"ეს აუცილებლად დაუბრუნდებათ ბუმერანგივით და ბევრს დაუბრუნდა კიდეც, ვინც ტყუილად მესროლა ტალახი" - ბესო ზანგურის განმარტება "მოსკოვურ" პოსტზე - კვირის პალიტრა

"ეს აუცილებლად დაუბრუნდებათ ბუმერანგივით და ბევრს დაუბრუნდა კიდეც, ვინც ტყუილად მესროლა ტალახი" - ბესო ზანგურის განმარტება "მოსკოვურ" პოსტზე

რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის თეატრის მსა­ხი­ო­ბმა - ბესო ზანგურმა "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კოვ­ში" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ მას სურვილი აქვს ჩავიდეს მოსკოვში და ბედი სცადოს ფილმში ან დადგას სპექტაკლი:

"მო­გე­სალ­მე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბო, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით. ვინც არ მიც­ნობთ, ვარ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი. მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩა­მო­ვი­დე მოს­კოვ­ში და მანდ ვცა­დო ფილმში ბედი ან მე თა­ვად დავ­დგა სპექ­ტაკ­ლი. რუ­სუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი კარ­გად ვიცი. მინ­და, მი­ვი­ტა­ნო ჩემი პორ­ტფო­ლიო მოს­ფილ­მსა და სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­­ში.

მინ­და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოთ, რა და რო­გორ გა­ვა­კე­თო, რად­გან გას­ტროლ­ზე რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მზად მხვდე­ბო­და. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. იქ­ნებ, იც­ნობთ ვინ­მე აგენტს, ვინც მსა­ხი­ო­ბებს ასაქ­მებს და ამა­ში იღებს თან­ხას. რა თქმა უნდა, ისე არა­ვინ და არა­ფე­რი მოძ­რა­ობს უკვე. ჰა­ერ­შიც კი ფულს ვიხ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე მგო­ნია!

მაქვს იმე­დი თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბის და ჩემი სურ­ვი­ლის გულ­თან მი­ტა­ნის. არ და­გა­ღა­ლა­ტებთ, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მგო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტის სა­ხე­ლი მაქვს და მინ­და მან­დაც ვცა­დო ბედი, რად­გან აქ იყო კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, მხო­ლოდ სა­ხელს ნიშ­ნავს, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, სხვა არა­ნა­ი­რი გა­სა­ქა­ნი არ გაქვს.

ამ მოკ­ლე სტა­ტუ­სით იქ­ნებ დიდი საქ­მე გა­კეთ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც ის ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა, ვინც და­მეხ­მა­რე­ბა! პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­დან, ბესო ზან­გუ­რი".

პოსტს დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა კომენტარებში, თუმცა მსახიობმა გარკვეული შეთავაზებებიც მიიღო... ამის თაობაზე "კვირის პალიტრა" ბესო ზანგურს პირადად დაუკავშირდა:

"ეს იყო ერთი დღის ნაფიქრი, ჩვეულებრივად დაწერილი სტატუსი, არაფერი განსაკუთრებული და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამხელა მნიშვნელობას მიანიჭებდნენ, გაანიუსებდნენ კიდეც და ასეთი ბულინგი წავიდოდა.

ჩემს პოსტზე, რა თქმა უნდა, გამომეხმაურნენ და გარკვეული შემოთავაზებებიც არის, დამაფიქრებელიც და საინტერესოც. ჩემთვის მთავარი ჩემი სფეროა - ფილმები და სპექტაკლები, აბა, მე პოლიტიკური მოღვაწე არ ვარ, რომ ამ მიმართულებით დავინტერესდე და პოლიტიკური მიზნები მამოძრავებდეს. უარს არ ვიტყვი არანაირ ფილმზე, ეს რუსული იქნება, ინგლისური, ამერიკული თუ ქართული, რადგან ჩემთვის ხელოვნება ხელოვნებაა. რუსული ენაც კარგად ვიცი და ინგლისურიც. როგორც დოსტოევსკი, ისე მაინ რიდი, ჯეკ ლონდონი თუ ჯორჯ ბაირონი, ჩემთვის ყველა უკვდავი მწერალია, იგივე შემიძლია ვთქვა მსახიობებზე. სხვათა შორის, ალან რიკმანთან ერთად მითამაშია რუსთაველის თეატრის სპექტაკლში და მანამდე, მან მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას "ჰამლეტში", "Riverside Studio"-ში. იგი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში. ეს ბევრმა არ იცის.

