"ბევრი "ზვერაძე" აღმოვაჩინე, გული მეტკინა" - კვირის პალიტრა

"ბევრი "ზვერაძე" აღმოვაჩინე, გული მეტკინა"

დავით დვალი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული როლით მაყურებელში ემოცია ნამდვილად გამოიწვია. პოლიციელ გაჩა ზვერაძის მისამართით მაყურებლის შეფასება ერთგვაროვანია, ეს კი უდავოდ მსახიობის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

ვინ არის "ზვერაძე" რეალურ ცხოვრებაში, რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, რა აღმოჩენები გააკეთა, რის გამო იხდის ბოდიშს გადასაღებ მოედანზე და როგორი შეფასებები მოისმინა ახლობლებისგან? - ამ ყველაფერზე დავით დვალი გულახდილად გვესაუბრა.

- როგორი იყო თქვენთვის 2023 წელი? ფაქტია, ძალიან პოპულარული გახდით.

- კარგი სიახლეების წელი იყო, სამსახიობო კარიერის მხრივ აქტიური წელი მქონდა. ბოლო დროს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე, ეკონომისტი ვარ, აქამდე პროფესიით ვმუშაობდი, წლების განმავლობაში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ვიყავი. მერე გადავწყვიტე, სამსახურისთვის თავი დამენებებინა, სხვა საქმეებისთვის მიმეხედა, რაჭისკენ ამეღო გეზი. ნიკორწმინდაში მამაპაპისეული მამული მაქვს და მომინდა რეგიონისთვის ჩემი აქტივობით რამე გამეკეთებინა, იქ სრულიად განსხვავებულ საქმეებს შევეჭიდე. რაჭა ძალიან მიყვარს. პირადი ცხოვრება, საქმიანობა - ყველაფერი შევცვალე, ამას დაემატა სამსახიობო კარიერა, რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. ეს სფერო ყოველთვის ძალიან მიზიდავდა. უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, იქაურ თეატრში ვთამაშობდი და ეს მომწონდა. რაც შეეხება პოპულარობას, იმასთან ერთად, რომ ძალიან სასიამოვნო მომენტია, საპასუხისმგებლოც არის.

- თქვენი პოპულარობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე როგორ აისახება?

- მე ვარ ადამიანი, ვისაც არ აქვს არანაირი სოციალური ქსელი, ყოველთვის წყნარი ცხოვრება მერჩივნა, მაგრამ ახლა შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ პოპულარობა მსიამოვნებს, დამღლელი ნამდვილად არ არის. პასუხისმგებლობაა, რადგან ადამიანები გაფართოებული თვალებით გიყურებენ. მათთვის შეიძლება მაგალითის მიმცემიც კი იყო. ემოციური, იმპულსური ვარ. ძალიან ადვილია, ქუჩაში ავტომობილით მგზავრობის დროს, ნერვები დაგეძაბოს, გაღიზიანდე, რაღაც ცუდიც წამოგცდეს. ადრე ამ ყველაფერს თუ ვაკეთებდი, დღეს საკუთარ თავს ამის უფლებას აღარ ვაძლევ. როცა პოპულარული ხდები, გეძლევა საშუალება, ადამიანებს კარგი მაგალითი მისცე.

- ამბობენ, სცენამ მონატრება იცისო, თავად გქონდათ ეს განცდა? არ გიცდიათ, რომელიმე რეჟისორთან გეთანამშრომლათ?

- მართალია, დიდი მონატრება იცის, ამ პროფესიით იწამლები. დაბრუნების სურვილი ნამდვილად მქონდა, მაგრამ გარდა ჩემი სამსახურისა, სულ მქონდა დამატებით კიდევ სხვა საქმეები, ხან ბიზნესი, ხან - სხვა რამ და ძალიან დაკავებული ვიყავი. ვერ ვაძლევდი თავს უფლებას, ამისთვის დრო გამომეყო. კიდევ იყო მეორე მომენტიც, საკუთარ თავს ვერავის შევთავაზებდი, სხვა რომ დაინტერესებულიყო, შეიძლებოდა, დროც კი გამომენახა.

