"ქუთაისელი რემბოები", პუტინი და საფრთხე ზელენსკისთვის - ახალი ტაქტიკა, რომლითაც კრემლის დიქტატორი ომის მოგებას შეეცდება?!
მას შემდეგ, რაც გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევები ჩაიშალა, ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიაციატივა თითქმის მთლიანად რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარეზეა გადასული, რაც იმას მოასწავებს, რომ კრემლი ადრე თუ გვიან ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ეცდება გარღვევას...
მაგრამ რუს ოკუპანტებს იგივე სერიოზული პრობლემები დახვდებათ წინ, როგორც ეს უკრაინელების კონტრშეტევებისას იყო - ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, „დრაკონის კბილები“ და, რა თქმა უნდა...ნაღმური ველები, უხვად ჩაწყობილი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების სახით...

შესაბამისად, რუსეთის გენშტაბში ეძებენ გზებს, რომ როგორმე თავიდან აირიდონ ეს დიდი პრობლემა და უკრაინელების საფორტიკაციო საინჟინრო ზღუდეები რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადალახონ.
ამ მიზნით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თითქოს დაიწყო ახალი ფორმირების ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადების ჩამოყალიბება და ერთი მათგანი, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში შექმნილი 49-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა უკვე იბრძვის ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთზე.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ჯარების ცალკეული სახეობის სახით, ისედაც არსებობს საჰაერო-სადესანტო ჯარები, რომლებიც უმაღლესი მთავარსარდლის ანუ პრეზიდენტ პუტინის პირად რეზერვს წარმოადგენენ. ის 45 ათასზე მეტ მებრძოლს ითვლის, რომლებსაც კრემლი ყველაზე რთული საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად იყენებს და მაშინ რა საჭიროა ახალი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადების ჩამოყალიბება, უკვე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი გვარეობის-სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში?
საქმე ის არის, რომ თუკი რუსული საჰაერო-სადესანტო ჯარების მებრძოლებისა და საბრძოლო ტექნიკის დესანტირება მოწინააღმდეგის ზურგში, ძირითადად, პარაშუტების გამოყენებით იგეგმება, სახმელეთო ჯარების მედესანტეები ფრონტის ხაზის ახლოს, ზურგში შვეულმფრენების გადაფრენისა და მიწაზე დაჯდომის შემდეგ უნდა გადასხან...

რაღაც ამგვარი ტაქტიკა უკვე გამოიყენა რუსეთმა, როდესაც ომის დაწყების დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, ბელარუსიდან უკრაინის დედაქალაქის სიახლოვეს - ჰოსტომელის აეროდრომზე, თითქმის ასი შვეულმფრენის გამოყენებით, სწორედ საჰაერო-სადესანტო ჯარების მებრძოლები გადასხა, ოღონდ პარაშუტების გამოყენების გარეშე. ამ მებრძოლებს აეროდრომი უნდა დაეპყროთ და უზრუნველყოთ ფსკოვიდან გამოფრენილი არანაკლებ ოცი მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის - Ил-76-ის მიღება ამ დაპყრობილ აეროდრომზე - თითოეულ თვითმფრინავს ორასამდე მედესანტე, ასევე, მედესანტეთა საბრძოლო მანქანები უნდა ჩამოეტვირთა და ეს ტაქტიკური დაჯგუფება დაუყოვნებლივ იწყებდა შეტევას ამ აეროდრომიდან 27 კმ-ით დაშორებულ კიევის ცენტრალურ ნაწილზე, უკრაინის მოქმედი ხელისუფლების სალიკვიდაციოდ და მათ ადგილზე პრორუსული საოკუპაციო მთავრობის მისაყვანად...
მაშინ პუტინს ბლიცკრიგის ეს გეგმა, საბედნიეროდ, ჩაეფუშა, მაგრამ რუს გენერლებს, სავარაუდოდ, ეხლა სურთ, ფართო მასშტაბებით გამოიყენონ საშვეულმფრენო დესანტი ფრონტის ხაზის ახლო ზურგში, უკვე საარმიო დანაყოფების გადასასხდომად და უკრაინელების პოზიციების ზურგიდან შესატევად.
