"საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა" - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად"
პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიმტკიცის, ძლიერების და ბედთან შეურიგებლობის სიმბოლოა: ამ მომხიბვლელი, ქერათმიანი ქალის მიღმა ნამდვილი მებრძოლი იმალება. ირმა ერთ-ერთი საუკეთესოა ეტლით მოფარიკავეთა შორის. ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და მრავალი მედლის მფლობელია...
- ყველაფერი აფხაზეთიდან დაიწყო, სადაც ყველაზე ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობა გავატარე. ჩემი ოჯახი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში ცხოვრობდა, სადაც ყველა დღე საოცრად ტკბილი და კარგი იყო. პატარა ვიყავი, როცა წამოვედით, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი სახლი, ვაშლის ხეებით დახუნძლული ეზო და ყველაფერი, რაც აფხაზეთს უკავშირდება. დღემდე საგზლად მომყვება ჩემი სოფლის სურნელი და ის სითბო, ის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. სამწუხაროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 7 წლის ასაკში თავს დამატყდა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ბავშვის ცხოვრებაში მოხდეს - ომი, რომელიც მრავალი ოჯახისთვის მოულოდნელად დაიწყო. იძულებული გავხდით მშობლიური კუთხე დაგვეტოვებინა და საცხოვრებლად საქართველოს სხვა მხარეში გადავსულიყავით. ალბათ, მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც ჩვენ მაშინ გამოვცადეთ: საკუთარ სამშობლოში დევნილებად ვიქეცით. ასე დაასრულა ჩემი უზრუნველი წლები ომმა, რომელიც არასდროს, არსად არ უნდა ხდებოდეს - ეს არის ყველაზე ცუდი და საშინელი რამ, რაც კაცობრიობას მოუგონია.
- დევნილობის წლები როგორ გახსენდებათ?
- ცხადია, ძალიან ცუდად და უსიამოვნოდ... ომის შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ წყალტუბოში გადმოვედით. ახალი ცხოვრება ძირეულად განსხვავდებოდა ჩემი ძველი ცხოვრებისგან: აფხაზეთში არაფერი მაკლდა, მაგრამ წყალტუბოში ცხოვრება ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით, პირველ ხანებში: არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები... იმის გამო, რომ იმ დროს მამაკაცებისთვის სამუშაო არ იყო, დედამ გადაგვარჩინა: მან აიღო ყველა პასუხისმგებლობა და ემიგრაციაში წავიდა, რომ სამი შვილი გამოეკვება, ჩვენთვის განათლება მოეცა და ნორმალური პირობები შეექმნა. დედა მიიჩნევდა, რომ მისი შვილები საუკეთესოს იმსახურებდნენ და ყველაფერს აკეთებდა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.
მაშინ მე 13 წლის ვიყავი და რა თქმა უნდა, დედის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირდა. როცა დედა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, სწორედ მაშინ არ მყავდა გვერდით, თუმცა შესანიშნავად ვიაზრებდი იმას, რომ ოჯახის სხვა წევრები გვერდით მყავდნენ. ჩემს აღზრდაში მამაც დიდ როლს ასრულებდა და უფროსი დაც, ბებიაც ჩვენთან იყო. მოკლედ, ყველა გვერდით მყავდა და ნელ-ნელა ახალ სიტუაციას შევეგუე. დედის წყალობით, მატერიალური მდგომარეობა გაგვიუმჯობესდა და მეტ-ნაკლებად ამოვისუნთქეთ. ხშირად მიფიქრია: რომ არა ჩემი დედ-მამა, მე ის პიროვნება არ ვიქნებოდი, რომელიც დღეს ვარ; რომ არა მათი მხარში დგომა და სიყვარული, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა. ამიტომ, ორივეს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრებასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი მომცეს! სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ის თვისებები ჩამომიყალიბდა, რომელიც დღეს მაქვს. ჩემი მშობლების, ჩემი ბავშვობის და ოჯახის დამსახურებაა, რომ სირთულეებთან ბრძოლა ვისწავლე. ცხოვრებისეული სტრესები ყველას თავისებურად გადააქვს. მე ბევრჯერ ვყოფილვარ მძიმე სიტუაციაში, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ხელი არ უნდა ჩამექნია. მართალია, ბავშვობაში ძალიან მშვიდი და წყნარი ვიყავი, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, ხასიათი შევიცვალე - საკმაოდ კომუნიკაბელურ, გახსნილ ადამიანად ჩამოვყალიბდი.
