კახური "შურისძიება" შაჰ-აბასზე, რომელიც არ შედგა - დიდი შირაქის სამხედრო ობიექტს თეირანის პირისაგან მიწისა აღგვა შეეძლო - კვირის პალიტრა

კახური "შურისძიება" შაჰ-აბასზე, რომელიც არ შედგა - დიდი შირაქის სამხედრო ობიექტს თეირანის პირისაგან მიწისა აღგვა შეეძლო

ირანის მიერ 17 იანვარს მეზობელი პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვამ მთელი მსოფლიო შეაშფოთა, რადგან ისლამაბადი დიდი ხანია, ბირთვულ იარაღს ფლობს და მისი პასუხი შეიძლება მართლაც გამანადგურებელი გამომდგარიყო თეირანისთვის, თუმცა ამჯერად ისლამაბადი პასუხის დაბრუნებას, ირანის საზღვრისპირა ტერიტორიის მხოლოდ ჩვეულებრივი ბომბებითა და რაკეტებით დასჯერდა და საქმე, საბედნიეროდ, არ მივიდა ბირთვული იარაღის საბრძოლო მიზნებით გამოყენების გამეორებაზე, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა, 1945 წელს, იაპონიის წინააღმდეგ...

თუმცა ბირთვული იარაღი ირანზე ყოველთვის იყო დამიზნებული, მათ შორის - 1970-80-იან წლებშიც, როდესაც საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თავის სტრატეგიულ გეგმებში გათვლილი ჰქონდა ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის განხორციელება ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის - თავად თეირანზეც... კახეთიდან!

2-didi-1705658377.png
ასე გამოიყურება კოსმოსიდან დღეს კახეთში დიდი შირაქის ნაწილობრივ დანგრეულ-გაძარცვული აეროდრომი, რომელზეც შემორჩენილია არანაკლებ 41 კარგად დაცული ანგარი...

საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს - კახეთს საუკუნეების განმავლობაში არა ერთი ტანჯვა განუცდია, სპარსეთის მხრიდან და „პირველი ცივი“ ომის დროს სწორედ კახეთიდან განხორცილებულ ბირთვულ დაბომბვებს ირანის ჩრდილოეთი ნაწილი, თეირანის ჩათვლით, შეიძლება მეორე ჰიროსიმად გადაექცია...

თუმცა მივყვეთ მოვლენებს...

დედოფლისწყაროსთან (ყოფილი წითელწყარო) მდებარე დიდ შირაქში აეროდრომის აშენების ინიციატივა ეკუთვნის გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ნანეიშვილს, რომელიც 1950 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიის სარდალი გახლდათ. თელავის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ნანეიშვილის ამერიკულ ბომბდამშენს - "ბოსტონს" ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გენერალმა ორმოტორიანი თვითმფრინავი ავარიულად მდინარე ალაზნის ახლოს, მინდორზე დასვა. ნანეიშვილს ისე მოსწონებია ეს ადგილი, ყველა ღონე უხმარია, რომ მოსკოვში მიეღოთ გადაწყვეტილება, შირაქის ველზე, სოფლების - ზემო ქედისა და არხილოსკალოს ახლოს, სამხედრო აეროდრომის აშენების შესახებ.

ასე აშენდა დიდი შირაქის აეროდრომი. თავდაპირველად აეროდრომს არ ჰქონდა ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რაც შიდაწვისძრავიანი თვითმფრინავების ბაზირებისთვის დიდი პრობლემა არ გახლდათ. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ავიაციაში მასობრივად გამოჩნდა რეაქტიულძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავები, დიდ შირაქში ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ბეტონის ფილები დააგეს...

დიდი შირაქის აეროდრომზე განთავსებული იყო ალექსანდრე ნეველის სახელობის წითელდროშოვანი 168-ე გვარდიული გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაში 1977 წლამდე Су-7Б ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა სამი ესკადრილია შედიოდა.

ამ ტიპის თვითმფრინავებს არაბები აქტიურად იყენებდნენ ექვსდღიან ომში, ისრაელთან (1967 წ.), ინდოელები - ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომში (1971 წ.), ეგვიპტელები - ოქტომბრის ომში (1973 წ.) და სირიელები - ისრაელის წინააღმდეგ.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ გამანადგურებელ-ბომბდამშენების არა ერთმა საბჭოთა მფრინავმა, რომელიც თავის დროზე დიდ შირაქში მსახურობდა, მონაწილეობა მიიღო არაბი და ინდოელი პილოტების მომზადებაში და თვითონაც ბომბავდა ეგვიპტის აეროდრომებიდან ისრაელის არმიის დანაყოფებს.

3-didii-1705658527.jpg
საბჭოთა მფრინავები და მათი Cy-17М3 - გამანადგურებელ-ბომბდამშენი დიდი შირაქის აეროდრომზე...