მაგრამ ამ ტაქტიკაში ახალი არაფერია, რადგან მისი დახვეწა ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, 1973 წლიდან, არც მეტი და არც ნაკლები... საქართველოს ქუთაისში დაიწყო...
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ვიეტნამის ომი გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისში, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ და გენერალიტეტმა იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიულად მოქმედი სამხედრო შენაერთის ჩამოყალიბება დაიწყეს.

ვიეტნამის ომში პენტაგონმა პირველად გამოიყენა აერომობილური დივიზია, რომელიც ქვეითი შენაერთებისგან იმით განსხვავდება, რომ დივიზიის დანაყოფებისა და შეიარაღების გადასროლას ბრძოლის ველზე არა ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, არამედ - შვეულმფრენები უზრუნველყოფენ.
ამერიკული აერომობილური დივიზიის საბრძოლო მოქმედებამ მსოფლიოს სამხედრო ანალიტიკოსები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ შვეულმფრენმა (ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის უნარის მქონე საფრენი აპარატი, რომელსაც არ სჭირდება აეროდრომების მომზადება) მთლიანად შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა, განსაკუთრებით, ანტიპარტიზანულ ოპერაციებში.
ვიეტნამის ომში ამ ამერიკული გამოცდილების გადაღების მიზნით, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო რამდენიმე ექსპერიმენტული სამხედრო შენაერთის ჩამოყალიბება, რომელთა დანიშნულება მოწინააღმდეგის ახლო ზურგში ანუ ტაქტიკურ სიღრმეში, დესანტირება და საიერიშო ტიპის ოპერაციის ჩატარება იქნებოდა. ამ მიზნით გადაწყდა სამი-ოთხი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის შექმნა და მათგან ერთ-ერთის, 21-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ფორმირება საქართველოში, კერძოდ კი - ქუთაისში.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიგადა სადესანტო იყო, იგი არ შედიოდა საბჭოთა კავშირის საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში. ბრიგადის პირად შემადგენლობას არ ეცვა მედესანტეების ფორმა და სამხრეებიც წითელი ჰქონდა, როგორც სახმელეთო ჯარების ქვეითებს. ამასთან, თითქმის 10 წლის განმავლობაში, 1982 წლამდე, ქუთაისის სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის პირადი შემადგენლობა არ ასრულებდა ხტომებს პარაშუტებით.
ყოველივე ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ ბრიგადის პირად შემადგენლობას, ძირითადად, შვეულმფრენებიდან დესანტირებისთვის ამზადებდნენ და თან დამატებითი ტვირთის, პარაშუტების წაღებას, მეთაურობის აზრით, ბევრად სჯობდა მებრძოლების დესანტირება, შვეულმფრენების მიწაზე დაჯდომის ან დაბალ სიმაღლეზე (1-2 მ-ზე) ჩამოკიდების შემდეგ.
დესანტირებისთვის ქუთაისის ბრიგადას მიამაგრეს 1171-ე საავიაციო ჯგუფი, რომლის განკარგულებაში Ми-8-ის და Ми-6-ის ტიპის სატრანსპორტო და Ми-24-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენები იყო. ეს სამხედრო ნაწილი მაშინდელ წულუკიძეში (ხონში) ბაზირებდა.
როგორც იმ დროს ქუთაისის ბრიგადაში მომსახურე სამხედროები იხსენებენ, მათ 70-იან წლებში ხშირად უწევდათ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა. სროლაში, ძირითადად, სიმონეთის პოლიგონზე ვარჯიშობდნენ, ხოლო დესანტირებას ახდენდნენ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა პოლიგონზე, მათ შორის - თბილისის გარეუბანშიც, დღევანდელი გლდანისა და მუხიანის მიდამოებში.