367351426-882080123281716-6225878145246134443-n-33927-1705416922-1705824557.jpg

- ასეც მოხდა, თქვენით ეკა მჟავანაძე დაინტერესდა და ასე გახდით გაჩა ზვერაძე. როგორ მოახერხეთ ისე გეთამაშათ პოლიციელის როლი, რომ ამდენ ადამიანში ემოცია გამოგეწვიათ?

- როგორც ვიცი, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ გაჩა ზვერაძეს ჯეკო უნდა დაეჭირა, პატარა ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო. ეპიზოდური როლი კი იყო, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით მივუდექი. ფილმთან შეხება არასდროს მქონია, მხოლოდ სპექტაკლებში თამაშის გამოცდილება მქონდა. როგორც კი სპექტაკლი იწყებოდა, პარტერსა და სცენას შორის თითქოს უხილავი ფარდა ეშვებოდა. ასე მოხდა გადასაღებ მოედანზეც: როგორც კი კამერა ჩაირთო, თითქოს ეს ფარდა ჩამოეშვა და იმ წუთშივე, იმ პერსონაჟში მოხდა ჩემი გარდასახვა. იქ სხვა ადამიანის ცხოვრებას იწყებ, ამით პირველ რიგში, შენ იღებ ძალიან დიდ სიამოვნებას. თუ გინდა, როლი შთამბეჭდავი გამოვიდეს, პერსონაჟის ცხოვრება უნდა გაითავისო. ხშირად ეს სცენარში არც წერია. მაგალითად, არ არის ცნობილი გაჩას წარსული, მაგრამ ეს დეტალები მსახიობის წარმოსახვაზეა დამოკიდებული. როცა ამას ბოლომდე გაიაზრებ, ის რამდენიმე წუთი მართლა შენი პერსონაჟი ხარ, თან იმდენად, რომ გამოხედვა, მანერები ხმაც კი გეცვლება. ჩემთვის კომპლიმენტია ამდენ ადამიანში ემოციის გამოწვევა თუ შევძელი.

- სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, კომენტარებს გადავხედე. ერთი მაყურებელი წერდა, - იმდენად კარგად ასრულებს, რეალურადაც ვერ ვიტანო. თავად რა განცდა გაქვთ, როდესაც მსგავს კომენტარებს ეცნობით?

- ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ კომენტარს ვკითხულობ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია, მაყურებლამდე იმის მიტანა შევძელი, რაც ჩაფიქრებული იყო. მსახიობი და პერსონაჟი მაყურებლის ნაწილს გაიგივებული ჰყავს. ეს ადამიანის განვითარების დონზეა დამოკიდებული. ეს გაიგივებაც შეიძლება ორნაირად აიხსნას: თუ რაღაც არ გამოგივიდა, მაყურებელი აუცილებლად გაგმიჯნავს და იტყვის, მსახიობმა ცუდად ითამაშაო. მაგრამ არის მეორე მომენტიც, ზოგჯერ მაყურებელი პერსონაჟს და მსახიობს ვეღარ ასხვავებს ერთმანეთისგან, თამაში იმდენად ბუნებრივია. არასასიამოვნო ის არის, რა ფორმითაც გამოხატავენ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ. კომენტარებს რომ წერენ, იმ ადამიანებს ვთხოვ, რასაც ახლა ვიტყვი, გულისყურით წაიკითხონ. აღმოვაჩინე, რომ ზვერაძე ძალიან ბევრ ადამიანში ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში დიდი აგრესიით გამოირჩევიან, არაფრით განსხვავდებიან ჩემი პერსონაჟისგან. წერენ: "დავწვათ", "თავი მოვაჭრათ" და ა.შ. გინებაზე აღარაფერს ვამბობ. ეს საშინელი ფორმაა. პერსონაჟი თუ ილანძღება, იგინება, შენში ნეგატიურ ემოციას ხომ აღძრავს? ის ამ როლით ადამიანის ამ ცუდ მხარეს გიჩვენებს, შენ მის მსგავსად არ უნდა მოიქცე. ზვერაძე მეტს რას აკეთებს? მას ძალაუფლება აქვს, აგრესიული კომენტარების ავტორები სხვა ნაპირზე, სხვა პოზიციაზე არიან, თორემ აუცილებლად ცუდ საქციელს ჩაიდენდნენ. როდესაც ადამიანში არის აგრესია და ამ აგრესიას ეძლევა თავისუფლება, ეს კარგის მომტანი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ძალიან ბევრი "ზვერაძე" დავინახე და ამან გული დამწყვიტა. დაფიქრდნენ, ზუსტად იმას განასახიერებენ, რასაც და ვისაც ებრძვიან; ზუსტად იმას აკეთებენ და აბა, რით განსხვავდებიან ზვერაძისგან?

