„ხელისუფლებით იმედგაცრუება ოპოზიციის სანდოობას არ ნიშნავს“
"ოპოზიციაში ლუზერები არიან, მოვა არჩევნები და რეალურ რეზულტატებს ვნახავთ", - ასეთია მმართველი გუნდის ლიდერების წარმოდგენა ოპონენტებზე. პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, "დღეს რომ არჩევნები იყოს, "ქართული ოცნება" სულ მცირე 60%-ს აიღებდა". მან ოპოზიციას "ხელმოცარული" უწოდა და განაცხადა, რომ "მათი უსუსური მცდელობაა რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვის რა წარსული აქვს... არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე "ნაცმოძრაობის" ან ახალი "ნაცმოძრაობის", ხაზარაძისა და სხვა პატარა ლუზერების გაერთიანება, რომელთა მცდელობებიც მმართველი პარტიისთვის უინტერესოა". "60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია "ქართულ ოცნებას", როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მით უმეტეს, მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნებამ მოუწია", - უპასუხეს მთავრობის მეთაურს ოპოზიციიდან. როგორც "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, მმართველი გუნდი ამით თავს, ერთმანეთსა და მხარდამჭერებს ამხნევებს. ხელისუფლებას კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ეხმაურება - ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ 2024 წელს ოპოზიციის გამარჯვების შანსი უფრო დიდია, ვიდრე 2020 წელს იყო, "ოღონდ სხვანაირი მობილიზება სჭირდება, რაშიც ოპოზიცია არ არის ფორმაში - მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია, ჩვენ არაერთ პოლიტიკურ ჯგუფთან გვაქვს კონსულტაციები". "ქართული ოცნება" კარგად ხვდება, რომ ყავლი გაუვიდა, იმასაც ხვდება, რომ "ლელოს" და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ მოქალაქეებს, რომლებსაც რეალური სიახლე სურთ, არჩევანის საშუალება მისცენ", - ამ ვერსიას პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ავითარებს... ვინ შეიძლება ცდებოდეს ან ცრუობდეს, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ ქმნის ილუზორულ მოცემულობას, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პოლიტიკურ ველზე და კონკრეტულად მმართველ პარტიაში, ამ საკითხებზე ანალიტიკოსსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
- უკვე 11 წელია ასეთი ტიპის შერკინებას ვუყურებთ, შედეგი კი ყოველთვის ერთია - იმარჯვებს ყოველთვის ერთი მხარე ანუ "ქართული ოცნება". გასაგებია, რომ მესამე ვადით ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს ბევრი იმედგაცრუებული ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ საქმე ის არის, არც ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ მადლიერი ამომრჩეველი. ყველა კვლევა იმას გვაჩვენებს, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის აზრს. ე.ი. ხელისუფლებით იმედგაცრუება ოპოზიციის სანდოობას არ ნიშნავს. როგორც ყოველთვის, ოპოზიციის გათვლები ახლაც უსაფუძვლოა. რის საფუძველზე ამბობს ზურა ჯაფარიძე, რომ 2024 წელს ოპოზიციის გამარჯვების შანსი უფრო დიდია, ვიდრე 2020 წელს იყო? თან დასძენს, ოპოზიცია ფორმაში არ არისო. სახალისოც კი არის მისი განცხადება. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ აზრიანი დებულებები არა აქვთ. მაინტერესებს, რატომ გაიმარჯვებს წელს ოპოზიცია, რა მოხდა წელს ისეთი, რაც არ მომხდარა 2020 წელს? ეჭვიც არ მეპარება, რომ გამარჯვება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს სურს, მაგრამ რას აკეთებენ ამისთვის?! არაფერს! აგერ "ნაციონალური მოძრაობა" მარტივ მამრავლებად დაიშალა.
- "ნაციონალური მოძრაობის" მარტივ მამრავლებად დაშლა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს იმის შესაძლებლობას მაინც აძლევს, რომ დამოუკიდებლად იმოქმედონ და ხელისუფლებამ "ნაციონალებად" არ მონათლოს.
- კი, ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად მიეცათ, ხელისუფლება და საზოგადოება მათ "ნაციონალებად" აღარ მოიხსენიებენ, მაგრამ სხვა რაღაცებს გაიხსენებენ. მაგალითად, იმას, თუ როგორ იდგა ზურა ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან შარვალჩახდილი. მამუკა ხაზარაძეზე გაიხსენებენ, თუ როგორ ყრიდა მისი ბანკი ხალხს იპოთეკაში ჩადებული ბინებიდან და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიციური ძალები, რომელთა ერთადერთი მინუსი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობაა, მათ თავიანთი ცოდვაც ბევრი აქვთ - მათი პოლიტიკური კარიერა ვერ შედგა, სულ წამგებიან გზას ადგანან.