70-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მოძველებული Су-7Б-ები იმ დროისთვის თანამედროვე Cy-17-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა ჩაანაცვლეს. ამ გამანადგურებელ-ბომბდამშენს 10 პილონზე 3,6 ტ საერთო მასის ბომბები და რაკეტები მიჰქონდა და მისი საბრძოლო მოქმედების რადიუსი, დამატებითი საწვავის ავზების გარეშე, 590 კმ-ს აღწევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედოფლისწყაროდან აფრენილი Cy-17M3-ების საბრძოლო მოქმედების რადიუსში ხვდებოდა არა მარტო ირანის ჩრდილოეთი ნაწილი (ქ. თავრიზის ჩათვლით), არამედ - თეირანიც კი, თუკი Cy-17M3-ებს საწვავის ორ დამატებით ავზს ჩამოჰკიდებდნენ.

დიდი შირაქის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა პოლკს NATO-ს წინააღმდეგაც შეეძლო საბრძოლო მოქმედებების წარმოება. საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მონაკვეთამდე, დიდი შირაქიდან პირდაპირი ხაზით, 250 კმ-ზე მეტი არ იყო და კახეთიდან აფრენილ გამანადგურებელ-ბომბდამშენებს ბომბების ჩამოყრა (მათ შორის - ბირთვულისაც) ტრაპიზონსა და ერზრუმშიც კი შეეძლოთ.

მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე საქმე, საბედნიეროდ, არ მივიდა, თუმცა "დიდმა შირაქელმა" პილოტებმა თავიანთ გამანადგურებელ-ბომბდამშენებით მაინც მოასწრეს ომის ნახვა.

1984 წელს დიდი შირაქიდან პილოტებისა და თვითმფრინავების ჯგუფი ავღანეთში გაიგზავნა, საომრად. ფრენები, ძირითადად, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ყანდაარის აეროდრომიდან ხორციელდებოდა.

4-didii-1705658476.png
დიდი შირაქის აეროდრომზე Cy-17M3-იდ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების ჩანაცვლება1988 წლიდან Cy-24 ტიპის არამოდერნიზებული საფრონტო ბომბდამშენებით დაიწყო...

ავღანეთიდან დაბრუნებულ "დიდ შირაქელებს" კი სიურპრიზი ელოდათ - მათმა პოლკმა სახელი შეიცვალა და გამანადგურებელ-ბომბდამშენის ნაცვლად ბომბდამშენების საავიაციო პოლკი ეწოდა. სახელის შეცვლა იმით იყო განპირობებული, რომ Cy-17M3-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების ნაცვლად, პოლკის გადაიარაღება 1988 წლიდან Cy-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებით დაიწყო.

ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა 36-ე ბომბდამშენთა საავიაციო დივიზია, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიაში შედიოდა. 36-ე ბომბდამშენთა საავიაციო დივიზიის შტაბიც დიდ შირაქში განთავსდა და მასში იქვე დისლოცირებული 168-ე პოლკის გარდა, შედიოდა 143-ე (ქუთაისთან, კოპიტნარში, შეიარაღებაში 28 ცალი Cy-24M-ის ტიპის მოდერნიზებული საფრონტო ბომბდამშენი) და 976-ე ბომბდამშენთა პოლკები (აზერბაიჯანში, ქ. კიურდამირი, შეიარაღებაში 29 ერთეული Cy-24).

დიდ შირაქში 1992 წლის დასაწყისისთვის 30 ცალი Cy-24-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი იდგა, რომელთა საბრძოლო ამოცანები Cy-17M3-ებთან შედარებით გაზრდილი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი შირაქიდან აფრენილი 39,7 ტ-იან Cy-24-ს 7 ტ საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება 600 კმ რადიუსში შეეძლოთ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 168-ე ბომბდამშენთა პოლკის ისტორია სრულდებოდა. 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაისვა საკითხი პოლკის სასწრაფოდ რუსეთში გაყვანის შესახებ.

5-didi-1705658441.jpg
დიდი შირაქის აეროდრომზე საბჭოთადროინდელი Cy-17M3-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენის ეს ფრანგმეტიღა იყო შემორჩენილი ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ...

1992 წლის 10 ივნისისთვის 30-ვე Cy-24-ის ტიპის ბომბდამშენი დიდი შირაქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მარინოვკის აეროდრომზე გადააფრინეს. პოლკის პირადმა შემადგენლობამაც იმავე წლის ოქტომბრამდე დატოვა გარნიზონი.

მას შემდეგ დიდი შირაქის სამხედრო აეროდრომის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება საქართველოს ხელისუფლებას არ უცდია, თუმცა ხანდახან იქ ქართული მოიერიშეები სხდებოდნენ. გაიძარცვა აეროდრომისა და სამხედრო ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოიპარეს ბეტონის ფილები, დაშალეს შენობები.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დიდი შირაქის აეროდრომის ახლოს რუსულმა ბომბდამშენებმა (არ არის გამორიცხული, სწორედ მარინოვკის Cy-24-მაც კი) რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს.

რუსული მარინოვკის აეროდრომიდან უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრამდე მხოლოდ 275 კმ-ია და ბუნებრივია, რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ აეროდრომიდან აფრენილი ბომბდამშენებიდანაც ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე, თუმცა ის Cy-24-ის ტიპის არამოდერნიზებული საფრონტო ბომბდამშენები, რომლებიც 34 წლის წინათ კახეთის დიდი შირაქიდან ამ აერდრომზე გადაიყვანეს, უკვე ჩამოწერილები არიან და აღარ დაფრინავენ...