შეშლილი მსოფლიო: ირან-პაკისტანის ომი იწყება?! - გამოიყენებს თუ არა ისლამაბადი იარაღს, რომელსაც ირანის ფერფლად ქცევა შეუძლია - კვირის პალიტრა

შეშლილი მსოფლიო: ირან-პაკისტანის ომი იწყება?! - გამოიყენებს თუ არა ისლამაბადი იარაღს, რომელსაც ირანის ფერფლად ქცევა შეუძლია

ამ „შეშლილ“ მსოფლიოს თითქოს ომები და შეიარაღებული კონფლიქტები არ ჰყოფნიდა და აი, ახალი „ცხელი კერის“ გაჩენის ალბათობა ყოველსაათობრივად იზრდება, თუკი თეირანი პასუხის პასუხს გასცემს ისლამაბადს...ყველაფერი კი ორიოდე დღის წინ დაიწყო, როდესაც 16 იანვარს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოულოდნელად ბალისტიკური რაკეტები „ჩამოურიგა“ თავის დასავლეთელ მეზობლებს-სირიასა და ერაყს...თეირანმა მეზობლების ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვა შურისძიებით გაამართლა...

საქმე ის არის, რომ იანვრის დასაწყისში ირანის ქალაქ კერმანის სასაფლაოსთან, სადაც ოთხი წლის წინ ამერიკული რაკეტით მოკლული ირანის გმირი-გენერალი კასემ სულეიმანი არის დასაფლავებული, ორმა კამიკაძე-ტერორისტმა აფეთქებები მოაწყო, რასაც სულეიმანის საფლავზე მისული 90 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უფრო მეტი კი დაიჭრა...თავიდანვე ამ საშინელი ტერორისტული აქტის დაბრალება თეირანს ისრაელისა და აშშ-ების სპეცსამსახურებისთვის სურდა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომელიც მსოფლიოს თითქმის მიავიწყდა უკრაინასა და ღაზას სექტორში მიმდინარე ომების ფონზე.

ირანის ბალისტიკური რაკეტების სამიზნეები ერაყში ქალაქ ერბილთან-ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქთან მოიძებნა, სირიაში კი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ რაიონში. განსხვავებით სირიისგან(რომელზეც ირანს უდიდესი გავლენა აქვს მოპოვებული), ერაყის ხელისუფლებამ გააპროტესტა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ირანული რაკეტების აფეთქება…მაგრამ, მერე მოხდა, რაც მოხდა...თეირანს ეტყობა „ბალისტიკური რაკეტებით ტერორისტების დასჯის კვირეული“ ჰქონდა გამოცხადებული და ეს რაკეტები უკვე აღმოსავლეთით შეუტრიალა თავის ბირთვულ მეზობელს-პაკისტანს და 17 იანვარს დაბომბა მის ტერიტორიაზე მოქმედი სუნიტური დაჯგუფების „ჯეიშ-ალ-ადლის“ ორი ბაზა. თეირანში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს დაჯგუფება აწყობს თავდასხმებს პაკისტანის მოსაზღვრე ირანის სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაზე.

დღეს, 18 იანვარს კი პაკისტანმა თეირანს სამაგიერო დაუბრუნა და საავიაციო დარტყმები მიაყენა ირანის სწორედ ამ, სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციას იმ მოტივით, რომ ირანი აქ იფარებს იმ ტერორისტებს, რომლებიც პაკისტანის სასაზღვრო რაიონებში თავდასხმებს აწყობენ...როგორ განვითარდება მოვლენები, „შეჰყვება“ თეირანი ბირთვული იარაღის მქონე მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტის გაღრმავებაში? სიტუაცია მართლაც ძალიან საინტერესო და ამასთანავე ფეთქებადსაშიშია - მსოფლიოს რიგ ქვეყნებს არაფრისდიდებით არ აწყობთ ირან-პაკისტანის ომის დაწყება, რიგი სახელმწიფოები კი შეიძლება სწორედ ამაზე ოცნებობდნენ...

პირველი ქვეყანა, რომელმაც სასწრაფოდ დაზავება მოსთხოვა თეირანსა და ისლამაბადს, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ჩინეთი იყო - პეკინისთვის პაკისტანი ფაქტობრივი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა ინდოეთთან დაპირისპირებაში და ამასთან ჩინეთს საუკეთესო ურთიერთობა გააჩნია ირანთანაც. არც რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ირანი ეხლა სამეზობლოში დიდ ომში ჩაერთოს, რადგან უკრაინასთან გახანგრძლივებულ ომში ჩაფლული მოსკოვი ირანიდან დამატებითი კამიკაძე-დრონების, ჭურვებისა და რაკეტების დიდი პარტიების შეძენის გაგრძელებას აპირებს. სამაგიეროდ, ინდოეთში შეიძლება ოცნებობენ კიდეც, რომ რაც შეიძლება მეტი ბალისტიკური რაკეტები „გაცვალონ“ ერთმანეთის ქალაქებზე ირანმა და პაკისტანმა-დელისთვის ისევე როგორც პეკინი, ისლამაბადიც ერთ-ერთი პირველ რეალურ მტრად მიიჩნევა.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთსაც, მისთვისაც სასურველი იქნება ირანის მზარდი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციები მოთოკვა,თუნდაც პაკისტანის საშუალებით. ისრაელზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს - პაკისტანთან დიდ ომში აღმოჩენილი ირანი ღაზას სექტორში “გაჭედილი“ თელ-ავივისთვის დიდ შვებად გადაიქცევა. ირანის „დაკავება“ აღმოსავლეთ მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებებში, ძალზე აწყობს აშშ-ს და ევროპასაც ,რადგან მნიშვნელოვნად შემცირდება თეირანის დახმარება იმ პროქსი-ირანული დაჯგუფებებისთვის, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალზე მომძლავრდნენ სირიაში და იემენში ჰუსიტების სახით.

ირანის პაკისტანთან ომში ჩაბმის შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი არცთუ ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩეს, რადგან პაკისტანს დღემდე არ უღიარებია სომხეთის სუვერენიტეტი და ისლამაბადი ყოველთვის, მკვეთრად ბაქოს მხარეს იჭერდა. ამასთან, ირან-აზერბაიჯანს შორის არსებული არცთუ სახუმარო დაპირისპირებაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძველი დრო რომ იყოს, სომხეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ ირანის მხარეზე დადგებოდა(თუნდაც იმავე პაკისტან-აზერბაიჯანის დიდი მეგობრობის გამო), მაგრამ დასავლეთისკენ მომზირალი ფაშინიანისგან ასე ხელაღებით ირანის მხარდაჭერას ნამდვილად არ მოიწონებენ „ბებერ“ ევროპასა და ოკეანისგაღმელ ამერიკაშიც.

ჩვენი საქართველოსთვის ეს ყველაფერი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეიძლება ნაკლებად მოჩანდეს, მაგრამ თუკი ბალისტიკურ რაკეტებიანი ირანისა და ბირთვულ იარაღიანი პაკისტანის შეიარაღებული დაპირისპირება „ქალაქების ომშიც“ გადავიდა, მაშინ ეს არათუ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე მოახდენს დიდ გავლენას...