- ირმა, სად სწავლობდით და პროფესია როგორ აირჩიეთ?
- წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და ინგლისური ენა გამორჩეულად მიყვარდა. ჩემი პროფესიული არჩევანიც სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა - უცხო ენა და ინფორმატიკა ავირჩიე. სპორტით მერე დავინტერესდი, როცა 18 წლის ასაკში ეტლით მოსარგებლე გავხდი. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ სპორტი ადამიანისთვის რეალიზების საუკეთესო საშუალებაა. ფარიკაობა ჩემი დიდი გატაცება გახდა, ახლა კი, ეს ჩემი საყვარელი საქმეა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ათეულობით ჯილდო და მედალი მაქვს მოგებული, როგორც ოქრო, ასევე ვერცხლი და ბრინჯაოც. მართალია, ბოლო პარაოლიმპიადაზე მეოთხე ვიყავი, მაგრამ პარიზის ოლიმპიადა 2024 წლის სექტემბერში გაიმართება და ამ ოლიმპიადაზე დაშვებული შეცდომა უნდა გამოვასწორო - ეს ჩემი უპირველესი მიზანია.
- როგორ ახერხებთ ამდენს და რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- უკვე ვთქვი, რომ სირთულეებთან ბრძოლის და არშეგუების უნარი ჩემი ოჯახის დახმარებით ჩამომიყალიბდა. ძნელად, მაგრამ მაინც შევძელი, რომ ჩემს შეცვლილ მდგომარეობას და ეტლს შევგუებოდი - ამისთვის სულ ცოტა, 9 წელი მაინც დამჭირდა. საკუთარ თავში ბევრი რამის დაძლევა დამჭირდა, სერიოზული კომპლექსებიც მქონდა, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. წარმატების მიღწევის გზა და საიდუმლო ალბათ, ყველასათვის ინდივიდუალურია, მაგრამ მე ერთი რამ მიმაჩნია აუცილებელ პირობად: საქმე, რომელიც აირჩიე ან რომელმაც აგირჩია, მთელი გულით უნდა გიყვარდეს, საკუთარი დრო და ენერგია მაქსიმალურად ბოლომდე დაახარჯო. ამ შემთხვევაში სასურველი შედეგიც აუცილებლად გექნება. შრომისმოყვარეობა აუცილებელია, მაგრამ მიზანდასახულიც უნდა იყო და ოდნავ ამბიციურიც, დიდი ამბიციები საჭირო არ არის, რადგან შეიძლება შენივე ამბიციამ ჩაგითრიოს და დაგამარცხოს. ყველაფრის მიუხედავად, მთავარი გზა, რომელიც წარმატებასთან მიგვიყვანს, შრომისმოყვარეობაა... უამრავი ადამიანისთვის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. ბევრი ვერ ხვდება, რომ საკუთარ თავზე აუცილებლად უნდა იმუშაო და ის პრიორიტეტები გამოკვეთო, რომლის მიღწევასაც ცდილობ. ჩემი აზრით, პირად ურთიერთობაშიც იგივე თვისებებია საჭირო: აქაც ბევრი დათმობა და იმის გათავისება გიწევს, თუ რამდენად მზად ხარ, მეორე ადამიანისთვის ბევრი რამ გააკეთო, რომ მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები მიიღო.
- თქვენს ცხოვრებაში თუ არის ადამიანი, რომლისთვისაც შეძლებთ ბევრი რამ დათმოთ?