- მამუკა ხაზარაძემ და "ლელოს" სხვა ლიდერებმაც არაერთხელ განმარტეს, რომ "თიბისი ბანკი" ხალხს ბინებიდან არ ასახლებდა. ეს განმარტებები თქვენთვის არ იყო დამაჯერებელი და შეიძლება არც საზოგადოებისთვის ყოფილიყო სარწმუნო?
- ჩემთვის დამაჯერებელი იყო, იმიტომ, რომ პირადად ვიცნობ მამუკა ხაზარაძეს, ვიცი, როგორი ადამიანია და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხალხისთვის არ არის დამაჯერებელი, იმიტომ, რომ ისინი მას ჩემსავით კარგად არ იცნობენ. არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ლელო" წამგებიანი გუნდია. ამ პარტიის კრედო, ლოზუნგები, პოლიტიკური ნაბიჯები არ არის მომგებიანი, თორემ იქ ძალიან კარგი ადამიანები არიან. ბანკირობა ზოგჯერ გაიძულებს ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას, სხვა გზა არა გაქვს, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, რამენაირად უნდა შეძლო ამ ხარვეზის ამოვსება.
- ამ ლოგიკით ივანიშვილიც ბანკირია.
- კი, მაგრამ მან შეძლო ხარვეზის ამოვსება - "ქართუ ბანკი" მხოლოდ ქველმოქმედებასთან არის ასოცირებული და არა წართმევასთან.
- ოპოზიცია და ოპოზიციის ელექტორატის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობს. მათი აზრით, ივანიშვილის ქველმოქმედება სულაც არ იყო ქველმოქმედება და სინამდვილეში მან ფული დააბანდა პოლიტიკაში.
- პოლიტიკაში ფულის დაბანდება ხომ იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გვაქვს? ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ფულს აბანდებდა, რას ფიქრობს, რატომ წავიდა მაშინ პოლიტიკიდან?
- ოპოზიციის ეს ნაწილი სულაც არ ფიქრობს, რომ ივანიშვილი ოდესმე წავიდა პოლიტიკიდან, მათი აზრით, ის კულუარებიდან მართავდა პოლიტიკას.
- სინამდვილეში, ოპოზიცია ვერაფერსაც ვერ ფიქრობს. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილმა ფულით იყიდა ყველა. თუ ასეა, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? გააგრძელებდა კულისებიდან ხალხის ყიდვასა და პოლიტიკის მართვას. თავის დროზე ივანიშვილი სააკაშვილსაც მართავდა. ტყუილად არ უარყოს ეს ოპოზიციამ. მე ვიცი და ბევრმა სხვამაც იცის, რომ სააკაშვილის ბევრი წამოწყება სწორედ ივანიშვილმა დააფინანსა. ამას რატომ არ იხსენებენ "ნაციონალები"? თუ სააკაშვილს მართავდა, ის კარგი იყო და დღევანდელ პოლიტიკოსებს რომ მართავს, ის ცუდია?
- ოპოზიციას ამაზეც სხვა ვერსია აქვს, უფრო სწორად, ვერსიები, მაგრამ ახლა ის უფრო საინტერესოა, მართლა რისთვის დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, ივანიშვილის მესამედ მოსვლიდან დღემდე მისი პოლიტიკაში დაბრუნების არაერთი ვერსია განიხილეთ. ახლა, როდესაც დრო გავიდა, გაკეთდა როგორც ივანიშვილის, ასევე მმართველი გუნდის განცხადებები, რა გამოიკვეთა უფრო ნათლად?
- კარგი იქნებოდა, ივანიშვილი ცვლილებებისთვის რომ დაბრუნებულიყო და პარტია "ქართული ოცნება" გაეყო. ქართული პოლიტიკისთვის ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ "ქართული ოცნების" ორად გაყოფა იქნება. პარტიების ახლებური სპექტრი უნდა შეიქმნას. ფაქტია, დღეს არსებული პარტიები პოლიტიკურ სივრცეს ვერ ავსებენ. ნორმალურ ვითარებაში ხელისუფლების ალტერნატივად ოპოზიციური ძალა უნდა მოიაზრებოდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ალტერნატიულ და სანდო ძალად ოპოზიციაში არავინ არ მოიაზრება.
- ბოლო დროს ექსპრემიერმა გახარიამ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერების შესახებ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. თქვენი შეფასებით, აქვს თუ არა საფუძველი მის მუქარას?