უფრო მასშტაბური სწავლებები ყარაიაზის პოლიგონზე (აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე) ტარდებოდა.
ამ ბრიგადის ერთი ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი ქუთაისის ნაცვლად წულუკიძეში იყო განთავსებული, მოქმედების ოპერატიულობის გასაზრდელად, რათა იქვე მდგარი დიდი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებით - Ми-6-ებით უფრო სწრაფად გადაესროლათ.
1988 წლისთვის ქუთაისის ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა, ისევე, როგორც სხვა ანალოგიური სამხედრო შენაერთები, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შემადგენლობიდან საჰაერო-სადესანტო ჯარებს გადაეცათ, სახელიც შეეცვალათ და ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა ეწოდათ. შესაბამისად, შეიცვალა ბრიგადის შეიარაღებაც, ოპერატიულობის ასამაღლებლად მას ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი ჩამოერთვა.
რა ძირითადი საბრძოლო ამოცანები ჰქონდა ქუთაისის ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას?
მისი დისლოკაციის ადგილის გათვალისწინებით, ბრიგადის დესანტირების ადგილი შეიძლება თურქეთის ან ირანის მიმართულება ყოფილიყო, ფრონტის ხაზიდან არა უმეტეს 50-60 კმ-ის სიღრმეში, ოპერატიულ-ტაქტიკური საჰაერო დესანტის სახით.
მოწინააღმდეგის ზურგის ამ სიღრმეში ბრიგადის ძირითადი საბრძოლო დავალება შეიძლება ყოფილიყო მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურება, კავშირგაბმულობის დარღვევა და მომარაგების მოშლა. ბრიგადას დამოუკიდებლად ორი დღე-ღამე შეეძლო ემოქმედა და ხელი შეეშალა ფრონტის ხაზისკენ მოწინააღმდეგის დამატებითი ძალების გადაადგილებისთვის.
ბრიგადა მოქმედებდა, ძირითადად, სახმელეთო ჯარების ინტერესების შესაბამისად და მოწინააღმდეგის ახლოს, ზურგში, საკუთარი ტანკების შეჭრამდე უნდა გაეძლო.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ომის დაწყების შემთხვევაში, საბჭოთა სამხედრო დოქტრინა არ გამორიცხავდა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვერ შეძლებდა თავდაცვითი ზღუდეების შეკავებას, რისთვისაც თავდაცვის მთავარ ხაზად კავკასიის ქედი განიხილებოდა. თუმცა, კრემლი, ბუნებრივია, უბრძოლველად არ აპირებდა სამხრეთ კავკასიის დატოვებას, რისთვისაც შეტევაზე გადმოსულ NATO-ს ჯარებთან სამხრეთ კავკასიაში გააფთრებული ბრძოლის გამართვას აპირებდა.
ქუთაისის ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქართულ მიწაზე შეტევაზე გადმოსული NATO-ს (უპირველესად კი - თურქეთის) ჯარების ზურგში სადივერსიო - პარტიზანული ქმედებებიც დაევალებოდა.

მაგრამ ისტორიამ ინება, რომ ქუთაისის ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე (ბოლო წლებში კი საჰაერო-სადესანტო) ბრიგადას თავისი გამოცდილება NATO-ს კი არა, თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
ქუთაისის ბრიგადის დანაყოფები 80-იანი წლების ბოლოს ცხინვალში გადაისროლეს და, ბუნებრივია, ისინი იქ ქართულ ინტერესებს არ ემსახურებოდნენ. წულუკიძის პოლკის შვეულმფრენები დაფრინავდნენ გუდაუთიდან ტყვარჩელში, მოსახლეობის გადმოყვანის საბაბით, თუმცა, ცხადია, ტყვარჩელელ აფხაზებს შეიარაღებითა და ტყვია-წამლითაც ამარაგებდნენ.
