ესტონელები რუსეთთან საზღვარზე ერთოთახიანი „ხრუშჩოვკის“ ფართობის 600-ზე მეტი ბუნკერის ჩაფვლას აპირებენ... - კვირის პალიტრა

ესტონელები რუსეთთან საზღვარზე ერთოთახიანი „ხრუშჩოვკის“ ფართობის 600-ზე მეტი ბუნკერის ჩაფვლას აპირებენ...

უკრაინასთან ომში მყოფ რუსეთს პარალელურად ნატოზე გასალაშქრებლად ძალა აღარ ეყოფა, მაგრამ ამ ომში კრემლის გამარჯვების შემთხვევაში რა ელის ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს?

სწორედ ამ, ბალტიისპირელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას 19 იანვარს რიგაში ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ თავდაცვის ზღუდეების აგება აღმოსავლეთით, რუსეთთან საზღვარზე...

არ დაგვავიწყდეს, რომ ბალტიისპირეთის ეს ქვეყნები ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის 29 მარტს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები-მაშინ, რისი ეშინიათ მათ, ნუთუ „ნატოს თავდაცვის ქოლგის“ ქვეშ მაინც ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ?

მას შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა და რა შეიცვალა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, იქ სადაც ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის წევრი ქვეყნები უშუალოდ რუსეთს ესაზღვრებიან?

ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც... არასაკმარისად!

დავიწყოთ იქიდან, რომ ესტონეთს რუსეთთან 333,7 კმ სახელმწიფო საზღვარი აქვს, ლიტვას 270,5 კმ, ლიეტუვასა და პოლონეთს რუსეთის კალინინგრადის ოლქთან შესაბამისად - 266 კმ და 232 კმ, ამას დაემატა ჩრდილოატლანიკური ალიანსის 31-ე წევრად მიღებული ფინეთის 1 271,8 კმ საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან (ისე ინფორმაციისთვის -„პირველი ცივი“ ომის დროს საბჭოთა კავშირი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მხოლოდ საქართველოსა და სომხეთის თურქეთთან საზღვრით „ემეზობლებოდა“).

ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა რუსული „მსუბუქი ძალიდან“ მომდინარე რეალური საფრთხე პირველად უკვე რამდენიმე წლის წინ იგრძნეს, როდესაც პუტინი-ლუკაშენკოს ერთობლივი საიდუმლო გეგმის თანახმად რუსეთისა და განსაკუთრებით ბელარუსის საზღვრებიდან ლიეტუვასა და პოლონეთს ავღანელი,ერაყელი თუ სირიელი მიგრანტების არმიები შეუსიეს, როდესაც იგივე ბელარუს მესაზღვრეებს ასეთი მიგრანტების ჯგუფები ღამ-ღამობით თავად მიჰყავდათ ნატოს წევრი ამ ქვეყნების საზღვრებთან და მის უკანონოდ გადალახვაშიც ეხმარებოდნენ...

პოლონელები, ლატვიელები და ლიეტუველები იძულებულნი გახლდნენ ჯერ მავთულხლართები, შემდეგ რკინის მესერი გაევლოთ სახელმწიფო საზღვრის უმეტეს ნაწილზე,რამაც კი მეტ-ნაკლებად შეაკავა ახლო აღმოსავლეთიდან ლუკაშენკოს მიერ „მიწვეული“ მიგრანტების „ტალღების“ შეღწევა,მაგრამ რკინის მესერი 45 ტონიან რუსულ ტანკს ვერ შეაჩერებს...

ოცი წლის წინადელი სიტუაციიდან განსხვავებით, დღეს ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის და პოლონეთის ტერიტორიებზე უკვე ბაზირებენ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების დანაყოფები თავისი მძიმე ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და საავიაციო ესკადრილიებით, რაც გამორიცხვს რუსული სატანკო იერიშების მოულოდნელობის ეფექტს, მაგრამ არც იმის სრულ გარანტიას იძლევა, რომ რუსულმა სახმელეთო დაჯგუფებამ ვერ შეძლოს თავის ანკლავისკენ-კალინინგრადის ოლქისკენ გაჭრა, მათ შორის „სუვალსკის დერეფნის“ დაკავებით, რომელიც პოლონეთს ლიეტუვას აკავშირებს და მისი დაკარგვის შემთხვევაში ნატო სახმელეთო გზას ჩაეჭრება თავის ბალტიისპირელ წევრებთან-ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან...

ის, რომ ნატო-რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება უახლოეს ხუთ ან უფრო მეტი წლის შემდეგ შეიძლება გარდაუვალი გახდეს, ამას უკვე თავად ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც აღარ მალავენ, ისევე როგორც, მაგალითად გერმანიის ბუნდესვერი კონკრეტულ სცენარებს განიხილავს, თუ რომელ მიმართულებებზე და რა ძალებით მოახერხოს აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრილი რუსული სატანკო დაჯგუფების შეჩერება...