- მარტო გახარია კი არა, ბოლო დროს ყველა ოპოზიციონერი იმუქრება, მაგრამ არა მგონია, რომელიმეს ჰქონდეს საფუძველი. ერთადერთი, რაც გახარიას შეუძლია, ის არის, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით "ქართული ოცნების" ელექტორატი წაიყვანოს. ის პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს ნამდვილად პოპულარული იყო და შესაბამისად, პოლიტიკური რეზერვიც აქვს. ამასთან, გახარია ნადირობს იმ ხალხზე, ვისაც არც "ქართული ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალური მოძრაობა". ამბობს კიდეც, რომ მისი სამიზნე ჯგუფი ამ ორი პარტიის მიმართ ცუდად განწყობილი ხალხია. თუმცა მას სხვა პრობლემა აქვს, საკუთრივ თავისი ამომრჩეველი ცოტა დარჩა.
- რას გულისხმობთ?
- მან ბევრი დრო გაფლანგა, დიდხანს იყო ჩუმად. ამასთან, მელიას დაპატიმრებაზე უარის თქმის გარდა, კიდევ ბევრი ნაბიჯი გადადგა "ნაციონალებისა" და ამ პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი ტელევიზიების სასარგებლოდ. ამან "ოცნების" ის ელექტორატი გაანაწყენა, რომელსაც მმართველ გუნდში გახარია მოსწონდა. შეცდომა იყო ისიც, რომ დიდხანს ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და არაფერს ამბობდა, იმის გარდა, რომ არც "ოცნება" აღარ მოსწონს და არც "ნაცმოძრაობის" სიმპათია გასჩენია. პოლიტიკოსმა უნდა თქვას, თავად რას გააკეთებს, ამომრჩეველს უნდა აუხსნას, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას ისე, რომ არც "ქოცი" გაიკაროს ახლოს და არც "ნაცი". მაგალითად, ივანიშვილმა ვერ მოახერხა, რომ "ნაციონალების" გარეშე დაეკომპლექტებინა სასამართლო, სამედიცინო და კიდევ ბევრი სხვა სისტემა. ლენინი რომ ლენინი იყო, იმანაც გამოიყენა მეფის რუსეთის კადრები. პროფესიონალები სჭირდებოდა და იმიტომ. სამხედრო ჩინოვნიკებად დაიტოვა ნიკოლოზის ოფიცრები. "არ გვინდა მეფე და გვინდა პროლეტარიატი" - ეს ლოზუნგი არ არის საკმარისი ქვეყნის სამართავად. გახარიამ უნდა თქვას, რა კადრებს დაეყრდნობა ქვეყნის მართვის დროს. არც "ქოცი" გვინდა და არც "ნაცი" - ესეც მხოლოდ ლოზუნგია. გახარიას ხელისუფლებიდან წასვლისთანავე უნდა დაეკომპლექტებინა თავისი პარტია პროფესიონალი და ნეიტრალური კადრებით. ის, რაც თავის დროზე არ გააკეთა, ახლა მის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
- გახარიამ მმართველი გუნდის ლიდერები დაადანაშაულა კორუფციაში, მმართველ გუნდში არსებულ კორუფციაზე მინიშნებები გააკეთა ივანიშვილმაც. ამის პარალელურად პრემიერი ღარიბაშვილი ეკონომიკის ზრდაზე და ინფლაციის შემცირებაზე საუბრობს, არადა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაძლიერებული ეკონომიკის შედეგს ვერ ხედავს. ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არ დააზარალებს?
- ყველა ლაპარაკობს იმას, რაც მის ინტერესშია და ცოტათი მაინც ცრუობს. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის ინტერესებშია იძახოს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გადავდოთ ეს საკითხი გვერდით. ვთქვათ, გავუშვით მმართველი პარტია ხელისუფლებიდან კორუმპირებულობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, ვინ უნდა მოვიყვანოთ? სახელისუფლებო პარტიის შემდეგ ყველაზე რეიტინგული სააკაშვილის პარტიაა. იქ არ იყვნენ კორუმპირებულები და არაპროფესიონალები?
- ესე იგი, ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" რიტორიკა, "ჩვენ თუ არა, ისევ "ნაციონალები" მოვლენ", "შეიძლება ჩვენ არა ვართ კარგები, მაგრამ სხვები უარესები არიან", ხალხს არ მობეზრდება?
- აუცილებლად მობეზრდება და აღარ გამოვა არჩევნებზე. ამიტომ ჩანს კვლევებში, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. სიმართლე ვთქვათ, ის ხარვეზები, რაც პოლიტიკაშია, მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსების კი არა, საზოგადოების ბრალიც არის. საზოგადოებამ ვერ მოახერხა პარტიული ალტერნატივების შექმნა. საზოგადოება სჩადის დანაშაულს თავისი პასიურობით. ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 2024 წელს, დიდი ალბათობით, ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. ამაში ტყუილად ნუ დავადანაშაულებთ ნურც სააკაშვილს და ნურც ივანიშვილს!
ხათუნა ბახტურიძე