- ვფიქრობ, პირად ცხოვრებაზე არ უნდა ილაპარაკო, თუ ეს ოფიციალური არ არის. დღეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, მაგრამ თუ ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელზეც გადავწყვეტ, რომ "ის ის არის", ხმამაღლა მხოლოდ მაშინ ვისაუბრებ. მანამდე არ მინდა ცრუ იმედები მქონდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რატომ უშვებ სხვა პიროვნებას შენს ცხოვრებაში და ის როგორ გამოიყენებს შენ გვერდით ყოფნას. აუცილებელია, წყვილი ერთნაირად ფიქრობდეს და ორივე ერთი მთლიანივით იყოს, თუმცა, ურთიერთობა ორმხრივი დათმობის გარეშე დიდხანს ვერ ცოცხლობს: კამათიც მისაღებია თუ ორივე მხარეს დათმობის და ჯანსაღი დიალოგის უნარი აქვს.
- თუმცა, ქალები ხშირად ტყუვდებიან, სწორი არჩევანის გაკეთება უჭირთ...
- არ ვიცი რატომ ვტყუვდებით, ალბათ იმიტომ, რომ გვგონია, სწორ, ჭეშმარიტ გზას მივაგენით და ვიპოვეთ ის, ვისაც ან რასაც ამდენი ხანი ვეძებდით, საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდება, რომ ცრუ წარმოდგენები გვქონია. ან ზოგჯერ გვგონია, რომ როგორც ჩვენ ვართ გულწრფელები, სხვებიც იმავე გულწრფელობით გვიპასუხებენ. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი მცდარი აღმოჩნდება ხოლმე. როდესაც ყველაზე მეტად გენატრება, როცა მასთან ყოფნა, მისი დანახვა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა მასთან საუბარი არ გბეზრდება და მის დანახვაზე თვალები გინათდება - აი, ეს არის ჩემთვის სიყვარული.
- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიეს და ფიქრობენ, რომ მათ უბრალოდ, არ გაუმართლათ?
- მე კარგად მესმის ამ ადამიანებისა: ისინი იმედგაცრუებულნი არიან და ცხოვრებას დანებდნენ, თავიანთი თავი დააჯერეს, რომ სხვა გზა არ არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რაც უნდა გააკეთონ, მათ ნაბიჯებს დადებითი შედეგი არ მოჰყვება, ამიტომ უქმად ყოფნას ამჯობინებენ. მე მიმაჩნია, რომ უნდა მოინდომონ, იბრძოლონ და იფიქრონ, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუნდაც, სხვისი დახმარება და კეთილი საქმეები, რომელიც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება. როცა ადამიანი სულიერად მძიმე მდგომარეობაშია, ყოველთვის ფიქრობს, რომ ცხოვრებაში თავისი ადგილი ვერ იპოვა! მე მათ ვეტყოდი, რომ ანალოგიური მდგომარეობა ბევრს გვაქვს გამოვლილი, უბრალოდ, თუ თავს ნებას მისცემთ, გონებაში ბევრი ნეგატიური ფიქრი შემოუშვათ, ეს ფიქრი აუცილებლად დაგჯაბნით და უკეთეს ხვალინდელ დღეზე ვეღარ იფიქრებთ.
- თქვენ რა მიგაჩნიათ დეპრესიის დროს საუკეთესო გამოსავლად?
- უკვე ვთქვი, რომ სპორტი და ფიზიკური ვარჯიში ამ დროს ყველაზე კარგი საშუალებაა. ვარჯიში საშუალებას გაძლევს განვითარდე, საკუთარი თავი სულ სხვა მხრიდან გაიცნო, შენი შესაძლებლობები დაინახო. თუკი ვიფიქრებთ, რომ არაფერი გამოგვივა, ესე იგი, მართლა არაფერი გამოგვივა, რადგან ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ მივხვდეთ, ნამდვილად რა გვინდა და რისთვის ვართ მზად ამ ცხოვრებაში. მეც, საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. რა აზრი ჰქონდა დეპრესიას და მოთქმა-გოდებას, როცა ამით ვერაფერს შევცვლიდი? ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი აზროვნება შემეცვალა და საკუთარ თავზე ბევრი მემუშავა. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რის მიღწევაც გვსურს. ცხოვრება ძალზე უინტერესოა, როცა არანაირი მიზანი არ გაქვს და დინებას მიჰყვები. დაბრკოლებები და სირთულეები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ თუ არ შევუშინდებით, მათი გადალახვის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა, რომ თანდათან ვძლიერდებით და ჩვენს თავზე ვიმარჯვებთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"