- ამ გაიგივებას უსიამოვნო ფაქტიც მოჰყვა. ითქვა, რომ ავტომობილი დაგიზიანეს.

- ეს ამბავი გაირკვა, დაზიანება მოახდინა ადამიანმა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ახლა მკურნალობს. მას სხვა ამბებიც შეემთხვა. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ამ შემთხვევას ჩემს როლთან კავშირი არ ჰქონია.

- გადასაღები მოედნის ამბები მაინტერესებს. მაგალითად, ლუდის დასხმის სცენის გადაღებისას, რა ხდებოდა?

- როგორც მახსოვს, 3 დუბლი გადავიღეთ. ჯეკოს როლის შემსრულებელი ძალიან კარგი, მოკრძალებული ბიჭია, როგორც ჩანს, ერიდებოდა და ამაზე ბევრი ვიხალისეთ. ვიწუწები, კარგად დამასხი-მეთქი, - ვეხვეწებოდი. აგრესიას ბოლომდე ვერ ავლენდა.

- გადასაღებ მოედანზე ბილწსიტყვაობის გამო, მართლა ბოდიშებს იხდით?

- ყოველთვის. ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ეს პრაქტიკა, ეთერში ცენზურის გარეშე გადის. ბილწსიტყვაობა ძალიან არ მიყვარს, ხანდახან შეიძლება ცუდი მეც წამომცდეს, მაგრამ იქ ერთი ქალბატონი მაინც თუ იმყოფება, გამორიცხულია, ცუდი ვთქვა. სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო, ძალიან არ მსიამოვნებს. გამოხატვის ეს ფორმა მდაბიო ქცევა მგონია, ბოდიშს ამიტომაც ვიხდი.

- როგორი იყო ახლობლების შეფასება? ადამიანებისგან, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ, რა მოისმინეთ?

- "ეს შენ არ ხარ". ჩემი შვილები გაკვირვებულები იყვნენ, ამ პერსონაჟში ვერაფრით წარმომიდგინეს. დედა ამბობდა; ამდენი ცუდი სიტყვა, ამდენი ბილწსიტყვაობა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.

- ამბობთ, რომ პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ხართ, მასთან მცირე დოზით მაინც, რაიმე საერთოს პოულობთ?

- ყველა ადამიანში არის ცუდი და კარგი თვისებები. რაც უნდა გინდოდეს, შენს თავს ბოლომდე ვერ გაექცევი, რაღაც მსგავსება ალბათ იქნება. ზვერაძე შემდგარი ადამიანია, გავლენიანი, დამსახურებები აქვს, ნაომარია ქვეყნისთვის, მეგობრობა შეუძლია. მართლა არ დავფიქრებულვარ ჩემსა და ზვერაძეს შორის მსგავსებებზე, სხვაობა კი ნამდვილად ვიცი.

- მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის ამ პროფესიაში? როგორ როლს ისურვებდით?

- სურვილი ნამდვილად მაქვს, როგორი პერსონაჟი იქნება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, რამდენად დატვირთული იქნება. სიამოვნებით განვასახიერებდი დადებით პერსონაჟს, მინდა მაყურებელს ასეთი გმირითაც დავამახსოვრდე. თავადაც მაინტერესებს, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. გამახარებდა ისტორიულ ფილმში მონაწილეობა, ჩემი ქვეყანა მიყვარს და სიამოვნებით მივიტანდი მაყურებლამდე რომელიმე გმირის სახეს ჩვენი წარსულიდან.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ!

- მადლობა თქვენ, მადლობა ქართველ მაყურებელს, ნეგატივზე კი ვილაპარაკეთ, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილისგან უდიდესი პოზიტივი და სიყვარული მოდის, ამ სითბოს ძალიან ვაფასებ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ მადლიერი ვარ. ყველას წარმატებას ვუსურვებ! ისეთი წელი დამდგარიყოს, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ამ წლის ყოველი დღე მოსალოცი ყოფილიყოს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"