ნათლისღების წინა დღეა და მინდა, ერთი რამ ვთქვა: პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ნათლისღებას და მინდა, რომ უფალმა ყველას გაუნათოს გონება, ერთმანეთი უყვარდეთ. ვერ ვხვდები, საქართველოში ასე ძალიან რატომ სძულთ ერთმანეთი? ასეთი რამ ხომ არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ ხდება? გადავხედოთ კავკასიის მხარეს, ასე არსად ლანძღავ ერთმანეთს. ვიღაც დაწერს საშინელ კომენტარს და იმაზე არ ფიქრობს, იმ ადამიანის გულში რა ხდება. ამ შემთხვევაში, ჩემთან, როდესაც მაბულინგებ... მე ხომ ოჯახი მყავს, მეუღლე, შვილები, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ, განიცდიან და მეკითხებიან, მამა, ამდენ ნეგატიურ კომენტარს რატომ გიწერენო...

- იმ პოსტის შემთხვევაში იმიტომ, რომ რუსეთზეა საუბარი და როგორც ოკუპანტი, ცხადია, მისი ხსენება გაღიზიანებას იწვევს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში...

- ახლა მე და თქვენ ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ და იგივე ტექსტი ამერიკულ ჯგუფში დავდო, დამიჯერეთ, იგივე რეაქცია მოჰყვება. აქ მნიშვნელობა არ აქვს, სად რას დაწერ, მთავარია, ადამიანს ტალახი ესროლონ. ტაძრებში რომ დგანან და "მამაო ჩვენოს" ამბობენ ზეპირად, მერე კი ასე იქცევიან, ფარისევლობაა. იცოდნენ, რომ ეს აუცილებლად ბუმერანგივით დაუბრუნდება ყველას და ბევრს დაუბრუნდა კიდეც, ვინც ტყუილად მესროლა ტალახი. სახარებაში ხომ წერია ქრისტეს ნათქვამი - ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველიაო. ამ ქვეყანაში ყველა უცოდველია, ყველა წმინდანია და ყველა ქვის მსროლელი. ქრისტე რომ საქართველოში დაბადებულიყო და ეს ფრაზა ქართველებისთვის ეთქვა, ქვების გორა აშენდებოდა, ყველა ესროდა...

გულსატკენია ეს ყველაფერი...

ყოველივე ამის მერე, მართლა გიჩნდება ადამიანს სურვილი, საერთოდ ადგე და წახვიდე ამ ქვეყნიდან, შენი თავი კი იქ იპოვო, სადაც სუფთა ფურცლიდან დაიწყებ ყველაფერს, თავიდან ააშენებ და გააკეთებ. ახლა ისეთი შემოთავაზებები მივიღე, რომ სერიოზულად დავფიქრდი, ალბათ, საბოლოო ჯამში, წავალ.

- მოსკოვზეა საუბარი?

- ამ შემთხვევაში მოსკოვზეა, მაგრამ საფრანგეთიდან მაქვს შემოთავაზება ერთ-ერთ ფილმზე და ჯერ იქ გავფრინდები, ბილეთიც დაჯავშნულია, პარიზსა და ლიონში იქნება გადაღებები ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, ამაზეც ბულინგი წამოვა...

იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დავფიქრდები ყველაფერზე, რაც ახლა ხდება... გულგასატეხი, გულდასაწყვეტი და სულისშემძვრელია...

- რამ განაპირობა, იმ დასკვნამდე მისულიყავით, რომ სხვა ქვეყანაში წახვიდეთ და იქ სცადოთ ბედი? რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?

- სტატუსშიც დავწერე, რომ მინდა, უბრალოდ ბედი ვცადო ფილმში, რადგან არც ერთ ფილმში არ ვარ გადაღებული საქართველოში, მხოლოდ "ჰეროკრატიის" ეპიზოდში და "ცხელ ძაღლში", ასევე, უკრაინაში - 8-სერიიან სერიალში, სადაც პრემიერის როლს ვთამაშობდი, მაგრამ ასოციაცია მიხეილ სააკაშვილზე იყო.

აქედან გამომდინარე, უბრალოდ დავწერე, რომ ფილმში მინდა გადამიღონ და თუ არის ამის შესაძლებლობა, რატომაც არა? ამას ხომ ყველა მსახიობი აკეთებს. არაფერი განსაკუთრებული არ არის ამაში, მაგრამ როგორც ნახეთ, ნეგატივის მთელი ტალღა წამოვიდა... არა უშავს! რუსულად ვიტყვი - "პრარვიომსა".

(სპეციალურად საიტისთვის)