1992-93 წლებში ქუთაისიდან ბრიგადა რუსეთში გაიყვანეს, სადაც ის მალევე ჩაერთო ჩეჩნეთის პირველ ომში.
1998 წელს 21-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადა შეამცირეს და მის ბაზაზე რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი ჩამოაყალიბეს. ამ სახით მას ჩეჩნეთის მეორე ომში მოუხდა ბრძოლა.
ამჟამად 247-ე კავკასიური კაზაკური სადესანტო-მოიერიშე პოლკი ქ. სტავროპოლშია დისლოცირებული. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამ პოლკის დანაყოფები ბრძოლებში მონაწილეობდნენ - სამეგრელოში შეჭრის შემდეგ მათი ნაწილი კოდორის ხეობის დასაბლოკად გაემართა, ნაწილმა კი სენაკის სამხედრო ბაზის დაპყრობა განახორციელა და ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბრამდე დარჩნენ, სანამ მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება არ მიიღეს.
...მძაფრსიუჟეტიანი ამერიკული მხატვრული ფილმი „რემბო; პირველი სისხლი“, განუმეორებელი სილვესტერ სტალონეს შესრულებით, მსოფლიოს კინოეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა, მაგრამ მის ოფიციალურ ჩვენებას საბჭოთა ეკრანებზე ვინ გაბედავდა, თუმცა მიუხედავად ამისა, „მეკობრული“ ვიდეოკასეტების საბჭოთა „რკინის ღობის“ შიგნით შემოღწევის შემდეგ, 1980-იანი წლების ბოლოსკენ, ქუთაისში დისლოცირებული საბჭოთა არმიის 21-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ოფიცრები სუფრაზე შეზარხოშებულები თავს „ქუთაისელ რემბოებსაც“ ეძახდნენ...
P.S. მიუხედავად იმისა,რომ ომის პირველ დღეს მნიშვნელოვანი დანაკარგით, მაგრამ მაინც მოახერხა რუსულმა საშვეულმფრენო დესანტმა ჰოსტომელის აეროდრომის ერთი ნაწილის შენარჩუნება (სანამ ბელარუსიდან შეჭრილი რუსული ტანკების კოლონებიც დაეხმარებოდნენ), იმავე სახის საშვეულმფრენო დესანტირება დღეს რუს ოკუპანტებს ძალზედ გაუჭირდებათ.
საქმე ის არის, რომ ფრონტის ხაზის ორივე მხარე გადაჯერებულია ახლო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით - საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, რომელთა შიშით ვერც უკრაინული და ვერც რუსული შვეულმფრენების ეკიპაჟები ახლოს ვერ ეკარებიან ფრონტის ხაზს და მხოლოდ შორიდან, კაბრირების რეჟიმში უშვებენ უმართავ რაკეტებს.
მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ დრონების მასობრივი გამოყენებით დაშინებული მოწინააღმდეგე მხარეების ჩასანგრებული მებრძოლები დღედაღამ ძალზე დაკვირვებით შესცქერიან ცას და მათ არ გამოეპარებათ თუნდაც მიწიდან სამიოდე მეტრში მფრენი შვეულმფრენების ჯგუფის მიერ ფრონტის ხაზის გადაკვეთის მომენტი.
მესამე მიზეზი, რაც ასევე ძალზე სათუოს ხდის რუსული საშვეულმფრენო დესანტის წარმატებით განხორციელებას, ისიც არის, რომ ირანული „შაჰიდებით“ გამწარებულმა უკრაინელებმა მასობრივად ჩამოაყალიბეს მობილური საზენიტო ჯგუფები (რომლებსაც პიკაპებზე დამონტაჟებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და მძლავრი პროჟექტორები აქვთ შეიარაღებაში), რომლებსაც ოპერატიულად შეეძლებათ ფრონტის ხაზის იმ მონაკვეთებში თავმოყრა, სადაც ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი რუსული საშვეულმფრენო ტაქტიკური დესანტის გადასხმა...