გახარიასკენ გადახრილები, ქალთა გაერთიანება, ვინ ავრცელებს ჭორებს სალომე ზურაბიშვილის გეგმებზე და ხაზარაძის "კალკულატორი" - რა ხდება ოპოზიციაში?! - კვირის პალიტრა

გახარიასკენ გადახრილები, ქალთა გაერთიანება, ვინ ავრცელებს ჭორებს სალომე ზურაბიშვილის გეგმებზე და ხაზარაძის "კალკულატორი" - რა ხდება ოპოზიციაში?!

გთავაზობთ ეპიზოდს ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 15 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ხაზარაძემ დღეები დაუთვალა ივანიშვილს, 289 დღეში რუსეთში იქნებაო...

- ასეთი განცხადებებით - წინ ვერ წავლენ. 2016 წლიდან მესმის, აი, ახლა დავამარცხებთ "ოცნებას", დავანგრევთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და ყველა არჩევნების შემდეგ უარესი შედეგი აქვთ. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ ხვდებიან, იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, მათ დაუჭერს მხარს. ხელისუფლებას ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ უკმაყოფილების, როგორც ხაზარაძეს უყვარს თქმა, კაპიტალიზაციას. ასეთი განცხადებებით კი, აი, 289 თუ 285 დღეში ივანიშვილს მოსკოვში ვიხილავთო, თუ ვინმეს ჰგონია, რამე ემატება, განაგრძოს ასე და ვნახავთ, რასაც დაიჭერს.

- ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, რა გავლენას მოახდენს ოპოზიციაზე?

- მე მგონია, მოცემულობას დიდად არ შეცვლის. ცხადია, "ქართულ ოცნებას"­ უფრო კონსოლიდირებულს გახდის და მოსპობს რაღაცებზე ლაპარაკს, მაგალითად იმას, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და ა.შ. ეს კი ივანიშვილის პირადი ხმების მაქსიმალურ რაოდენობას მოიტანს "ქართულ ოცნებაში". ალბათ, არის რაღაც მცირე პროცენტი, რომელსაც­ ივანიშვილი­ "ოცნებისკენ" მოატრიალებს - ანუ იმედგაცრუ­ებულების რაღაც ნაწილი­ კიდევ დაუჯერებს. ამიტომაც მისი დაბრუნება საარჩევნოდ "ოცნებისთვის" გარკვეულ­წილად შედეგის მომტანი იქნება, მაგრამ რეალობას ძალიან აცდენილი მგონია­ შეფასებები, თითქოს იმიტომ დაბრუნდა, დაინახა, "ოცნებას" საარჩევნოდ უჭირდაო.

- გახარიამ დებატები შესთავაზა ივანიშვილს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი არ წავა ამაზე, მაგრამ გახარიას ამ ნაბიჯს­ როგორ აფასებთ?

- გახარია ყველაზე ადეკვატურია, რადგან თანაბარდაშორებული პოზიცია დაიჭირა "ოცნებისგანაც" და "ნაცმოძრაობისგანაც". არ აჰყვა "ნაცების" რიტორიკას და ოპოზიციური საზოგადოების დიდ ნაწილზე­ მუშაობს, რომელიც სადღაც 30%-ია. ჩემი აზრით, მან შეძლო "ოცნების"­ მომხრეების იმედგაცრუებული ნაწილის თავისკენ წაყ­ვანა - ანუ ამ ეტაპამდე სწორად გაიარა. ახლა ივანიშვილი და "ქართული ოცნება"­ პირდაპირ მის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდნენ, რადგან მათთვის საფრთხე ზუსტად ის ზომიერი ნაწილია, რომელიც ამოვარდნილი იყო ამ პოლიტიკური დისკურსიდან, რადგან ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ისე იქცეოდა, როგორც "ნაცმოძრაობა" - ასეთი ნაწილი 30-35%-ია. დაახლოებით ამდენივეა "ოცნების" მხარდამჭერი და 1/3 რჩებოდა ზომიერი პოლიტიკის მომხრე. სწორედ ეს მესამედი იყო ამოვარდნილი ამ პოლარიზებული სისტემიდან. გახარია ახლა იმას აკეთებს, რაც თავის დროზე "ლელოს" უნდა გაეკეთებინა­ - ზომიერი ელექტორატის სეგმენტზე ემუშავა და ეცადა, "ოცნების" უკმაყოფილო ამომრჩეველი წაეყვანა. თუმცა "ლელო" სწორედ "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლის ველზე მუშაობდა და მუშაობს, ხმებს "ოცნებას" კი არ ართმევს. გახარიაში ივანიშვილმა სწორედ­ ის საფრთხე­ დაინახა, რომ შესაძლოა "ოცნებაზე" იმედგაცრუებული ელექტორატი წავიდეს გახარიასკენ. ამიტომაც გასაგებია "ოცნების" მოტივი, როდესაც გახარიას ურტყამს.

- ივანიშვილმა გახარიასთან ერთად, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ახსენა. თვლის თუ არა ზურაბიშვილს რეალურ საფრთხედ და მისი დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე რა გავლენას მოახდენს?

- ძალიან გაჭიანურდა პრეზიდენტის არჩევნებში ჩართვა-არჩართვის პროცესი და, თუ რაღაცას ძალიან სწრაფად არ დაადგა თავი, დასაწყისშივე ჩაფუშული აღმოჩნდება. ხან ქალების გაერთიანებაზეა­ ლაპარაკი, ხან "ლელოსთან" კოალიციაზე ჭორები და ა.შ. და ამ დროს არაფერი ხდება, ეს მოლოდინი და იწილო-ბიწილო საზოგადოებას ღლის. ჩემი აზრით, ამის გამოც დიდია შანსი, რომ ხალხი აქედანაც გახარიასკენ გადაიხაროს, რადგან ის გასაგები მაინც არის, რას აკეთებს. აქ კი სრული გაუგებრობაა. ამასთან, არჩევნებამდე სულ რაღაც შვიდი-რვა თვეა დარჩენილი. ერთია, ლიდერებმა მოილაპარაკონ და ერთმანეთში დაალაგონ ყველაფერი და მეორე, თუ ქვემოთ არ დაალაგე სიტუაცია და შენი საარჩევნო მანქანა არ შექმენი, რასაც თვეები მაინც სჭირდება, არაფერი გამოვა.

განაგრძე კითხვა:„ოპოზიციის იწილო-ბიწილომ საზოგადოება დაღალა...“