ოკუპაცია, მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა, "შუა დერეფანი" და ანაკლიის პორტი - ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი მესიჯები დავოსის ფორუმზე
"ომი გადავიტანეთ 2008 წელს და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას, თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში არ ყოფილა.
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს და მას შემდეგ, რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი მიწების ოკუპაციას განაგრძობს. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.
„დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.
საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში.
ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5 პროცენტზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო.
თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს.
ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და თბილისი ბოლომდე ერთგულია ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა.
პრემიერმა ყურადღება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე გაამახვილა.
„ორი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.
უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ.
ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.
ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა