინვალის რეგიონისა და არც აფხაზეთის მიმართულებებით - რაც ომამდე ჩემთან პირად საუბრებშიც დაუდასტურებიათ...

რეალობა, სამწუხაროდ, უფრო მწარე აღმოჩნდა და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, პირველ რიგში, განახორციელეს სწორედ იმ მიმართულებით საბრძოლო მანევრი, რაც საქართველოს ერთიანობას ისტორიულად ემუქრებოდა და ემუქრება - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზაც კასპი-ხაშურის მონაკვეთზე გადაგვიჭრეს...

სწორედ ეს - საქართველოს შუაზე გაწყვეტა კვლავ დარჩება იმ მთავარ და უპირველეს საბრძოლო ამოცანად, რაც ჩვენს ყველაზე სავარაუდო, უფრო სწორად კი, რეალურ მტერს - რუსეთის საოკუპაციო ძალებს ოპერატიულ გეგმაში უწერიათ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში. მით უმეტეს, რომ რუსი ოკუპანტები სულ რამდენიმე კილომეტრში არიან დღეს დისლოცირებულნი თბილისი-გორის შემაერთებელი, საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზიდან და ამის გაკეთება ნახევარ საათშიც კი შეეძლებათ...

მეორე ძირითადი მიმართულება, საითკენაც სავარაუდო მოწინააღმდეგის, იმავე რუსული სახმელეთო-საზღვაო-საჰაერო დაჯუფებების შემოტევას უნდა ელოდნენ საქართველოს გენშტაბში, აუცილებლად არის ფოთის პორტი და სუფსის ნავთობტერმინალი (ბათუმის შემთხვევში, მოსკოვს მოუწევს თურქეთის ფაქტორის გათვალისწინება), რათა საქართველოსთვის საზღვაო კომუნიკაციების სრული ბლოკირება მოხდეს... როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეს აგვისტოს ომის დროს.

ქართული გენშტაბის ოფიცერ-ანალიტიკოსებს, ბუნებრივია, ის სცენარებიც ექნებათ დამუშავებული, თუ რომელი მიმართულებებიდან და რა ძალებით შეიძლება განხორციელდეს სავარაუდო მოწინააღმდეგის შემოტევა დედაქალაქ თბილისზე, არსებული სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების ძალისმიერი გზით ჩამოგდება/ჩანაცვლების განსახორციელებლად.

გენშტაბის სცენარებში, ასევე, გაწერილია საქართველოს თავდაცვის ძალების შენაერთებისა და ცალკეული დანაყოფების განგაშის სიგნალზე სასწრაფოდ სათადარიგო რაიონებში გასვლის გეგმაც, რადგან სავარუდო მოწინააღმდეგე უცილობლად მიიტანს პირველ სარაკეტო-საბომბო შეტევებს სწორედ მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე.

ამ საიდუმლო სცენარებში დატანილია თავდაცვითი საინჟინრო ზღუდეების მოწყობა, მათ შორის - ხიდების აფეთქების ჩათვლით, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის კოლონების სრულად შესაჩერებლად ან დროებით შესაფერხებლად მაინც, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო მობილური ჯგუფების მოქმედების ტაქტიკა, არტილერიის საცეცხლე პოზიციების დროული ცვლა, ავიაციის სათადარიგო აეროდრომებზე გადანაცვლება და შენიღბვა, საკუთარი ჯავშანტექნიკის მანევრირების რაიონების განსაზღვრა და ა.შ.

ერთია, რომ იმ ქართულ სამხედრო სცენარებში,რომლებიც საჩვენებელი სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებისას გამოიყენება და მათი ლეგალურად გაცნობის საშუალება უცხო ქვეყნების ატაშეებსა და ჟურნალისტებსაც კი აქვთ, სავარაუდო მოწინააღმდეგე და, ასევე, საბრძოლო მოქმედებების რაიონები მოგონილი სახელებითაა დაშიფრული, თუმცა მათი დეტალურად გაცნობისას მაინც შეიძლება პარალელის გატარება რეალურ ქვეყნებთან და რეალური საფრთხეების მიმართულებებთან.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ კი სამხედრო სწავლებების სცენარებში, გამოგონილის ნაცვლად, რეალური გეოგრაფიული დასახელებები შეიტანა, რამაც ასე დააშინა გერმანული გამოცემა „ბილდის“ მკითხველი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს,რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ წარიმართება.

უკრაინისთვის ეს ომის ყველაზე რთული წელი იქნება, თუკი დასავლეთმა არათუ არ აღადგინა, არამედ არ გაზარდა რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი ამ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარებების მოცულობა, რადგან დღეს სწორედ უკრაინა იცავს „ბებერ“ ევროპას პუტინის აგრესიისგან...

ორი წლის წინ, პუტინს უკრაინაზე თავდასხმისას ბლიცკრიგის ოპერაცია რომ გამოსვლოდა და უკრაინა მალევე დაეპყრო, ეხლა საბრძოლო მოქმედებები შეიძლება, უკვე ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებზეც კი გამართულიყო...