ჩინური "ნე ვიჟუ" ზელენსკის: რა მოხდა დავოსში - როგორ თამაშობდნენ "დამალობანას" უკრაინის პრეზიდენტი და ჩინეთის დელეგაცია
აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჩინეთის პრემიერმა შვეიცარიაში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტის სურვილი უგულებელყო: პეკინი ცივად ექცევა კიევს და მხარს მოსკოვს უჭერს“ (ავტორები - სიუზანა ლინჩი და ნაჰალ თუსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის ხელმძღვანელობა არ მალავდა თავის სურვილს, რომ შვეიცარიაში ამ კვირაში მყოფ ჩინელ ოფიციალურ პირებს შეხვედროდა, მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისე დაბრუნდა კიევში, რომ სასურველ შეხვედრას ვერ მიათწია. ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვან დიპლომატიურ დარტყმას წარმოადგენს.
ჩინეთის დელეგაციას შვეიცარიაში უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკების ფართო შესაძლებლობები ჰქონდა - ჯერ ბერნში და შემდეგ დავოსში - მსოფლიო ეკონომიკურ ფორუზე ყოფნისას. კაცმა რომ თქვას, ვოლოდიმირ ზელენსკის გულახდილ პირად მოლაპარაკებას ჩინეთიდან ჩასულ მაღალჩინოსნებთან ნებისმიერი ფორმის შეხვედრა დააკმაყოფილებდა - მსოფლიო ეკონომიკურ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩინეთი შეუერთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიურ დარეგულირების პროცესსო და მიანიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიაში ვიზიტის დროს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ლი ციანთან შეხვედრის მოლაპარაკების შესაძლებლობა ექნებაო.
მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინამ წარმატებას ვერ მიაღწია - ჩინელები არ დაეთანხმნენ უკრაინელების თხოვნას - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლი ციანის შეხვედრა არ შედგა. ეს არის იმის მანიშნებელი ფაქტი, რომ ჩინეთს, მისი ადრინდელი განცხადებების მიუხედავად, არ აქვს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის სურვილი. ამის ნაცვლად „ცისქვეშეთი“ რუსეთის მხარეზე დადგა და მოსკოვს, დასავლეთის მიერ შემოღებულო ანტირუსული სანქციების მიუხედავად, სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების მქონე მასალებით ამარაგებს.
პეკინის გადაწყვეტილება, რომ კიევის წარმომადგენლებს არ შეხვედროდა, სულ უფრო მეტად ჰგავს იმას, რომ ჩინელებს წინასწარ არ ჰქონდათ განზრახული უკრაინელებთან მოლაპარაკება. საეჭვოა, რომ ამის მიზეზი, ვთქვათ, შეხვედრების განრიგის ერთმანეთთან არდამთხვევა ყოფილიყო. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, პეკინმა კიევის თხოვნა შვეიცარიაში შეხვედრის მიზნით ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე უარყო, ხოლო მეორემ განმარტა, რომ ჩინეთმა შეხვედრაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსკოვმა პეკინს სთხოვა კიევთან დიპლომატიური კონტაქტების შეეწყვიტა.
რასაკვირველია, უკრაინელმა ჩინოვნიკებმა ამერიკელი კოლეგების ნათქვამი უარყვეს და განაცხადეს, რომ უკრაინის დელეგაციის შეხვედრების განრიგის მიხედვით, ჩინეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაგეგმილი არ ყოფილა, ანუ კიევს შეხვედრის თაობაზე პაკინისათვის არასდროს არაფერი არ უთხოვია. თავის მხრივ, ჩინეთის ოფიციალურს პირებს უკრაინელების განცხადებაზე არანაირი კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი წარმოამდგენლის განცხადებით, ევროკავშირმა პეკინის დელეგაციას სთხოვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედროდა და აღნიშნა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრის კონტაქტი უკრაინის პრეზიდენტთან პოზიტიური მოვლენა იქნებოდა.
ჩინეთს და უკრაინას ერთმანეთთან კონტაქტების ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე ჰქონდათ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სი ძინპინმა შარშან აპრილში ტელეფონით ისაუბრეს, ხოლო მაისში ჩინეთის სპეცწარმომადგენელი კიევშიც იმყოფებოდა, თუმცა აშკარად შესამჩნევი იყო, რომ ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობა თანდათან ნაკლებად სანდო ხდებოდა. ამასთან, კიევი იმედს იტოვებდა, რომ მხარეები მოლპარაკებას განაახლებენ.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი ლი ციანი (იგი სი ძინპინის „მარჯვენა ხელად“ ითვლება) დავოსში ჩავიდნენ, რომ უცხოელ კოლეგებს შეხვედროდნენ და ფორუმის გავლენიანი აუდიტორიისათვის მიემართათ. მათ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული გზავნილები აღმოაჩნდათ: ლი ციანმა ჩინეთი ინვესტიციების ჩადებისათვის უსაფრთხო ქვეყნად წარადგინა და გზადაგზა რამდენიმე ნეგატიური პასაჟი გააკეთა აშშ-ის მისამართით, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინისთვის მეტი დახმარება გაეწიათ. „ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომი მხოლოდ ჩვენ გვეხება, საფუძვლიანად სცდებიან“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა დავოსში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებთან დალაპარაკება ვერ მოახერხა, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დელ ლაიენს. ეს შეხვედრები გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როცა უკრაინის არმიამ დაგეგმილი სამხედრო ამოცანები ვერ განახორციელა და წარმატებას ვერ მიაღწია, ომი გაჭიანურებულ ხასიათს იღებს, დასავლეთი კი კი კიევისათვის დახმარების მორიგი პაკეტის მიღებას აგვიანებს - ერთი მხრივ, აშშ-ში რესპუბლიკელი კონგრესმენებისა და მეორე მხრივ, ევროკავშირში უნგრეთის ნეგატიური პოზიციის გამო.
რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა კი, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, „ბრუნვის ტემპს“ აჩქარებს, რაც შესაძლებლობას აძლევს რუსულ არმიას საბრძოლო მოქმედებები გააგრძელოს, დანაკარგების გათვალისწინებით.
მართალია, ჩინეთის დელეგაცია ვოლოდიმირ ზელენსკის საკმაოდ ცივად მოეკიდა, ფორუმის სხვა მონაწილეები უკრაინის ლიდერს ისეთი ფანატიზმით შეხვდნენ, რაც ნებისმიერ როკ-ვარსკვლავს შეშურდებოდა. ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი სხდომების მთავარ დარბაზთან მხოლოდ იმისთვის მივიდა, რომ სესიაზე მიმავალი ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ცოცხლად შეეხედათ, მან კი პრესის წარმომადგენელთა კითხვებს, მათ შორის ჩინეთთან მიმართებით, ყურადღება არ მიაქცია, თითქოსდა არ გაუგონია.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ გეგმავდა, მაგრამ მზადაა მოელაპარაკოს ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს.
„ჩინეთის პრემიერს უკრაინის პრემიერი უნდა შეხვდეს, მე კი ჩინეთის თავმჯდომარეს [პრეზიდენტს] სიხარულით შევხვდები. რამდენადაც ვიცი, ჩინეთში გადაწყვეტილებებს სი ძინპინი იღებს, უკრაინაში კი მე ვიღებ. უბრალო დიალოგები არ მჭირდება, მე მინდა იმ ლიდერებთან შეხვედრა, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მოამზადა სიმონ კილაძემ