ამის ფონზე, უკვე გასაკვირად აღარც მოჩანს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ცნობილ გამონათქვამს-ღმერთის იმედი გქონდეს, ოღონდ შენც ხელი გაანძრიეო! ითვალისწინებენ მცირე ინტერპრეტაციით - ნატოს დახმარების გჯეროდეს, მაგრამ რუსეთთან საზღვარი მაინც დანაღმე, ბუნკერები ჩააყენე, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო...

ესტონეთი აპირებს რუსეთთან 333,7 კმ სიგრძის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთებზე 600-ზე მეტი 30-35 კვ.მ. ანუ „ხრუშჩოვკის“ ერთოთახიანი ბინის მოცულობის რკინა-ბეტონის ბუნკერები ჩაფლას, თითოეულ მათგანში ათი მებრძოლი განთავსდება მოწინააღმდეგის მხრიდან საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების მომენტში და დაზღვეული იქნება 152 მმ კალიბრის საარტილერიო ფუგასური ჭურვის პირდაპირი მოხვედრისას წარმოქმნილი აფეთქების ტალღისგან და ნამსხვრევებისგან.

ესტონელების ინიციატივას უერთდებიან ლიეტუველი და ლატვიელი სამხედროებიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ წელს გამოჩნდა-რუსი ოკუპანტების მიერ შექმნილმა ნაღმურმა ველებმა და სხვა საფორთიფიკაციო საინჟინრო საშუალებებმა ფაქტობრივად ჩაშალა უკრაინის არმიის ის კონტრიერიშები, რომელთა წარმატებით განხორციელებას უკრაინელებზე არანაკლებ, ნატოშიც მოელოდნენ...

ბალტიისპირებელი თავიანთი „სასაზღვრო“ ბუნკერების მიწაში ღრმად ჩაფვლას აპირებენ, ბუნკერებს სანგრებში გასასვლელი ექნებათ, თუმცა რუსული ტანკებისგან ქვეყნის დაცვის სრულ პანაცეად არ განიხილებიან-მათი ძირითადი საბრძოლო ამოცანაა საზღვრისპირა რაიონში რაც შეიძლება მეტი ხნით რუსული ტანკების შეჩერება, რათა მოგებული იქნეს დრო ალიანსის მთავარი ძალების მობილიზაციისთვის.

2-b-1705752765.png
ესტონელების, ლიეტუველებისა და ლატვიელების ახალმა ბუნკერებმა 152 მმ კალიბრის რუსული საარტილერიო ჭურვების მოხვედრას უნდა გაუძლონ...

რამდენად რეალური იქნება და როდის შეიძლება დაიწყოს რუსული ან რუსულ-ბელარუსული აგრესია ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის მიმართულებით, ამაზე დღეს პასუხი ბუნებრივია არავის აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში სწორედ 2024 წელს...

აქაც ძირითადი სამი პროგნოზი არსებობს:

პირველი- გაგრძელდება პოზიციური საბრძოლო მოქმედებები, ფრონტის რიგ მონაკვეთებზე დრო და დრო სიტუაციის გამწვავებით,მაგრამ ფრონტის ხაზის დიდი ცვლილებების გარეშე.

მეორე- უკრაინა დასავლეთის მხრიდან ბევრად უფრო გაძლიერებული სამხედრო დახმარების ფონზე ისევ კონტრშეტევაზე გადავა და შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნებას...

მესამე- დასავლეთს აღარ ეყოფა რესურსები უკრაინის არმიის დასახმარებლად, რუსეთის საოკუპაციო ძალები მთლიანად ჩაიგდებენ საბრძოლო ინიციატივას თავის ხელში და გააგრძელებენ უკრაინის დარჩენილი ტერიტორიის თანადათანობით დაპყრობას, უკრაინის სრულიად დამარცხებამდე...

ამ, არასასურველი, მესამე პროგნოზის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი კიდევ უფრო მალე აღმოჩნდება რუსულ-ბელარუსული სამხედრო აგრესიის დაწყების წინაშე, რადგან უკრაინაზე გამარჯვებული პუტინი თუ მისნაირი კრემლის ახალი ბინადარი აუცილებლად „გაუხსენებს“ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და განსაკუთრებით კი პოლონეთს, უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებებს და შურისძიებას შეეცდება...

ამ საკითხზე უფრო სრული სტატია იხილეთ „კვირის პალიტრის“ ორშაბათის ,22 იანვრის ნომერში, რუბრიკა „სამხედრო თემაზე“.